ვიკიპედია:ეთიკის ნორმები
ორი სიტყვით: ამ გვერდზე აღწერილია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ვიკიპედიის რედაქტორი. |
ქართულ ვიკიპედიაში, ისევე, როგორც სხვაენოვან განყოფილებებში, მოქმედებს ეთიკის ნორმების განმსაზღვრელი კრებული, რომლის დებულებების შესრულება სავალდებულოა ვიკიპედიაში ნებისმიერი საქმიანობისას — იქნება ეს სტატიების რედაქტირება, ნებისმიერი საკითხის განხილვა თუ რედაქტირების რეზიუმეს დაწერისა. ეთიკური ნორმების დარღვევა შეიძლება დახასიათდეს როგორც „პიროვნებაზე გადასვლა“, რაც ძაბავს სიტუაციას პროექტში და ქმნის კონფლიქტურ ატმოსფეროს. ვიკიპედიაში მიღებული ყოფაქცევის ნორმები მოითხოვენ, რომ მომხმარებელთა ურთიერთობა იყოს კონსტრუქციული და ეთიკური, რაც ვიკიპედიის ერთ-ერთ უმთავრეს წესს წარმოადგენს.
მიზნის დასახვა
ვიკიპედია არის თავისუფალი ენციკლოპედიის პროექტი, რომელიც ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს მასში არსებული სტატიების რედაქტირება და გაუმჯობესება. სამწუხაროდ, ხშირად ამას თან მოსდევს კამათები იმის შესახებ, აუმჯობესებს თუ არა ესა თუ ის რედაქტირება სტატიას. ამგვარი კამათის დროს ძალიან ხშირად საკმაოდ რთულია თავის შეკავება სუბიექტურობისგან. საკმაოდ ხშირად, საკუთარი რედაქტირების დასაბუთებისას მომხმარებლებმა შეიძლება საკუთარი პოზიციის დაცვა ზედმეტად ხისტად დაიწყონ. განხილვის გვერდებზე დატოვებულ ტექსტურ კომენტარებს ადამიანიური ურთიერთობის ყველა ნიუანსის ასახვა არ შეუძლია, რის გამოც, ერთი მცირე, უმნიშვნელო კომენტარის არასწორ გააზრებას შეიძლება თან ახლდეს ცხარე დისკუსია, რომელიც მთავარი თემის არსისგან, ადრე თუ გვიან, გადაუხვევს. კონფლიქტში ჩართვისას მომხმარებლებს ნაკლებად აინტერესებთ მუშაობა სტატიებზე და უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან „გამარჯვებაში“ ვირტუალურ მოწინააღმდეგეზე — საკმაოდ ხშირად ამას ასევე თან მოსდევს მოწინააღმდეგეთა ბანაკის კოოპერაციაში, შეთქმულებაში (ე. წ. „შეთქმულების თეორია“) დადანაშაულება. ყოველივე ამის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ეთიკური ნორმების დაცვა.
მაგალითები
ქართულ ვიკიპედიაში ეთიკური ნორმების დარღვევები ამ დარღვევათა სიმძიმის მიხედვით დაყოფილია 2 ხარისხად:
I ხარისხი
საუბრის აგრესიული, უხეში სტილი
მაგალითები:„მე სულ არ მაინტერესებს შენი აზრი ამ საკითხზე“; „აბსოლუტურად არ მინდა შენი ნაწერის კითხვა“ და მისთ.
სუბიექტურობის უკიდერუსი ფორმა, ოპონენტებზე იარლიყების მიმაგრება
მაგალითები:„სტალინისტი“, „პოპულისტი“ და მისთ.; ანუ იდეის, დებულების კრიტიკის ნაცვლად პიროვნების კრიტიკაზე გადასვლა.
მენტორული ტონი
მაგალითები: „წავშალე სისულელე“,„მოვაშორე ნაგავი“ და მისთ.
შეტევა მომხმარებელზე გრამატიკული ან ორთოგრაფიული შეცდომების გამო
ცხადია, თუ საუბარია უნებურობაზე, და არა შეცდომების განგებ შეტანაზე
ვიკიპედიის წესებისა და ნორმების დარღვევაში უსაფუძვლო დადანაშაულება
დაფარული შეურაცხყოფა
მაგალითები: „არ მინდა პირადად შეგეხოთ, მაგრამ...“, „უხეშობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ...“
ფალსიფიკაცია და ფაქტებით სპეკულირება
ოპონენტის დადანაშაულება ტყუილსა თუ ცილისწამებაში
არანორმატიული ლექსიკა, გინება
კატეგორიულად მიუღებელია არანორმატიული ლექსიკის გამოყენება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შენიღბულია (ვარსკვლავი, გამოტოვებული სიტყვა და მისთ.).
განსაკუთრებული ვითარება
გარდა ამისა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება პროექტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ადმინისტრატორებს აქვთ უფლება გამონაკლისის სახით მიიღონ ბლოკირების სხვა ვადის გადაწყვეტილება. ამავდროულად არ არის მიზანშეწონილი უვადო ბლოკირების ინსტიტუტი, რადგანაც იგი კონტრპროდუქტიულია, თუმცა თუ საქმე ეხება პროექტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ადმინისტრატორებს აქვთ უფლება გამონაკლისის სახით მიიღონ უვადო ბლოკირების გადაწყვეტილება. უვადო ბლოკირების გადაწყვეტილების მიღებისას სავალდებულოა ბლოკირების გადაწყვეტილება შემუშავებულ იქნას არანკლებ 3 ადმინისტრატორის კონსენსუსის შემთხვევაში. ბლოკირების ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სხვა ადმინისტრატორთან ან ბიუროკრატთან. ასევე, არ არის რეკომენდირებული ერთი ადმინისტრატორის მიერ სხვა ადმინისტრატორის ქმედების გაუქმება (ერთმა დაბლოკა, მეორემ მოხსნა ბლოკი). ამ შემთხვევაში სჯობს კონფლიქტის გატანა შესაბამის ფორუმზე.
II ხარისხი
პიროვნების შეურაცხყოფად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი სიტუაცია:
- განცხადებები იმის თაობაზე, რომ მომხმარებელს არ შეუძლიია ამა თუ იმ სტატიის რედაქტირება, ან სულაც ვიკიპედიის ღირსეულ მომხმარებელად ყოფნა მისი ასაკის, სქესის, ეროვნების, რელიგიის, სოციალური ჯგუფის, პროფესიის, ორგანიზაციაში წევრობისა ან მისთ. ცხადია, წესის ამ პუნქტის დარღვევის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტს, არის თუ არა მომხმარებელი მართლაც იმ ჯგუფის წევრი.
- მომხმარებლის წვლილის ზოგადი უარყოფითი შეფასება („ის - ტროლია“, “ის - ცუდი რედაქტორია“ და მისთ.)
- ნეგატიურად შეფერილი ლექსიკა, რომლითაც ერთი მომხმარებელი ახასიათებს მეორეს, მაგ. „სულელი“, „დებილი“, „დეგენერატი“ და მისთ., ასევე ნებისმიერი სახის უცენზურო ლექსიკა, როგორადაც არ უნდა იყოს ის შენიღბული (სიტყვაში ასოების გამოტოვება, მათი შეცვლა ასტერისკითა თუ წერტილით და მისთ.)
- ნეგატიური გამონათქვამები სხვების მიმართ უკეთესობის პოზიციიდან (მაგ. „მე მეცნიერებათა დოქტორი ვარ, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, და შენ რა ხარ?!“).
- მომხმარებლის სახელის გააზრებული დამახინჯება.
- მტკიცება იმისა, რომ მომხმარებელს გააჩნია დაავადება, ფიზიკური თუ მენტალური არასრულფასოვნება.
- ბმულები ვიკიპედიისა თუ გარე რესურსებზე, რომლებიც ასახავენ უარყოფით მოვლენას, იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელია ამ მოვლენის დაკავშირება სხვა მომხმარებელთან (მაგ. „თქვენ, %username%, უნდა გაეცნოთ...“)
გარდა ამისა, არ აქვს მნიშნველობა, თუ რომელ სიტუაციაში იყო შეურაცხყოფა მიყენებული მომხმარებლისადმი. ასევე არ აქვს მნიშვნელობა იმას, იყო თუ არა შეურაცხყოფილი მომხმარებელი ნახსენები სახელით, თუ არსებული კონტექსტი პირდაპირ მიანიშნებს მასზე.
შერბილება
მიუხედავად გავრცელებული შეხედულებისა, რომ ბოდიში საქმეს არ შველის, ვიკიპედიაში ეს მთლად ასე არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აღიარებს საკუთარ შეცდომას და სხვა მომხმარებელს მოუბოდიშებს, ადმინისტრატორს აქვს უფლება შეურბილოს ან სულაც გააუქმოს ბლოკირების ვადა.
გარდამავალი პერიოდი
იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ვიკიპედიაში ეს წესი გაცილებით გვიან იქნა შემოღებული, ვიდრე სხვაენოვან ვიკიპედიებში, ქართულ განყოფილებაში საჭიროა დროებითი გარდამავალი პერიოდის დაწესება. ამ წესის შემოღებისთანავე, ცხადდება სრული ამნისიტია ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც დაიბლოკა ამგვარი ქმედებისთვის. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ვინმე შეეცდება სხვა მომხმარებლის დადანაშაულებას ამ წესის შემოღებამდე ჩადენილი საქციელის საფუძველზე, იგი უნდა განიხილებოდეს როგორც ამ წესის დამრღვევი (პუნქტი ვიკიპედიის წესებისა და ნორმების დარღვევაში უსაფუძვლო დადანაშაულება.) და მას უნდა მოექცნენ, როგორც ამ პუნქტის დამრღვევს.