დუნიტი
დუნიტი (ინგლ. Dunit) — მომწვანო-შავი ფერის ულტრაფუძე სიღრმული მაგმური ქანი. დუნიტის მთავარი მინერალია ოლივინი (85-98 პროც), მეორეხარისხოვანი — ქრომიტი (1-5 %), მაგნეტიტი, ილმენიტი, პიროქსენი, შპინელი; იშვიათად — გრანატი, კორუნდი. ქმნის სილებს, ლინზებს, იშვიათად — დიდი ზომის ინტრუზივებს.
დუნიტი | |
---|---|
დუნიტი (მომწვანო) ვულკანურ ნაგლეჯთან ერთად | |
ცნობები | |
ტიპი | მაგმური ქანი |
შედგენილობა | ოლივინი |
შეფერილობა | მომწვანო-შავი |
გამოიყენება | ცეცხლგამძლე მასალად |
ვარაუდობენ, რომ დუნიტი დედამიწის ქერქის ზედა ნაწილში ტექტონიკურად შემოჭრილი მანტიის ნაწილია. დუნიტთან დაკავშირებულია ქრომიტის, პლატინის, ნიკლის, კობალტისა და ქრიზოტილ-აზბესტის საბადოები. იყენებენ ცეცხლგამძლე მასალად.
სახელი ეწოდა ახალი ზელანდიის მთა დუნის (Dun) მიხედვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 654.