ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელი

ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Hedvig Eleonora af Holsten-Gottorp, შვედ. Hedvig Eleonora av Holstein-Gottorp; დ. 23 ოქტომბერი, 1636 — გ. 24 ნოემბერი, 1715) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. შლეზვიგ-ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მარია ელიზაბეთ საქსონიელის ასული. შვედეთის დედოფალი 1654-60 წლებში როგორც კარლ X-ის მეუღლე. შვედეთის მეფე კარლ XI-ის დედა და მისი რეგენტი 1660-72 წლებში. იგი ასევე იყო თავისი შვილიშვილის, კარლ XII-ის რეგენტი 1697 და 1700 წლებში, როდესაც ჩრდილოეთის ომის გამო იგი ქვეყანაში არ იყო. ჰედვიგ ელეონორა დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოვებული ქალი იყო, რომელიც 61 წლის მანძილზე, 1654 წლიდან თავის გარდაცვალებამდე მართავდა შვედეთს.

ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელი
შვედეთის დედოფალი
კორონაცია: 27 ოქტომბერი, 1654, სტოკჰოლმი
მმართ. დასაწყისი: 24 ოქტომბერი, 1654
მმართ. დასასრული: 13 თებერვალი, 1660
წინამორბედი: მარია ელეონორა ბრანდენბურგელი
მემკვიდრე: ულრიკა ელეონორა დანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 ოქტომბერი, 1636
გარდ. თარიღი: 24 ნოემბერი, 1715, (79 წლის)
მეუღლე: კარლ X, შვედეთის მეფე
შვილები: კარლ XI, შვედეთის მეფე
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: ფრედერიკ III, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დედა: მარია ელიზაბეთ საქსონიელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება და საქორწინო მოლაპარაკებები

რედაქტირება
 
ჰედვიგ ელეონორა 1654 წელს

ჰედვიგ ელეონორა დაიბადა 1636 წლის 23 ოქტომბერს გოტორპში. იგი იყო შლეზვიგ-ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მისი ცოლის, მარია ელიზაბეთ საქსონიელის მეექვსე შვილი თექვსმეტიდან. თავისი მეთვრამეტე დაბადების დღის მეორე დღეს, 1654 წლის 24 ოქტომბერს იგი დააქორწინეს შვედეთის მეფე კარლ X-ზე. აღსანიშნავია, რომ კარლი ელეონორას დედის მეორე თაობის ბიძაშვილი იყო. ამრიგად, ის და ჰედვიგ ელეონორა მესამე თაობის ბიძაშვილები იყვნენ. ეს ქორწინება მიმართული იყო შვედეთსა და შლეზვიგ-ჰოლშტაინს შორის ალიანსის შექმნისაკენ დანიის წინააღმდეგ. შვედეთის ტახტიდან ჩამოგდებული დედოფალი კრისტინა ჰედვიგ ელეონორას რომისაკენ მიმავალ გზაზე შეხვდა ჰოლშტაინ-გოტორპში. კრისტინამ მის მშობლებს განუცხადა, რომ შვედეთის ახალი მეფე კარლ X მეუღლეს ეძებდა და რომ მათი ასული სწორედ შესაფერისი იყო დედოფლობისთვის. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები მათი ქორწინების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ჰედვიგ ელეონორა უკვე დანიშნული იყო მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგ გუსტავ ადოლფზე. ასევე დედოფალ კრისტინას გავლენით, გუსტავ ადოლფს ჰედვიგ ელეონორას უფროსი და, პრინცესა მაგდალენა სიბილა გააყოლეს. ფრედერიკ III-ის ქალიშვილების პორტრეტები მალევე გაუგზავნეს კარლ X-ს, რომელმაც თავის მომავალ მეუღლედ ჰედვიგი შეარჩია, რადგან მისი აზრით სხვებთან შედარებით ის უფრო ლამაზი იყო. საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, ჰედვიგ ელეონორას მზითვში 20, 000 რისკდალერი (სკანდინავიური ფულის ერთეული) მიჰქონდა, ქორწინების შემდეგ კი ყოველთვიურ პენსიად 32, 000 რისკდალერი ენიშნებოდა. ამასთან, მის მზითვში შედიოდნენ ქალაქები — გრიფსჰოლმი, ესკილსტუნა და სტროიმშოლმი.

დედოფლობა

რედაქტირება
 
დედოფალი ჰედვიგ ელეონორა

1654 წლის 5 ოქტომბერს ჰედვიგ ელეონორა შვედეთში ჩავიდა, სადაც მას ქ. დალაროში მეფე კარლ X დახვდა. ისინი დროებით იქვე, კარლბერგის სასახლეში გაჩერდნენ, მანამ, სანამ ახალი დედოფლის სტოკჰოლმში საზეიმო შესვლის სამზადისი დასრულდებოდა. ამავე წლის 24 ოქტომბერს სამეფო წყვილი დიდი ზარ-ზეიმით შევიდა დედაქალაში, სადაც შედგა მათი ქორწინება და ჰედვიგის დედოფლად გამოცხადება. ამის შემდეგ მას ქვრივი დედოფალი მარია ელეონორა ბრანდენბურგელი შეხვდა, რომელმაც ასწავლა თუ როგორ მოქცეულიყო შვედეთის სამეფო კარზე, როგორ ჩაეცვა, ესაუბრა, ვისთან დაეჭირა კონტაქტი და ა.შ. ამავე წლის 27 ოქტომბერს, შედგა მისი შვედეთის დედოფლად კურთხევა. ამ ამბიდან მალევე, მეფე კარლმა დატოვა შვედეთი და პოლონეთში გაემგზავრა, სადაც განაგრძო თავისი სამხედრო კამპანია. მისი გამგზავრებისას დედოფალი უკვე ორსულად იყო. მან 1655 წლის 24 ნოემბერს თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი გააჩინა, რომელსაც ქმრის პატივსაცემად კარლი დაარქვა. ამავე წლის შობაზე, მეფე კარლ X დაბრუნდა და მოინახულა თავისი ახალშობილი მემკვიდრე.

1656 წლის გაზაფხულზე, დედოფალმა დატოვა შვედეთი და მეფეს გაჰყვა პოლონეთის ბრძოლაში. სწორედ ამ ბრძოლაში დაეწყო კარლ X-ს თავისი ფიზიკური და მენტალური დაავადებები. 1656 წლის შემოდგომაზე, ჰედვიგ ელეონორა შვედეთში დაბრუნდა. დანია-შვედეთის ომის დროს (1658-1660), ის და მისი მული, მარია ეფროსინა კრონბორგის ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ. აქ ყოფნისას, ჰედვიგ ელეონორას მისი ქმარი და უცხოელი ელჩები ხშირად სტუმრობნდნენ. იგი ხშირად სტუმრობდა ფრედერიკსბორგის ტყეს, სადაც დიდი სიამოვნებით ნადირობდა ხოლმე ინგლისის ელჩთან ერთად. 1659 წლის დეკემბერში დედოფალი გოტენბურგში გადავიდა, სადაც 1660 წლის იანვარში შვედეთის პარლამენტი მოიწვია.

რეგენტობა

რედაქტირება

დაქვრივება და კარლ XI-ის რეგენტი

რედაქტირება
 
დაქვრივებული ჰედვიგ ელეონორა 1666 წელს

1660 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა მისი მეუღლე, მეფე კარლ X გუსტავი. ამის შემდეგ ტახტზე მათი მცირეწლოვანი ვაჟი — კარლ XI ავიდა, რომლის რეგენტიც დედამისი, ანუ დედა-დედოფალი ჰედვიგ ელეონორა გახდა. რეგენტის სტატუსის მიღებისთანავე, ჰედვიგმა ყველაფრის გაკეთება დაიწყო იმისათვის, რათა იგი აღარასდროს დაეკარგა. ამის გამო, კარლ XI-ის დროს, შვედეთის დე-ფაქტო მმართველი ფაქტობრივად მაინც ჰედვიგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვაჟი სრულწლოვანი მალე გახდა. მან დაუყოვნებლივ დაშალა სამეფო საბჭო და პარლამენტი. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჰედვიგ ელეონორას ეშინოდა მისი მაზლის, კლიბურგის პფალცგრაფ ადოლფ იოჰან I-ის, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ჯარზე და თავისუფლად შეეძლო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. თავდაპირველად, 1660 წლის 13 მაისს, ჰედვიგ ელეონორამ უარი განაცხადა სამეფო საბჭოს სხდომაზე დასწრებაზე. ამის უფლება მას მხოლოდ მისი ან მისი ვაჟის ჯანმრთელობის პრობლემის მიზეზით ჰქონდა, ამ დროს კი ორივე ჯანმრთელად გრძნობდა თავს. ამან შეაშფოთა საბჭოს წევრები, სულ მალე კი მათი შიში გამართლდა და დედოფალ-რეგენტმა საბჭო დაშალა. ჰედვიგ ელეონორა აქამდე არასოდეს დაინტერესებულა პოლიტიკით, მაგრამ ახლა იგი თავით გადაეშვა პოლიტიკასა და ინტრიგებში.

იგი თავის პოზიციას ბოლომდე იყენებდა და თავისი ვაჟის ინტერესებს უკან, რეალურად საკუთარს იცავდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მან თავისი მაზლი სამუდამოდ ჩამოაცილა სამხედროებს. სულ მალე, მან თავისთვის სასურველი, ძლიერი დიდგვაროვნები შემოიკრიბა ირგვლივ და ქვეყნის მართვა აქტიურად დაიწყო. იგი ანტი-დანიური და პრო-ფრანგული პოლიტიკის გამტარებელი იყო. მალევე ჰედვიგ ელეონორამ დანიას ომი გამოუცხადა ბრემენისათვის. თავდაპირველად ომი შვედების სასარგებლოდ მიდიოდა, მაგრამ მასში რუსეთის ჩართვამ ყველაფერი შეცვალა და შვედეთი იძულებული გახდა ზავი დაედო. თავად ჰედვიგ ელეონორა აცხადებდა, რომ ძალიან მოსწონდა პოლიტიკა და აღაფრთოვანებდა საკუთარი დიპლომატიურობა.

 
შვედეთის სამეფო ოჯახი 1691 წელს

წლები გადიოდა, მისი ვაჟი, კარლ XI უკვე კარგა ხანი იყო რაც სრულწლოვანი გახდა, მაგრამ ჰედვიგ ელეონორა კვლავ რეგენტად რჩებოდა. თავად მისმა ვაჟმა გააპროტესტა ეს ყოველივე და პარლამენტი მოიწვია, სადაც მეფემ დედა-დედოფლისთვის რეგენტის სტატუსის შეჩერება მოითხოვა. ამის გამო, ჰედვიგ ელეონორა იძულებული გახდა თავად გამოსულიყო პარლამენტართა წინაშე და დაემტკიცებინა, რომ კარლს ქვეყნის მართვა არ ხელეწიფებოდა. მან ამას თავი წარმატებით გაართვა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მართალია რეგენტის სტატუსი შეუჩერდა, მაგრამ შვედეთის დე-ფაქტო მმართველად კვლავ დარჩა.

კარლ XI-ის გარდაცვალება და კარლ XII-ის გამეფება

რედაქტირება

1697 წლის 5 აპრილს, ჰედვიგ ელეონორას ერთადერთი ვაჟი, მეფე კარლ XI გარდაიცვალა. ამის გამო ტახტზე მისი მცირეწლოვანი ვაჟი, მეფე კარლ XII ავიდა. ტრადიციისამებრ, ახალგაზრდა მეფის რეგენტი დედამისი, ანუ ამ შემთხვევაში ულრიკა ელეონორა დანიელი უნდა გამხდარიყო, თუმცა ჰედვიგ ელეონორამ მოახერხა და ამჯერადაც თავად გახდა მეფის რეგენტი. მისი მეორე რეგენტობა, პირველისაგან განსხვავებით მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა. ამავე წლის დეკემბერში, კარლ XII-მ ახალი დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც მან ჰედვიგ ელეონორას რეგენტობა ჩამოართვა და იგი სამუდამოდ ჩამოაცილა სახელმწიფო მართვის სადავეებს.

ხანმოკლე რეგენტობისას, ჰედვიგმა მაინც ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. მან მხარი დაუჭირა შვედეთსა და ჰოლშტაინ-გოტორპს შორის ალიანსის განახლების მიზნით ახალ დინასტიურ ქორწინებას, რის გამოც, მან თავისი შვილიშვილი ჰედვიგ სოფია ჰოლშტაინში გაათხოვა. იგი დიდად ეწინააღმდეგებოდა კარლ XII-ის ახალ დეკლარაციას, მაგრამ იძულებული იყო დათანხმებოდა. მას ისიც ეწყინა, რომ შვილიშვილმა თავის კორონაციაში ჩარევა აუკრძალა.

ამავე რეგენტობის პერიოდში, მან აწარმოა კონტრაქტებისა და სახელმწიფო ხარჯების ზუსტი აღწერა. მან მნიშვნელოვანი თანხები გასცა შვედეთის სასამათლო შენობის აღსადგენად. მას დედოფალმა კრისტინამ თავისი ძვირფასეულობიდან ბევრი რამ დაუტოვა, ამიტომაც ჰედვიგისთვის სახელმწიფო პენსია რომ მოეხსნათ, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნებოდა.

ქვრივი დედოფალი

რედაქტირება
 
ჰედვიგ ელეონორას სამეფო გერბი

ხელის მთხოვნელები და საიდუმლო რომანი

რედაქტირება

მიუხედავად რეგენტობის ჩამორთმევისა, ჰედვიგ ელეონორა მაინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც ქვრივი დედოფალი. იგი შვილებისა და შვილიშვილების აღზრდისასა პრიორიტეტად მიიჩნევდა რელიგიას, მორალურ და ფიზიკურ მომზადებას, აკადემიურ განათლებასა და კრიტიკისადმი შეუვალობას.

მიუხედავად იმისა, რომ იგი დაინტერესებული იყო ხელოვნებითა და მეცნიერებით, იგი მათ შესწავლასა და ჩაღრმავებაზე არც კი ფიქრობდა. როგორც მას ბავშვობიდანვე ზრდიდნენ, ასევე ფიქრობდა მთელი ცხოვრება: განათლებაზე უფრო მნიშვნელოვანი რელიგია, დისციპლინა და სულიერი სიმტკიცეა.

იგი ახალგაზრდობაში მეტად მომხიბვლელ ქალად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ, დაქვრივებისთანავე, 1661 წელს მას ხელი ინგლისის,

 
დედოფალი ჰედვიგ ელეონორა 1706 წელს

ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ II-მ სთხოვა, თუმცა ჰედვიგმა მას უარი უთხრა. ამის შემდეგ, მას კიდევ ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა, მაგრამ ჰედვიგ ელეონორა თავისი გარდაცვლილი ქმრის ერთგული რჩებოდა. 1667 წელს მისი ხელი ითხოვა ახალგაზრდა დიდებულმა კარლ გილერციერნამ, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ ამის გამო ჰედვიგს კარლისადმი ყოველთვის მადლიერების გრძნობა ჰქონდა, რის გამოც, სკანდინავიის ომის დროს, 1679 წელს ჰედვიგმა მას გენერალ-გუბერნატორის წოდება, 1687 წელს კი გრაფის ტიტული უბოძა. ამის გამო, ბევრი ფიქრობდა, რომ კარლი დედოფლის საყვარელი იყო, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არაა. არსებობს ერთი შვედური ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, დედოფალმა სტენინგის სასახლეს საიდუმლო ოთახი მიაშენა, რომელსაც მისი და კარლის საიდუმლო შეხვედრებისთვის იყენებდა. ამავე პერიოდში, კარლ გილერნციერნასა და კრისტინა პიპერის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი. კრისტინა დედა-დედოფლის ბრძენებით სასახლიდან გააძევეს, რაც უფრო ამყარებს იმ აზრს, რომ ჰედვიგს რომანი ჰქონდა კარლთან და ამ გზით ჩამოიშორა მეტოქე.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება

რედაქტირება

სიცოცხლის უკანასკნელი წლების განმავლობაში, იგი ძალიან დაუახლოვდა თავის გერმანელ ნათესავებს. ჰედვიგ ელეონორას ხშირად სტუმრობდა მისი დისწული მაგდალენა სიბილა ჰესენ-დარმშტადტელი. მასთან ასევე ხშირად დადიოდა მისი ქმრის შორეული ნათესავი იულიანა ჰესენელი, რომელიც ერთი პერიოდი კარლ XI-ის საცოლედ მოიაზრებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა დანიის პრინცესაზე ქორწინება არჩია.

აღსანიშნავია, რომ კარლ XI-ს ყოველთვის საოცრად ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჰედვიგ ელეონორასთან, რაც მისი და ულრიკა ელეონორა დანიელის ქორწინების შემდეგაც არ შეცვლილა. ჰედვიგი კვლავ სამეფო კარის პირველ ქალბატონად დარჩა. კარლ XI მას მოიხსენიებდა როგორც: „მისი უდიდებულესობა დედოფალი და ჩემი უსაყვარლესი ქალბატონი დედა“, მაშინ, როდესაც ულრიკა ელეონორას უბრალოდ „ჩემი ცოლი“-ს სახელით იხსენიებდა. ამის გამო, უცხოელი ელჩებიც ყოველთვის ჯერ ჰედვიგ ელეონორას ესალმებოდნენ და შემდეგ ულრიკას. ჰოლშტაინ-გოტორპსა და დანიას შორის არსებული მტრული დამოკიდებულება, ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელსა და მის რძალს, ულრიკა ელეონორა დანიელს შორისაც გაგრძელდა.

მისი შვილიშვილი კარლ XII-ც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა მას. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთის ომის დროს უცხოელ ელჩებს კვლავ ჰედვიგ ელეონორა იღებდა. მას შემდეგ, რაც მისი უფროსი შვილიშვილი, ჰედვიგ სოფია შვედი გარდაიცვალა, ჰედვიგ ელეონორამ მისი ობოლი ვაჟი, კარლ ჰოლშტაინ-გოტორპელი თავისთან ჩაიყვანა და უშვილო კარლ XII-ის ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. იგი 1715 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა, 79 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Åberg, Alf (1958). Karl XI. Wahlström & Widstrand.
  • Carlquist, Gunnar (1932). Svensk Uppslagsbok . Svensk Uppslagsbok AB.
  • Dahlgren, Stellan (1969–71). Svenskt biografiskt lexikon.
  • Danielsson, Christer (1993). Hedvig Eleonora och hennes hov. Riksarkivets årsbok.
  • Ekdahl, Åke. Steninge slott - ett lustbygge (Steninge Palace - built for Joy) .
  • Fryxell, Anders. Berättelser ur den svenska historien .
  • Granlund, Lis (2004). "Queen Hedwig Eleonora of Sweden: Dowager, Builder, and Collector". In Campbell Orr, Clarissa (ed.). Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 56–76. ISBN 0-521-81422-7.
  • Karlsson, Åsa (2004). Hedvig Eleonora – en karolinsk landsmoder. i Drottningholms slott.
  • Lundh-Eriksson, Nanna (1947). Hedvig Eleonora . Wahlström & Widstrand.
  • Lund-Eriksson, Nanna (1976). Den Glömda Drottningen. Karl XII:s syster. Ulrika Eleonora och hennes tid (The Forgotten Queen. The Sister of Charles XII. Ulrika Eleonora and her time.) (in Swedish). Affärstryckeriet Norrtälje.
  • Norrhem, Svante (2007). Kvinnor vid maktens sida 1632-1772. Lund: Nordic Academic Press.
  • Rystad, Göran (2001). Karl XI. En biografi. (Charles XI. A Biography). Historiska Media. ISBN 91-89442-27-X.
  • Stålberg, Wilhelmina; Berg, P. G. Anteckningar om svenska qvinnor.
  • Karolinska Förbundet (Swedish): Hedvig Eleonora. Carolinian Association: Hedvig Eleonora
  • Karolinska Förbundets årsböcker (The Year Books of the Carolinian Association)