ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერა

ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერა, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთი კორდილიერა[1] (ინგლ. North American Cordillera) — ამერიკის კორდილიერის ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადის, აშშ-სა და მექსიკის ტერიტორიაზე. განფენილია ჩრდილოეთი ამერიკის დასავლეთ ნაწილში დაახლოებით 9 ათ. კმ-ზე ბოფორტის კონცხიდან პანამის ყელამდე. სიგანე კანადაში 1000 კმ-ია, აშშ-ში დაახლოებით 1600 კმ, მექსიკაში 1000 კმ, ცენტრალურ ამერიკაში 300 კმ.[2] წარმოადგენს ქედების, პლატოებისა და მთათაშორისი აუზების ერთობლიობას. ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერისა და მისი სუბრეგიონების ზუსტი საზღვრები და სახელწოდებები თითოეული ქვეყნის, იურისდიქციისა და მეცნიერების სფეროს შესაბამისად განსხვავებულია. კორდილიერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია ფიზიკურ გეოგრაფიაში.[3][4]

ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერა
კოორდინატები: 44° ჩ. გ. 115° დ. გ. / 44° ჩ. გ. 115° დ. გ. / 44; -115
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
აშშ-ის დროშა აშშ
მექსიკის დროშა მექსიკა
უმაღლესი წერტილი დენალი
სიმაღლე 6168 
სიგრძე 9 ათ. კმ
სიგანე 1600 კმ
ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერა — ჩრდილოეთი ამერიკა
ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერა

ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერა კონტინენტის უდიდესი მთათა სისტემაა, რომელიც წარმოდგენილია ხაზობრივად გადაჭიმული მაღალმთიანი ქედების, მთის მასივებისა და ვრცელი დენუდაციური ზედაპირების სისტემების ერთობლიობით. რელიეფის დამახასიათებელი ნიშანია დიდი დაქუცმაცებულობა, მორფოსტრუქტურების მოზაიკურობა, ვულკანების ჯაჭვებისა და სხვა აქტიური რელიეფწარმომქმნელი ფორმების არსებობა.[2]

მკაფიოდ გამოიყოფა 3: აღმოსავლეთი, შიდა და დასავლეთი გასწვრივი სარტყელი. აღმოსავლეთი სარტყელი, ანუ კლდოვანი მთების სარტყელი, წარმოდგენილია მაღალი მასიური ქედების ჯაჭვით, რომლებიც დიდწილად წარმოადგენენ წყნარი, ატლანტისა და ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აუზის მდინარეების წყალგამყოფს. აღმოსავლეთით სარტყელი მკვეთრად აწყდება მთისპირა პლატოს, დასავლეთით ადგილ-ადგილ შემოზღუდულია ღრმა ტექტონიკური დეპრესიებით ან დიდი მდინარეების ხეობებით, ხოლო აქა-იქ თანდათან გადადის მთის მასივებსა და ზეგნებში.[2]

ალასკაზე, კლდოვანი მთების სარტყელს მიეკუთვნება ბრუქსის ქედი, კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში რიჩარდსონის ქედი (1240 მ) და მაკენზის მთები (2972 მ), რომლებიც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოზღუდულია მდინარეების პილისა და ლიარდის გამჭოლი ხეობებით. სარტყლის ჩრდილოეთ ნაწილში ჭარბობს მახვილმწვერვალიანი ნაოჭა-ლოდა მასივები რელიეფის ალპური ფორმებით, ვრცელი ყინულოვანი ველებით, ცირკებით, ტროგული ხეობებით.[5]

კანადის კლდოვან მთებში გავრცელებულია ვიწრო სწორხაზოვანი ქედები და გასწვრივი ხეობები. დასავლეთიდან მათ ებჯინება კოლუმბიის მთები. ჩ. გ. 45° და 32° შორის აღმოსავლეთი სარტყელი აღწევს მაქსიმალურ სიგანეს და აშშ-ში წარმოდგენილია კლდოვანი მთებით. მათთვის დამახასიათებელია მოკლე ნაოჭა-ლოდა-თაღოვანი ქედების ვეებერთელა კვანძების სიჭარბე, რომლებიც ფართო პლატოებითაა გაყოფილი.[2]

მაღალი ქედებია მეწინავე ქედი (4352 მ), უინდ-რივერი (4207 მ), იუინტა (4123 მ), აბსაროკა (4009 მ). მკვეთრი ფორმებით გამოიყოფა მაღალმთიანი მასივები ბათოლითების განვითარების რაიონში აიდაჰოს შტატში. აღმოსავლეთი სარტყლის სამხრეთ ნაწილში წარმოდგენილია აღმოსავლეთი სიერა-მადრე.[2]

შიდა სარტყელი, ანუ შიდა პლატოსა და ზეგნების სარტყელი განლაგებულია აღმოსავლეთ სარტყელსა და დასავლეთით წყნაროკეანური ქედების სარტყელს შორის. მისთვის ტიპურია 750–1800 მ სიმაღლის დენუდაციური ზეგნები და პლატო, რომლებიც ღრმადაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. ალასკის შიდა ნაწილშია მდინარეთა ხეობებით დაკავებული ფართო ტექტონიკური ღრმულები, მონაცვლეობს 1500–1700 მ სიმაღლის ბრტყელმწვერვალიან მთის მასივებთან. კანადაში ეს სარტყელი ვიწროა, მრავალ ადგილას იგი სკინის, კასიარისა და ომინეკის ქედებითაა გარღვეული. გავრცელებულია ვულკანური პლატო, რომელთა შორის გამოსაყოფია ფრეიზერი, კოლუმბიის პლატო და იელოუსტოუნი. აშშ-სა და მექსიკის ტერიტორიაზე ეს სარტყელი აგრეთვე წარმოდგენილია დიდი აუზით, კოლორადოს პლატოთი, მექსიკის მთიანეთით. სამხრეთ ნაწილისათვის ნიშანდობლივია უდაბნოს ფართო მონაკვეთები (მოხავე, სონორა და სხვა).[5]

დასავლეთი სარტყელი შედგება გასწვრივი ტექტონიკური დეპრესიებით გაყოფილი ორი პარალელური ქედისაგან. წყნაროკეანური ქედების უმაღლესი ჯაჭვი დასავლეთიდან შემოზღუდავს ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერის შიდა ზეგნებს და შეიცავს ალასკის ქედს (6190 მ, დენალიჩრდილოეთი ამერიკის უმაღლესი წერტილი), ვრანგელის მთებს (4996 მ, ბლეკბერნი) და წმინდა ილიას მთებს (5959 მ, ლოგანი). წყნაროკეანური ქედების ხაზს აგრძელებს ალსეკის ქედი (2721 მ), ბაუნდარის ქედი (3090 მ), სანაპირო ქედი (4019 მ), კასკადოვანი მთები, რომლებიც ვულკანების სერიებითაა გართულებული (რეინირი, 4392 მ; ლასენ-პიკი, 3187 მ; შასტა, 4322 მ და სხვა).[2]

უფრო სამხრეთით გადაჭიმულია სიერა-ნევადა, დასავლეთი სიერა-მადრე, განივი ვულკანური სიერა, რომლებზედაც აღმართულია ვულკანები: ორისაბა (5636 მ), პოპოკატეპეტლი (5426 მ), ისტაქსიუატლი (5230 მ) და სხვა. სამხრეთით მდინარე ბალსასის ტექტონიკური ხეობებია და ქედები სამხრეთი სიერა-მადრე (3720 მ), სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი (4203 მ; ტახუმულკოცენტრალური ამერიკის უმაღლესი წერტილი), ცენტრალური ვულკანური კორდილიერა ვულკანებით: პოასი (2697 მ), ირასუ (3432 მ) და სხვა; კონტინენტის სამხრეთ შევიწროებულ ნაწილში განლაგებულია პანამის ყელის აზევების ორი ღერძი — ნაოჭა ქედები სან-ბლასი და სერანია-დელ-დარიენი (1875 მ). წყნაროკეანური ქედების უკიდურესი დასავლეთი ჯაჭვი შეიცავს ალეუტის კუნძულებს, ალეუტის ქედს, ჩუგაჩის მთებს, სანაპირო მთიანი კუნძულების სერიას, სანაპირო ქედებს, კალიფორნიის ნახევარკუნძულის მთებს.[6][7]

ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერის ჩრდილოეთ ნაწილში ფართოდაა გავრცელებული ძველმყინვარული (ტროგი, ცირკი, ბოლომორენული სერები, ლიოსური, ზანდრული და ტბიური ვაკეები) და რელიეფის თანამედროვე ნივალური ფორმები (კურუმები, მთის კალთის ტერასები და სხვა), რომელიც მიბჯენილია მთების უმაღლეს დონეებთან (ალასკის ქედი, კლდოვანი მთები). გამყინვარებას დაუქვემდებარებულ არეებსა (ალასკის შიდა ნაწილი) და არქტიკულ დაბლობზე ფართოდაა წარმოდგენილი თერმოკარსტული და პოლიგონალური ფორმები. ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერის დანარჩენ ნაწილში ჭარბობს მდინარეულ-ეროზიული ფორმები: ხეობური დანაწევრება — ყველაზე ნოტიო რაიონებში (კანადის კორდილიერები), მაგიდა ფორმები და კანიონები — გვალვიან არეებში (კოლორადოს პლატო, კოლუმბიის პლატო). უდაბნო რაიონებისთვის (დიდი აუზი, მექსიკის მთიანეთი) დამახასიათებელია რელიეფის დენუდაციური და ეოლური ფორმები.[8]

  1. R. Saager & F. Bianconi (1971). "The Mount Nansen gold–silver deposit, Yukon territory, Canada". Mineralium Deposita. 6 (3).
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Большая Российская энциклопедия. Том 15. Конго – Креще, Москва, 2010
  3. Melanie Ostopowich, The Cordillera, Weigl Educational Publishers Limited, 2005
  4. The Encyclopedia Americana: a library of universal knowledge, Encyclopedia Americana Corp., Volume 7, 1918
  5. 5.0 5.1 H. S. Bosteck. Physiography of the Canadian Cordillera, with Special Reference to the Area North of the Fifty-fifth Parallel, Ottawa, 1948
  6. Kraulis J. A., Gault J. The Rocky Mountains. N. Y., 1986
  7. Ta­mayo J. L. Geografia general de Mexico. 2nd ed. Mex., 1962. Vol. 1–4
  8. Thornbury W. D., Regional geomorphology of the United States, N. Y., 1965.