ვიკიპედია:გვერდების სახელები
ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
ორი სიტყვით: ზოგადად, სტატიის სათაური უნდა იყოს ის, რაც ქართულად მოსაუბრეთა უმრავლესობისთვის ყველაზე მისაღებია, მინიმალური ორაზროვნებით. ამავე დროს, ბმულების გაკეთება ამ სტატიებზე ადვილი და ბუნებრივი უნდა იყოს. |
ერთობლივი, ეფექტური და კოორდინირებული მუშაობისათვის ქართული ვიკიპედიის მონაწილენი უნდა შეთანხმდნენ ზოგად პირობებზე, რომლებიც სტატიების სახელდებას შეეხება. ქვემოთ აღწერილი წესებიდან უმრავლესობა, ალბათ, ცალსახად მისაღებია, თუმცა ზოგიერთს შეიძლება დასჭირდეს განხილვა ან დაზუსტება.
ანბანი
სტატიების დასახელება იწერება მხედრული ასოებით.
რიცხვი და ბრუნვა
სტატიების დასახელება უნდა იყოს მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში. გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც:
- ცნება იხმარება მხოლოდ მრავლობით რიცხვში, მაგალითად: ალპები, ანდები;
- ცნება წარმოადგენს რაიმეს სახელწოდებას, საკუთარ სახელს: „შერეკილები“, „ვინ შეკაზმავს ცხენს“;
- ცნება მხოლობით რიცხვში არ იხმარება, მაგალითად: მსოფლიოს ქვეყნები (სტატიას ვერ დაარქმევ ასე: „მსოფლიოს ქვეყანა“), კურილიის კუნძულები;
- საქმე ეხება ერთმანეთთან დაკავშირებულ ცნებებს, როგორც ერთ მთლიანს, მაგალითად: საზოგადოებრივი მეცნიერებები;
- სტატიას ნუსხის სახე აქვს: ცნობილი გერმანელები, აშშ-ის პრეზიდენტები.
სიტყვათა რიგი
სტატიების დასახელებაში გამოყენებულ უნდა იქნეს სიტყვათა ბუნებრივი რიგი, მაგალითად: ნაკიანი წელი და არა „წელი ნაკიანი“ ან „წელი, ნაკიანი“. თუ რაიმე აუცილებლობა არსებობს, ძირითად სტატიას უნდა ეწოდოს „ნაკიანი წელი“, ამავე დროს შეიქმნას ახალი სტატია ალტერნატიული სახელწოდებით, რომლის ტექსტში იქნება მხოლოდ გადამისამართების აღნიშვნა.
განმეორებადი სახელები
რაც უფრო გაიზრდება ქართული ვიკიპედია, მით უფრო მეტი შანსი იქნება იმისა, რომ ერთი და იგივე სახელიანი სტატიები გამოჩნდეს, მაგალითად: 1492 არის წელიც და ფილმიც (კოლუმბის შესახებ), პითონი არის ქვეწარმავალიც და პროგრამირების ენაც. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება განისაზღვოს რომელია პირველადი, საბაზო ტერმინი და მას მიენიჭოს მარტივი სახელწოდება, ხოლო მეორეს (მესამეს და ა.შ.) — შესაბამისი განმარტება მიეთითოს ფრჩხილებში.
ჩვენს მაგალითებში: 1492 უპირველეს ყოვლისა იწვევს კალენდარული წლის ასოციაციას, ამიტომ პრიორიტეტი მას ეკუთვნის. მეორე სტატიას უნდა ეწოდოს: 1492 (ფილმი) და არა სხვა რომელიმე ფორმატით („1492, ფილმი“, „1492 — ფილმი“, „1492 (ფილმი კოლუმბზე“). ანალოგიურად არის საქმე „პითონის“ შემთხვევაშიც. პითონი უპირველეს ყოვლისა ქვეწარმავალია, რომელიც დედამიწაზე დიდი ხანია არსებობს და კიდევ იარსებებს, ხოლო პროგრამირების ენა ახალია და შესაძლოა ხვალ იგი აქტუალური აღარ იყოს ან სახელი შეიცვალოს.
იგივე შეიძლება ითქვას განმეორებად გეოგრაფიულ სახელებზე. მაგალითად, „ლუქსემბურგი“ ჰქვია ევროპის სახელმწიფოს, ამავე სახელმწიფოს დედაქალაქს, ბელგიის ერთ-ერთ პროვინციას. უპრიანი იქნება, თუ მარტივ სახელს დავუტოვებთ სახელმწიფოს, ვინაიდან ამ აზრით უფრო ხშირად იქნება ეს ტერმინი, ხოლო დანარჩენებს დავარქვათ სახელები: ლუქსემბურგი (ქალაქი), ლუქსემბურგი (პროვინცია).
საკუთარი სახელები
ბიოგრაფიული სტატიების დასახელება იწერება ბუნებრივი ფორმატით: აკაკი წერეთელი, იოჰან სებასტიან ბახი, აკირა კუროსავა, მაო ძე-დუნი — ნებისმიერი წარმოშობის გვარებისათვის.
- კატეგორიებში ამგვარი სტატიების გვარების მიხედვით ანბანურ რიგზე დასაწყობად გამოიყენება ე. წ. ჯადოსნური სიტყვა {{DEFAULTSORT}}, რომელსაც ვსვამთ ბიოგრაფიული სტატიის ბოლოს, კატეგორიების ჩამონათვალის თავში ამგვარად {{DEFAULTSORT:წერეთელი, აკაკი}}, {{DEFAULTSORT:ბახი, იოჰან სებასტიან}}, {{DEFAULTSORT:კუროსავა აკირა}}. (აღმოსავლურ სახელებს მძიმით გამოყოფა არ სჭირდება, ვინაიდან ეს ამ ენებისა და კულტურებისათვის ბუნებრივი რიგია).
თუ ერთი და იმავე სახელით რამდენიმე პიროვნება არსებობს, მათი სახელის გვერდზე ფრჩხილებში მიეწერება პროფესია, დინასტია ან ქვეყანა.
- მაგ. გიორგი წერეთელი: ძირითად სახელზე არსებობს მრავალმნიშვნელოვნების გვერდი, სადაც ჩამოთვლილია ამ სახელით ყველა პიროვნება, ხოლო თითოეულ მათგანს ფრჩხილებში მითითებული აქვს საქმიანობა, მაგ., გიორგი წერეთელი (პოეტი) ან გიორგი წერეთელი (მწერალი).
- თუ ერთი და იმავე სახელით სხვადასხვა მეფეა ცნობილი, მეფეებს ფრჩხილებში ვუთითებთ ქვეყანას. მაგ., ალფონსო V (არაგონი), ალფონსო V (ლეონი).
შენიშვნები:
- უცხოური საკუთარი სახელების გადმოქართულების ან მისი კომპონენტების რიგის დასადგენად იხელმძღვანელეთ წიგნით: „უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (გამოცემული საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ).
- ყურადღება მიაქციეთ ძველი ეპოქის ქართველ მოღვაწეთა სახელების დაწერილობას, მაგალითად: იაკობ ცურტაველი, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი მთაწმინდელი და ა.შ., სადაც მეორე კომპონენტი გვარი არ არის, ამიტომ კატეგორიაში ანბანურად ის უნდა იყოს იაკობ ცურტაველი და არა „ცურტაველი, იაკობ“ ან სხვა რამ.
- სათაურში მამის სახელებს ნუ მიუთითებთ: აკაკი წერეთელი და არა „აკაკი როსტომის ძე წერეთელი“. აუცილებლობის შემთხვევაში მამის სახელი აღნიშნეთ სტატიის ტექსტურ ნაწილში.
გეოგრაფიული ობიექტები
თუ გეოგრაფიულ სახელს, მთას, მდინარეს, ზღვას, ტბას აქვს უნიკალური სახელი, ასევე დაარქვით სტატიას. მაგალითი: მტკვარი და არა „მდინარე მტკვარი“, „მდ. მტკვარი“ ან „მტკვარი (მდინარე)“.
თუ გეოგრაფიული ობიექტის სახელი სხვა რამესაც ჰქვია, მაშინ უნდა გადაწყდეს რომელი უფრო მნიშვნელოვანი და ცნობილია. მაგალითად, „წინანდალი“ ჰქვია სოფელსაც და ღვინის სორტსაც. ბუნებრივი იქნება, თუ სტატიას სოფლის შესახებ დაერქმევა წინანდალი, ხოლო ღვინის შესახებ — წინანდალი (ღვინო).
უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოქართულების დროს იხელმძღვანელეთ წიგნით: „საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონიდან“, (გამოცემული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ).
სპეციალური ტერმინები
სასურველია ყველა უცხოური ტერმინის გაქართულება, მაგრამ ამას მარტო ჩვენ და ამ პროექტის ფარგლებში ვერ შევძლებთ. თუ ტერმინის ქართული სახელწოდება არ არსებობს, ჯერ არ დამკვიდრებულა მყარად ან მისი ბევრი ვერსია არსებობს, უმჯობესია გამოვიყენოთ ორიგინალური დასახელება და გადამისამართების ხერხი. მაგალითად, ძნელია მოუძებნო ზუსტი ქართული შესატყვისი პროგრამას „Windows“ ან პროგრამირების ენას, რომელსაც ჰქვია C#.
თარიღები
სათაურებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს თარიღებიც. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია შემდეგი ფორმატების გამოყენება:
- დღე: 9 აპრილი
- თვე: მაისი ან მაისი 1918
- წელი: 2005
- ძველი წელთაღრიცხვის წელი: ძვ. წ. 480
- საუკუნე: XX საუკუნე
- ძველი წელთაღრიცხვის საუკუნე: ძვ. წ. VI საუკუნე
თუ თქვენ ტექსტში გსურთ გამოიყენოთ სხვა ფორმატის თარიღი, ჩაწერეთ თქვენი შეხედულებისამებრ, მაგრამ გადამისამართება გაუკეთეთ ზუსტ სათაურზე ამგვარად: [[ძვ. წ. 480|ძვ. წ.-ის 480 წელი]] ან [[XX საუკუნე|მე-20 საუკუნე]], აქედან მეორე ნაწილი გამოჩნდება ეკრანზე, ხოლო პირველი იქნება შესაბამის სტატიაზე მიმართვა.
მონარქების სახელები
მონარქების სახელებში გამოყენებულია რიგითი ნომრები, რომლებიც ტრადიციულად რომაული ციფრებით იწერება:
- გიორგი IV
- დემეტრე II თავდადებული
- იოანე პავლე II
იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის უფრო მისაღებია ტექსტში არაბული ციფრებით ჩაწერა (მაგ. გიორგი მე-4), გამოიყენეთ გადამისამართების პრინციპი: [[გიორგი IV |გიორგი მე-4]].
დამხმარე განყოფილებები
- სანავიგაციო თარგებს, როგორც წესი, სახელი მრავლობით რიცხვში აქვს, მაგალითად ინდოევროპული ენები, მაგრამ თუ არსებობს ერთი ცნება, რომელიც მოიცავს ყველა ელემენტს, მაშინ სახელი შესაძლებელია მხოლობითში იყოს, მაგალითად ბოსტნეული, მზის სისტემა.
- კატეგორიის აღმნიშვნელი სახელებიც იმავე წესს ემორჩილება, რასაც თარგები და მრავალობით რიცხვშია. მაგალითად: კატეგორიის სახელია ქალაქები (სადაც სავარაუდოდ ქალაქები ჩამოთვალი იქნება) და არა „ქალაქი“. თუმცა შეიძლება არსებობდეს კატეგორია „ქალაქი“, მაგრამ იგი უნდა მოიცავდეს არა კონკრეტულ ქალაქებს, არამედ ზოგადად ქალაქთან დაკავშირებულ ცნებებს: ქუჩა, კვარტალი, დედაქალაქი, გარეუბანი, ადმინისტრაციული ცენტრი და სხვა.