მარია ელეონორა ბრანდენბურგელი
მარია ელეონორა ბრანდენბურგელი (გერმ. Maria Eleonora von Brandenburg; დ. 11 ნოემბერი, 1599 — გ. 28 მარტი, 1655) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის დედოფალი 1620-1632 წლებში როგორც გუსტავ II ადოლფის მეუღლე. დედოფალ კრისტინას დედა.
მარია ელეონორა ბრანდენბურგელი | |
---|---|
შვედეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 25 ნოემბერი, 1620 |
მმართ. დასასრული: | 6 ნოემბერი, 1632 |
წინამორბედი: | კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელი |
მემკვიდრე: | ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 ნოემბერი, 1599 |
გარდ. თარიღი: | 28 მარტი, 1655, (55 წლის) |
მეუღლე: | გუსტავ II, შვედეთის მეფე |
შვილები: | კრისტინა, შვედეთის დედოფალი |
დინასტია: | ჰოენცოლერნები |
მამა: | იოჰან სიგიზმუნდი, ბრანდენბურგის კურფიურსტი |
დედა: | ანა პრუსიელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ელეონორა დაიბადა 1599 წლის 11 ნოემბერს. იგი იყო ბრანდენბურგის კურფიურსტ იოჰან სიზიმუნდისა და მისი მეუღლის, პრინცესა ანა პრუსიელის ქალიშვილი. 1618 წლიდან შვედეთის დედა-დედოფალი კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელი თავისი ვაჟის, მეფე გუსტავ II ადოლფისათვის გერმანიაში ეძებდა პროტესტანტული აღმსარებლობის პრინცესას, რომელთან შექმნილი ალიანსითაც დააშოშმინებდა პოლონეთის მეფეს, რომელიც შვედეთის ანექსიას გეგმავდა. კრისტინამ არჩევანი მარია ელეონორაზე შეაჩერა, რის შემდეგაც 1618 წელსვე გუსტავ ადოფლი თავად ჩავიდა გერმანიაში, სადაც ოფიციალურად ითხოვა მისი ხელი.
მართალია ბრანდენბურგელები დასთანხმდნენ გუსტავისა და მარია ელეონორას ქორწინებას, თუმცა 1619 წელს მამამისი, იოჰან სიგიზმუნდი გარდაიცვალა, ტახტზე ასულმა მისმა ძმამ, გეორგ ვილჰელმმა კი ეს ნიშნობა გაუქმებულად სცნო, რადგან ეშინოდა, რომ შვედებთან ალიანსის შექმნით პოლონეთთან გაიფუჭებდა ურთიერთობას. კურფიურსტის ზურგსუკან, მარია ელეონორა დედამისმა, ანა პრუსიელმა მალულად გააპარა ბრანდენბურგიდან, ჩაიყვანა ვისმარში და შვედების ამალას გადასცა.
ამის შემდეგ მარია ელეონორა და გუსტავ ადოლფი შვედეთში გაემგზავრნენ, სადაც 1620 წლის 25 ნოემბერს დაქორწინდნენ სტოკჰოლმში. ამავე თვის 28 რიცხვში იგი დედოფლად აკურთხეს.
მარია ელეონორას თავიდანვე ძალიან შეუყვარდა თავისი ქმარი და მიეჯაჭვა მას, მის საზღვარგარეთულ ვიზიტებსა და განშორებას კი ყოველთვის ზედმეტად განიცდიდა. იგი არქიტექტურითა და მუსიკით ინტერესდებოდა, თუმცა სხვა დედოფლებისაგან განსხვავებით არცერთი მათგანის განვითარებაზე არ ზრუნავდა. მას ძალიან უყვარდა მხატვრობა და ხშირად უკვეთავდა ნახატებს, რაც მისი ფუფუნებისაკენ მიდრეკილებასთან ერთად ძალიან ძვირი უჯდებოდა ქვეყანას. 1621-26 წლებში დედოფალმა ოთხი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ ნაბოლარა, პრინცესა კრისტინა გადარჩა, დანარჩენები კი ან მკვდრები დაიბადნენ, ან მალევე დაიღუპნენ.
1631 წელს, ოცდაათწლიანი ომის კამპანიაში, დედოფალი მარია ელეონორა გერმანიაში ბრძოლისას თან ახლდა მეუღლეს. ქალაქ მაინცში მან თავისი მეორე შვედური სამეფო კარი შექმნა. ამ ამბიდან მალევე, 1632 წლის 6 ნოემბერს გუსტავ ადოლფი ბრძოლაში გარდაიცვალა.
1633 წელს მეფის ნეშტი შვედეთში გადაასვენეს და დაკრძალეს, ტახტი კი 6 წლის დედოფალმა კრისტინამ დაიკავა. საყვარელი მეუღლის დაღუპვამ ღრმა დეპრესიაში ჩააგდო დედოფალი, რა დროსაც მას ფაქტობრივად ყველასთან გაუფუჭდა ურთიერთობა. ამ პერიოდში ვარაუდობენ, რომ იგი ჭკუიდან შეიშალა, რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში უარს ამბობდა გუსტავის სხეულს მოშორებულიყო, ამიტომაც დაკრძალვა გაიწელა. როდესაც მეფე საბოლოოდ დაკრძალეს, მან გუსტავს გული ამოაჭრა, ქილაში ჩადო და თავის ქალიშვილს დაუდო ოთახში, რათა „მამასთან ახლოს ყოფილიყო“, რამაც კრისტინას ფსიქიკაზე საშინლად იმოქმედა.
რეგენტის საბჭო თვლიდა, რომ ემოციურად არასტაბილური მარია ელეონორა ცუდ გავლენას ახდენდა დედოფალ კრისტინაზე, რის გამოც მთავრობის გადაწყვეტილებით 1636 წელს დედა-შვილი ერთმანეთს დააშორეს. განაწყენებულმა დედა-დედოფალმა პროტესტის ნიშნად დატოვა სტოკჰოლმის სამეფო კარი და გრიფსჰოლმში გადასახლდა, სადაც განაგრძობდა თავის „საქმიანობებს“. მისი ახალი ცხოვრების წესი ყველასათვის აღმაშფოთებელი იყო, რამაც მისი შვედეთში დარჩენა შეუძლებლად აქცია. იგი მშობლიურ ბრანდენბურგში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მთავრობამ უარი უთხრა, რადგან მარია ელეონორას ძმა ანტიშვედურ პოლიტიკას ატარებდა. ამის გამო მარია ელეონორამ დანიის მეფე კრისტიან IV-თან საიდუმლო მოლაპარაკებები დაიწყო, რომელმაც მას ხომალდი გაუგზავნა და მარია ელეონორა დანიაში ჩაიყვანა.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში დანია და შვედეთი მტერი სახელმწიფოები იყვნენ, მისი იქ გადასვლა შვედებმა სახელმწიფო ღალატად შერაცხეს. 1641 წელს შვედეთსა და ბრანდენბურგს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, რის შემდეგაც მისმა ძმისწულმა, კურფიურსტმა ფრიდრიხ ვილჰელმმა იგი სამშობლოში დააბრუნა. ბრანდენბურში დაბრუნებულ მარია ელეონორას შვედეთის მთავრობამ აღუდგინა დედა-დედოფლის კუთვნილი პენსია. 1643 წელს მაირა ელეონორამ დატოვა დანია და მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. 1648 წელს იგი შვედეთში დაბრუნდა და თავისი ქალიშვილის კორონაციას დაესწრო. დედოფალ კრისტინას ბრძანებით მარია ელეონორას დართეს შვედეთში დაბრუნების უფლება და დედაქალაქიდან შორს რეზიდენციაც უბოძეს. აქ 1654 წელს მარია ელეონორას კრისტინა მხოლოდ ერთხელ ეწვია, მას შემდეგ, რაც თავისი ნებით გადადგა ტახტიდან. ახალმა მეფემ, კარლ X-მ მარია ელეონორა სრულ იზოლაციაში მოაქცია. იგი გარდაიცვალა 1655 წლის 28 მარტს, 55 წლის ასაკში. დედოფალი მარია ელეონორა მეუღლის გვერდით დაკრძალეს რიდარჰოლმენში.
შვილები
რედაქტირება- მკვდარშობილი გოგონა (1621);
- კრისტინა (1623-1624), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- მკვდარშობილი ვაჟი (1625);
- კრისტინა (1626-1689), შვედეთის დედოფალი 1632-1652 წლებში. გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
ლიტერატურა
რედაქტირება- Matthis, Moa (2010). Maria Eleonora: drottningen som sa nej [Maria Eleonora: the Queen who said no] (in Swedish). Stockholm: Bonnier. ISBN 978-91-0-011354-4. LIBRIS 11653883.
- Tegenborg Falkdalen, Karin (2016). Margareta Regina: vid Gustav Vasas sida : [en biografi över Margareta Leijonhufvud (1516-1551)]. Stockholm: Setterblad. ISBN 978-91-981513-1-2.
- Kromnow, Åke (1985–1987). "Maria Eleonora". Svenskt biografiskt lexikon (in Swedish). 25. National Archives of Sweden. p. 151. Retrieved 2013-12-05.