დენუდაცია
დენუდაცია (ლათ. denudatio — გაშიშვლება) — დედამიწის ზედაპირის ხანგრძლივი ფიზიკურ-ქიმიური პროცესი, რომელსაც როგორც წესი, მოჰყვება ხმელეთის ამა თუ იმ მონაკვეთის მეტნაკლებად მოსწორება. დენუდაცია ქანების გამოფიტვის პროდუქტების ჩამორეცხვა და გადაადგილებაა წყლის, ქარის, ყინულის ან უშუალოდ სიმძიმის ძალის ზეგავლენით, დედამიწის ზედაპირის დადაბლებული ადგილებისაკენ. მის ტემპსა და ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს ტექტონიკური მოძრაობა.[1][2]
დენუდაციის გაბატონება (ოდენობრივი გამოხატულებით) ტექტონიკური აზევების ჯამურ ეფექტზე იწვევს ამა თუ იმ რეგიონის თანდათან დადაბლებას და რელიეფის საერთო მოწესრიგებას.[3]
დენუდაციის პროცესზე გავლენას ახდენს აგრეთვე დედამიწის ზედაპირის ძალებიც — ეგზოგენური პროცესები. სიმძიმის ძალის ზემოქმედების შედეგად, მთის ციცაბო კალთებიდან ცვივა მცირე ზომის ნატეხი ქანები, რომელსაც ხშირად ერთვის ზვავი. შემდეგ მყინვარებს გადააქვთ ნატეხები ზემოდან ქვემოთ.[4]
ზღვისა და ტბის ტალღებიც ხშირად ახდენენ სანაპიროს წარეცხვას. დედამიწის უსწორმასწოროებანი განიცდის ასევე მუდმივი ან დროებითი ნაკადების გავლენას, ხოლო წვიმის წყლები აწარმოებენ მთის ფერდობების წარეცხვას, ამ პროცესს ეროზია ჰქვია. ყოველივეს შედეგად მთის ნაწილები დაბლდება, ხოლო დადაბლებები ივსება. ფართო გაგებით ყველა ამ პროცესს დენუდაცია ეწოდება. მაგ., დენუდაცია დაფიქსირებულია დიდი ბალხანის მთებში (თურქმენეთი).[4]
ვიწრო გაგებით, დენუდაცია გამოფიტული მასალის ზედაპირული წარეცხვაა. ხანგრძლივი დენუდაციის შედეგად მთიანი მხარეები შესაძლოა გადაიქცეს ტალღოვან დენუდაციურ ვაკედ (პენეპლენად).[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დენუდაცია — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- დენუდაცია — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 472.
- ↑ В.Б.Караулов, М.Н. Никитина, Геология. Основные понятия и термины, М, 2005.
- ↑ 3.0 3.1 გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
- ↑ 4.0 4.1 Денудация // Геологическая энциклопедия