დელუვიონი
დელუვიონი, დელუვიური ნალექები (ლათ. deluo — ჩამოვრეცხავ) — ნალექები, რომლებიც წარმოიქმნება კალთების ქვედა ნაწილებსა და მთის ძირში გამოფიტვის ფხვიერი პროდუქტების გადაადგილებით წვიმისა და თოვლის წყლის ნაკადების მიერ, ან სიმძიმის ძალით. კონტინენტური მეოთხეული დანალექების გენეტიკური ტიპი; გამოყო გეოლოგმა ალექსი პავლოვმა 1888 წელს.[1]
ჩვეულებრივ, განიხილება კოლუვიონის შემადგენლობაში. მეტად ფართოდაა განვითარებული სემიარიდულ კლიმატურ რეგიონებში, სადაც არ გვხვდება უწყვეტი მცენარეული საფარი. მაღლობის დამრეცი კალთების საფუძველში დელუვიური შლეიფების, — მდინარეთა ხეობების, ტერასების, ხევების ამგებელია. შედგენილობაში ჭარბობს ქვიშნარი და თიხნარი.[2]
მყარი ქანებით აგებულ კალთებზე, ყალიბდება უფრო რთული შედგენილობის დელუვიონი. ვაკე რელიეფის პირობებში მდიდარია ქვიშებით, ხრეშითა და წვრილი კენჭით, მთებში — ხვინჭითა და ღორღით. ლიოსის განვითარების არეებში დელუვიონი წარმოდგენილია ლიოსისებრი თიხნარით, რომელშიც ზოგჯერ გვხვდება დამარხული ნიადაგის ჰორიზონტები.[2]
წყლის დახარისხების დამახასიათებელი ნიშანია შრიანობა და ნატეხი მასალის სისხოს შემცირება დელუვიური შლეიფების საფუძველის მიმართულებით, რომლის კალთისპირა ზონაში დელუვიონი ყველაზე უფრო უხეშია, შუა ზონაში — უფრო წვრილი, მკვეთრი ფენობრიობით, პერიფერიულში — ყველაზე თხელი.[2]
დელუვიონის სიმძლავრე შლეიფების ზედა და ქვედა ნაწილში მინიმალურია (1–2 მ); შუა ნაწილში, კალთის დამარხულ ძირზე, შეიძლება მიაღწიოს 10–15 მ-ს. დელუვიონში ხშირად წარმოდგენილია ოქროს, კალის, ვოლფრამის მინერალების, ტანტალისა და ნიობიუმის ქვიშრობი საბადოები; მოიპოვება ალმასებიც. დელუვიური თიხნარი გამოიყენება აგურის საწარმოებლად. დელუვიონის შესწავლას აქვს დიდი მნიშვნელობა მეოთხეული სისტემის კლიმატოსტრატიგრაფიული შკალის დასამუშავებლად.[2][3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბ., ნეკერი, 1996, გვ. 65
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Делювий | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-04. ციტირების თარიღი: 2021-05-04.
- ↑ Чистяков А. А., Макарова Н. В., Макаров В. И. Четвертичная геология. М., 2000.