მარგარეტა ლეიონჰაფვუდი
მარგარეტა ლეიონჰაფვუდი (შვედ. Margareta Leijonhufvud; დ. 1 იანვარი, 1516 — გ. 26 აგვისტო, 1551) — შვედი არისტოკრატი და შვედეთის დედოფალი 1536-1551 წლებში როგორც მეფე გუსტავ I-ის მეორე ცოლი. შვედეთის ორი მეფის: იოჰან III-ისა და კარლ IX-ის დედა.
მარგარეტა ლეიონჰაფვუდი | |
---|---|
შვედეთის დედოფალი | |
კორონაცია: | 2 ოქტომბერი, 1536 |
მმართ. დასაწყისი: | 1 ოქტომბერი, 1536 |
მმართ. დასასრული: | 26 აგვისტო, 1551 |
წინამორბედი: | კათარინა საქსენ-ლაუენბურგელი |
მემკვიდრე: | კატარინა სტენბოკი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 იანვარი, 1516 |
გარდ. თარიღი: | 26 აგვისტო, 1551, (35 წლის) |
დაკრძ. ადგილი: | უფსალის საკათედრო ტაძარი, შვედეთი |
მეუღლე: | გუსტავ I, შვედეთის მეფე |
შვილები: |
იოჰან III, შვედეთის მეფე კატარინა, ფრიზიის გრაფინია სესილია, ბადენის მარკგრაფინია მაგნუსი, ოსტერგოტლანდის ჰერცოგი ანა, ველდენცის პფალცგრაფინია სოფია, საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგინია ელიზაბეტი, მეკლენბურგის ჰერცოგინია კარლ IX, შვედეთის მეფე |
მამა: | ერიკ აბრაამსსონ ლეიონჰაფვუდი |
დედა: | ებბა ერიკსდოტერ ვაზა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარგარეტა ლეიონჰაფვუდი დაიბადა 1516 წლის 1 იანვარს შვედეთში. იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შვედური არისტოკრატიული ოჯახის წევრი. მამამისი, ერიკ აბრაამსსონ ლეიონჰაფვუდი 1523 წელს მეფე კრისტიან II-მ „სტოკჰოლმის ხოცვის“ დროს სხვა დიდებულებთან ერთად მოკლა, რასაც შვედეთის კალმარის უნიიდან გამოსვლა მოჰყვა. ამის შემდეგ ტახტზე გუსტავ I ადის ვაზას დინასტიიდან, რომელის წარმომადგენელიც იყო მარგარეტას დედაც, ებბა ერიკსდოტერ ვაზა, რის გამოც ისინი მალევე გადავიდნენ სამეფო კარზე.
1535 წელს გუსტავის პირველი მეუღლე, დედოფალი კათარინა საქსენ-ლაუენბურგელი ტრაგიკულად გარდაიცვალა 21 წლის ასაკში, რის გამოც მეფემ ახალი ცოლის შერთვა გადაწყვიტა. მის საცოლეებად მარგარეტა და მისი უმცროსი და მოიაზრებოდნენ, თუმცაღა გუსტავმა საკუთარი არჩევანი საბოლოოდ მაინც მარგარეტაზე შეაჩერა, რომელსაც ბოლო პერიოდის მანძილზე ფარულად ეტრფოდა. საბოლოოდ, 1536 წლის 1 ოქტომბერს, მარგარეტა ლეიოჰაფვუდი და გუსტავ I სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში დაქორწინდნენ, რასაც მეორე დღეს მისი დედოფლად კორონაცია მოჰყვა.
განსხვავებით პირველისგან, გუსტავის მეორე ქორწინება იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან მეფე-დედოფალი ერთმანეთს იდეალურად ეწყობოდა ხასიათით. მარგარეტამ ქორწინებიდან ერთ წელიწადში გააჩინა ვაჟი, რასაც მომდევნო წლებში კიდევ ცხრა შვილის გაჩენა მოჰყვა. იგი აბსოლუტურად აპოლიტიკური ქალი იყო, რომელმაც თავი საკუთარ შვილებსა და დედოფლის მოვალეობების შესრულებას მიუძღვნა, რის გამოც ხალხში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამის გამო, მას შესაძლოა ითქვას, რომ პრივილეგია მიენიჭა და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში კათოლიკედ დარჩა. რამდენადაც ცნობილია, მშვიდი ხასიათის მარგარეტა ხშირად აწყნარებდა მეფეს და ცდილობდა გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებოდა. გარდა ამისა, იგი დიდი ქველმოქმედიც იყო. მისი ხელშეწყობით აღადგინეს რამდენიმე სააბატო და შეიქმნა უსახლკარო და ქვრივი ქალების დახმარების ფონდი.
გამუდმებულმა ორსულობამ საშინლად შეარყია მისი ჯანმრთელობა, რის გამოც იმუნიტეტი საგრძნობლად დაუქვეითდა და ხშირად ავადმყოფობდა. 1551 წლის აგვისტოში დედოფალმა თავის შვილებთან ერთად მელარენის ტბაზე ნავით გაისეირნა, სადაც მას პნევმონია შეეყარა და იმავე წლის 26 აგვისტოს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი დაკრძალეს უფსალის საკათედრო ტაძარში, გუსტავის პირველი ცოლის გვერდით. მისი დაკარგვა მეფემ ძალიან განიცადა, მაგრამ მარგარეტას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, 1552 წლის 22 აგვისტოს მესამედ დაქორწინდა კატარინა სტენბოკზე.
შვილები
რედაქტირება- იოჰან III (1537-1592), ფინეთის ჰერცოგი და შვედეთის მეფე 1567-1592 წლებში. ცოლად შეირთო კატარინა იაგელონი, რომელთანაც შეეძინა პოლონეთისა და შვედეთის მომავალი მეფე სიგიზმუნდ I, თუმცა დაქვრივების შემდეგ მეორედ დაქორწინდა გუნილა ბიელკზე;
- კატარინა (1539-1610), ცოლად გაჰყვა აღმოსავლეთ ფრიზიის გრაფ ედგარ II-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
- სესილია (1540-1627), ცოლად გაჰყვა ბადენ-როდემახერნის მარკგრაფ კრისტოფერ II-ს, რომელთანაც შვიდი შვილი შეეძინა;
- მაგნუსი (1542-1595), ოსტერგოტლანდის ჰერცოგი. მიუხედავად იმისა, რომ არ დაქორწინებულა, ჰყავდა სამი უკანონო ქალიშვილი სხვადასხვა საყვარლისგან;
- კარლი (1544-1544), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- ანა (1545-1610), ცოლად გაჰყვა ველდენცის პფალცგრაფ გეორგ იოჰან I-ს, რომელთანაც შეეძინა თერთმეტი შვილი;
- სტენი (1546-1547), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- სოფია (1547-1611), ცოლად გაჰყვა მამის პირველი ცოლის ძმისწულს, საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგ მაგნუს II-ს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
- ელიზაბეტი (1549-1597), ცოლად გაჰყვა მეკლენბურგ-გადებუშის ჰერცოგ კრისტოფერს, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა;
- კარლ IX (1550-1611), სოდენმარლანდის, ნარკის, ვარმლანდის, ვასტერგოტლანდისა და ფინეთის ჰერცოგი, შვედეთის რეგენტი 1599-1604 წლებში და შვედეთის მეფე 1604-1611 წლებში. ცოლად შეირთო მარია პფალცელი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც იქორწინა კრისტინა ჰოლშტაინ-გოტორპელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე გუსტავ II ადოლფი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Carl Silfverstolpe: Vadstena klosters uppbörds- och utgiftsbok (The account-book of Vadstena Abbey)
- Wilhelmina Stålberg, P. G. Berg : Anteckningar om svenska qvinnor (Notes of Swedish women)
- Karin Tegenborg Falkdalen (2010). Vasadöttrarna (The Vasa Daughters). Falun: Historiska Media. ISBN 978-91-85873-87-6
- Göte Göransson (1984). Gustav Vasa och hans folk. Bokförlaget Trevi. 91-7160-686-6
- Söderberg, Bengt G. (1968). Slott och herresäten i Sverige. Södermanland. Första bandet (in Swedish). Malmö: Allhems förlag. pp. 247–254.