იან II კაზიმირი
იან II კაზიმირ ვაზა (პოლ. Jan II Kazimierz Waza, ლიეტ. Jonas Kazimieras Vaza; დ. 22 მარტი, 1609 — გ. 16 დეკემბერი, 1672) — ვაზას დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III-ისა და დედოფალ კონსტანცია ავსტრიელის უმცროსი ვაჟი. პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი 1648-1668 წლებში. ტახტზე ავიდა ძმის, ვლადისლავ IV-ის გარდაცვალების შემდეგ და ცოლად მისი ქვრივი მარია ლუიზა გონძაგა შეირთო. აწარმოებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას, თუმცა მისი სვლები წარუმატებელი აღმოჩნდა და 1668 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს, რითაც ვაზების მმართველობა პოლონეთში სამუდამოდ დასრულდა.
იან II კაზიმირი | |
---|---|
პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი | |
კორონაცია: | 19 იანვარი, 1649, კრაკოვი |
მმართ. დასაწყისი: | 20 მაისი, 1648 |
მმართ. დასასრული: | 16 სექტემბერი, 1668 |
წინამორბედი: | ვლადისლავ IV |
მემკვიდრე: | მიხეილ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 მარტი, 1609 |
დაბ. ადგილი: | კრაკოვი, პოლონეთი |
გარდ. თარიღი: | 16 დეკემბერი, 1672, (63 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნიევრი, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: | 31 იანვარი, 1676, კრაკოვი |
მეუღლე: |
მარია ლუიზა გონძაგა (ქ. 1649 - გარდ. 1667) კლაუდინა ფრანსუაზ მინიოტი (ქ. 1672) |
შვილები: |
იან სიგიზმუნდი მარია ანა |
დინასტია: | ვაზები |
მამა: | სიგიზმუნდ III, პოლონეთის მეფე |
დედა: | კონსტანცია ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები და პირველი ბრძოლები
რედაქტირებაიან კაზიმირი დაიბადა 1609 წლის 22 მარტს კრაკოვში. იგი იყო პოლონეთ-ლიტვის მეფე სიგიზმუნდ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კონსტანცია ავსტრიელის მეორე და უმცროსი ვაჟი. როდესაც წამოიზარდა, იგი აქტიურად ჩაება ოცდაათწლიან ომში და ჰაბსბურგებთან ერთად ებრძოდა საფრანგეთს.
1639 წელს, ბრძანების მიხედვით იგი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც მეფე ფილიპე IV-ს უნდა დახმარებოდა საფრანგეთთან ბრძოლაში. ესპანეთში ჩასვლამდე მან გზად საფრანგეთიც გაიარა, სადაც როგორც ცნობილია მარსელში შეხვდა და ესაუბრა კარდინალ რიშელიეს. გამოჩენილმა კარდინალმა თავისი ხრიკები გამოიყენა, იან კაზიმირი თავის სასახლეში შეიტყუა და დააპატიმრა. იგი 1639 წლის 13 თებერვალს დააპატიმრეს და წარჩინებული წარმომავლობის გამო საპატიო ტყვეობაში ჰყავდათ. მამამისმა მის განსათავისუფლებლად მოლაპარაკებები მაშინვე წამოიწყო, მაგრამ მხოლოდ ამავე წლის 16 აგვისტოს გაათავისუფლა რიშელიემ, იმ პირობით, რომ ესპანეთის მეფეს აღარ დაეხმარებოდა.
განთავისუფლებულმა იან კაზიმირმა დაივიწყა თავისი ყველა ამბიცია და რომში გაემგზავრა. აქ იგი შეხვდა პაპ ინოკენტი X-ს, რომელმაც იგი ჯერ იეზუიტთა ორდენში გააწევრიანა, 1646 წელს კი კარდინალადაც დანიშნა. სასულიერო ცხოვრება მას მალევე მობეზრდა და უარი თქვა კარდინალის ხარისხზე.
პოლონეთის მეფე
რედაქტირებამას შემდეგ, რაც მისი ძმა, მეფე ვლადისლავ IV უშვილოდ გარდაიცვალა, პოლონეთის სეიმმა მეფედ მისი ძმა, იან II კაზიმირი აირჩიეს. სულ მალე, 1649 წელს იან კაზიმირი დაქორწინდა თავისი ძმის ქვრივზე, დედოფალ მარია ლუიზა გონძაგაზე, რომელიც მეტად გავლენიანი ქალი იყო.
მიუხედავად უკრაინელ კაზაკებთან მოლაპარაკების სურვილისა, იგი პოლონური არისტოკრატიის გავლენით მათთან ბრძოლას განაგრძობდა, რომელთაც ქონების მოხვეჭა სურდათ. 1651 წლის 20-30 ივნისს მან კაზაკებისა და თათრების გაერთიანებული ლაშქარი დაამარცხა ბერესტეჩკოს ბრძოლაში. იმავდროულად მან რუსეთთანაც განაახლა ბრძოლა, რომელსაც მალევე კაზაკები მიემხრნენ, საბოლოოდ კი შვედების პოლონეთში შეჭრით დააგვირგვინეს ომი.
1656 წელს შვედეთის მეფე კარლ X-მ დაიკავა ვარშავა და ნახევარი პოლონეთი, რის გამოც იან II იძულებული გახდა ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი, რომლითაც უარს ამბობდა თავის უფლებებზე შვედეთის ტახტზე და ამასთან მთელ ლივონიას შვედეთს გადასცემდა.
1657 წლის 19 სექტემბერს, მან ხელი მოაწერა ვაველის ხელშეკრულებას, რითაც პრუსიის საჰერცოგოს სუვერენიტეტი მიანიჭა. 1660 წელს საბოლოოდ მოურიგდა კარლ X-ს და ოლივას ხელშეკრულება დადო. 1661 წელს თათრებთან ომი განაახლა, რომლებიც დაამარცხა იან სობესკის მეთაურობით.
ცხოვრება დევნილობაში
რედაქტირება1667 წელს მისი მეუღლე, დედოფალი მარია ლუიზა გარდაიცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ მას ტახტს მხოლოდ მარია ლუიზა უნარჩუნებდა თავისი გონებამახვილობითა და ფულის წყალობით, მისი დაღუპვის შემდეგ კი იანისადმი ხალხს ზიზღის გრძონა გაუჩნდა და აჯანყებები დაიწყეს. მასიური აჯანყებების ფონზე, მან ვეღარ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება და 1668 წლის 16 სექტემბერს ტახტიდან გადადგა. პოლონელები აპირებდნენ რომ ახალ მეფედ განსვენებული დედოფლის, მარია ლუიზას დისწული, კონდეს პრინცი ლუი II აერჩიათ, თუმცა ფრანგული გავლენის გაძლიერება არ სურდათ, ამიტომაც მეფედ პოლონელი დიდებული დასვეს. 1670 წელს იანი პენსიაზე გავიდა და მარია ლუიზას მშობლიურ საფრანგეთში გადასახლდა, სადაც მის საგვარეულო მამულში დასახლდა, ნიევრში.
საფრანგეთში 1672 წლის 14 სექტემბერს, პარიზში იგი მეორედ დაქორწინდა პარიზელი ვაჭრის მდიდარ ქვრივ კლაუდინა ფრანსუაზ მინიოტზე. კავშირი მორგანატიუკული იყო და მხოლოდ იმიტომ შედგა, რომ 1670 წელს კლაუდინა ფრანსუაზმა იან კაზიმირს უკანონო ქალიშვილი გაუჩინა, სახელად მარი კატრინი.
ფრანსუაზზე ქორწინებიდან ორ თვეში, 1672 წლის 16 დეკემბერს იან კაზიმირ ვაზა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს კრაკოვში, პოლონეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- "Poland History, Geography, Facts, & Points of Interest". Encyclopedia Britannica. Retrieved 1 October 2018.
- Lileyko Jerzy, Vademecum Zamku Warszawskiego, Warszawa, 1980. ISBN 83-223-1818-9 p. 129