დედოფალი კრისტინა (შვედ. Drottning Kristina; დ. 18 დეკემბერი, 1626, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 19 აპრილი, 1689, რომი, იტალია) — ვაზას დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფისა და დედოფალ მარია ელეონორა ბრანდენბურგელის ერთადერთი ქალიშვილი. შვედეთის დედოფალი 1632-1654 წლებში.

კრისტინა
შვედეთის დედოფალი
კორონაცია: 20 ოქტომბერი, 1650
მმართ. დასაწყისი: 6 ნოემბერი, 1632
მმართ. დასასრული: 6 ივნისი, 1654
წინამორბედი: გუსტავ II
მემკვიდრე: კარლ X
სხვა წოდებები: ბრემენისა და ვერდენის ჰერცოგინია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 დეკემბერი, 1626
დაბ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდ. თარიღი: 19 აპრილი, 1689, (62 წლის)
გარდ. ადგილი: რომი, იტალია
დაკრძ. ადგილი: წმინდა პეტრეს ბაზილიკა, ვატიკანი
სრული სახელი: კრისტინა ავგუსტა ალექსანდრა
დინასტია: ვაზა
მამა: გუსტავ II, შვედეთის მეფე
დედა: მარია ელეონორა ბრანდენბურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი
(1626-1652)
კათოლიციზმი
(1652-1689)

ტახტი მხოლოდ მას შემდეგ დაიკავა, რაც მამამისი ლიუცენის ბრძოლაში მოკლეს. ამ დროს იგი მხოლოდ ექვსი წლის იყო, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი კი 18 წლის ასაკში გახდა. იგი XVII საუკუნის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ქალადაა მიჩნეული. მას ჰქონდა წიგნების, მანუსკრიპტების ნახატებისა და სკულპტურების კოლექცია. გარდა ამისა, დაინტერესებული იყო რელიგიით, ფილოსოფიით, მათემატიკითა და ალქიმიით. იგი ამ დარგებს განსაკუთრებულად მფარველობდა, რის გამოც მის პერიოდში სტოკჰოლმს „ჩრდილოეთის ათენი“ უწოდეს. 1652 წელს იგი კათოლიკედ მოინათლა, რის გამოც ორ წელიწადში იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო.

კრისტინას ექსტრავაგანტულმა ფინანსურმა მდგომარეობამ ქვეყანა გაკოტრების პირას მიიყვანა. მისი გადადგომის შემდგომი სამი წელი შვედეთში კვლავ არეულობა მღელვარებდა. 28 წლის ასაკში „ჩრდილოეთის მინევრამ“ სამეფო ტახტი თავის მამიდაშვილს, კარლ X-ს გადაულოცა, რის გამოც შვედეთში იგი თავისი დინასტიის უკანასკნელი მონარქი გახდა. გადადგომის შემდეგ იგი რომში გადასახლდა. რომის პაპმა მას უწოდა „დედოფალი რეალობის გარეშე, ქრისტიანი რწმენის გარეშე და ქალი სირცხვილის გარეშე“.

კრისტინას რომში ცხოვრების პერიოდში ხუთი პაპი შეიცვალა და თავისი ერთგულების გამო კათოლიციზმისადმი, იგი კონტრ-რეფორმაციის სიმბოლოდ იქცა. ცნობილია, რომ მას უყვარდა მამაკაცივით ჩაცმა და ასევე მოქცევა, რის გამოც მან ფართო ასახვა ჰპოვა იტალიურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
კრისტინა 1630 წელს

კრისტინა დაიბადა 1626 წლის 18 დეკემბერს სტოკჰოლმში, ტრე-რიონორის სამეფო სასახლეში. იგი იყო შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფისა და მისი გერმანელი მეუღლის, დედოფალ მარია ელეონორა ბრანდენბურგელის ერთადერთი ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, დედოფალ კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელის პატივსაცემად დაარქვეს. მართალია მეფე-დედოფალს სხვა ბავშვების ჰყავდათ გაჩენილი, მაგრამ მათი შვილებიდან მხოლოდ კრისტინა გადაურჩა ბავშვობაში გარდაცვალებას, რის გამოც იგი მაინც მათ დედისერთა შვილად ითვლება. აღსანიშნავია, რომ დაბადებისას თავიდან კრისტინა ყველას ბიჭი ეგონა, რადგან იგი საკმაოდ „თმიანი“ იყო და „ძლიერი ხმით ტიროდა“. მოგვიანებით ამაზე იგი თავის ავტობიოგრაფიაში წერდა: „ერთობ რთული გადასატანი აღმოჩნდა მათთვის ეს შეცდომა“. ამის მიუხედავად, ჯანმრთელი შვილის დაბადებამ მეფე მაინც გაახარა და განაცხადა: „ის ძალიან ჭკვიანი იქნება, მან უკვე მოახერხა ჩვენი გაცურება“. მომდევნო ამბებიდანაც ირკვევა, რომ გუსტავ ადოლფს მჭიდრო კავშირი ჰქონდა თავის ქალიშვილთან.

კრისტინა დაბადებიდანვე გახდა შვედეთის ტახტის მემკვიდრე და ვაზას დინასტიის გამგრძელებელი, ვინაიდან ბაბუამისის, მეფე კარლ IX-ის ორივე ძმა: მეფე ერიკ XIV და მეფე იოჰან III უვაჟებოდ აღესრულდნენ, რაც შეეხება მამამისის, მეფე გუსტავ ადოლფის ძმებს, ისინი მის გაჩენამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალნენ უშვილოდ. მართალია იოჰან III-ის შთამომავლები პოლონეთში ჯერ კიდევ მეფობდნენ, მაგრამ მათ უკვე მიღებული ჰქონდათ კათოლიკობა და შვედები მათთვის ტახტის მიცებას არ აპირებდნენ. ამრიგად, იგი შვედეთის ტახტის უდავო მემკვიდრე იყო და მეფე გუსტავ ადოლფმა იგი ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში გამოაცხადა მემკვიდრედ და მეტიც, მას დედოფალსაც უწოდებდა.

მმართველობა

რედაქტირება

რეგენტობა

რედაქტირება
 
კრისტინას მშობლები 1632 წელს

სანამ მეფე გუსტავ ადოლფი ოცდაათწლიან ომში პროტესტანტობის დასაცავად გერმანიაში საომრად გაემგზავრებოდა, უზრუნველყო კრისტინას უფლებები სამეფო ტახტზე. იმ შემთხვევაში, თუ მეფე ვეღარ დაბრუნდებოდა, ტახტს კრისტინა დაიკავებდა, მის სრულწლოვანებამდე კი რეგენტი მარშალი აქსელ გუსტავსონ ბანერი იქნებოდა. ამის გამო, პრინცესა კრისტინა იღებდა ისეთ განათლებას, როგორსაც მხოლოდ ვაჟებს აძლევდნენ.

კრისტინას დედა, ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი, არასტაბილური ხასიათის მქონე ტემპერამენტიანი ქალი იყო. 1632 წლის 6 ნოემბერს ლიუცენის ბრძოლაში გუსტავ II ადოლფი გარდაიცვალა, რის შემდეგაც დედოფალი კრისტინა გახდა. დედოფალმა მარია ელეონორამ ქმრის გარდაცვალება ძალიან განიცადა, რაც ცუდად აისახა მის ფსიქიკაზე. მისი ბრძანებით გარდაცვლილი მეფის სხეულიდან ამოკვეთეს გული და ქილაში ჩადეს, რომელიც მან კრისტინას საძინებელში დაუდო, რათა „უმამობა არ ეგრძნო“. ასევე დედა-დედოფლის ბრძანებით მეფეს თვეების განმავლობაში არ კრძალავდნენ. საბოლოოდ, მეფე გუსტავ II მხოლოდ 1634 წლის 22 ივნისს დაკრძალეს, მას შემდეგ, რაც საქმეში დედოფლის რეგენტი ჩაერია.

1634 წელს რეგენტმა შემოიღო ახალი კონსტიტუცია, სახელად ოქსერსტიერნა. კონსტიტუციით დადგინდა, რომ „მეფეს“ უნდა ჰყოლოდა მინისტრთა საბჭო, რომელსაც არა მონარქი, არამედ ოქსერსტიერნი მართავდა.

თავიდან დედოფალი მარია ელეონორა ქალიშვილისადმი გულგრილად იყო განწყობილი, თუმცა ტახტზე ასვლის შემდეგ კრისტინა მისი ყურადღების ცენტრში მოექცა. გუსტავ ადოლფმა იცოდა თავისი ცოლის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, რის გამოც მისი ანდერძის მიხედვით კრისტინა მის ნახევარ-დას, პრინცესა კატარინას და ნახევარ-ძმას, პრინც კარლ გილენჰიელმს უნდა აღეზარდათ. 1636 წელს ოქსერსტიენმა გადაწყვიტა, რომ დედა-დედოფალი სამეფო კარიდან უნდა გადაესახლებინათ, დედა-შვილის შეხვედრას კი მინისტრთა საბჭო გეგმავდა და აკონტროლებდა. მომდევნო სამი წელი კრისტინამ მთლიანად მამიდასთან და მის ოჯახთან ერთად გაატარა.

 
დედოფალი კრისტინა 14 წლის ასაკში, 1640 წელს

1638 წელს კრისტინას მამიდა, პრინცესა კატარინა გარდაიცვალა, რის შემდეგაც სამეფო საბჭოს წევრებმა მარია ელეონორა დააბრუნეს სამეფო კარზე და იგი შვილის აღმზრდელად დანიშნეს. მიუხედავად ამისა, საბჭომ მარია ელეონორას ორი სეფექალი მიუჩინა, რათა მათ გაეკონტროლებინათ მისი ქმედებები.

დედოფალ კრისტინას მამაკაცებისათვის განკუთვნილი განათლება მისცეს. მისი დამრიგებელი ღვთისმეტყველი იოჰანეს მათია გოთუსი გახდა. იგი შეისწავლიდა ფილოსოფიას, რელიგიასა და ლიტერატურას. სახელმწიფო კანცლერი მას პირადად ასწავლიდა პოლიტიკისა და ომის ხელოვნებას. კანცლერმა 14 წლის კრისტინაზე განაცხადა: „იგი ქალს საერთოდ არ ჰგავს“. როგორც ცნობილია, იგი არ იჩენდა ინტერესს ქალური თემებისა და მოსართავებისადმი და ერჩივნა მამაკაცივით სცმოდა და მოქცეულიყო. მას ასევე ძალიან უყვარდა სწავლა, რის გამოც დღიურად მისი სასწავლო პროცესი 10 საათს გრძელდებოდა. აგრეთვე ცნობილია, რომ დედოფალი კრისტინა პოლიგლოტი იყო და გარდა მშობლიური შვედურისა, მან კარგად იცოდა ბერძნული, ლათინური, დანიური, გერმანული, იტალიური, ჰოლანდიური, ფრანგული, არაბული და ებრაული ენა.

1636-1637 წლებში შვედეთის სამეფო საბჭო ამერიკაში განიხილავდა „ახალი შვედეთის“ კოლონიის დაარსებას. 1638 წელს, დედოფალ კრისტინას მმართველობის პერიოდში მართლაც დაარსდა ამერიკაში პირველი შვედური კოლონია, რომელიც თანამედროვე დელავერის შტატის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ მიდამოებზე მის პატივსაცემად ჰქვია სახელი მდინარე კრისტინასაც. ამასთან, ფილადელფიაში ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას მის პატივსაცემად ეწოდება „დედოფლის ქუჩა“.

პერსონალური მმართველობა

რედაქტირება

1644 წელს დედოფალი კრისტინა სრულწლოვანი გახდა, მაგრამ მისი კორონაცია დანიასთან ომის გამო გადაიდო. ჯერ კიდევ 1643 წელს შვედურმა ჯარებმა გადალახეს დანიის სახელმწიფო საზღვარი და ჰოლშტაინში შეიჭრნენ, რასაც დანიასთან ე.წ. „ტორსენსონის ომის“ დაწყება მოჰყვა. ომი შვედებისათვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ბრემსებროს ხელშეკრულებით დანიამ მათ გადასცა გოტლანდი და ოზელი, აგრეთვე ნორვეგიაში დაუთმოთ იამტლანდისა და ჰარიედალენის რეგიონები. ამის შემდეგ შვედეთი განაგებდა ბალტიის ზღვას და ის შეზღუდვები, რომელთაც დანია-ნორვეგიის უნია უწესებდა ჩრდილოეთის ზღვაზე მოიხსნა.

1648 წელს კრისტინას ბრძანებით უფსალის სასახლის ჭერი იაკობ იორდაესმა 35 ნახატით გააფორმა. 1649 წელს მისი ბრძანებით დამზადებულ იქნა 760 ნახატი, 170 მარმარილოს და 100 ბრინჯაოს ქანდაკება, მოიჭრა 33,000 მონეტა და მედალიონი, ჩამოისხა 600 ბროლის ლარნაკი და ითარგმნა 300 სამეცნიერო და ლიტერატურული ნაშრომი. ოცდაათწლიანი ომის პერიოდში შვედებმა დროებით დაიკავეს პრაღა, სადაც იმპერატორ რუდოლფ II-ის დროინდელი ნახატების კოლექცია მთლიანად გაძარცვეს და კრისტინას ჩაუტანეს სტოკჰოლმში. 1649-50 წლებში დედოფლის ბრძანებით ასობით წიგნი ითარგმნა შვედურ ენაზე.

1649 წელს კრისტინა თავისი განსვენებული მამიდის ქვრივის, პფალცგრაფ იოჰან კაზიმირისა და მამიდაშვილების დახმარებით, ცდილობდა ოქსერსტიერნას გავლენა შეემცირებინა. ამ დახმარების სანაცვლოდ მან მემკვიდრედ თავისი მამიდაშვილი, პრინცი კარლ გუსტავი გამოაცხადა.

ოცდაათწლიანი ომი

რედაქტირება
 
1645 წელს მოჭრილი შვედური ოქროს მონეტა დედოფალ კრისტინას გამოსახულებით

ოცდაათწლიანი ომის პერიოდში მამამისი, მეფე გუსტავ ადოლფი დიდად ეხმარებოდა გერმანელ პროტესტანტებს. ამით მან დიდად შეამცირა კათოლიკური გავლენა ბალტიის ზღვის გარშემო მდებარე გერმანულ სახელმწიფოებსა და მათ ეკონომიკაზე. მას შემდეგ, რაც გუსტავ ადოლფმა რამდენიმე ბრძოლა მოიგო, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა კარდინალმა რიშელიემ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად ფრანგების კათოლიკური აღმსარებლობისა, ომში შვედეთის მხარეს უნდა ყოფილიყო, რის გამოც ფრანგები შვედებს იარაღითა და ფულით ამარაგებდნენ. საფრანგეთს ეს უფრო იმიტომ აწყობდა, რომ შვედები ფრანგების მოსისხლე მტერს, ავსტრიის მმართველ კათოლიკე ჰაბსბურგებს ებრძოდნენ. მოულოდნელად, 1632 წელს მეფე გუსტავ ადოლფი ბრძოლაში დაიღუპა, რის გამოც შვედეთი დროებით ომს გამოეთიშა.

ოქსერსტიერნას მეთაურობით, 1634 წლიდან შვედეთი კვლავ ჩაება ოცდაათწლიან ომში. ომავე წელს ბავარიაში, ნერდლინგენის ბრძოლაში შვედების არმია მიწასთან გასწორდა, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ უკიდურეს ჩრდილოეთამდე, კერძოდ კი პომერანიამდე დაეხიათ უკან.

1644 წელს დედოფალი სრულწლოვანი გახდა და მმართველობა თავად დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, მას და ოქსერსტიერნას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ. კრისტინას მშვიდობის დამყარება „ნებისმიერ ფასად“ სურდა, რის გამოც 1645 წელს ევროპაში დელეგატები გააგზავნა.

1648 წლის მაისში დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც ოქტომბრამდე გაიწელა. იმავე წელს გაფორმდა ვესტფალიის ზავი, რითაც დასრულდა ოცდაათწლიანი ომი და საღვთო რომის იმპერიაში რელიგიური თავისუფლება გამოცხადდა. შვედეთმა კომპენსაციის სახით ხუთი მილიონი ტალერი მიიღო. ამასთან ერთად, შვედეთის დაქვემდებარებაში შევიდა ნახევარი პომერანია, ე.წ. „შვედური პომერანია“, ასევე ვისმარი, ბრემენი და ვერდენი. ამის შემდეგ კრისტინა ბრემენისა და ვერდენის პირველი ჰერცოგინია გახდა.

ქორწინებისა და მემკვიდრის პრობლემა და ორიენტაცია

რედაქტირება
 
დედოფალი კრისტინა 1654 წელს

უკვე ცხრა წლის ასაკში, კრისტინა მოხიბლული იყო კათოლიკური ეკლესიით და მისი კეთილდღეობით. იგი დიდი ინტერესით კითხულობდა ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ის ბიოგრაფიას, რომელიც მალევე იქცა მისთვის მისაბაძ პიროვნებად. მას კარგად ესმოდა, რომ როგორც დედოფალს, მემკვიდრის გაჩენა ევალებოდა. თავის დღიურებში კრისტინამ გამოავლინა „გადაულახავი ზიზღი ქორწინებისადმი“ და „იმ ყველაფრისადმი რასაც ქალები უყვებოდნენ, რომ ქორწინებაში გააკეთეს“. იგი იმდენად იყო გადართული განათლების მიღებაზე, რომ დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათი ეძინა. ხშირად ვარცხნილობას ყურადღებას არ აქცევდა, სწრაფად იცვამდა და მეტი მოხერხებულობისათვის ყოველთვის მამაკაცის ფეხსაცმელს ატარებდა. რამდენადაც ცნობილია, მას მეტად „ურჩი“ თმა ჰქონდა, ამიტომაც დიდ დროს არც კარგავდა მის მოწესრიგებაზე. არსებობს ისტორიული დადასტურება იმისა, რომ დედოფალი კრისტინა ლესბოსელი იყო. ჯერ კიდევ მისსავე ეპოქაში, საჯაროდ იყო ცნობილი, რომ კრისტინა სარეცელს იყოფდა თავის მეგობარ ებბა შპარესთან. დედოფალი ებბას „ლამაზ გრაფინიას“ (ფრანგ. La belle comtesse) უწოდებდა. ერთხელ ინგლისის ელჩმა მან სრულიად ღიად განაცხადა თავისი ურთიერთობის შესახებ ებბასთან, რომელსაც შვედეთის დატოვების შემდეგაც სწერდა წერილებს და სიყვარულშიც გამოუტყდა.

1649 წლის 26 თებერვალს კრისტინამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტახტის მემკვიდრედ თავის მამიდაშვილ კარლ გუსტავი ნიშნავდა. მართალია არისტოკრატიამ ეს გააპროტესტა, თუმცა გლეხებმა, სასულიერო პირებმა და ვაჭრებმა ეს ამბავი კარგად მიიღეს. 1650 წლის 20 ოქტომბერს იაკობსდალის კათედრალში კრისტინა შვედეთის დედოფლად ეკურთხა. დედოფლის კორონაციას დიდი ზეიმი მოჰყვა მთელ სამეფოში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა. სამეფო კარზე ზეიმი მხოლოდ 24 ოქტომბერს დასრულდა.

რელიგია და პირადი შეხედულებები

რედაქტირება
 
კრისტინა 1656 წელს

დედოფალი კრისტინა ყოველთვის გამოირჩეოდა კათოლიციზმისაკენ მიდრეკილებით, რაც შვედ სასულიერო პირებში უკმაყოფილებას იწვევდა. მას აქტიური კავშირი და მიმოწერა ჰქონდა ევროპის კათოლიკურ სახელმწიფოებთან, სამეფო კარზე კი მისი მმართველობის პერიოდში მომრავლდნენ კათოლიკე იეზუიტი მღვდლები. იგი განსაკუთრებით ახლოს იყო წარმოშობით პორტუგალიელ კათოლიკე ბერ ანტონიო მაკედოსთან, რომელიც 1651 წლიდან დასახლდა სტოკჰოლმში. კრისტინასა და მაკედოს ხშირად რამდენიმესაათიანი დიალოგები ჰქონდათ ხოლმე. ასევე კრისტინას სურვილით ეწვია შვედეთის სამეფო კარს გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსი რენე დეკარტი.

 
კათოლიკე კარდინალი და მღვდლები სტოკჰოლმის სამეფო კარზე. დედოფალი კრისტინა და მისი საყვარელი ებბა მარჯვენა მაგიდასთან ესაუბრებიან რენე დეკარტს.

უკვე 1652 წლის მაისში დედოფალმა კრისტინამ გადაწყვიტა, რომ კათოლიკე გამხდარიყო. თავისი სურვილი მალევე ამცნო რომის პაპს და მადრიდში ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს დიდი დელეგაციაც გაუგზავნა. საპასუხოდ ესპანური ელჩობა მალევე ჩავიდა სტოკჰოლმში, რითაც დაიწყო შვედეთისა და ჰაბსბურგების ურთიერთობების დათბობა, რომელიც მას შემდეგ აირია, რაც კრისტინას დიდმა ბაბუამ, გუსტავ ვაზამ შვედეთი ლუთერანობაზე მოაქცია.

ოცწლიანი მმართველობის პერიოდში დედოფალი კრისტინა თითქმის მთელ დღეებს მუშაობაში ატარებდა, რამაც ცუდად იმოქმედა მის ნერვულ სისტემაზე. მას აწუხებდა არტერიული წნევა, კისრის ტკივილები და მხედველობასაც უჩიოდა. სამეფო ექიმმა დედოფალს დასვენება, გამოძინება, ჯანსაღი კვება და ბანაობა გამოუწერა. კრისტინა, რომელსაც ძალიან უყვარდა მუშაობა და კითხვა, ძალიან გაუჭირდა ამ ყველაფრისთვის თავის დანებება. ცნობილია, რომ მან რამდენიმე სონეტი და ნოველა ზეპირადაც კი იცოდა. სპეციალურად დედოფლისთვის, ჯერ კიდევ 1651 წელს ჩამოიყვანეს გამოჩენილი ფრანგი ექიმი პიერ ბურდელოტი, რომელიც 1653 წელს საფრანგეთში დააბრუნეს კრისტინას ბრძანებით.

გადადგომა

რედაქტირება
 
დედოფალი კრისტინა 1661 წელს

სულ მალე დედოფალმა კრისტინამ პარლამენტს განუცხადა: „არ ვარ ვალდებული მიზეზები გითხრათ. უბრალოდ არ ვარ ქორწინებისათვის შესაფერისი“. ეს იმას ნიშნავდა, რომ მის შემდეგ ვაზას დინასტია შეწყდებოდა და შვედეთში კვლავ გერმანელები გამეფდებოდნენ. მინისტრებს დედოფლის ეს გადაწყვეტილება არ მოეწონათ, თუმცა კრისტინა თანამდებობაზე დარჩენას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, თუ ისინი მას ქორწინებას აღარ მოსთხოვდნენ. 1651 წელს არნოლდ იოჰან მესენიოსისა და მისი 17 წლის ვაჟის თავის მოკვეთის შემდეგ კრისტინამ სახალხო პოპულარობა დაკარგა. ხალხმა დედოფალი უსამართლობაში დაადანაშაულა, ერთ-ერთმა მინისტრმა კი განაცხადა, რომ იგი „პირადი სიამოვნების გარდა არაფერზე ზრუნავდა“.

მას შემდეგ, რაც 1652 წელს კრისტინა კათოლიკედ მოინათლა, განსაკუთრებით გაძლიერდა სახალხო უკმაყოფილება. მოგვიანებით მან განმარტა, რომ არ აპირებდა შვედეთის ისევ კათოლიკურ წიაღში დაბრუნებას, რითაც თავიდან აიცილა მოსალოდნელი აჯანყება. უკვე 1654 წელს მან თავის მინისტრებს განუცხადა, რომ ტახტიდან გადადგომას აპირებდა. გადადგომამდე მან მოითხოვა ყოველთვიურად 200,000 პენსია და თავისი საგვარეულო მამულები გოტლანდში, პომერანიაში, მეკლენბურგსა და ოზელში. მისი მოთხოვნა მალევე დააკმაყოფილეს.

 
კრისტინას ტახტიდან გადადგომის ცერემონია, 1654 წელი.

აღსანიშნავია, რომ დედოფალი კრისტინა უხვად გასცემდა არისტოკრატიულ წოდებებს მცირე დამსახურებებისთვისაც კი. მისი მმართველობის უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში შვედური არისტოკრატიული ოჯახების რიცხვი 300-დან 600-მდე გაიზარდა. მან გასცა 17 გრაფის, 46 ბარონისა და 428-მდე დიდებულის წოდება. ცხადია, დიდგვაროვანთა რაოდენობის ასეთი მკვეთრი ზრდა არ იყო კარგი შვედური ეკონომიკისთვის და არც სახელმწიფოსათვის, რამეთუ ახალ არისტოკრატებს დედოფალი მამულებსა და ქონებას ძველებისა და სამეფო დომენის ხარჯზე აძლევდა. ხშირად ხდებოდა გაუგებრობაც, რასაც დიდი დავა მოსცევდა. არაერთხელ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, რომ დედოფლის ბრძანებით ერთი და იგივე მამული ორ ან სამ პიროვნებას გადასცეს.

1654 წლის 6 ივნისს დედოფალი კრისტინა ტახტიდან ოფიციალურად გადადგა თავისი მამიდაშვილის, უკვე კარლ X გუსტავის სასარგებლოდ, რითაც ვაზას დინასტიამ შვედეთში მეფობა შეწყვიტა და იგი პფალც-ცვაიბრიუხენელთა საგვარეულომ ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მონარქი ძველისადმი კეთილად იყო განწყობილი და მას ფუფუნებაში ცხოვრებასაც დაჰპირდა, კრისტინამ გადადგომიდან რამდენიმე დღეში დატოვა შვედეთი.

დარჩენილი ცხოვრება

რედაქტირება
 
1656 წლის 28 თებერვალს კრისტინასათვის გამართული ზეიმი პალაცო ბარბერინიში.

გადადგომის შემდეგ კრისტინა დანიაში ჩავიდა, სადაც კოპენჰაგენში სამეფო კარზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ იგი სამხრეთით წავიდა, სადაც შეხვდა ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ს. აღსანიშნავია, რომ სწორედ კრისტინას ჩარევისა და რეკომენდაციის შედეგად დაქორწინდა შვედეთის მეფე კარლ X ფრედერიკ III-ის ქალიშვილ ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელზე.

დანიის შემდეგ დედოფალი კრისტინა ნიდერლანდებში ჩავიდა და შტატჰალტერი გაიცნო, ამის შემდეგ კი ესპანურ ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც შეხვდა ერცჰერცოგ ლეოპოლდ ვილჰელმ ავსტრიელსა და კონდეს პრინც ლუი II-ს. ვინაიდან იგი ბოლომდე კათოლიკე არ იყო და არც კათოლიკური წესების დამცველი ყოფილა, კრისტინა დიდად ვერ სარგებლობდა რომის პაპისა და ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის მხარდაჭერას, რასაც მოელოდა. საბოლოოდ მან გეზი იტალიისაკენ აიღო, გზად კი კათოლიკურ ქვეყნებში გავლა მოისურვა. იგი ესტუმრა ტიროლსაც, სადაც ინსბრუკში დროებით დაბინავდა ერცჰერცოგ ფერდინანდ კარლისა და მისი იტალიელი მეუღლის, ანა მედიჩის კარზე.

1656 წლისთვის კრისტინა რომში ჩავიდა, სადაც პაპ ალექსანდრე VII-ის ბრძანებით პალაცო ბარბერინიში მის პატივსაცემად დიდი ზეიმი გამართეს. პაპმა კათოლიკე დედოფალი დიდი პატივით მიიღო და საცხოვრებლად ფარნეზეს სასახლე უბოძა. პაპის სტუმართმოყვარეობას ისიც განაპირობებდა, რომ კრისტინას შვედეთიდან დიდი შემოსავალი ჰქონდა და არ აპირებდა მის ხარჯზე ცხოვრებას, როგორც ამას ბევრი სხვა ჩამოგდებული მონარქი აკეთებდა ხოლმე. იმავე წელს იტალიაში ჰერცოგი დე გიზის მეთაურობითა და კარდინალი მაზარინის ბრძანებით ნეაპოლი ფრანგებმა დაიპყრეს. აქამდე ნეაპოლს ესპანეთის მეფე ფილიპე IV მართავდა და ვინაიდან იგი დიდად არ სწყალობდა შვედეთის ყოფილ დედოფალს, კრისტინამ ფრანგების მხარი დაიჭირა. მალევე იგი თავად ჩავიდა საფრანგეთში, სადაც პირადად შეხვდა მეფე ლუი XIV-სა და დედამისს, დედა-დედოფალ ანა ავსტრიელს, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ცნობილია, რომ მეფე და დედა-დედოფალი კრისტინას ნეაპოლის დედოფლად დასმასაც კი აპირებდნენ, მაგრამ ფილიპე IV-მ თავისი ძალები მალევე აღიდგინა ნეაპოლიტანიაში.

 
დედოფალი კრისტინა მამაკაცის სამოსში

იტალიაში დაბრუნებიდან მალევე რომს შავი ჭირის ეპიდემია მოედო, რის გამოც კრისტინა მალევე უკან, საფრანგეთში გაბრუნდა. 1657 წელს საფრანგეთის მეფემ კრისტინას ფონტენბლოს სასახლეში კერძო აპარტამენტები გამოუყო. სულ მალე კრისტინას სტუმრობა სამეფო ოჯახს აღარ მოეწონა მისი მოურიდებელი და აღვირახსნილი ქმედებების გამო. 1658 წლის მაისში იგი რომში დაბრუნდა, სადაც იგი პაპ ალექსანდრესთან ერთად აქტიურად დაინტერესდა იტალიური ხელოვნებით და რამდენიმე პორტრეტიც შეიძინა. მის შენაძენთა შორის მოხვდა ტიციანის „ვენერა და ადონისი“ (რომელიც მანამდე ფილიპე IV-ს ეკუთვნოდა და ფრანგებმა ნეაპოლიდან წამოიღეს) და კორეჯოს „დანაე“.

1660 წლის აპრილში კარლ X გუსტავი გარდაიცვალა, რამაც კრისტინა დიდად დაამწუხრა. შვედეთის ტახტი მეფის ხუთი წლის ვაჟმა, კარლ XI-მ დაიკავა. ამ ამბების გამო კრისტინამ მშობლიურ შვედეთში დაბრუნება განიზრახა. ხანგრძლივი ვიზიტის შემდეგ, 1662 წლის ზაფხულში იგი კვლავ რომში დარუნდა. 1667 წელს პაპი ალექსანდრე VII გარდაიცვალა, რომელიც პაპმა კლემენტ IX-მ ჩაანაცვლა. კრისტინას ახალ პაპთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე წინამორბედთან, რის გამოც იგი საცხოვრებლად პაპის რეზიდენციაში გადავიდა.

1668 წლის სექტემბერში პოლონეთ-ლიტვის მეფე იან II კაზიმირმა დაკარგა ტახტი, რომელიც ვაზას დინასტიის უკანასკნელი მონარქი იყო პოლონური ხაზიდან. ვინაიდან რეჩ-პოსპოლიტაში არჩევითი მონარქია იყო, პოლონელებმა ტახტი კრისტინას, როგორც იან კაზიმირის ბიძაშვილსა და ასევე ვაზას დინასტიის წარმომადგენელს შესთავაზეს, თუმცა პოლონეთის ტახტზე მან უარი განაცხადა. ამის გამო ტახტი პოლონელმა დიდებულმა იან III-მ დაიკავა სობესკების გვარიდან.

 
1681 წელს დამზადებული კრისტინას ბიუსტი. ინახება ესპანეთის ქალაქ სეგოვიაში, რეალ დე ლა გრანხა დე სან ილდეფონსოს სასახლეში.

კრისტინამ მთელი დარჩენილი ცხოვრება და ქონება იშვიათი და ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას შეალია. მის კოლექციაში აღმოჩნდა ტიციანის, რაფაელის, კორეჯოს, ვარონეზესა და სხვა მხატვრების ნამუშევრები. ასევე კრისტინა დაეპატრონა წარსულში იმპერატორ კარლ V-ისა და მეფე ფილიპე IV-ის კუთვნილ უამრავ ხელოვნების ნიმუშს. მოგვიანებით მისი კოლექციის დიდი ნაწილი რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-მ შეისყიდა, რის გამოც ბევრი მათგანი დღეს მოსკოვსა და პეტერბურგში ინახება. მისი ხელოვნების ნიმუშთა კოლექციის დანარჩენი ნაწილი ორლეანის ჰერცოგმა ფილიპ II-მ იყიდა და თავის საგვარეულო სასახლეში განათავსა, რომელთა უმეტესობაც მოგვიანებით, საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს გაიტაცეს ან გაანადგურეს.

აღსანიშნავია, რომ კრისტინას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ოსმალეთისა და სპარსეთის მუსულმან მმართველებთან, რის გამოც მისი ძვირადღირებული ნივთების სიაში მოიპოვება თავად სპარსეთის შაჰ აბას I დიდის მიერ გაგზავნილი ხალათიც.

გარდაცვალება და დაკრძალვა

რედაქტირება
 
კრისტინას სარკოფაგი

დედოფალი კრისტინა 1689 წლის 19 აპრილის დილით, 62 წლის ასაკში, პნევმონიითა და მაღალი სიცხით გარდაიცვალა რომში. როგორც ცნობილია, უკანასკნელ წლებში მას ერისიპელასი და დიაბეტიც აწუხებდა. ხანგრძლივი გლოვის შემდეგ იგი იმავე წლის 2 მაისს დაკრძალეს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომში. მისი დაკრძალვის ცერემონია თავად პაპმა ინოკენტი XI-მ ჩაატარა, რომელიც იმავე წლის აგვისტოში გარდაიცვალა.

1702 წელს რომის პაპ კლემენტ XI-ის ხელშეწყობით რომში დედოფალ კრისტინას სახელობის მონუმენტი დაიდგა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად. ასევე პაპის მეოხებით განაახლა გამოჩენილმა მოქანდაკე კარლო ფონტანამ მისი სამარხი.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Åkerman, S. (1991). Queen Christina of Sweden and her circle : the transformation of a seventeenth century philosophical libertine. New York: E.J. Brill. ISBN 978-90-04-09310-2.
  • Buckley, Veronica (2004). Christina; Queen of Sweden. London: Harper Perennial. ISBN 978-1-84115-736-8.
  • Clarke, Martin Lowther (1978) "The Making of a Queen: The Education of Christina of Sweden." In: History Today, Volume 28 Issue 4, April 1978
  • Essen-Möller, E. (1937). Drottning Christina. En människostudieur läkaresynpunkt. Lund: C.W.K. Gleerup.
  • Goldsmith, Margaret L. (1935). Christina of Sweden; a psychological biography. London: A. Barker Ltd.
  • Granlund, Lis (2004). "Queen Hedwig Eleonora of Sweden: Dowager, Builder, and Collector". In Campbell Orr, Clarissa (ed.). Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 56–76. ISBN 978-0-521-81422-5.
  • Grate, Pontus, "Vasa, House of. (5) Christina, Queen of Sweden" Grove Art Online. Oxford Art Online. Oxford University Press, accessed July 22, 2017, subscription required[permanent dead link]
  • Hjortsjö, Carl-Herman (1966). The Opening of Queen Christina's Sarcophagus in Rome. Stockholm: Norstedts.
  • Hjortsjö, Carl-Herman (1966). Queen Christina of Sweden: A medical/anthropological investigation of her remains in Rome (Acta Universitatis Lundensis). Lund: C.W.K. Gleerup.
  • Jonsson, L. Ann-Marie Nilsson & Greger Andersson (1994) Musiken i Sverige. Från forntiden till stormaktstidens slut 1720 ("Music in Sweden. From Antiquity to the end of the Great power era 1720") (in Swedish)
  • Löfgren, Lars (2003) Svensk teater (Swedish Theatre) (in Swedish)
  • Mender, Mona (1997). Extraordinary women in support of music. Lanham, Maryland: Scarecrow Press. pp. 29–35. ISBN 978-0-8108-3278-7.
  • Meyer, Carolyn (2003). Kristina, the Girl King: Sweden, 1638.
  • Penny, Nicholas, National Gallery Catalogues (new series): The Sixteenth Century Italian Paintings, Volume II, Venice 1540-1600, 2008, National Gallery Publications Ltd, ISBN 1857099133
  • Platen, Magnus von (1966). Christina of Sweden: Documents and Studies. Stockholm: National Museum.
  • Stolpe, Sven (1996). Drottning Kristina. Stockholm: Aldus/Bonnier.
  • Torrione, Margarita (2011), Alejandro, genio ardiente. El manuscrito de Cristina de Suecia sobre la vida y hechos de Alejandro Magno, Madrid, Editorial Antonio Machado (212 p., color ill.) ISBN 978-84-7774-257-9.
  • Trevor-Roper, Hugh; Princes and Artists, Patronage and Ideology at Four Habsburg Courts 1517-1633, Thames & Hudson, London, 1976
  • Turner, Nicholas, Federico Barocci, 2000, Vilo
  • Watson, Peter; Wisdom and Strength, the Biography of a Renaissance Masterpiece, Hutchinson, 1990, ISBN 009174637X