მესხეთის თურქები

(გადამისამართდა გვერდიდან თურქი მესხები)

თურქი მესხები ან ახალციხელი თურქები (თურქ. Ahıska Türkleri), მაჰმადიანი მესხები — ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ცხოვრობდა მესხეთის ტერიტორიაზე, საიდანაც 1944 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაასახლა შუა აზიაში. ეთნონიმი „თურქი მესხები“ მათ XX საუკუნის დასასრულს მიანიჭეს. ამჟამად ეს ხალხი ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფება ლტოლვილების სტატუსით ან საერთოდ სტატუსის გარეშე.

წარმოშბა და ტერმინირედაქტირება

თურქი მესხების წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მიუხედავად ამისა შეიძლება გამოიყოს ორი ძირითადი ხედვა:

  1. „პრო-თურქული“: თურქი მესხები არიან თნიკურად თურქები, რომლებიც ძირითადად ოსმალური მოახალშენეების შთამომავლები არიან.
  2. „პრო-ქართული“: თურქი მესხები, რომლებიც მეტყველებენ თურქული ენის ყარსულ დიალეტქტზე და ეკუთვნიან სუნისტური ისლამის ჰანაფის განხრას, არიან გათურქებული მესხები, რომლებიც მოექცნენ ისლამზე მე-16 საუკუნესა და 1829 წლებს შორის, როდესაც ისტორიული მესხეთი ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში შედიოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო როგორც მთლიანად ქართულ საზოგადოებაში, ასევე თვით „თურქ მესხთა“ შორისაც, ვინაიდან იკვეთებოდა განსხვავებული თვითშეგნება და პოზიცია. ერთი ნაწილი საკუთარ თავს თვლიდა და თვლის ქართველებად, მეორე ნაწილი — თურქებად; არსებობდა მესამე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილიც, რომელსაც ნაციონალური იდენტობა არ გააჩნდა.

ადრეულ ოფიციალურ დოკუმენტებში მაჰმადიანი მესხები მოხსენიებულნი არიან, როგორც თურქული წარმომავლობისა და ეროვნების პირები. ტერმინები — „კავკასიელი თურქები“, „საბჭოთა თურქები“, „მესხეთელი თურქები“ და „თურქი მესხები“ საბჭოთა კავშირის საინფორმაციო საშუალებების მიერ მოგვიანებით, 70-იან წლებში დამკვიდრდა, რომელთაგანაც უკანასკნელმა ორმა ტერმინმა განსაკუთრებით ფართო გავრცელება პოვა. ტერმინი „თურქ-მესხები” მიუღებელია იმ მესხებისათვის, რომელნიც თავიანთ თავს ქრისტიანული საქართველოს შთამომავლებად თვლიან.

ისტორიარედაქტირება

XVI საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო ისტორიული მესხეთი, მხარე, სადაც ეთნიკურად ქართველები ცხოვრობდნენ. ამას ადასტურებს 1595 წელს შედგენილი გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, რომელშიც შეტანილი ოჯახის უფროსთა სახელები და მამის სახელები ქართული და ქრისტიანულია. მესხეთი — ოსმალეთის ადმინისტრაციული დაყოფით ახალციხის საფაშო — ოსმალეთში შედიოდა XIX საუკუნემდე. XVII საუკუნის დასასრულიდან დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ისლამის მიღება და ეს პროცესი ძირითადად XVIII საუკუნეში დასრულდა. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს ოსმალეთში მოხვედრილ ქართულ მხარეებს სამცხეს, ჯავახეთს, კოლას, სპერს, თორთომს. მისი ცნობით სხვადასხვა ისტორიულ მხარეში მცირედ განსხვავებული დემოგრაფიული ვითარება იყო. შედარებით სამხრეთით მდებარე მხარეებში გლეხობაცა და თავადაზნაურობაც გამაჰმადიანებული იყო და ქართულსა და თურქულ ენაზე საუბრობდა, ჩრდილოეთის პროვინციებში კი მხოლოდ თავადაზნაურობას ჰქონდა ისლამი მიღებული, გლეხები ქრისტიანებად რჩებოდნენ. ყველაზე ნაკლებად ისლამი ამ დროს ჯავახეთში იყო გავრცელებული. ისლამის მიღებას ხელს უწყობდა ის ფაქტი, რომ მოსახლეობა ვერ უძლებდა ქრისტიანებზე შეწერილი გადასახადების გადახდას. ქართველთა გამაჰმადიანება XIX საუკუნის განმავლობაშიც გრძელდებოდა. XIX საუკუნის რუსეთ-ოსმალეთის ომების (1828-1829, 1877-1878) შედეგად საქართველოს ზოგი ისტორიული კუთხე დაიპყრო რუსეთის იმპერიამ და მის ტერიტორიაზე შექმნა ადმინისტრაციული ერთეულები ბათუმის, ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოკრუგები, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები. ამ ტერიტორიების მოსახლეობა საკუთარ თავს არ მოიხსენიებდა არც ქართველებად, არც თურქებად და იყენებდა თვითდასახელება „იერლის“ (ადგილობრივი). ისინი მეზობელ თურქებთან ქორწინებაშიც კი არ შედიოდნენ. 1886 წელს რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციის მიერ შედგენილ საოჯახო სიებში ბევრმა მათგანმა ეროვნების გრაფაში ქართველი ჩააწერინა და „ოღლობით“ (სახელი და მამის სახელი) ჩაწერილებმაც მიაწერინეს ქართული გვარები. მეზობელი მართლმადიდებელი და კათოლიკე ქართველები მათ „თათრებად“ მოიხსენიებდნენ. 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების მიხედვით ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოკრუგები, ასევე ბათუმის ოკრუგის სამხრეთ ნაწილი თურქეთს მიეკუთვნა, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩა ისტორიული მესხეთის მხოლოდ მცირე ნაწილი, სამცხე და ჯავახეთი, ასევე აჭარა. საბჭოთა ხელისუფლებამ ამ მხარეებში მცხოვრები მაჰმადიანი მოსახლეობა თურქებსა და აზერბაიჯანელებს მიაკუთვნა და ანგარიში არ გაუწია ბევრი მათგანის ქართულ იდენტობას, სამეტყველო ქართულ ენას, მათ მიერ შენარჩუნებულ ქართულ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ტრადიციებსა და ქართულ გვარებს. სკოლებში მათ თურქულ ენაზე ასწავლიდნენ აზერბაიჯანიდან მოწვეული მასწავლებლები. 1930-იანი წლების საბუთებით მტკიცდება, რომ სამცხე-ჯავახეთის მუსლიმი მოსახლეობა ქართული სკოლების გახსნასა და ქართული გვარების მინიჭებას ითხოვდა.

1944 წლის დეპორტაციარედაქტირება

1944 წლის 15 ნოემბრის ღამეს, საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში განახორციელა მკაცრად გასაიდუმლოებული და მასშტაბური ოპერაცია: ათეულობით ათასი კაცი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შუა აზიაში გადაასახლეს.

აღნიშნული დეპორტაცია განხორციელდა სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N6279-სს დადგენილებისა და იმავე წლის 20 სექტემბრის სსრკ შსს N00117 ბრძანების საფუძველზე, რომელიც ინსტრუქციით ადგენდა თურქების, ქურთების, ხემშილების, აზერბაიჯანლების, იეზიდებისა და თათრების საქართველოს სსრ-ს საზღვრისპირა რაიონებიდან, კერძოდ ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძის, ბოგდანოვკის, აგრეთვე — აჭარის ა/რ ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს რაიონებიდან სპეცგადასახლების წესსა და რიგს.

რელიგიური ნიშნით გადასახლებას ექვემდებარებოდა დასახელებული რაიონების ყველა მცხოვრები, გარდა აღნიშნულ რელიგიას მიკუთვნებული მდედრობითი სქესის პირებისა, რომლებიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.

თითოეულ ოჯახზე მიმაგრებული იყო თითო ოპერატიული ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც ოჯახის უფროსს სთავაზობდა თავისი ნებით ჩაებარებინა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, რის შემდგეგაც, მიღებული პასუხის მიუხედავად, ატარებდა ჩხრეკას.

გადასახლებულთ ნება ეძლეოდათ თან წაეღოთ პირადი და სხვა ნივთები (ტანისამოსი, ჭურჭელი, სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო ინვენტარი, ფული, ძვირფასეულობა, საკვების მარაგი), ოღონდ ოჯახზე არაუმეტეს 1.5 ტონისა. გარდა ამისა ხორციელდებოდა სახლში მყოფი ყველა პირის დაკავება, რომლებიც ოპერატიულად გადამოწმდებოდნენ და თუკი რომელიმე მათგანი არ ექვემდებარებოდა გადასახლებას, ისინი ოპერაციის დამთავრებისთანავე თავისუფლდებოდნენ. ამასთანავე, ოპერატიული ჯგუფის წევრებს უნდა გაეთვალისწინებინათ გადასასახლებელთა ოჯახებში იმ პირთა შესაძლო ყოფნის შესახებ, რომლებიც იძებნებოდნენ ან რომელთაც ბრალი ედებოდათ ანტისაბჭოთა საქმიანობაში.

გადასახლებულთა მთელი დარჩენილი ქონება, საყოფაცხოვრებო ინვენტარი და სამეურნეო სავარგულები აღიწერებოდა ადგილობრივი კომისიების მიერ და გადაეცემოდა სახელისუფლებო ორგანოებს.

სულ საქართველოს სსრ-დან, სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N6279-სს დადგენილების საფუძველზე სპეცგადასახლებულ იქნა 19 818 ოჯახი.
რაიონი თურქები ქურთები აზერბაიჯანელები იეზიდები თათრები ხემშილები სულ
ახალციხის რაიონი 14 493 1 830 3 058 7 126 304 5 597
ადიგენის რაიონი 6 702 278 6 980
ახალქალაქის რაიონი 614 155 769
ასპინძის რაიონი 3 743 488 301 4 532
ბოგდანოვკის რაიონი 157 6 6 7 176
ქ. ბათუმი 84 75 6 165
ბათუმის რაიონი 346 472 231 1 049
ქობულეთის რაიონი 70 198 34 302
ქედის რაიონი 44 12 5 61
ხულოს რაიონი 124 35 28 187

თურქი მესხების ძირითადად შუა აზიის რესპუბლიკებში, ფერღანის ხეობაში დაასახლეს. მათ დეპორტაციას დროის სხვადასხვა პერიოდებში გამოეხმაურნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები, ინტელიგენცია, დისიდენტური და არაფორმალური ორგანიზაცები.

1956 წელს, სტალინის გარდაცვალების 3 წლის შემდეგ, მესხები გათავისუფლდნენ კომენდანტის რეჟიმიდან. მათ შეეძლოთ წასულიყვნენ, სადაც კი უნდოდათ, მაგრამ არა საქართველოში. მიუხედავად დიდი ბრძოლისა ლატიფშა ბარათაშვილის ლიდერობით მესხებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება ვერ მოიპოვეს. სამშობლოს თემატიკა მესხურ ფოლკლორშიც აისახა.

1989 წლის დეპორტაციარედაქტირება

1989 წლის 23 მაისის ფერღანის დაბლობზე კომპაქტურად დასახლებული მესხები დაარბია ადგილობრივმა მოსახლეობამ. ტრაგიკული მოვლენების შემდეგ უმრავლესობა რუსეთის სიღრმეში გადაიყვანეს, ნაწილიც აზერბაიჯანში გაიქცა, საქართველოში კვლავ არ უშვებდნენ და მათი აღმსარებლობის გამო ახალი ტერმინი ”თურქი-მესხები” მოიგონეს.

საკითხი კვლავ დადგა დღის წესრიგში 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც პრობლემის მოგვარების მცდელობაში ჩაერთვნენ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები და განახლდა მუშაობა დეპორტირებულთა რეპატრიაციისა და რეინტეგრაციის პროცესის დაწყებისათვის აუცილებელი საშუალებებისა და გზების მოსაძიებლად.

განსახლების არეალირედაქტირება

ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობასა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საქმიანობაში დადანაშაულებული თურქი-მესხები ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, რუსეთში (კრასნოდარში), უკრაინაში და ამერიკაში არიან გაბნეული.

აზერბაიჯანირედაქტირება

ყველაზე მეტი, დაახლოებით 80 000 ადამიანი, აზერბაიჯანში ცხოვრობს.

რუსეთირედაქტირება

კრასნოდარის მხარეში, მაჰმადიანი მესხები, ძირითადად ცხოვრობენ ყირიმის, აფშერონის, აბინსკისა და ბელორეჩენსკის რაიონებში. ჯერ კიდევ 80-იან წლებში კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელობამ, რამდენიმე ათეული ოჯახი სოფლის მეურნეობაში დასასაქმებლად მიიწვია. კრასნოდარის მხარეში, 1989 წლიდან, ფაქტობრივად 15 ათასი თურქი-მესხი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ 4000 ათასს აქვს მოქალაქეობა. 1997 წლიდან მათ აიძულებდნენ ყოველი 45 დღის განმავლობაში საცხოვრებელ ადგილზე ხელახალი რეგისტრაცია გაევლოთ, რაშიც ერთ სულზე 188 რუბლი უნდა გადაეხადათ. 1999 წლის დადგენილების მიხედვით, მესხების რეგისტრაცია საცხოვრებელ ადგილზე ხდებოდა 8 თვის ვადით. კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული შემდგომი დადგენილების საფუძველზე, თურქ-მესხებს ვადა კიდევ 5 თვით გაუგრძელეს. 2001 წელს რეგისტრაციის ვადა ამოიწურა და დაიწყო მასიური საპასპორტო შემოწმებები. რეგისტრაციის გარეშემცხოვრებ პირებს პოლიცია აჯარიმებდა. 2002 წლის დადგენილების მიხედვით, ადგილობრივი ჩაწერის უქონლობის შემთხვევაში, ხდებოდა პირების დეპორტაცია.

აშშრედაქტირება

2004 წლიდან, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით დაიწყო კრასნოდარის მხარიდან მაჰმადიანი მესხების ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლების პროცესი. 2005 წლის სექტემბრიდან 21 ათასმა პირმა შეიტანა განცხადება და ამ პროგრამის მეშვეობით, 5000 ადამიანი გადასახლდა ფილადელფიაში, ატლანტაში, კენტში და ამერიკის 60-ზე მეტ ქალაქში. 2007 წლისთვის აშშ-ში გადასახლებული იქნა დაახლოებით 11 ათასი თურქ-მესხი.

საქართველორედაქტირება

2007 წლის 22 ივნისს, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 2008 წლიდან მაჰმადიანი მესხების ან მათი შთამომავლების რეპარტაციისთვის საჭირო პროცედურების დაწყებას. კანონპროექტის თანახმად, მათ, ვისაც დაბრუნება სურდა საქართველოში, განაცხადებით უნდა მოემართათ საქართველოს უახლოეს საკონსულოსთვის, ან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის 2008 წლის 1 იანვრიდან, 31 დეკემბრამდე. ერთწლიან ვადაში ხელისუფლებას უნდა განესაზღვრა დაბრუნების მსურველთა რაოდენობა. კანონპროექტი არ ავალდებულებდა საქართველოს ხელისუფლებას დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების ფინანსურ უზრუნველყოფას.

ლიტერატურარედაქტირება

  • ჯიქია, სერგი: მესხეთის ქართული მოსახლეობის თურქული მეტყველების ზოგიერთი თავისებურება . ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სადისერტაციო შრომის თეზისები / [ოფიციალური ოპონენტები: პროფ. ა. შანიძე, საქ. სსრ მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი, პროფ. გ. წერეთელი, სსრკ და საქ. სსრ მეცნ. აკად. წევრი-კორესპონდენტი]; საბჭ. სსრ მეცნ. აკადემია. აკად. ნ. მარის სახ. ენის ინს-ტი - თბ. : საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1946.
  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 97-99 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება