კარლ XII
კარლ XII ან კაროლუს რექსი (17 ივნისი, 1682 - 30 ნოემბერი, 1718), ასევე ალექსანდრე ჩრდილოეთისა და თურქების მიერ შერქმეული დემირბაშ შარლი (Demirbaş Şarl) — შვედეთის მეფე 1697 წლიდან გარდაცვალებამდე 1718 წელს. შვედეთის ვიტელსბახის დინასტიის მეოთხე მეფე. ბავშვობაში ყველას სუსტი და ავადმყოფი ეგონა, თუმცა კარლმა სიყმაწვილე ცხენზე ტანშიშველა ჯირითში და შვედეთის წიწვოვან ტყეებში მგლებზე ნადირობაში გაატარა, რითაც სისუსტე დაძლია და ომისთვის გამოიწრთო.
მამამისის გარდაცვალებისას კარლი უკვე ჩამოყალიბებული მეომარი იყო. იგი ტახტზე თხუთმეტი წლის ასაკში ავიდა, ხოლო სამ წელიწადში ქვეყანა დატოვა ზღვის იქით ბრძოლების სერიაში მონაწილეობის მისაღებად. ეს ბრძოლები ჩრდილოეთის დიდი ომის ნაწილი იყო, რომელთა უმრავლესობა რუსეთის იმპერატორი პეტრე დიდის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი ახალგაზრდობით გათამამებულ ქვეყნებს საბაბი მიეცათ შვედეთზე თავდასხმისთვის და საქსონია, დანია-ნორვეგია, პოლონეთი და რუსეთი კოალიციას ქმნიან მის წინააღმდეგ, რაც დიდი ომის დასაბამი გახდა. თუმცა გაცილებით უფრო გამჭრიახი და გონებამახვილი ტაქტიკოსი გამოდგა ვიდრე ამას მისი მტრები მოელოდნენ, რამაჩ საშუალება მისცა მას ყველა ოპონენტი დაემარცხებინა.