ლადაქი
ლადაქი ან „პატარა ტიბეტი“ — მთიანი უდაბნო, რომელიც მდებარეობს დასავლეთ ჰიმალაისა და ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან. ლადაქის პოპულარული სახელი არის „ლამაების, გომპებისა და მონასტრების მიწა“. ლადაქის კულტურა ბუდისტურ და ტიბეტურ გავლენას განიცდის, რისი მიზეზიც მის მრავალფეროვან ისტორიაშია. ლადაქი უძველესი დროიდან იზიდავდა მოგზაურებს და ახლაც ბევრი ტურისტი სტუმრობს მას. ექსტრემალური კლიმატის, დიდი სასიარულო მანძილის და გარემოს მოწყვეტილობის მიუხედავად ლადაქის ფესტივალს ბევრი სტუმარი ჰყავს. ლადაქის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენს ბუდისტი მოსახლეობა, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ. დღეს ლადაქი ჯამუსა და ქაშმირის შტატის შემადგენლობაშია და ინდოეთს ეკუთვნის.[1]
ისტორია
რედაქტირება„მთიანი აზიის გზაჯვარედინი“, „ღმერთებისა და ადამიანების მიწა“, „უკანასკნელი შანგრილა” და „პატარა ტიბეტი“ ყველა დასავლელი მოგზაურების მიერ ლადაქისთვის დარქმეული სახელებია XIX-XX საუკუნეებში. სინამდვილეში ლადაქის აღწერილობა უფრო კომპლექსურია: ლადაქი საუკუნეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი იყო, რადგან მას გააჩნდა სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რომელიც წარმოადგენდა იარკანდის, აღმოსავლეთ ტიბეტის, ჩინეთის, ინდოეთის და ქაშმირის სავაჭრო გზების გზაჯვარედინს.[2]
ლადაქის ადრეულ ისტორიაზე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია მისმა მეზობელმა ტიბეტმა, რადგან გვიანი მეშვიდე ან ადრეული მერვე საუკუნიდან ის შედიოდა ტიბეტის იმპერიის შემადგენლობაში. იგულისხმება არა მარტო პოლიტიკური ზეგავლენა, არამედ რელიგიურიც. ტიბეტის იმპერიის დედაქალაქის, ლჰასას მმართველი დიდ როლს თამაშობდა ლადაქის ყოველდღიურ არსებობაში, რადგან ის იყო მმართველი, რომლისთვისაც რეგიონის ყველა ბუდისტს თაყვანი უნდა ეცა და დამორჩილებოდა.
მეათე საუკუნეში იმპერია დაიშალა და ომები დაიწყო ამბიციურ მმართველებს შორის, რომელთაც საკუთარი პატარა „იმპერიების“ შექმნა უნდოდათ.
ლადაქი ყოველთვის იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, და ორმა მმართველმა შეძლო კიდეც ეს მეათე და მეჩვიდმეტე საუკუნეში. სწორედ ტიბეტის იმპერიის დაშლის შემდეგ მოიპოვა ლადაქმა დამოუკიდებლობა, მაგრამ ომები ისევ მიმდინარეობდა.[3]
ასე გრძელდებოდა მე-13 საუკუნემდე, სანამ მონღოლურმა ტერორმა არ გადაურა ამ რეგიონს და ლადაქის მეფე ბკრა-შის-დგონი დანებდა. ლადაქს დამოუკიდებლობა ადრეულ მე-16 საუკუნემდე არ დაუბრუნებია.[4]
1681 წელს ომი დაიწყო ლადაქისა და ლჰასას შორის, ლადაქმა ვერ შეაჩერა ტიბეტური არმია და დახმარება იბრაჰიმ ხანს, ქაშმირის მმართველს სთხოვა, რომელიც, თავის მხრივ, მოგოლთა იმპერიას ექვემდებარებოდა. ქაშმირის არმია დაეხმარა ლადაქს და ტიბეტელებმა უკან დაიხიეს, მაგრამ ეს ყველაფერი იმად დაჯდა, რომ მეფე დელდან ნამგიალმა ფორმალურად მიიღო ისლამი და ეწოდა აქიბათ მაჰმუდ ხანი. მას ყოველ 3 წელიწადში ერთხელ სიმბოლური ხარკი უნდა გაეგზავნა ქაშმირისთვის და მონეტებზე მოგოლთა იმპერატორის სახელი უნდა დაებეჭდა. [5]
ასე გაგრძელდა მანამ, სანამ 1834 წელს, ლადაქს შემოესია გულაბ სინგი, ჯამუს მმართველი და 1842 წელს დაიპყრო იგი. ოთხი წლის შემდეგ შეიქმნა ჯამუსა და ქაშმირის შტატი, რომელშიც ლადაქიც მოექცა. ჯამუ და ქაშმირი უკვე ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იყვნენ, როგორც ინდოეთის იმპერიის ნაწილი. 1947 წელს, კი უკვე ინდოეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის წევრი გახდნენ.
დღესაც, ლადაქის პოლიტიკური სტატუსი დავის ქვეშაა ინდოეთთან. ბევრ ლადაქელს უნდა, რომ რეგიონი გამოეყოს ჯანუს და ქაშმირს და გახდეს ტერიტორია, რომელიც პირდაპირ დელიდან იმართება და არა ჯამუს და ქაშმირის გავლით. ამ დროს, მთლიანად ჯანუს და ქაშმირის შტატის ტერიტორიაც დავის ქვეშაა პაკისტანთან.
ასეთი რთული ისტორიული ფონის გამო, ბევრი ფიქრობს, რომ ლადაქი არ უნდა გავიაზროთ, როგორც მხოლოდ ინდოეთი ან ტიბეტი, არამედ როგორც პერიფერია, რომელიც ამ რეგიონების დამაკავშირებელი გზაჯვარედინია.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, რეგიონზე წვდომადობა გაიზარდა, რამაც ახალ გამოკვლევებს დაუდო საფუძველი, ამ გამოკვლევებს ძირითადად შეადგენს ლინგვისტების, ხელოვნების ისტორიკოსების, ანთროპოლოგების და დოკუმენტური ისტორიკოსების ნაშრომები. წყაროები, რომლებსაც ისინი იყენებენ მოიცავს, როგორც ქვებზე და ტაძრებზე წარწერებს, ასევე ხალხურ ისტორიებს და არქივულ ჩანაწერებს სხვადასხვა ენაზე.
რეგიონის ეკონომიკა ყოველთვის აგროკულტურული იყო და მას არასდროს გააჩნდა საკმარისი რესურსები, დიდ არმიებს ჰყოფნოდა. სამაგიეროდ, ყოველთვის იყო საკმარისი რესურსები მონასტრული პოპულაციისთვის და ვაჭრობის დაფინანსებისთვის. ლადაქის ისტორიაში, ყველაზე მომგებიანი და გრძელი სავაჭრო ხაზი იყო ტიბეტიდან და ცენტრალური აზიიდან შემოსული შალი, რომელიც ქაშმირში მიდიოდა. ამ სავაჭრო ხაზის კონტროლი ყოველთვის მომგებიანი იყო ლადაქის მმართველების და რეგიონალური მტრებისთვის, რის გამოც ყოველთვის ბრძოლა მიმდიონარეობდა.[6]
გეოგრაფია
რედაქტირებალადაქი მდებარეობს ჰიმალაის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე ინდის აუზის ზემოთში. სიგრძე 600 კილომეტრზე მეტი, სიმაღლე 7728 მეტრამდე (მთა გურლამანდჰატა). უმთავრესად აგებულია გნაისებით, გრანიტებით, აგრეთვე დანალექი ქანებით. ჭარბობს კლდოვანი დაკბილული მწვერვალები, 5500-5700 მეტრ სიმაღლეზე მოსწორების ზედაპირებია. თხემურ ნაწილში მრავალი მყინვარია. სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გავრცელებულია მეჩხერი ბუჩქნარი, ტანდაბალი ტირიფი და კედარი; ჩრდილო-აღმოსავლეთით გაბატონებულია ცივი უდაბნოს ლანდშაფტი.
ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი რამ ლადაქის შესახებ არის ლადაქის მთების კასკადოვანი სისტემა, რომელიც ერთმანეთის პარალელურად არის განლაგებული. ეს მთოვანი კასკადი გადაჭიმულია ლადაქის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. მთების ეს ძირითადი მიმართულება მდინარეებს კალაპოტში აქცევს და ამავე დროს ქმნის ბუნებრივ საზღვარს ლადაქსა და ინდოეთს შორის. რამდენიმე რეგიონის გამოკლებით, ისეთების, როგორებიც არის ნუბრასა და ინდუს ველი, ლადაქი არის უკიდურესად უნაყოფო და მოუსავლიანი. ლადაქი წარმოადგენს ერთგვარ, დიდ სიმაღლეზე არსებულ უდაბნოს. ლადაქზე ზემოდან დაკვირვებისას გვიჩნდება შთაბეჭდილება ყვითელი დაბლობისა, რომელზეც ალაგ-ალაგ თოვლით დაფარული მთებია ამოშვერილი. პანგკონგისა და ტშომო რირის ტბები ამ უდაბურ, კლდოვან ტერიტორიაზე პირდაპირი მნიშვნელობით ოაზისებად გვევლინება. მიუხედავად ამისა, მოგზაურობისას სხვადასხვა ბილიკებისა და გზების გავლით, რომლებიც ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შეიქმნა, ვხვდებით უამრავ ნაყოფიერ ნაკვეთს მდინარეების ნაპირებთან. ეს ნაკვეთები მოიცავს ფერტილურ მოსავალს, აქვე კი უამრავი დიადი ტაძარი თუ მონასტერია აღმართული. ინდის მდინარის დაბლობს მუქი ყვითელი ზოლი მიჰყვება, რომელიც, ახლოდან თუ დავაკვირდებით, პასმინას ცხვრების ფარებისგან შედგება.
ლადაქის მთლიანი პეიზაჟი ქმნის არაამქვეყნიური სამყაროს შთაბეჭდილებას. თოვლით მოფენილი მთების იზოლაცია და ელევაცია უქმნის კლიმატს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ და გასაოცარ იერსახეს. დღის განმავლობაში ცხელი მზე აჭერს, ხოლო ღამის საათებში გაუსაძლისი სიცივით ხასიათდება ლადაქის რეგიონი. ატმოსფეროს სიმშრალის გამო მცენარეულობა, ცხოველები და ადამიანის კანიც კი დასკდება ხოლმე, ტემპერატურა ყოველ ღამით, გამონაკლისის გარეშე, მინუსში გადადის. ამ გაუსაძლისი პირობების არსებობისასაც კი ვხვდებით უამრავ ცხოველს, მაგალითად: ვირებს, თხებს, გარეულ ცხენებსა და იაკებს.
ყველაფრის მიუხედავად, ვაკეები (6000 მეტრი ზღვის დონიდან) განსაკუთრებით სავსეა სპეციფიკური ცხოველებით. დაპსანგის ვაკე სავსეა გარეული ცხენებითა და კურდღლებით. ძალიან დიდი რაოდენობით ცხვრებსა და ალპური ვარიაციის კურდღლებს ვხვდებით 5700 მეტრის სიმაღლის მთებზე. იმის მიუხედავად, რომ წვიმა აქ არასდროს მოდის, ხანდახან ნალექის სახით თოვლი გვევლინება.
ხორცი და ხილი თავისით შრება ამგვარი სიცივისა და მშრალი ატმოსფეროს არსებობისას. საინტერესო ფაქტია ის, რომ ატმის ჩირი ლადაქის ხალხის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საკვები პროდუქტია, რომელიც მათ დიდი რაოდენობით მოეპოვებათ.
ლადაქი არის ინდოეთის ყველაზე დასავლეთი ნაწილი, სადაც „ლადაქი“ (თოვლისხალხი) ცხოვრობს, ეს არის ადგილი, სადაც ბუდას დიდ პატივს სცემენ, ხოლო მის სწავლებებს დიდი სიამაყით იცავენ უკვე ათასობით წელია. ჩრდილოეთით ყარაყორუმის მთები ჰყოფს ლადაქის კოტანისგან, რომელიც ტიბეტის ერთ-ერთ რაიონს წარმოადგენს. სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებულია რუდოკი და ჩუმურტი, სამხრეთით არის ლაჰულისა და სპიტის რაიონი, დასავლეთით ქაშმირი და ასევე ბატილსტანი. ქაშმირი გამოყოფილია ლადაქისგან ბუნებრივი ბარიერით, რომელსაც დასავლეთ ჰიმალაი ქმნის.
ლადაქის ბუნებრივი გამყოფები არის:
1. ნუბრას ველი და შაიოკის ტერიტორია;
2. ლადაქის ტერიტორია ინდის მდინარის გასწვრივ;
3. ზანსკარის ტერიტორია მდინარე ზანსკარზე;
4. რუკჩუს ტერიტორია, ზემოთხსენებული ტბების გარშემო;
5. პურიკის,სურუსა და დრას ტერიტორიები;
პოლიტიკურად ლადაქი ჯამუსა და ქაშმირის ნაწილს წარმოადგენდა. მხოლოდ 1947 წლის ოქტომბერში გაწევრიანდა ლადაქი ინდურ ერთიანობაში. ძველ დროს ლადაქს მრავალი სახელწოდება ჰქონდა, მას ეძახდნენ: ლატაგს-მარიულს (რაც ნიშნავს წითელ მიწიან ქვეყანას) და ამავე დროს ხა-ჩან-პას, რაც თოვლიან მხარეს ნიშნავს. დიდი ხნის წინ ლადაქელები თავიანთ თავს ბოტ-პას უწოდებდნენ და ლაპარაკობდნენ ენაზე, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ ენას, რომელზეც ტიბეტელები ლაპარაკობდნენ.[7]
დემოგრაფია
რედაქტირებალადაქის ადრეული მკვიდრი მოსახლეობა წარმოადგენდა მონების (Mons) და დარდების (Dards) შერეულ ინდო-არიულ პოპულაციას, რომლებსაც თანდათანობით იპყრობდნენ და შთანთქავდნენ იმიგრირებული ტიბეტელები. დასავლეთ ლადაქის ზოგიერთ სოფელში დღემდეა შემორჩენილი სოციუმები, რომლებიც ინდო-არიულ ენაზე საუბრობენ, მაგრამ დარდების ზუსტი ისტორიული იდენტიფიკაცია დღემდე ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ტიბეტელების მიერ ამ ტერიტორიათა დაპყრობის ეტაპები ბურუსით არის მოცული.
ლადაქის მკვიდრთა უმეტესობა ტიბეტური ბუდიზმის მიმდევარია. თანამედროვე ლადაქელებს კარგად აქვთ გააზრებული ტიბეტთან ისტორიული კავშირის მნიშვნელობა და ცდილობენ მათი რეგიონის კულტურის უნიკალურობისა და განსხვავებულობის მაქსიმალურად წარმოჩენას. პურიგის (Purig) რეგიონის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია და ინდის ხეობის, ნუბრას და ზანგსკარის შედარებით მცირე ისლამის მიმდევარ მოსახლეობასთან ერთად მთელი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ.
შეინიშნება საყურადღებო ვარიაციები ლადაქის სხვადასხვა სოფელსა თუ რეგიონში არსებულ ენობრივ დიალექტებს შორის. ბუდისტი ლადაქელები და ტიბეტელები იყენებენ საერთო დამწერლობას, რომელიც კლასიკურ ტიბეტურზე არის დაფუძნებული. მე-16 საუკუნიდან ერთ-ერთ ძირითად გამოყენებად ენად ითვლება სპარსული. მას მთავარი როლი ენიჭებოდა ვაჭრობაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომელთაც ლადაქი ქაშმირთან და ინდოეთის სხვა რეგიონებთან აწარმოებდა. ლადაქის მეფეები ქირაობდნენ კიდეც გამოცდილ მუსლიმ გადამწერებს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში სინქრონული თარჯიმნის როლის შესასრულებლად.[8]
ლადაქის პოპულაციის განაწილებაზე მოქმედებს ფიზიოგრაფიული, ოროგრაფიული და სტრატიგრაფიული გარემოებები. 1981 წლის მონაცემებით, ლადაქის მოსახლეობა 134 722 მოსახლისგან შედგებოდა, რომლებთაგანაც 71 857 იყო მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ხოლო 62 515 - მდედრობითი. 91% არის რურბანიზებული, ანუ მოსახლეობის 91% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მისდევს. მოსახლეობის სიმჭიდროვე ლეჰის რეგიონში არის 2 კაცი/კვ.კმ., მაშინ როცა კრაგილის რეგიონში ეს მაჩვენებელი 5 კაცი/კვ.კმ-ის ტოლია. სქესობრივი თანაფარდობის სურათი კი შემდეგია: საშუალოდ ლადაქში ყოველ 1000 მამაკაცზე 879 ქალი ფიქსირდება. ლეჰის რეგიონში, რომელშიც დომინანტი ბუდისტები არიან, იგივე მაჩვენებელი 886-ს ტოლია, ხოლო მუსლიმებით დომინირებულ კარგილის რეგიონში კი 853. 1971-81 წლებში ლეჰის რეგიონში მოსახლეობა 31,78%-ით გაიზარდა, რაც 16 489 ადამიანს შეადგენდა. კარგილის რეგიონში კი ზრდამ 23,58%-ს (12 592 ადამიანი) მიაღწია.
1981 წლის მონაცემებით ლეჰის რეგიონში მოსახლეობის 43,55% (29 777 ადამიანი) ძირითად სამუშაო ძალას წარმოადგენდა. მათგან 70,62% (21 029 ადამიანი) ქალი იყო. კარგილის რეგიონის სამუშაო ძალა თითქმის უტოლდებოდა ლეს რეგიონს (29 915 ადამიანი), მაგრამ მათგან უმეტესობა (19 604) მამაკაცი იყო.
განათლების დონის მიხედვით ორივე რეგიონში წერა-კითხვის მცოდნე ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო: ლეჰის რეგიონი - 28,41%; კარგილის რეგიონი - 21,31%. ორივე რეგიონში წერა-კითხვის მცოდნე მამაკაცთა რიცხვი საგრძნობლად აჭარბებდა ქალებისას.
ლადაქის პოპულაციის ჯგუფებს შორის გამოიყოფა: ბოდი (Bodh/Bot/Boto); გარა (Gara); მონი (Mon); ბედა (Beda); ჩანპა (Changpa); ბროკპასი (Brokpas); ბალტი (Balti); არგუნი (Argon/Arghun); პურიპა (Purigpa); ბროკპა (Brokpa/Drog-Pa/Shinna). თანამედროვე კვლევები ძირითადად ორიენტირებულნი არიან ოთხი მათგანის შესწავლაზე. ესენია: ბოდი, ბალტი, ბროკპასი და არგუნი.
ბოდები ლეჰის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენენ, კარგილში კი სიდიდით მეორე პოპულაციური ჯგუფია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძირითადად მონღოლოიდურ ეთნიკურ ოჯახს მიეკუთვნებიან, ისტორიული ჩანაწერების მიხედვით წარმოადგენენ მონღოლოიდური და არიული ელემენტების ნაზავს. ისინი აღიარებენ ბუდიზმს, რომელიც აუცილებლად მოიცავს ლამაიზმსაც. ბოდების მთავარი საქმიანობა არის კულტივირება, მებაღეობა, მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. თანდათანობით შეინიშნება ვაჭრობისა და კომერციული საქმიანობის ზრდაც. ბოდების ენა არის ლადაქური/ბოდური - მიეკუთვნება სინო-ტიბეტურ ენათა ოჯახს, აქვს გრამატიკაც და ლექსიკონიც.
ბალტები იკავებენ კარგილის რაიონის უმეტეს ნაწილს და გარკვეულწილად ლეჰის რაიონის ცალკეულ ნაწილებსაც. მეცნიერთა რწმენით, სწორედ ისინი წარმოადგენენ ლადაქის რეგიონის პრედომინანტურ ეთნიკურ ჯგუფს. ბოდების მგავსად ბალტებშიც ვხვდებით მონღოლოიდური და არიული ელემენტების ნაზავს, ამ უკანასკნელის დომინანტობით. თავდაპირველად იყვნენ ბუდიზმის მიმდევრები, მაგრამ მას შემდეგ, რაც მირზა ჰაიდერ დუგლატმა დაიმორჩილა მათი ტერიოტორიები, მიიღეს ისლამი. ისინი შიიტური ისლამის მიმდევრები არიან და რელიგიური კონსერვატიზმის გამო კავშირიც კი არ აქვთ ისეთ საგნებთან, რომლებთანაც შეხება არამუსლიმან ხალხს ჰქონია. ბოდებისგან განსხვავებით დღემდე არიდებენ თავს მუსიკას, ცეკვას და გართობას. სოფლებში მეჩეთი ცენტრალური პუნქტის როლს ასრულებს. ძირითადად აგრარული სფეროთი არიან დაკავებულნი, პერიოდულად მისდევენ მებაღეობას და მეცხოველეობას. სალაპარაკო ენას წარმოადგენს ბალტური, რომელიც ასევე სინო-ტიბეტურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება და მოიცავს არქაული წარმოშობის სიტყვებს. თუმცა, იმის გამო, რომ მოსახლეობა ისლამის მიმდევარია, საწერად ურდუ და სპარსული გამოიყენება.
ბროკპელები ითვლებიან წმინდა არიული რასის შთამომავლებად. ისტორიკოსთა ცნობით, საძოვრების ძიების მიზნით ისინი მიგრირებდნენ დარდისტანიდან და საბოლოოდ დასახლდნენ თბილი კლიმატური პირობების მქონე ინდის ხეობის ქვემო წელში. მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევარია, მაგრამ კარგილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 130 კილომეტრით დაშორებულ სოფლებში ბუდისტებიც ცხოვრობენ. ბუდისტი ბროკპელები საუბრობენ ბროკ-სკადზე (დარდული ლინგვისტური ჯგუფის ენა). ბროკპელები აყალიბებენ განსაკუთრებული ეთნიკური და კულტურული ნიშნებით გამორჩეულ საზოგადოებას ლადაქის ცენტრალურ ნაწილში. მათ ენდოგამიის (ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქორწინება დასაშვები იყო მხოლოდ ერთი და იმავე საზოგადოებრივი ჯგუფის წარმოამდგენლებს შორის) მეშვეობით შეინარჩუნეს ენა, სოციალური სტრუქტურები და სხვა ბევრი არქაული თვისება არიელი წინაპრებისგან. ეთნიკურად მათ არანაირი კავშირი არ აქვთ მონღოლოიდურ-ტიბეტურ ჯგუფთან. აღსანიშნავია, რომ კულტურული უნიკალურობა ვლინდება რელიგიის საკითხშიც. მათ მიერ ბუდიზმის აღიარება არის ზედაპირული და მხოლოდ დაბადების, ქორწილისა და სიკვდილის ცერემონიებზე ვრცელდება. თავად ბროკპელების თქმით ისინი თაყვანს სცემენ ადგილობრივ სულებსა და დემონებს. ძირითადი საქმიანობა არის სოფლის მეურნეობა და დიდი წილი აქვს მეცხოველეობას. ჰყავთ ცხვარი, თხა, ხარი და ცხენი. რელიგიური ტაბუს გამო არ აშენებენ მსხვილ რქოსან საქონელს და არ მისდევენ მეფრინველეობას. სამაგიეროდ მისდევენ მემარცვლეობას და მებოსტნეობას.
არგუნელები არიან ქაშმირის ხეობიდან და ცენტრალური აზიიდან იმიგრირებული ხალხის შთამომავლები, რომელთაც ლადაქის ადგილობრივ მოსახლეობასთან განიცადეს ასიმილირება. უმეტესად ისინი წარმოადგენდნენ ვაჭრებს და იშვიათად თან ახლდათ სასულიერო პირებიც. ზოგადად ისინი იყვნენ პირველი მუსლიმები, რომლებიც ბუდისტებით დასახლებულ ამ რეგიონში დამკვიდრდნენ. ისინი ქორწინდებოდნენ ადგილობრივ ლადაქელ ქალებზე და სწორედ მათმა შთამომავლობამ ჩამოაყალიბა არგუნელთა პოპულაციური ჯგუფი. უმეტესობა საუბრობს ლადაქურ ენაზე, მაგრამ ასევე გამოიყენება თურქულიც და სხვა ტიბეტური ენები. არიან სუნიტური ისლამის მიმდევრები. ძირითადად დაკავებულნი არიან ვაჭრობით და მცირე წილი საქმიანობაში უჭირავს სოფლის მეურნეობასაც.
ლადაქის დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით პოპულაციაში ახალგაზრდათა პროცენტული წილი გაცილებით ჭარბობს სხვა ჯგუფებს, რაც ტიპიურია განვითარებადი ქვეყნებისთვის. ამის გამო ლადაქისთვის დამახასიათებელი მაღალი შობადობის კოეფიციენტი და დაბალი სიკვდილიანობის კოეფიციენტი. პოპულაციის 39% 0-14 ასაკოვან ჯგუფშია, რაც ზრდის ერის რეპროდუქციულ უნარს და პოპულაციის ზრდის ძირითად წინაპირობას წარმოადგენს. პოპულაციური ჯგუფების მიხედვით შესაბამისი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ბალტებშია (43,2%), ყველაზე დაბალი კი არგუნელებში (32,1%)[9][10].[11]
ენა
რედაქტირებალადაქის სალაპარაკო ენა დასავლეთ ტიბეტის დიალექტს წარმოადგენს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში განვლილი ტრანსფორმაციების შედეგად დღესდღეობით ტიბეტელებს თარჯიმნის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ ამ ენის გაგება. ზოგიერთი ლადაქელი აგრძელებს საუბრისას ისეთი პრეფიქსების გამოყენებას, რომლებიც თავად ტიბეტურში უკვე „მუნჯ“ ბგერებად აღიქმება. ტიბეტურ დამწერლობას ისეთივე ზეგავლენა ჰქონდა ამ რეგიონში, როგორც ლათინურს შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში. ამიტომ ლადაქელი ბერები ხშირად დადიოდნენ ტიბეტში უმაღლესი განათლების მისაღებად. ბევრი რელიგიური ცენტრიც სწორედ ტიბეტიდან დაბრუნებული სწავლულების მიერ იყო დაარსებული.
თეორიული თვალსაზრისით ლადაქის ენა აღიქმება სახელმწიფო ერთიანობის სიმბოლოდ, ვინაიდან მასზე საუბრობენ ლადაქში მცხოვრები ბუდისტებიც და მუსლიმებიც. მაგრამ რეალური სურათი უფრო მძიმე და კომპლექსურია. ლადაქის ენის წინააღმდეგობრივი ხასიათი ხელს უშლის ისეთი თანამედროვე კულტურული ფასეულობების ჩამოყალიბებას, რომელსაც გაიზიარებდნენ ორივე რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები. ტრადიციული ტიბეტური დამწერლობა რადიკალურად განსხვავდება ლადაქის სალაპარაკო ენისგან, როგორც ლექსიკური, ისე გრამატიკული თვალსაზრისით. ასევე ტიბეტური დამწერლობის შესაბამისი ენა გამოირჩევა ძალიან რთულად წარმოსათქმელი ბგერებით და პრაქტიკულად მის ერთადერთ რეალურ ფუნქციას ბუდისტური წმინდა წერილების ამოკითხვა წარმოადგენს. შესაბამისად, უბრალო ლადაქელი მოქალაქისთვის მას პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია.[12]
ისტორიულად ლადაქის დამწერლობა ეფუძნებოდა კლასიკურ ტიბეტურ ენას. თანდაყოლილი ლიტერატურული ტრადიცია ორიენტირებული იყო რელიგიურ საქმიანობაზე, მაგრამ ნებისმიერ ეპოქაში უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა ისტორიული ელემენტიც. ამის მაგალითია ჩვენამდე მოღწეული, მნიშვნელოვან რელიგიურ ფიგურათა ბიოგრაფიები და წყაროები რელიგიის პოლიტიკური ისტორიის შესახებ.
თანამედროვე ლადაქის მწერლობაში ძირითად პრობლემად საზოგადოდ აღიარებული სალაპარაკო ენის არარსებობა იკვეთება. კლასიკური ტიბეტური დამწერლობა ისევე განსხვავდება თანამედროვე ლადაქური სალაპარაკო ენისგან, როგორც იტალიური ლათინურისგან. ძალიან ბევრი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა დამწერლობის სალაპარაკო ენასთან დაახლოება. ეს გამოწვეულია ერთი მხრივ იმით, რომ ლადაქის დამწერლობა მკაფიოდ ლიტერატურულ ხასითს ატარებს და ძალიან ცოტა მოქალაქეს აქვს ამბიცია იმისა, რომ შესაბამისი მაღალი სტანდარტები გამოიყენოს წერისას. მეორე მხრივ, მუსლიმები ტრადიციისამებრ წერისას ურდუს გამოყენებას პრიორიტეტულად მიიჩნევენ. ასევე, ბოლო პერიოდში, ორივე საზოგადოებრივი ჯგუფის წევრებში შეინიშნება წერისას ინგლისურის ფართოდ გამოყენება.[13]
კულტურა
რედაქტირებალადაქის კულტურაზე მძიმე გავლენა იქონია ტიბეტურმა კულტურამ. ლადაქის ზოგიერთ კუთხეში უფრო მეტი ბუდისტები არიან, ვიდრე მუსლიმები და ეს კანონზომიერება იზრდება, რაც უფრო სამხრეთით მივდივართ ზანკარის ზონამდე. ლადაქის საჭმელს ბევრი საერთო აქვს ტიბეტურ საჭმელთან, სადაც ყველაზე პოპულარული საჭმელია თჰუკპა (სუპი და ლაფშა) და ცამპა, რომელიც ლადაქიში „ნგამპეს“ სახელით არის ცნობილი. კერძი, რომელიც მკაცრად ლადაქს ეკუთვნის, არის „სკიუ“, მძიმე, პასტას მაგვარი საკვები ბოსტნეულთან ერთად. მას შემდეგ, რაც ლადაქის ეკონომიკაში ვალუტა შეიჭრა, ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ინდურმა საჭმელმა. ჩაი ლადაქში ტრადიციულად კეთდება ძლიერი მწვანე ჩაისგან, კარაქითა და მარილით. ამ ყველაფერს ურევენ დიდ სათლში, რომელსაც ჰქვია „გურგურ ჩა“ (კარაქის ჩაი), გამომდინარე ხმიდან, რომელსაც იგი არევისას უშვებს. რძესა და შაქარზე დამზადებული ტკბილი ინდური ჩაი ასევე პოპულარული გახდა.[14]
ლადაქის არქიტექტურა ძლიერ ჰგავს ტიბეტისა და ინდოეთის სტილს. მონასტრული არქიტექტურა ასახავს ღრმად ჩანერგილ ბუდისტურ მიდგომას. ბუდისტური ბორბალი, ორ დრაკონთან ერთად, არის ძალიან ხშირი სიმბოლო ყველა ტაძრის კარზე, მათ შორის ჰემისა და თიკსის. ლადაქის ჩაცმულობა ნაირფეროვანია და ხშირად ჩუქურთმებით[15]გამდიდრებული. მათი სოციალური ცერემონიები, ისეთები, როგორიც არის ქორწილი და ყოველწლიური სექტემბრის მკის ფესტივალი, შეიძლება დღეები ან კვირები გაგრძელდეს.
ლადაქში მრავალი ფესტივალია და ეს მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ლადაქის ფესტივალებს ხშირად წინ მონასტრები მიუძღვის. ცეკვები ძირითადად მოგვითხრობენ სიკეთისა და ბოროტების შესახებ, რომლებიც ჩვეულებრივ სიკეთის გამარჯვებით სრულდება.
ლადაქში ძალიან უყვართ ჰოკეი, სპორტი, რომელსაც იანვარში თამაშობენ ხოლმე. მშვილდოსნობა ასევე ტრადიციული სპორტი არის და მრავალი სოფელი წარმართავს მშვილდოსნობის ფესტივალებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე მოიცავენ დალევას, ცეკვასა და აზარტულ თამაშებს. ასევე, პოლო არის ლადაქის ერთ-ერთი უძველესი სპორტი.
ჟანგბადის კონცენტრაცია ბევრად უფრო მცირეა ლადაქში, ვიდრე ახალ დელიში, აქედან გამომდინარე არამკვიდრ მოსახლეობას თავბრუ ეხვევა ხოლმე. ძალიან საინტერესო სანახავია ბუდისტური ტაძრები, რომლებსაც ლადაქიელები „გიმპას“ ეძახიან. გომპა, ეს არის ოსტატურად ნაშენები წვეტიანი ტაძრები, რომლებიც თავის მხრივ სოფლებს იცავენ, ისევე როგორც ციტადელები მათ შუა საუკუნეების დროს. ამ ტაძრებიდან ერთ-ერთ, ჰემის ტაძარი, არის ინდოეთის უძველესი და უმდიდრესი ტაძარი და ცნობილია თავისი მდიდრული ნაშთებით, ისეთებით, როგორიც არის ბუდას სპილენძის ქანდაკება ან თუნდაც ოქროთი და ვერცხლით მოპირკეთებული საფლავები.[14]
ლადაქის ფესტივალი
რედაქტირებალადაქის ფესტივალი არის საკმაოდ მასშტაბური ყრილობა, რომელსაც ჯამუსა და ქაშმირის ტურისტული დეპარტამენტი ატარებს. ამ ყრილობის მთავარი მიზანია რეკლამა გაუკეთოს ლადაქის მრავალსაუკუნოვან კულტურას, ტრადიციებსა და მემკვიდრეობას. ამ ფესტივალის ყველაზე კარგი და სახალისო ნაწილი არის ინაუგურაციული ფუნქცია, რომელიც გულისხმობს გამაოგნებელ პროცესიას, რომელშიც ჩაბმულნი იქნებიან სხვადასხვა კულტურული ეთნოსები და კონტიგენტები, რომლებიც გამოწყობილები იქნებიან ტრადიციულ ტანსაცმელში, ისინი იმღერებენ სიმღერებს და სხვადასხვა სახის ნომრებს დადგამენ. პოლოს მოედაზე, სადაც პროცესია დამთავრდება, მონაწილეები გაიყოფიან სხვადასხვა ჯგუფებად და გააკეთებენ პერფორმანსს. ინაუგურაციული ცერემონია ჩატარდება ლეჰის ტერიტორიაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ განსხვავებული კულტურული ერთეულები ლადაქის სხვადასხვა კუთხიდან. ხალხური ცეკვა და მუსიკა ამ ფესტივალის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია.
ძირითად პროგრამებთან ერთად, საკმაოდ საინტერესო და ფერად სანახაობას წარმოადგენს მშვილდოსნობის ფესტივალი, რომელიც ლეჰსა და მის მიმდებარე სოფლებში ტარდება. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მამაკაცები წარმოადგენენ მშვილდისა და ისრის გამოყენების უნარს, მაშინ, როცა ქალები ხალხურ ცეკვებს ასრულებენ. ხალხური ცეკვების გარდა ფესტივალი მოიცავს შეჯიბრებებს ცხენბურთსა და მშვილდოსნობაში, საქორწილო ცერემონიებს და ნიღბით შესასრულებელ ცეკვებს. ბოლო საკარნავალო მსვლელობა კი დედაქალაქში - ლეჰში ეწყობა.[16]
თანამედროვე პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურა
რედაქტირებალადაქის სოფლები შედგება ოჯახებისგან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ სოფლის ორგანიზაციულ ერთეულებს. ოჯახები ქმნიან ჯგუფებს სხვადასხვა დანიშნულებისთვის, მაგალითად, ჯგუფებს ევალებათ ყოველდღიური რიტუალების მომზადება, აგროკულტურული რიტუალების ჩატარება, ფესტივალის ორგანიზაცია, მეზობელთა სოციალიზაცია. ეს კავშირი აერთიანებს მთელ სოფელს და ხელს უშლის ნებისმიერ ფრაქციას ან საწინააღმდეგო აზრის აღორძინებას. ყველა ოჯახი, სიმდიდრის მიუხედავად, თანასწორია. ინდივიდუალები დალაგებულები არიან სოციალური დანიშნულების მიხედვით (ღონისძიებების მომზადებიდან, ცეკვის რიგების ორგანიზებამდე), რაც შეეხება ბუდისტ ბერებს, არისტოკრატიასა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც ლადაქს სტუმრობენ, შედარებით უფრო მაღალი რანგი ეძლევათ. ძმებს შორის სიმდიდრის, განათლებულობის და პერსონალური თვისებების განსხვავებას სოციალური იერარქია არ ითვალისწინებს. მხოლოდ ასტროლოგებს და ექიმებს აქვთ შედარებით მაღალი სოციალური სტატუსი, მაგრამ ეს არ გულისხმობს პოლიტიკურ ძალას, სიმდიდრეს ან ოჯახურ პრესტიჟს.
სოფელს ჰყავს სოფლის თავი, რომელიც აკონტროლებს ფინანსებს და წარმომადგენლობითი როლი აქვს. ის აწყობს შეხვედრებს, უზრუნველყოფს, რომ ასტროლოგის მიერ გაანგარიშებულ დროს აგროკულტურული საქმიანობებისთვის ყველამ გიგოს და აგვარებს დავებს. მიუხედავად ამისა, ეს არ არის პერმანენტული თანამდებობა და გადადის სოფლის სხვა მაცხოვრებლებზე. სოფლის თავის ძალაუფლება შეზღუდულია იმითაც, რომ მას არ შეუძლია ერთპიროვნულად სოფლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს, არამედ ეს ფუნქცია ენიჭება სოფლის კრებას. სწორედ იულპა, ანუ სოფლის კრება, არის უმაღლესი პოლიტიკური სტრუქტურა.
იულპაში ყოფნის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ და ისინი ოჯახებს წარმოადგენენ.
შეხვედრების დროს შეიძლება კენჭისყრაც ჩატარდეს, მაგრამ ეს ძალინ იშვიათად ხდება, რადგან კრება კონსესუსს ყოველთვის აღწევს. განსხვავებული აზრი შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ არ შეიძლება ოპოზიციური ძალის შექმნა, ან მეზობელზე ზეგავლენის მოხდენა, რომ განსხვავებულ აზრს დაუჭიროს მხარი. როგორც წესი, ზოგი მამაკაცი სხვებზე მეტს ლაპარაკობს და მეტ შეხვედრას ესწრება, ზოგს უფრო ყურადღებით უსმენენ ხოლმე, მაგრამ როდესაც სოფლის კრებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ყველა მამაკაცი გათანასწორებულია. სოფლის კრების წევრები ყოველთვის აღნიშნავენ: „ჩვენ შევთანხმდით“, „ჩვენ გადავწყვიტეთ“ ან „იულპამ მათ გადასახადი დაუწესა“, ანუ მინიშნებულია, რომ შეხვედრაზე მიღებული გადაწვეტილება ყველამ ერთად მიიღო.
იულპას ასევე გააჩნია ძალაუფლება, რომ სოფლის აქტივობები დაგეგმოს და მიიჩნევს, რომ წევრების ჩართულობა სოციალურ ცხოვრებაში მათი ძალაუფლების საფუძველია. ძალაუფლების ეს ფორმა განსხვავდება, როგორც წარსულში მყოფი მეფეების მმართველობისგან, რომელსაც შეადგენდა სამხედრო ძალაუფლება, სოციალური სუპერიორობა და რელიგიური მფარველობა, ასევე თანამედროვე პოლიტიკური ხელისუფლებისგან, რომელიც ეკონომიკურ სიძლიერეზე და დემოკრატიულ სტრუქტურაზეა დაფუძნებული.
სოფელში წესრიგის დამყარებისა და დავების თავიდან აცილებისთვის რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის, დიდი რაოდენობის ქცევითი ნორმა და შედარებით უფრო შეუმჩნეველი მეთოდები, რითაც ჰარმონია მიიღწევა. სოფელში მოქმედებს ნორმატიული კანონები, რომლებიც მოიცავს წესებს, ტაქსაციას, ტრადიციებს, რომლებიც შეგნებულად უნდა დაიცვან და ზოგიერთ ქცევას, რომელიც სასირცხვილოდაა შეფასებული. ამ ყველაფერს ისევ და ისევ იულპა ანუ სოფლის კრება აწესებს. იულპა სოფლისთავის თანამდებობის გადაცემასაც უზრუნველყოფს, ასევე საკვები მარაგის დაცვას, ფესტივალების ორგანიზებას, სტუმრებისთვის ტრანსპორტის მოძებნას და ადგილობრივი ტაძრებისთვის შესაწირის შეწირვას.
სოფელში მკაცრად დაცული წესებისა და ტრადიციების მოქნილობისა და მრავალფეროვნების მიუხედავად, ოჯახებს შიგნით და ოჯახებს შორის ხშირად ხდება ინტერესთა დაპირისპირება. უმეტესობას ისევ ოჯახი, მეზობლობა ან შუამავლები აგვარებს, სანამ ის არ გადაიზრდება აშკარა ანტაგონიზმში, რომელიც მთლიანად სხვა ცნებაა. ლადაქში არსებობს ორი ტიპის დავა, ესენია: ინტერესთა დაპირისპირება, სხვაობა და აშკარა დაპირისპირება, რომელიც ლადაქურ ენაზე ხასიათდება, როგორც „ყვირილი“, „ჩხუბი“, „ძალადობა“ და მისი აშკარა ანტაგონიზმი განარჩევს მას ჩვეულებრივი დავისგან. ასეთი დაპირისპირებები სერიოზული პრობლემაა და ის მთელ სოფელს ეხება.
აშკარა დაპირისპირება ცოლ-ქმარს შორის ოჯახის სტაბილურობას უქმნის პრობლემას და ჩარევას საჭიროებს. ამ დროს, სხვა ოჯახები ერთვებიან საქმეში და ცდილობენ მოაგვარონ პრობლემა, მაგრამ თუ საქმე ძალიან სერიოზულადაა ამ დროს შუამავლებს იძახებენ, მაგალითად, ასეთი სერიოზული პრობლემაა, როდესაც ცოლი ქმრის სახლიდან მამის სახლში ბრუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ ლადაქის სტრუქტურას ყოველთვის აყალიბებდნენ მეფეები, ბუდისტური დაწესებულებები თუ სხვა გარე ძალები და ახლა მასზე დიდი ზეგავლენა აქვს თანამედროვე ინდურ შტატს, ლადაქი მაინც არ აღიარებს შტატის რელიგიურ, პოლიტიკურ ან შიდა სამართალზე ძალაუფლებას, რის გამოც ცდილობენ, რომ დავები სოფლებს არ გასცდნენ და შიგნითვე მოაგვარონ. სოფლის მაცხოვრებლები, რა თქმა უნდა, იცნობენ სოციალურ და რელიგიურ იერარქიას, მაგრამ ცდილობენ შეინარჩუნონ საკუთარი ფორმა და ლოკალური წყობილები, როგორც მორალურ, ასევე პოლიტიკურ ასპექტში.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ LADAKH’S CULTURAL HERITAGE: ITS UNIQUE FESTIVALS AND DANCES AJAY KUMAR Assistant Professor Ramnagar Campus, University Of Jammu
- ↑ The Lost world of Ladakh: early photographic journeys through Indian Himalaya 1931-1934 Rupert Wilmot - Nicky Harman - Roger Bates
- ↑ Ladakh, the wonderland: a geographical, historical, and sociological study Teg Kapur - Mittal Publications - 1987
- ↑ Cultural history of Ladakh - Bulletin of Tibetology 1996 No.3 -Namgyal Institute of Tibetology
- ↑ LADAKHI HISTORY AND INDIAN NATIONHOOD - John Bray, SOUTH ASIA RESEARCH, Vol.l l, No.2, November 19911
- ↑ 6.0 6.1 Ladakhi histories: local and regional perspectives John Bray - Brill - 2005
- ↑ Ladakh, the wonderland: a geographical, historical, and sociological study Teg Kapur - Mittal Publications - 1987
- ↑ Bray, J. (2005). Ladakhi Histories. Boston: Brill Leiden.
- ↑ http://www.census2011.co.in/census/district/621-leh.html
- ↑ "Kargil District Population Census 2011, Jammu and Kashmir literacy sex ratio and density" http://www.census2011.co.in/census/district/622-kargil.html
- ↑ Nag, S. (2002). Population Dynamics, Problems and Prospects of High Altitude Area: Ladakh (V. Bhasin, Ed.). 45-52. Retrieved from https://web.archive.org/web/20070701045226/http://www.krepublishers.com/02-Journals/T-Anth/Anth-00-Special Issues/Anth-SI-01-Anth-Trends-App-Web/Anth-SI-01-02-043-072-Bhasin-V/Anth-SI-01-02-043-072-Bhasin-V-Text.pdf
- ↑ Bray, J. (1991, November). Ladakhi History and Indian Nationhood. South Asia Research. doi:10.1177/026272809101100201
- ↑ Bray, J. (1998). Recent Research on Ladakh: An Introductory Survey. Himalaya. Retrieved from http://digitalcommons.macalester.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1578&cont[მკვდარი ბმული]ext=himalaya
- ↑ 14.0 14.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-14. ციტირების თარიღი: 2018-04-18.
- ↑ Art and architecture in Ladakh: cross-cultural transmissions in the Himalayas and Karakoram Lo F. - John Bray
- ↑ LADAKH’S CULTURAL HERITAGE: ITS UNIQUE FESTIVALS AND DANCES AJAY KUMAR Assistant Professor Ramnagar Campus, University Of Jammu