ულტრაფუძე ქანები, ულტრაბაზიტები, ჰიპერბაზიტებიმაგმური ქანები, რომლებიც უმთავრესად აგებულია რკინამაგნიუმიანი სილიკატების — ოლივინისა და პიროქსენისაგან; მცირე რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ქრომიტს, მაგნეტიტს და სხვა მინერალებს. ულტრაფუძე ქანები სხვა ქანებთან შედარებით ღარიბია SiO2-ით (45%-ზე ნაკლები) და მდიდარია Mg-ით (MgO-ზე გადათვლით 42%-ზე მეტი). არსებობს ულტრაფუძე ქანების მრავალი სახეობა, რომელთაგან აღსანიშნავია დუნიტი, პერიდოტიტი, პიროქსენიტი და პიკრიტი.[1] ულტრაფუძე ქანები იკავებს დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 1%-ს. სიღრმესთან ერთად მათი როლი მკვეთრად იზრდება. იყოფა სამ: ნორმალურ, სუბტუტე და ტუტე ჯგუფებად.[2]

ულტრაფუძე ქანები
Basanite&Dunite bomb.JPG
დუნიტი
ცნობები
ტიპი მაგმური
შედგენილობა დუნიტი
პერიდოტიტი
პიროქსენიტი
პიკრიტი
შეფერილობა სხვადასხვა

ულტრაფუძე ქანები ფართოდაა გავრცელებული მასივების სახით მაგმური ქანების განვითარების ყველა მხარეში. ისინი გვხვდება აგრეთვე შუაოკეანური ქედების მხარეებშიც. ულტრაფუძე ქანები ხშირად ასოცირდება გაბროსთან, ტუტე ქანებთან და კარბონატიტებთან. 1970-იანი წლების დასაწყისში ავსტრალიაში შეისწავლეს ულტრაფუძე ქანების ლავური ნაკადები. ეფუზიური ულტრაფუძე ქანები აღმოჩენილია ციმბირსა (მეიმეჩიტები) და კამჩატკაზე.[1]

დედამიწის ზედა მანტიის ქანები უმთავრესად წარმოდგენილია პერიდოტიტებით, ხოლო 600-700 კმ და უფრო მეტ სიღრმეზე სხვა ულტრაფუძე ქანებით (ცნობები მათ შესახებ მეტად არასრულია). აქვთ საყურადღებო მეტალოგენიური მნიშვნელობა. ულტრაფუძე ქანებთან დაკავშირებულია ქრომიტის, პლატინის, სულფიდური სპილენძ-ნიკელის და სილიკატური ნიკელის, რკინის მადნების და იშვიათი ლითონების, ქარსის, ასბესტის, ნეფრიტის, ალმასისა და სხვათა საბადოები.[3]

სქოლიორედაქტირება