კარლ IX (შვედეთი)
კარლ IX (შვედ. Karl IX; დ. 4 ოქტომბერი, 1550, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 30 ოქტომბერი, 1611, ნიუჩეპინგი, შვედეთი) — ვაზას დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე 1604-1611 წლებში. მეფე გუსტავ I-ისა და დედოფალ მარგარეტა ლეიონჰაფვუდის ვაჟი. შვედეთის ორი მეფის: ერიკ XIV-ისა და იოჰან III-ის ძმა, მეფე სიგიზმუნდ I-ის ბიძა და გუსტავ II ადოლფის მამა.
კარლ IX | |
---|---|
შვედეთის მეფე | |
კორონაცია: | 15 მარტი, 1607 |
მმართ. დასაწყისი: | 22 მარტი, 1604 |
მმართ. დასასრული: | 30 ოქტომბერი, 1611 |
წინამორბედი: | სიგიზმუნდ I |
მემკვიდრე: | გუსტავ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 ოქტომბერი, 1550 |
დაბ. ადგილი: | სტოკჰოლმი, შვედეთი |
გარდ. თარიღი: | 30 ოქტომბერი, 1611, (61 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნიუჩეპინგი, შვედეთი |
მეუღლე: |
ანა მარია პფალცელი (ქ. 1579 - გარდ. 1589) კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელი (ქ. 1592) |
შვილები: |
კატარინა, ცვაიბრიუხენის პფალცგრაფინია გუსტავ II, შვედეთის მეფე მარია ელიზაბეტი, ოსტერგოტლანდის ჰერცოგინია კარლ ფილიპი, სოდერმანლანდის ჰერცოგი |
დინასტია: | ვაზა |
მამა: | გუსტავ I, შვედეთის მეფე |
დედა: | მარგარეტა ლეიონჰაფვუდი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებაკარლი დაიბადა 1550 წლის 4 ოქტომბერს სტოკჰოლმში. იგი იყო შვედეთის მეფე გუსტავ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარგარეტა ლეიონჰაფვუდის ნაბოლარა ვაჟი. მისი დაბადებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა დედამისი, რის გამოც მამამისი მესამედ დაქორწინდა კატარინა სტენბოკზე, თუმცა მასთან შვილები აღარ ჰყოლია. მისი მრავალი დედმამიშვილიდან აღსანიშნავია მისი უფროსი ძმა, ფინეთის დიდი ჰერცოგი იოჰანი და ასევე ნახევარ-ძმა, პრინცი ერიკი, რომელიც მამამისს პირველი ცოლის, დედოფალ კათარინა საქსენ-ლაუენბურგელისაგან ჰყავდა.
1560 წელს გუსტავ I გარდაიცვალა, რის გამოც შვედეთის ტახტი კარლის ნახევარ-ძმამ, ერიკ XIV-მ დაიკავა. საჯაროდ იყო აღიარებული, რომ ერიკი ჭკუიდან იყო შეშლილი. მას შეეძლო ადამიანი იმიტომ დაესაჯა სიკვდილით, რომ იცინოდა, ან არ იცინოდა. მოგვიანებით მან თავისი ძმა, იოჰანი მისი ცოლ-შვილითურთ დააპატიმრა და წლები ჰყავდა გამოკეტილი. მოგვიანებით ერიკმა იოჰანის როლის გასახიერება მოისურვა, რითაც კარლმა და იოჰანმა ისარგებლეს, შევიწროვებული დიდებულები აამხედრეს და 1568 წელს ერიკის მმართველობა დაამხეს (მოგვიანებით იგი იოჰანმა ვირთხის წამლით მოაწამვლინა) და ტახტზე იოჰან III დასვეს. ახალმა მეფემ გაწეული დახმარებისათვის კარლს სოდერმანლანდის ჰერცოგობა უბოძა.
ჰერცოგობა
რედაქტირებაიოჰან III დაქორწინებული იყო პოლონეთისა და ლიტვის მეფე სიგიზმუნდ I-ის ქალიშვილ კატარინა იაგელონზე, რომელიც ღრმადმორწმუნე კათოლიკე იყო. ამის გამო კარლს არ მოსწონდა დედოფლის გავლენა მეფეზე, რადგან ეშინოდა, რომ შვედეთი ისევ კათოლიკობას მიუბრუნდებოდა და ქვეყანა რელიგიურ ომებში ჩაებმებოდა. ამის გამო იგი ყოველთვის ცდილობდა დედოფალი კატარინასათვის ხელი შეეშალა ქვეყნის მართვის საკითხებში ჩარევაში.
1592 წლის 17 ნოემბერს იოჰან III აღესრულა, რის გამოც ტახტი მისმა კათოლიკე ვაჟმა, სიგიზმუნდ I-მა დაიკავა, რომელზეც დიდი გავლენა ჰქონდა დედამისს. ამ პერიოდში განსაკუთრებით დიდი გავლენები შეიძინა ოსტერგოტლანდის გუბერნატორმა კლაუს ფლემინგმა, დედოფალ კატარინას ფავორიტმა.
1599 წელს სიგიზმუნდ I პოლონეთ-ლიტვის მეფედ იქნა არჩეული სიგიზმუნდ III-ის სახელით. ამის შემდეგ სიგიზმუნდმა დატოვა შვედეთი და საბოლოოდ გადასახლდა პოლონეთში, მმართველებად კი ფლემინგი და დედოფალი კატარინა დატოვა. ამას შვედეთში ცალსახად მოჰყვა პოლონური და კათოლიკური გავლენების ზრდა, რაც კარლსა და სხვა ლუთერან შვედ დიდებულებს არ მოსწონდათ. ეს ყოველივე სულ მალე კარლსა და სიგიზმუნდს შორის გამართულ სტანგებროს ბრძოლით დაგვირგვინდა, რომელშიც კარლმა და მისმა მომხრეებმა გაიმარჯვეს. ამ ბრძოლაში გარდაიცვალა კლაუს ფლემინგიც.
მეფობა
რედაქტირებასაბოლოოდ, 1604 წლის 22 მარტს სიგიზმუნდ III იძულებული გახდა ეცნო ამბოხებულთა გამარჯვება და შვედეთის ტახტიდან გადამდგარიყო თავისი ბიძის, უკვე მეფე კარლ IX-ის სასარგებლოდ. სულ მალე კარლი შეურიგდა გადამტერებულ რუსეთს და ლივონიისა და ინგრიისათვის პოლონეთთან ჩაება ომში. ამ ომში კარლს დანიაც მიემხრო, რომელმაც პოლონეთის ესტონეთში რამდენიმე კუნძული მიიტაცა. პოლონეთ-შვედეთის ომი კარლის ტრიუმფით დასრულდა და მან ინგრიის საჰერცოგო დაიპყრო, რამაც შემდგომში შვედებს ესტონეთში ექსპანსია გაუადვილა.
აღსანიშნავია, რომ კარლ IX შვედეთის მეფედ მხოლოდ 1607 წლის 15 მარტს ეკურთხა, თუმცა მისი მმართველობა არ აღმოჩნდა ხანგრძლივი, რადგან იგი 1611 წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა ნიუჩეპინგში, 61 წლის ასაკში. ამის შემდეგ ტახტი მისმა ახალგაზრდა ვაჟმა, გუსტავ II ადოლფმა დაიკავა, რომელმაც შვედეთისგან იმპერია შექმნა.
ქორწინებები და შვილები
რედაქტირება1579 წელს ცოლად შეირთო ანა მარია პფალცელი (1561-1589), პფალცის კურფიურსტ ლუდვიგ VI-ისა და ელიზაბეთ ჰესენელის ქალიშვილი, რომელთანაც შეეძინა შვილები:
- მარგარეტა ელიზაბეტი (1580-1585), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ელიზაბეტ საბინა (1582-1585), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლუდვიგი (1583), გარდაიცვალა ჩვილი;
- კატარინა (1584-1638), ცოლად გაჰყვა ცვაიბრიუხენის კურფიურსტ იოჰან კაზიმირს, რომელთანაც შეეძინა შვედეთის მომავალი მეფე კარლ X გუსტავი;
- გუსტავი (1587), გარდაიცვალა ჩვილი;
- მარია (1588-1589), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
დაქვრივებიდან სამ წელიწადში, 1592 წელს კარლმა ცოლად შეირთო კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელი (1573-1625), დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ I-ის უმცროსი ვაჟის, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ადოლფისა და კრისტინა ჰესენელის ქალიშვილი, რომელთანაც შეეძინა შვილები:
- კრისტინა (1593-1594), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- გუსტავ II ადოლფი (1594-1632), შვედეთის მეფე 1611-1632 წლებში. ცოლად შეირთო მარია ელეონორა ბრანდენბურგელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი დედოფალი კრისტინა;
- მარია ელიზაბეტი (1596-1618), ცოლად გაჰყვა თავისი ბიძის, მეფე იოჰან III-ის უმცროს ვაჟს, ოსტერგოტლანდის ჰერცოგ იოჰანს, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;
- კარლ ფილიპი (1601-1622), სოდერმანლანდის ჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
გარდა ამისა, მას თავის საყვარელ კარინ ნილსდოტერთან ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი:
- კარლ კარლსონ გილენჰაილმი (1574-1650), შვედური არმიის ფელდ-მარშალი;
-
კარლის პირველი ცოლი, ანა მარია პფალცელი
-
კარლის მეორე ცოლი, კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელი
-
პრინცესა კატარინა, ცვაიბრიუხენის პფალცგრაფინია
-
გუსტავ II ადოლფი
-
მარია ელიზაბეტი, ოსტერგოტლანდის ჰერცოგინია
-
კარლ ფილიპი, სოდერმანლანდის ჰერცოგი
ლიტერატურა
რედაქტირებაEriksson, Bo; Harrison, Dick (2010) [2010]. Sveriges historia. "3". Värnamo: Norstedts förlag. Libris länk. ISBN 978-91-1-302439-4 Henrikson, Alf (1963). Svensk historia I (1996). Stockholm: Bonnier. sid. 329-393. ISBN 91-0-056167-3 Larsson, Lars-Olof (2005). Arvet efter Gustav Vasa - en berättelse om fyra kungar och ett rike. Stockholm: Prisma. ISBN 91-518-4773-6 Lindkvist, Thomas; Sjöberg, Maria (2009) [2003]. Det svenska samhället. "1". fackgranskning av Bo Persson, Sten Skansjö & Stellan Dahlgren (3). Lund: Studentlitteratur. Libris länk. ISBN 978-91-44-05327-1 Marklund, Kari, red (1993) [1993]. Nationalencyklopedin. "10". Höganäs: Bokförlaget Bra Böcker. Libris länk. ISBN 91-7024-620-3 Petersson, Erik (2009). Den skoningslöse: en biografi över Karl IX (1. pocketutg.). Stockholm: Natur & Kultur. Libris länk. ISBN 978-91-27-11949-9 Rosén, Jerker (1962). Sten Carlsson. red. Svensk historia I. Tiden före 1718. Stockholm: Bonnier. sid. 455-487 Sundberg, Ulf (1998). Svenska krig 1521-1814. Stockholm: Hjalmarson & Högberg. sid. 88-145. ISBN 91-89080-14-9