მირუშას პარკი
მირუშას კანიონი მეოთხე ტბა
ქვეყანა კოსოვოს დროშა კოსოვო

სერბეთის დროშა სერბეთი

უახლოესი ქალაქი კლინა, მალიშევო, ორახოვეცი
კოორდინატები 42°31′26″ ჩ. გ. 20°34′59″ ა. გ. / 42.52389° ჩ. გ. 20.58306° ა. გ. / 42.52389; 20.58306
ფართობი 55 580, 70 ჰა
დაარსდა 1982

მირუშა (ალბ. Mirusha / Mirushë ; სერბ. Мируша / Miruša ) — რეგიონალური პარკი, რომელიც მდებარეობს ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში, მეტოჰიას დაბლობის აღმოსავლეთით.

1975 წელს ორახოვაცისა და კლინას მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ტერიტორიამ, რომლის ფართობი შეადგენს 19021,55 ჰექტარს, მიიღო სპეციალური ნაკრძალის სტატუსი.

ბუნებრივი ძეგლების, სპეციფიკური ლანდშაფტებისა და მცენარეთა მრავალფეროვნების გამო IUCN კლასიფიკაციის მიხედვით, 55,580,70 ჰექტარზე გადაჭიმული ტერიტორია 1982 წელს გამოცხადდა მეხუთე კატეგორიის რეგიონალურ პარკად ( დაცული ტერიტორია). მირუშა მდებარეობს სამი მუნიციპალიტეტის: კლინას, მალისევოს და ორახოვაცის ტერიტორიაზე. [1]

ერთი წლის შემდეგ, 1983 წელს, მისი ჰიდროლოგიური, გეომორფოლოგიური და ლანდშაფტური ღირებულების გამო, მდინარე მირუშას ჭალა ასევე მესამე კატეგორიის დაცულ ტერიტორიად ( ბუნების ძეგლი ) გამოცხადდა IUCN-ის მიხედვით. ფართობი 1197,29 ჰექტარია და ეკუთვნის ორახოვაცისა და კლინას მუნიციპალიტეტებს.

თავისებურებები

რედაქტირება

მირუშას პარკი ცნობილია თავისი კანიონით, სადაც მიედინება ამავე სახელწოდების მდინარე და ქმნის კარსტული ტბებისა და ჩანჩქერების სერიას

თავისი გეოლოგიური სტრუქტურის წყალობით, რომელიც შედგება იურული პერიოდის ულტრამაფიული ქანებისა და ვულკანურ-დანალექი წარმონაქმნებისა და ქვედა და ზედა ცარცულის კარბონატებისაგან, მდინარე მირუშამ წარმოქმნა კანიონი 200 მ სიღრმეზე.

კანიონის გასწვრივ მდებარეობს პატარა ტბები, რომლებიც ერთმანეთს 21 მეტრამდე სიმაღლის ჩანჩქერით უკავშირდებიან. ტერიტორიაზე 12 ჩანჩქერი და 16 ტბაა. ისინი განსხვავდებიან ფორმითა და ზომით პოზიციისა და კირქვის ბლოკების სტრუქტურისა და ლითოლოგიის მიხედვით . კანიონი ყველაზე განიერია ბოლო ტბასთან, ხოლო ყველაზე ვიწრო ნაწილი მეოთხე ტბის მიდამოში მდებარეობს, სადაც მისი სიღრმე კლდეებს შორის აღწევს მაქსიმალურ ნიშნულს — 200 მ-ს. [2]

 
მირუშას ჩანჩქერები

იშვიათი ბუნებრივი გეოლოგიური და გეომორფოლოგიური ნიშნები პარკის საინტერესო ლანდშაფტს ქმნის. მის მახასიათებლებს შორისაა გეოლოგიური რელიეფის ფორმები, გამოქვაბულები, ბზარები და სხვა კლდოვანი წარმონაქმნები, რომლებიც შეიქმნა გეოლოგიური პროცესების, ეროზიის, წყლის და სხვა გარე ფაქტორების შედეგად.

პარკისთვის დამახასიათებელია რბილი კონტინენტური კლიმატი ხმელთაშუა ზღვის გავლენით და ძალიან მდიდარი ფლორა და ფაუნა. პარკი მრავალი ენდემური და სტენოენდემიური სახეობის სახლს წარმოადგენს. [1]

მდებარეობა

რედაქტირება

მირუშას პარკი კოსოვოს ერთ-ერთი ულამაზესი და საინტერესო ბუნებრივი ადგილია, ის განლაგებულია რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, კლინას, მალისევოსა და ორახოვაცის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

ბუნებრივი პარკი მდებარეობს გრემნიკის მთების სამხრეთით, მდინარე მირუშას ორივე მხარეს, კანიონის დასაწყისიდან თეთრ დრინამდე.

პარკის დასავლეთ ნაწილში არის კლინა-ჯაკოვიცას გზატკეცილი (M9.1). ამ გზის პარალელურად გადის პეჩი-პრიზენის რკინიგზა. ჩრდილოეთით დაახლოებით 8 კმ-ზე მდებარეობს პრიშტინა-პეჩის გზატკეცილი. მანძილი პრიშტინიდან შეადგენს 65 კმ -ს.[1] [3]

უახლოესი აეროპორტია — პრიშტინას საერთაშორისო აეროპორტი (PRN).

გეოგრაფია

რედაქტირება
 
მირუშას კანიონი

მირუშას ბუნებრივი რეგიონალური პარკი მოიცავს 55,580 ჰექტარს კლინას, მალისევოსა და ორახოვაცის მუნიციპალიტეტებში აღმოსავლეთ მეტოჰიას დაბლობზე, ცენტრალურ კოსოვოში . სიმაღლე ზღვის დონიდან ჩვეულებრივ მერყეობს 300 მ-დან 600 მ-მდე. [1]. მნიშვნელოვანი ბუნებრივი მემკვიდრეობაა გეოლოგიასთან, გეომორფოლოგიასთან და ჰიდროლოგიასთან დაკავშირებული მდინარე მირუშას აუზის გეომრავალფეროვნება, რომელიც გარკვეულ ფასეულობას წარმოადგენს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული თვალსაზრისით.

გეოლოგია

რედაქტირება

პარკის გეოლოგიური სტრუქტურა მოიცავს იურული პერიოდის ულტრაფუძე ქანებს, ვულკანური - დანალექი ქანების წარმონაქმნებს და ქვედა და ზედა ცარცის კარბონატებს. [4] .მირუშას კანიონის გეოლოგიური სტრუქტურა ძირითადად შედგება მეზოზოური კირქვის კლდეებისგან, რომელთაც ახასიათებთ სათავისკენ შემცირების ტენდენცია. ეს ქანები ფართოვდება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და მცირდება სამხრეთ-აღმოსავლეთით.

მეოთხეული ნალექები წარმოდგენილია ჰუმუსით, ქვიშიანი ნეშომპალით, თიხის ნეშომპალითა და სილაქვებით. მირუშის ხეობის მდინარის ტერასები ძირითადად შედგება მომრგვალებული კვარციტის, პალეოზოური ფიქლების, კირქვებისგან, ქვიშაქვისგან, სერპენტიტისგან, დიაბაზისა და გაბროსგან. მდინარის ეს ტერასები დელუვიური წარმოშობისაა.

ალუვიუმი ხშირად გვხვდება მდინარე მირუშას ორივე ნაპირზე.

დელუვიური ნალექები რცელებულია ტერიტორიის დიდ ნაწილზე, რომლებიც ბუნებრივად წარმოიქმნება დანალექი მასალის შედეგად. მეოთხეული პერიოდის ნალექები შეხებაშია ზედა ცარცულ კირქვებთან. გარდა ამისა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში ეს საბადოები კონტაქტშია მეტამერიზაციის სარტყელთან. მეოთხეული ზონა წარმოდგენილია ტბის ნალექებით, თიხნარით, ხრეშით, ქვიშით და სილით.

 
მირუშის მაღალი კლდეები

პლიოცენის საბადოები გავრცელებულია მთელ პარკში. უმეტესწილად ისინი ეროზიულ კონტაქტში არიან ზედა ცარცული კირქვის კლდეებთან. ეს კირქვები მასიურია და შეიცავს გასტროპოდების უამრავ კვალს. პლიოცენის საბადოებში ასევე აღმოჩენილია ნახშირის რამდენიმე ფენა..

დასავლეთ ნაწილში უფრო გავრცელებულია ქვედა ცარცული სისტემა, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა ფერის კირქვის საბადოებით

ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებულია ფლიშის, კონგლომერატული ქვიშიანი და მერგელის, ხოლო სამხრეთ რეგიონში — ფიქლები, ქვიშაქვები და სილიციუმის წარმონაქმნები. [1]

ტერიტორია გამოირჩევა მაღალი გეოლოგიური ღირებულებით და დიდი ტურისტული პოტენციალით. ყველაზე მნიშვნელოვანი გეოლოგიური მემკვიდრეობაა კანიონი ტბებით, ჩანჩქერებით, გამოქვაბულებით, კარსტული ფორმებით ( ტბორები, კარსტული ხეობები და ა.შ.). საყურადღებოა ულამაზესი ქვები, ბოქსიტი, ნამარხი ნაშთები, თერმული წყლები და კლდეების გამორჩეული იერი. [4]

გამოქვაბულები

რედაქტირება

მირუშას კანიონში ჩამოყალიბდა რელიეფის სპეციფიკური ფორმები: დეპრესიები, გამოქვაბულები, კლდეები, ტბები და ა.შ. გარდა ჩანჩქერებისა და დამახასიათებელი ფორმის ტბებისა, ბევრია სხვადასხვა ფორმისა და ზომის გამოქვაბულები.

 
ჩანჩქერი მირუშაში

ყველაზე მნიშვნელოვანია დიდი ეკლესიისა და მცირე ეკლესიის გამოქვაბულები, გამოქვაბული მეათე ტბაზე, მღვიმე მეცხრე ტბაზე, რომელიც იყოფა ორ, მარცხენა და მარჯვენა არხებად, მეცხრე ტბის უკან მდებარე გამოქვაბული, სულების მღვიმე და ა.შ.

დიდი ეკლესიის მღვიმე მდებარეობს ბოლო ტბასთან მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. მღვიმე გეოლოგიურ წარსულში მიწისქვეშა წყლების წყაროს წარმოადგენდა. მას აქვს 4 მ სიგანის და 12 მ სიმაღლის შესასვლელი, ხოლო მისი საერთო სიგრძე 40 მ- ია . მღვიმის ბოლოს არის რამდენიმე სტალაგმიტი, სტალაქტიტი და კარსტული სვეტი.

მცირე ეკლესიის გამოქვაბული მცირე ზომისაა, სიგრძით 4 მეტრი. მღვიმეში შესასვლელი 1,4 მ სიგანისაა, ბოლოსკენ კიდევ უფრო ვიწროვდება. გამოქვაბულის ბოლო ჰორიზონტალურია და ამოვსებულია ტალახით. მასში შესასვლელი დიდი ეკლესიის გამოქვაბულის გვერდით მდებარეობს.

მეათე ტბის მღვიმე გადის ჩანჩქერის ქვეშ, მისი სიგანე 9 მ-ია, სიგრძე 16 მ და წყლის სიღრმე 3 მ (ეს დამოკიდებულია ტბის დონეზე). მღვიმეში შესასვლელი 5 მ სიგანისა და 3 მ სიმაღლისაა.

მეცხრე ტბაზე გამოქვაბული ორი არხისგან შედგება: მარჯვენა და მარცხენა. ამ გამოქვაბულში მოხვედრა მხოლოდ მეცხრე ტბის წყლის ქვეშ გავლით არის შესაძლებელი. მარცხენა არხს აქვს თაღოვანი შესასვლელი 3 მ სიგანით და 6 მ სიმაღლით, ხოლო მისი სიგრძე 43 მეტრია.

კარსტული გამოქვაბულები — ადრეულ გეოლოგიურ წარსულში ეს მღვიმეები იყო მდინარე მირუშას მიწისქვეშა წყაროები.

 
მირუშას კანიონი

მეცხრე ტბის გასწვრივ მდებარეობს დიდი გამოქვაბული . გამოქვაბულში მოხვედრა შეიძლება მხოლოდ მირუშის არხის წყლის ქვეშ ცურვით. მღვიმე კვლავ მდინარის ეროზიის გავლენის ქვეშ იმყოფება. მღვიმის მთელ სიგრძეზე (44 მ) მისი ფსკერი 5-6 მ წყლით არის სავსე. შესასვლელი აქვს 9 მ-მდე სიგანე და 5 მ სიმაღლე. მღვიმე მდებარეობს სოფელ დუშას ხეობის ბოლოს, რომელიც ვრცელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. მღვიმეში მისვლა შესაძლებელია კანიონის დასაწყისში დუშა-პონორაკის გზის გასწვრივ.

სულის გამოქვაბული მირუშას პარკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბუნებრივი ადგილია. მღვიმე 180 მეტრზეა გადაჭიმული. აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულს აქვს ორი გვერდითი არხი, დაახლოებით 40 მ სიგრძისა, ამიტომ მღვიმის საერთო სიგრძე 260 მ-ს შეადგენს: 10 მ სიგანისა და 15 მ სიმაღლის. გამოქვაბულის შიგნით არის ეროზიით შექმნილი ექვსი პატარა ტბა და ჩანჩქერები 2-5 მ სიმაღლეზე, რომლებიხ მდიდარია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით და სხვადასხვა ფორმისა და ზომის სვეტებით, შიგნით ცხოვრობენ დიდი რაოდენობის ღამურები. [1]

ჰიდროლოგია

რედაქტირება
 
მდინარე მირუშა

მირუშას პარკში მიედინება ამავე სახელწოდების მდინარე, საიდანაც პარკმა მიიღო სახელი. მისი ჰიდროლოგიური, გეომორფოლოგიური და ლანდშაფტური ღირებულებიდან გამომდინარე, 1983 წელს მდინარე შევიდა IUCN მე-3 კატეგორიაში. [5]

მდინარე მირუშას წყარო მდებარეობს კრნოლევას პლანინას მთების დასავლეთ ნაწილში. ის წარმოადგენს მდინარე თეთრი დრინის მარცხენა შენაკადს. მისი სიგრძეა 37 კმ და საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 795-360 მ. მდინარე მირუშას წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს 1,2 მ³/წმ-ია, მდინარის წყლის საშუალო დონე 0,65 სმ-ს. [4] მდინარე მირუშას ჰიდროგრაფიული ქსელი ჩვეულებრივ ასიმეტრიულია.

პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი კირქვის ბაზაზეა მრავალი ფოროვანი წარმონაქმნებითა და ბზარებით, სადაც გაედინება მიწისქვეშა წყლები.

კანიონის ბოლოს, ბოლო ტბის შემდეგ, მარჯვენა სანაპიროზე, კლდესთან ახლოს არის კარსტული წყარო, ხოლო 30 მეტრის მოშორებით, კიდევ ერთი წყარო, რომელიც არ შრება მთელი წლის განმავლობაში. [1]

ტბები და ჩანჩქერები

რედაქტირება
 
მირუშას პარკის ერთ-ერთი ჩანჩქერი

მდინარის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მახასიათებელია ტბები და ჩანჩქერები. ისინი განლაგებულია მდინარე მირუშას შუა დინებაში 650 მეტრზე. ამ რაიონში მდებარეობს სხვადასხვა ფორმის და ზომის 16 ტბა და 12 ჩანჩქერი.

ბოლო ტბა ყველაზე დიდია და ვიზიტორებისთვის ადვილად მისადგომი. მისი ზომებია 55x45 მ, სიღრმე 5 მ-ზე მეტი ფართობით 2250 მ². ყველაზე ღრმა მე-10 ტბაა, რომლის სიღრმე 9 მეტრია. ყველაზე გრძელია მერვე ტბა, რომლის სიგრძეა 56 მ, სიგანე 18,5 მ და სიღრმე 5-6 მ.

ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მერვე და მეცხრე ტბებს შორის მდებარეობს და მისი სიმაღლეა 21 მ, მაგრამ ყველაზე ლამაზ ჩანჩქერად ითვლება ჩანჩქერი, რომელიც მდებარეობს მე-15 და მე-16 ტბებს შორის 8 მ სიმაღლეზე. [1]

ამ ტბების ფორმისა და ზომის მიხედვით, ისინი იყოფა სამ ჯგუფად:

  • ზემო ტბები (1-8)
  • შუა ტბები (9-12)
  • ქვედა ტბები (13-16)

ზედა ტბები, როგორც წესი, მცირეა, პირველ ტბების სიღრმე შეადგენს 1-3 მეტრს, ხოლო მერვე ტბის სიღრმე 6,5 მეტრია. ერთი ტბიდან მეორეში წყალი გადადის სრუტეებით, ჩაღრმავებების და ბარიერების გავლით. ისინი ქმნიან სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერებს. კანიონი ამ ნაწილში ძალიან ვიწროა, რის წყალობითაც ჩანჩქერების ხმა კარგად ისმის.

შუა ტბები შეიქმნა მოკლე გეოლოგიურ პერიოდში, აქ ეროზია ძალიან ძლიერი იყო და წარმოქმნა მრავალი განსხვავებული ფორმა. აბსოლუტური სიმაღლე დაახლოებით 100 მ-ია მე-13-დან მე-8 ტბამდე. კანიონის სიღრმისა და ტბებს შორის არსებული კლდოვანი ფორმების გამო ტერიტორიის მონახულება ძალიან მოუხერხებელია.

 
მირუშას კანიონის ბოლო ტბა

კანიონის ქვედა ტბების სიგანე 50-60 მ-ია. მირუშას კანიონის ქვედა ნაწილის ბუნებრივი სილამაზე მნახველებისთვის უფრო ხელმისაწვდომია. მდინარის ხეობის ეს ნაწილი განთქმულია დიდი და ღრმა ტბებითა და თვალწარმტაცი ჩანჩქერით. მთელ კანიონში ყველაზე დიდია მე-13 და მე-16 (ბოლო) ტბები, რომელთა სიღრმე 5-დან 7 მეტრს შეადგენს.

მირუშას კანიონს ახასიათებს მდინარის ეროზია: წყლის მოძრაობის პროცესში, ქანების შემადგენლობიდან გამომდინარე, ნადგურდება, იშლება და გადაადგილდება ეროზიული მასალა. [1]

 
მირუშას ჩანჩქერები ზამთარში

მირუშას პარკის ტერიტორიის კლიმატზე გავლენას ახდენს ხმელთაშუა ზღვის რბილი კონტინენტური ჰავა. პარკში არ არის მეტეოროლოგიური სადგური, ამიტომ მონაცემებს იღებენ მეზობელი ორახოვაცის (14 კმ დაშორებით), გჯაკოვას (2 კმ დაშორებით) და პეჩის (28 კმ) მეზობელი სადგურებიდან. [1]

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა შედაგენს 11,2 °C -სს.

ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 910 მმ-ია. ყველაზე მეტი ნალექი მოდის დეკემბერში (114 მმ) და ნოემბერში (109 მმ), ხოლო ყველაზე ნაკლები — ივლისში (51 მმ) და ივნისში (54 მმ).

 
მირუშას კანიონი ზამთარში

ჰაერის ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 76% -ს. ფარდობითი ტენიანობა უფრო მაღალია დეკემბერში, ნოემბერსა და იანვარში, ხოლო დაბალია ივნისში და ივლისში. ტენიანობის უმაღლეს და დაბალ დონეებს შორის სხვაობა 19% -ია.

მზის გამოსხივების წლიური ხანგრძლივობაა 1968 საათი. ყველაზე მაღალი ინსოლაციის თვეა აგვისტო 298 საათით და ივლისი 289 საათით, ხოლო ყველაზე დაბალი ინსოლაციის თვეა დეკემბერი 58 საათით და იანვარი 63 საათით. მზის საშუალო წლიური გამოსხივება შეადგენს 5 საათს. ზაფხულის პერიოდში (ან მზარდი სეზონები აპრილიდან ოქტომბრამდე) მზის სხივების აქტივობა საშუალოდ 1,411 საათია.

ბიომრავალფეროვნება

რედაქტირება

ზომიერი კონტინენტური კლიმატის წყალობით ხმელთაშუა ზღვის გავლენით, ტერიტორია საკმაოდ მდიდარია ბიოლოგიური სახეობებით. კლიმატის გარდა, მირუშას პარკის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების სიმდიდრეზე გავლენას ახდენს ამ რეგიონის არასაკმარისი ინდუსტრიული განვითარებაც. პარკის ტერიტორიაზე არის არაერთი ენდემური და სტენოენდემიური სახეობა.

მირუშას ტერიტორიაზე გამოვლინდა სისხლძარღვოვანი ფლორის 330 სახეობა, ხავსებისა და თალოფიტების სახეობების გამოკლებით. გამოვლენილია უმაღლესი სოკოების 44 სახეობა. მირუშის ტერიტორიის ფლორის სპეციფიკას წარმოადგენს 14 მცენარეთა ასოციაციის არსებობა, საიდანაც 5 ენდემურია, მაშინ როდესაც ენდემური სახეობების საერთო რაოდენობა 21-ს შეადგენს.. ამ სახეობებს შორისაა სტენო-ენდემური Aristolochia merxmuelleri, რომელიც მირუშის გარდა მსოფლიოში ჯერ არსადაა ნაპოვნი. [6]

ტერიტორიაზე გვხვდება ისეთი სახეობები, როგორიცაა: თეთრი ტირიფი (Salicetum albae ჩვეულებრივ), წითელი ტირიფი (Salicetum purpurea), შავი მურყანი (Alnetum glutinosae), მუხა (Quercetum farnetto cerris scardicum და Quercetum pubescentis‐cerris), ღვია. (Astero‐Juniperetum oxycedri), Polygala -Genistetum hassertianae, Hyperico-Euphorbietum glabliflorae, Potentilla-Fumaretum bonopartei, Salvio-Scorsoneretum villosae, Echinario-Convoletum althamoericaeoides, dalmaticae.

 
პარკში ძალიან გავრცელებულია ყვითელფეხა კუ

რაც შეეხება ფაუნას, ტერიტორია ძალიან მდიდარია ცხოველთა ცალკეული სახეობებით, რომლებიც მიეკუთვნებიან გარკვეულ ბიოტოპებს და ენდემურ სახეობებს. მირუშის ტერიტორიაზე გამოვლენილია ცხოველთა შემდეგი სახეობები: გარეული ღორი ( Sus scrofa ), მაჩვი ( Meles meles ), ყავისფერი კურდღელი ( Lepus europaeus ), ჩვეულებრივი ციყვი ( Scirius vulgaris ), მგელი ( Canis lupus ), გარეული კატა ( Felis silvestris ). ფიჭვის კვერნა ( Martes martes ), მუშკრატი ( Ondatra zibethica ), ყვითელყელა თაგვი ( Apodemus flavicollis ), აღმოსავლეთ ევროპული ზღარბი. ( Erinaceus concolor ), ყვითელფეხება კუ (Testudo sp.), ცხვირრქოსანი გველგესლა ( Vipera ammodytes ) და სხვ. [1] [6]

მდინარე მირუშაში ასევე ბინადრობს სხვადასხვა სახეობის ამფიბია და თევზი.

კულტურული მემკვიდრეობა

რედაქტირება

მირუშას კანიონის კლდეებში მდებარეობს მცირე ზომის გამოქვაბულები — დიდი და პატარა ეკლესიები, რომლებიც კულტურული თვალსაზრისით საინტერესო ადგილებად ითვლება. გადმოცემით, ოსმალეთის ოკუპაციის დროს იქ მართლმადიდებელმა ბერებმა შეაფარეს თავი და ამ გამოქვაბულებს ხალხმა "ეკლესიები" უწოდა. მცირე ეკლესიის გამოქვაბულში აღმოჩნდა ფრესკების ნაშთები, დიდ ეკლესიაში კი — მლოცველთა საკურთხევლის კვალი.

კოსოვოს სპეციალურად დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მიხედვით, ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი ძეგლია ერმიტის ეკლესიის მღვიმე, რომელიც მდებარეობს კლინის მუნიციპალიტეტის სოფელ ულიარიცეში და თარიღდება მე-14 საუკუნით. [1]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Draft - Plani Hapësinor ‐ Monumenti i Natyrës me rëndësi të veçantë “Ujëvarat e Mirushës”. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-10. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
  2. Analiza hapësinore. ციტირების თარიღი: 2017-04-19
  3. VirtualTourist.com ceased operations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-20. ციტირების თარიღი: 2017-04-19.
  4. 4.0 4.1 4.2 [https://web.archive.org/web/20160304034715/http://www.progeo.se/news/2011/pgn111.pdf Geoheritage and Geotourism in the Mirusha river basin]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-04-19.
  5. Strategy and Action Plan for Biodiversity 2011 – 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-20. ციტირების თარიღი: 2019-07-14.
  6. 6.0 6.1 Mirusha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-12. ციტირების თარიღი: 2013-01-24.