კატარინა იაგელონი

კატარინა იაგელონი (პოლ. Katarzyna Jagiellonka, ლიეტ. Kotryna Jogailatė, შვედ. Katarina Jagellonica; დ. 1 ნოემბერი, 1526, კრაკოვი, პოლონეთი — გ. 16 სექტემბერი, 1583, სტოკჰოლმი, შვედეთი) — იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ I-ისა და დედოფალ ბონა სფორცას ქალიშვილი. შვედეთის დედოფალი 1568-1583 წლებში და ფინეთის ჰერცოგინია 1562-1583 წლებში როგორც იოჰან III-ის პირველი ცოლი. პოლონეთისა და შვედეთის მეფე სიგიზმუნდ III-ის დედა.

კატარინა იაგელონი
შვედეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 30 სექტემბერი, 1568
მმართ. დასასრული: 16 სექტემბერი, 1583
წინამორბედი: კარინ მაანსდოტერი
მემკვიდრე: გუნილა ბიელკე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 ნოემბერი, 1526
დაბ. ადგილი: კრაკოვი, პოლონეთი
გარდ. თარიღი: 16 სექტემბერი, 1583, (56 წლის)
გარდ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
დაკრძ. ადგილი: უფსალის საკათედრო ტაძარი, შვედეთი
მეუღლე: იოჰან III, შვედეთის მეფე
შვილები: სიგიზმუნდ III, პოლონეთისა და შვედეთის მეფე
ანა
დინასტია: იაგელონები
მამა: სიგიზმუნდ I, პოლონეთის მეფე
დედა: ბონა სფორცა
რელიგია: კათოლიციზმი

პოლონეთის პრინცესა რედაქტირება

კატარინა დაიბადა 1526 წლის 1 ნოემბერს კრაკოვში. იგი იყო პოლონეთ-ლიტვის მეფე სიგიზმუნდ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ბონა სფორცას ნაბოლარა ქალიშვილი. მას სამი უფროსი და და ერთი უფროსი ძმა ჰყავდა. მისი და-ძმები იყვნენ: უნგრეთის დედოფალი იზაბელა იაგელონი, პოლონეთ-ლიტვის მეფე სიგიზმუნდ II, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია სოფია იაგელონი და პოლონეთის დედოფალი ანა იაგელონი.

მან ბავშვობა და-ძმებთან ერთად ფუფუნებაში გაატარა, რა დროსაც დედის მეთვალყურეობის ქვეშ იღებდა მკაცრ კათოლიკურ განათლებას.

ფინეთის ჰერცოგინია რედაქტირება

 
ტყვეობაში მყოფი კატარინა, იოჰანი და მცირეწლოვანი სიგიზმუნდი

1562 წლის 4 ოქტომბერს ვილნიუსში, ლიტვაში, შედგა კატარინა იაგელონისა და შვედეთის მეფე ერიკ XIV-ის ძმის, ფინეთის ჰერცოგ იოჰან ვაზას ქორწინება. თავის დროზე პოლონელებმა ჭკუიდან შეშლილ ერიკს უარი უთხრეს თავიანთი პრინცესის მითხოვებაზე, მისი იოჰანთან შეუღლების ფაქტმა კი მეფე ძალიან გააღიზიანა, რის გამოც ძმას ღალატში დასდო ბრალი. ამრიგად, როდესაც იოჰანი და კატარინა შვედეთში ჩავიდნენ, ერიკის ბრძანებით ისინი დააპატიმრეს და გრიპსჰოლმის ციხესიმაგრეში გამოკეტეს, სადაც გააჩინა კატარინამ თავისი პირველი ორი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე სიგიზმუნდი.

წყვილი ტყვეობიდან მხოლოდ 1567 წელს გაანთავისუფლეს, რის გამოც მათი მესამე შვილი, პრინცესა ანა უკვე თავისუფლებაში დაიბადა. მიუხედავად ყველაფრისა, წყვილი მეფისაგან თავს შორს იჭერდა, რის გამოც ისინი სამეფო კარზე არ ცხოვრობდნენ.

შვედეთის დედოფალი რედაქტირება

1568 წელს ფსიქიკურად არასტაბილურმა ერიკ XIV-მ იოჰანის როლის თამაში გადაწყვიტა, რითაც თავად იოჰანმა მშვენივრად ისარგებლა, მოაწყო მეფისაგან შევიწროვებული დიდებულების ამბოხი და ერიკი ჩამოაგდო. ამავე წლის 30 სექტემბერს იოჰან III-მ თავი მეფედ გამოაცხადა, რითაც კატარინა შვედეთის დედოფალი გახდა. ერიკმა დარჩენილი ცხოვრება ტყვეობაში გაატარა, სადაც საბოლოოდ იოჰანის ბრძანებით მოკლეს.

როგორც შვედეთის დედოფლის, კატარინას ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა კათოლიკური რელიგია. იგი ღრმად მორწმუნე ქალი იყო, რომლის ქმედებებიც ხშირად ფანატიზმში გადადიოდა. ამის გამო, მას დიდი გავლენა ჰქონდა თავის ლუთერან ქმარზე, რომელიც მთელი ცხოვრება ისწრაფვოდა კათოლიკობისკენ. იგი ქვეყანაში აქტიურ კათოლიკურ პროპაგანდას ეწეოდა. მასვე მიეწერება სტოკჰოლმში პირველი იეზუიტური მონასტრის აშენება.

დედოფალ კატარინას დიდი ამბიციები ჰქონდა. მას სურდა პოლონეთის ტახტზე თავისი ვაჟის დასმა და ლივონიისა და ესტონეთის შვედეთისათვის მიერთება (რაც შემდეგში მართლაც მოხდა). აღსანიშნავია, რომ იგი თავის ვაჟს ჭეშმარიტ კათოლიკედ ზრდიდა, რამაც განაპირობა ის, რომ სიგიზმუნდს შვედეთში არამყარი მმართველობა ჰქონდა.

კატარინა იაგელონი 1583 წლის ზაფხულში მძიმედ დაავადდა და ხანგრძლივი აგონიის შემდეგ, ამავე წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს უფსალის საკათედრო ტაძარში. მოგვიანებით მისი ქმარი მეორედ დაქორწინდა გუნილა ბიელკეზე, რომელთანაც შეეძინა კიდევ ერთი ვაჟი.

1587 წელს კატარინას ოცნება ახდა და პოლონეთ-ლიტვის მეფე მისი ვაჟი, სიგიზმუნდ III გახდა, რომელმაც 1592 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ შვედეთის გვირგვინიც მიიღო.

შვილები რედაქტირება

  1. იზაბელა (1564-1566), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. სიგიზმუნდი (1566-1632), პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი 1587-1632 წლებში, შვედეთის მეფე და ფინეთის დიდი ჰერცოგი 1592-1599 წლებში. ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორის ქალიშვილი ანა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ვლადისლავ IV. დაქვრივების შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა თავისივე ცოლის დაზე, კონსტანცია ავსტრიელზე, რომელთანაც კიდევ შვიდი შვილი შეეძინა, მათ შორის მომავალი მეფე იან II კაზიმირი;
  3. ანა (1568-1625), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Mattsson, Eva, Furstinnan: en biografi om drottning Katarina Jagellonica, Bring to Life, Vadstena, 2018
  • Tegenborg Falkdalen, Karin, Vasadrottningen: en biografi över Katarina Stenbock 1535-1621 [The Vasa Queen: A biography of Catherine Stenbock, 1535-1621], Historiska media, Lund, 2015
  • Ohlmarks, Åke (1979). Alla Sveriges drottningar.
  • Signum svenska kulturhistoria: Renässansen (The Renaissance) (2005)
  • Tiitta, Allan & Zetterberg, Seppo (eds, 1992). Suomi kautta aikojen
  • Eriksson, Bo (2007). Lützen 1632. Norstedts Pocket, Stockholm.