რაჰულ სანკრიტიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რაჰულ სანკრიტიანი (ჰინდ. राहुल सांकृत्यायन 9 აპრილი, 1893, პანდაჰა, ჩრდ -დას. პროვინციები - 14 აპრილი, 1963, დარჯილინგი, დასავლეთ ბენგალი) — ინდოელი მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და მოგზაური, რომელსაც ინდური ტრაველოგიის (მოგზაურის ჩანაწერები) მამას უწოდებენ. იგი გახლდათ ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეცნიერი,  რომელმაც თავისი ცხოვრების ორმოცდახუთი წელი  მოგზაურობაში გაატარა. ის კარგად არის ცნობილი თავისი შთაბეჭდილებების ავთენტური გადმოცემით, მაგალითად ესეში "«Meri Laddakh Yatra»" ( "პილიგრიმობა ლადახში") სანკრიტიანი საინტერესოდ წარმოაჩენს ამ რეგიონის ზოგად რეგიონულ, ისტორიულ და კულტურულ სპეციფიკას. რაჰულ სანკრიტიანი თავდაპირველად გახდა ბუდისტი ბერი (Bauddha Bhikkhu), ბოლოს სოციალისტური მარქსიზმის იდეებს იზიარებდა. სანკრიტრიანი ასევე იყო ინდოელი ნაციონალისტი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, იგი ანტი-ბრიტანული თხზულებებისა და გამოსვლებისთვის  დააპატიმრეს და სამი წელი  ციხეში გაატარა. იგი გახლდათ ერუდიტი და პოლიგლოტი  (საუბრობდა 36 ენაზე). 1963 წელს  ინდოეთის მთავრობამ იგი პადმა ბჰუშანის ორდენით დააჯილდოვა.

რაჰულ სანკრიტიანი
राहुल सांकृत्यायन

რაჰულ სანკრიტიანის ბიუსტი დარჯლინგში
დაბადების სახელი კედარნათჰ პანდაი
დაბადების თარიღი 9 აპრილი, 1893
პანდაჰა, აზამგარხი, ჩრდ.-დას. პროვინცია, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი, 1963 (70 წლის)
დარჯილინგი, დასავლეთი ბენგალი, ინდოეთი
მოქალაქეობა ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი
ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა მწერალი (ტრაველოგი), ლინგვისტი
ჯილდოები პადმა ბჰუშანი
ინდოეთის ლიტერატურული აკადემიის პრემია (1958)

ბავშვობა

რედაქტირება

რაჰულ სანკრიტიანი, რომლის ნამდვილი სახელია კედარნათჰ პანდეი, დაიბადა 1893 წლის 9 აპრილს, სოფელ პანდახში, აზამგარხში, საშუალო შემოსავლიანი გლეხის რელიგიურ ოჯახში. სანკრიტიანის მშობლები ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ—დედა 28  და მამა 45 წლის. რაჰული ბებიამ გაზარდა. მისი ადრეული ბავშვობის მოგონებები, თავად  სანკრიტიანის გადმოცემით, დაკავშირებული იყო 1897 წლის შიმშილობასთან. რაჰულმა დაწყებითი განათლება ადგილობრივ მექთებეში მიიღო, სადაც დაეუფლა ურდუს. მისი თანაკურსელები შიიტი მუსლიმები იყვნენ.  სწავლის შემდგომ პერიოდში მან აითვისა მრავალი ენა და ფოტოგრაფიის ხელოვნება.[1]

შეხედულება ცხოვრებაზე

რედაქტირება

თავდაპირველად, რაჰულ სანკრიტიანი ინდოელი თეოლოგის დაიანანდა სარასვატის არია-სამაჯის სწავლების დიდი მიმდევარი გახლდათ. სანკრიტიანს არ სჯეროდა ღმერთის არსებობის, თუმცა მას მაშინვე არ დაუკარგავს  რეინკარნაციისადმი რწმენა. მხოლოდ უფრო მოწიფულ ასაკში  მისი შეხედულებები მარქსიზმისკენ გადაიხარა, რის შემდეგაც სანკრიტიანმა უარყო როგორც რეინკარნაციის კონცეფცია, ასევე სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის რწმენა. მწერლის ფილოსოფიის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გადმოცემულია მის ორტომეულში «Darshan-Digdarshan», რომელიც ეძღვნება მსოფლიო ფილოსოფიის ისტორიას.

მოგზაურობა

რედაქტირება

რაჰულ სანკრიტიანმა ინდოეთის სრულიად განსხვავებულ მხარეები მოიარა. მათ შორის, ლადაქი, კინნაური და ქაშმირი. მან  იმოგზაურა ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, ნეპალში, ტიბეტში, შრი -ლანკაში, ირანში, ჩინეთსა და საბჭოთა კავშირში. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ცხოვრობდა ბიჰარის სარანის რაიონის სოფელ Parsa Gadh-ში, რის შემდეგაც ამ სოფელის შესასვლელ კარიბჭეს "რაჰულის კარიბჭე" უწოდეს.

სანკრიტიანი ძირითადად სახმელეთო ტრანსპორტით მოგზაურობდა. ის ზოგიერთ ქვეყანას არალეგალურად ეწვია; მაგალითად, ტიბეტს ერთხელ  ბუდისტი ბერის სახით შენიღბული ესტუმრა სანკრიტიანმა რამდენჯერმე იმოგზაურა ამ ქვეყანაში, საიდანაც ინდოეთში გაიატანა ძვირფასი ნახატები, სანსკრიტულ და პალიზე შესრულებული  ხელნაწერები. მის მიერ გატანილი ძვირფასი ნივთების უმეტესობის საშუალებით  მოხდა ნაწილობრივ ვიკრამაშილას და ნალანდას უნივერსიტეტების ბიბლიოთეკების ჩამოყალიბება. ამ საგანძურის უმეტესობა ტიბეტში გაქცეული ბუდისტი ბერების წყალობით მოხვდა მე -12 და მომდევნო საუკუნეებში, როდესაც დამპყრობელ მუსლიმთა ჯარებმა გაანადგურეს ბუდისტური უნივერსიტეტები ინდოეთში. ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ერთხელ, ტიბეტიდან მასალების გადასატანად, სანკრიტიანმა დაიქირავა ოცდაორი ჯორი. პატნას მუზეუმში ცალკე გამოფენილია საგანძურის მთელი  ექსპოზიცია   რომელიც  რაჰულ სანკრიტიანმა ჩამოიტანა.[2]

შემოქმედება

რედაქტირება
 
რაჰულ სანკრიტიანის სახელობის საფოსტო მარკა – 1993 წ.

რაჰულ სანკრიტრიანი ასევე გახლდათ ლინგვისტი. იგი კარგად ფლობდა მრავალ ენასა და დიალექტს, მათ შორისაა: ჰინდი, სანსკრიტი, პალი, ბოჯპური, ურდუ, სპარსული, არაბული, ტამილური, კანადა, ტიბეტური, სინჰალური, ფრანგული, ქართული, უკრაინული და რუსული. გარდა ამისა, ის იყო იდეოლოგი, მარქსიზმის თეორეტიკოსი და მწერალი . მან წიგნების წერა ოცი წლის ასაკში დაიწყო. მას ეკუთვნის  ასზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც  თემების ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის სოციოლოგიას, ისტორიას, ფილოსოფიას, ბუდიზმს, ტიბეტოლოგიას, ლექსიკოგრაფიას, გრამატიკას, ფოლკლორს, მეცნიერებას, დრამას და პოლიტიკას. რაჰულ სანკრიტიანმა პრაკრიტიდან ჰინდიზე თარგმნა ბუდისტური ტექსტი „მაჯჰიმა-ნიკაია“.

მისი ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ჰინდიზე დაწერილიVolga Se Ganga („მოგზაურობა ვოლგიდან განგამდე“)— ნამუშევარი შესრულებულია ისტორიული ფანტასტიკის ჟანრში, რომელიც აღწერს არიელთა მიგრაციას აზიური სტეპებიდან ვოლგის რეგიონებამდე. შემდეგ მათ გადაადგილებას ჰინდუქუში და ჰიმალაის გავლით, დასახლებას  აზიის სუბკონტინენტზე ინდო-განგის დაბლობზე.[3]

წიგნი იწყება ძვ.წ. 6000 წელს და მთავრდება 1942 წელს, როდესაც მაჰათმა განდიმ დააარსა მოძრაობა „შორს ინდოეთიდან“. წიგნი ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. ტამილური თარგმანის სახელია Valgavil irundu gangai varai და  დღემდე ბესტსელერად ითვლება. ნაწარმოები ძალიან პოპულარულია  კერალაში ახალგაზრდა ინტელექტუალებს შორის, სადაც ის კვლავ რჩება თავისი დროის ერთ -ერთ ყველაზე  წაკითხვად წიგნად. ასევე კრიტიკოსთა მოწონებას იმსახურებს ბენგალური ვერსია .

სანკრიტიანის კალამს ეკუთვნის აგრეთვე  სხვა ცნობილი წიგნები მოგზაურობის შესახებ : «Tibbat me Sava varsha», «Meri Europe Yatra», «Athato Ghumakkad Jigyasa», «Asia ke Durgam Bhukhando Mein», «Yatra Ke Panne» и «Kinnar Desh Mein». მისი პირველი სათავგადასავლო რომანი „დავიწყებულ ქვეყანაში“ ასევე ასახავს ავტორის ლტოლვას მოგზაურობისადმი. ნაწარმოები   მოგვითხრობს ინდოელ ეგვიპტოლოგ პროფესორზე, რომელიც აღმოჩნდა გამოგონილ დაკარგულ აფრიკულ ქვეყანაში, სადაც  შენარჩუნებულია ძველი ეგვიპტური კულტურა.

მიუხედავად მისი ერუდიციისა, სანკრიტიანის  წიგნები ძალიან მარტივი ენითაა დაწერილი ჰინდიზე, რათა უბრალო ადამიანებისთვის გასაგები ყოფილიყო. მან იცოდა, რომ ლიტერატურის არჩევანი ჰინდიზე  უკიდურესად შეზღუდული იყო, ამიტომ ცდილობდა სწორედ ამ ენაზე დაეწერა წიგნები სხვადასხვა თემაზე. გარდა ამისა, სანკრიტრიანი ყოველდღიურად ჩანაწერებს აკეთებდა დღიურში სანსკრიტზე, რომელიც მან მოგვიანებით გამოიყენა ავტობიოგრაფიის დასაწერად.[4][5]

პირადი ცხოვრება და ოჯახი

რედაქტირება

რაჰულ სანქრიტანი ოფიციალურად დაქორწინდა ძალიან ადრეულ ასაკში, მაგრამ მან არაფერი იცოდა სანტოშის, მისი "ბავშვობის ცოლის" შესახებ. თავის ავტობიოგრაფიაში «Meri Jivan Yatra» ("ჩემი ცხოვრების მოგზაურობა") სანკრიტიანი წერს, რომ იგი მხოლოდ ერთხელ ნახა ორმოცი წლის ასაკში.

სსრკ -ში პირველი ვიზიტის დროს იგი შეხვდა ტიბეტოლოგ ელენა ნორბერტოვნა კოზეროვსკაიას.

ისინი ერთად მუშაობდნენ ტიბეტურ - სანსკრიტულ ლექსიკონზე, 1937 წელს მათი ერთობლივი მუშაობა დასრულდა ქორწინებით . წყვილს შეეძინა ვაჟი იგორი 1938 წელს, რომელმაც დედასთან ერთად გამოიარა  ლენინგრადის ბლოკადა  და შემდგომში ბიბლიოგრაფი გახდა... როდესაც სანკრიტრიანი სსრკ -დან გაემგზავრა,  ელენა და მისი ვაჟი ვერ გაჰყვნენ, რადგან მათ  უცხოური პასპორტების გაცემაზე უარი  უთხრეს.

მოგვიანებით  რაჰულმა  მესამედ იქორწინა მწერალსა და ფილოლოგ კამალა სანკრიტიანზე. მესამე ქორწინებაში რაჰულ სანკრიტიანს ორი შვილი შეეძინა.[6]

სიცოცხლის ბოლოს რაჰულ სანკრიტიანი მიიწვიეს  შრი -ლანკის უნივერსიტეტში, სადაც  პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ამ დროს იგი მძიმედ დაავადდა. შაქრიანმა დიაბეტმა და მაღალმა არტერიულმა წნევამ  საბოლოოდ ინსულტი გამოიწვია. ყველაზე ტრაგიკული მოვლენა  მეხსიერების დაკარგვა იყო. რაჰულ სანკრიტიანი  გარდაიცვალა დარჯლინგში 1963 წელს.

ჯილდოები

რედაქტირება

სანსკრიტის სფეროში მოღვაწეობისთვის რაჰულ სანკრიტიანს ინდოეთში მიენიჭა წოდება "მაჰაფანდიტი" (სიტყვასიტყვით "დიდი მეცნიერი").

1958 წელს მან მიიღო საჰიტიას აკადემიის ჯილდო წიგნისთვის Madhya Asia ka Itihaas (ცენტრალური აზიის  ისტორია).

1963 წელს რაჰული დაჯილდოვდა   პადმა ბჰუშანის ორდენით.[7]

მისი სახელობის პრემიები

რედაქტირება

1989 წელს ჰინდის ცენტრალურმა ინსტიტუტმა ((Kendriya Hindi Sansthan)) დააწესა მაჰაფანდი რაჰულ სანკრიტიაიანის სახელობის ლიტერატურული პრემია, რომელიც ინდური ტრაველოგიის მამის სახელს ატარებს, მას ასევე  უწოდებენ რაჰულ სანკრიტიაიანის ეროვნულ პრემიას. ერთ -ერთი პირველი, 1993 წელს, მიიღო მისმა მესამე ცოლმა, მწერალმა და ფილოლოგმა კამალა სანკრიტიანმა.

ადამიანური რესურსების განვითარების სამინისტრო და  ჰინდის ცენტრალური ინსტიტუტი  ამ პრემიით  ყოველწლიურად აჯილდოებს მეცნიერებს ჰინდურ ენაზე ტრაველოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ram Sharan Sharma. Rahul Sankrityayan and Social Change. — Indian History Congress, 1993.
  • Himalayan Buddhism, Past and Present: Mahapandit Rahul Sankrityayan centenary volume / by D. C. Ahir. — ISBN 978-81-7030-370-1.
  • Prabhakar Machwe. Rahul Sankrityayan. — New Delhi: Sahitya Akademi, 1978.
  • Bharati Puri. Traveller on the Silk Road: Rites and Routes of Passage in Rahul Sankrityayan’s Himalayan Wanderlust // China Report (Sage: New Delhi). — February 2011. — Vol. 47, no. 1. — P. 37—58.
  1. Prabhakar Machwe (1 January 1998). Rahul Sankrityayan (Hindi Writer). i. Sahitya Academy pp. 12–. ISBN 978-81-7201-845-0.
  2. Sankrityayan’s daughter protests shifting of Patna Museum Collection, Times of India, Sept 13, 2017
  3. Rahul Sankrityayana From Volga to Ganga, Rahula Publication, Mussorie, 1947.
  4. Roles of Rahul Sankrityayan in Nepalese Cultural Tourism is an analysis of Nepalese, BP Badal, Nepal Journal of Development Studies, 2019]
  5. "दस टीमों के बीच रोमांचक रही कबड्डी प्रतियोगिता - Kabbaddi competition". Dainik Jagran (ჰინდი). 30 September 2013. Retrieved 12 September 2014.
  6. JAYANT SANKRITYAYANA, Serenade Magazine, 2021
  7. Padma Awards Directory (1954–2013). Ministry of Home Affairs, Government of India. 2015. Retrieved 21 July 2015.