ანტისემიტიზმის ისტორია

ანტისემიტიზმის ისტორიაანტისემიტიზმი ანუ ებრაელების, როგორც რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის, მიმართ მტრული დამოკიდებულება სათავეს შორეულ წარსულში იღებს. მკვლევარმა ჯერომ ჩეინზმა გამოჰყო ანტისემიტიზმის ისტორიული განვითარების ექვსი ეტაპი:[1]

  1. ქრისტიანობამდელი ანტიიუდაიზმი ძველ საბერძნეთსა და რომში, რომელიც ძირითადად ეთნიკური ხასიათის იყო;
  2. ქრისტიანული ანტისემიტიზმი ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში, რომელსაც რელიგიური ელფერი ჰქონდა და გავრცელებულია თანამედროვეობაშიც;
  3. მუსლიმური ანტისემიტიზმი, რომელიც კლასიკური ფორმით რთული და მრავალმხრივი ფენომენია;
  4. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ანტისემიტიზმი, რომელიც განმანათლებლობის პერიოდის და შემდგომდროინდელ ევროპაში იყო გავრცელებული და მოამზადა ნიადაგი რასობრივი ანტისემიტიზმისთვის;
  5. რასობრივი ანტისემიტიზმი, რომელიც XIX საუკუნეში წარმოიქმნა და კულმინაციას ნაციზმის დროშის ქვეშ მიაღწია;
  6. თანამედროვე ანტისემიტიზმი, რომელსაც ზოგჯერ „ახალ ანტისემიტიზმს“ უწოდებენ და გამოიხატება სიონიზმისა და ისრაელის სახელმწიფოს პოლიტიკის კრიტიკით.

ანტისემიტიზმი ანტიკურ ხანაში და ქრისტიანული ანტისემიტიზმის საფუძვლები

რედაქტირება
 
იერუსალიმის ტაძრის განადგურება. მხატვარი ფრანჩესკო ჰაიესი, 1867.

ანტისემიტიზმი უძველესი დროიდან ამა თუ იმ სახით არსებობდა იქ, სადაც ებრაელები პალესტინის გარეთ სახლდებოდნენ. ძველ ბერძნულ-რომაულ სამყაროში მას საფუძვლად ეთნიკური და რელიგიური სხვაობა ედო. მაგალითად, ელინისტურ საზოგადოებაში ძვ. წ. I – ახ. წ. I საუკუნეებში განსაკუთრებით გამოხატული იყო უარყოფითი დამოკიდებულება ებრაელთა სოციალური სეგრეგაციის და მათ მიერ პოლითეისტური პანთეონის ღმერთების უარყოფის გამო, ძველრომაელთათვის კი მათი იმპერატორების ღვთაებრიობის უარყოფა პოლიტიკური ლოიალობის არარსებობას ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ იესო ნაზარეველი და მისი მოწაფეები მორწმუნე ებრაელები იყვნენ და ქრისტიანობას საფუძველად იუდეველთა მონოთეიზმი დაედო, იუდაიზმი და ქრისტიანობა მალევე კონკურენტი რელიგიები გახდნენ. ქიშპობა თავდაპირველად თეოლოგიური ხასიათის იყო, მაგრამ მალევე შეიძინა პოლიტიკური ხასიათიც. ორი რელიგიის დაპირისპირებაში გარდამტეხი რომაელების მიერ ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის ტაძრის დანგრევა გახდა. ებრაელებიც და ქრისტიანებიც ამ კატასტროფულ მოვლენას ღვთის რისხვად თვლიდნენ, მაგრამ ქრისტიანული მოძღვრება რომაელებზე მეტად პასუხისმგებლობას პირდაპირ თუ ირიბად ებრაელებს, როგორც „ძე ღვთისას“ მკვლელებს, აკისრებდა.

ქრისტიანობის ფართოდ გავრცელებასთან ერთად ებრაელთა მიმართ გაუცხოება გაიზარდა. ზოგიერთი ადრეული ქრისტიანი თეოლოგი თვლიდა, რომ ებრაელთა ერთადერთი ისტორიული მიზანი ძე ღვთისას მოვლინების შემზადება იყო; ამის შემდეგ მათი როლი განუსაზღვრელი იყო, ამიტომ ებრაელების, როგორც დამოუკიდებელი რელიგიური ჯგუფის, არსებობას ბევრი ქრისტიანი გაუმართლებლად თვლიდა, ებრაელთა ლტოლვილობა კი იესო ქრისტეს, როგორც მესიის, უარყოფისა და მის ჯვარცმაში თანამონაწილეობის გამო ღვთით მოვლენილ სასჯელად მიიჩნეოდა (ამ მოსაზრების გამოვლინება იყო ლეგენდა აჰასფერის ანუ „მარადი ურიას“ შესახებ). რომის იმპერიაში ქრისტიანობის დომინანტურ რელიგიად გადაქცევის შემდეგ მიღებული იქნა რიგი კანონებისა, რომლებიც ებრაელების სეგრეგაციას, სოციალურ მარგინალიზაციას და მათი თავისუფლების შეზღუდვას უწყობდა ხელს.

ებრაელების მიმართ მტრობა განსაკუთრებით მწვავედ ქრისტიან თეოლოგთა შრომებში იყო გამოხატული. ნეტარი ავგუსტინედან (IV საუკუნე) მარტინ ლუთერამდე (XVI საუკუნე) თითქმის ყველა ცნობილი ღვთისმეტყველი ებრაელებს აძაგებდა, როგორც ღმერთის წინააღმდეგ ამბოხებულ ხალხს და ქრისტეს მკვლელებს. ამ შეხედულების საბოლოო უარყოფა მხოლოდ 1965 წელს მოხდა რომის წმინდა საყდრის მიერ Nostra aetate-ის (ლათ. „ჩვენს ერაში“) განცხადებით.

ანტისემიტიზმი შუა საუკუნეების ევროპაში

რედაქტირება
 
ებრაელების სიკვდილით დასჯა. გრავიურა ხეზე, 1493.
 
ებრაელების გაძევება ინგლისიდან 1290 წლის ედიქტით. მინიატურა, XIV საუკუნე.

შუა საუკუნეების ევროპის უმეტეს ნაწილში ებრაელებს უარს ეუბნებოდნენ სამოქალაქო უფლებებზე, მათ ეკრძალებოდათ სამთავრობო და სამხედრო თანამდებობების დაკავება, გილდიების წევრობა. მიუხედავად ამისა, ბევრი ევროპელი მმართველი, განსაკუთრებით ადრე შუა საუკუნეებში, ებრაელების მიმართ ტოლერანტობას იჩენდა. ასევე, ბევრ საზოგადოებაში არ იყო ებრაელების მიმართ უნივერსალური მტრობისა და დისკრიმინაციისკენ მიდრეკილება. თუმცა, 1096 წელს, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყებასთან ერთად, ჯვაროსნებმა საფრანგეთსა და საღვთო რომის იმპერიაში ებრაელების დევნა გააჩაღეს; მოხდა სისხლიანი დარბევები ვორმსში, ტრიერსა და მეცში. XII საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ხმები ებრაელებს ბრალად დებდა რიტუალურ მკვლელობებს, საღვთო ჰოსტიის (სეფისკვერი) წაბილწვას — თითქოს ქრისტიან ბავშვებს მსხვერპლად სწირავდნენ და მათი სისხლით აზავებდნენ პასექისთვის განკუთვნილ ხმიადს (მაცა). აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ეს ე. წ. სისხლიანი ცილისწამებები უფრო იშვიათი იყო. ამ ბრალდებებს შორის დასავლეთ ევროპაში პირველი და ყველაზე გახმაურებული იყო ინგლისელი ბიჭის, უილიამ ნორვიჩელის მკვლელობის საქმე (1144). წარმოდგენები ებრაელების მიერ ჩადენილ რიტუალურ მკვლელობებზე XX საუკუნემდე შემორჩა; 1930-იან წლებში „სისხლიანი ცილისწამებები“ ნაცისტური პროპაგანდის ნაწილი იყო. ნაცისტებმა ასევე აღადგინეს ანტისემიტური სოციალური სეგრეგაციის პრაქტიკა, რომელიც XII საუკუნეში იყო გავრცელებული — ებრაელების იძულება ეტარებინათ განმასხვავებელი ყვითელი სამკერდე ნიშანი. შუა საუკუნეებში წარმოიშვა ასევე ებრაელების ევროპული ქალაქების გეტოებში იზოლირების პოლიტიკა, რომელიც XX საუკუნის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდა.

გვიან შუა საუკუნეებში ევროპაში ვაჭრობისა და ფინანსური კავშირების მკვეთრ ზრდასთან ერთად ბევრი ებრაელი ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩაება. ებრაელები აქტიურად მონაწილეობდნენ ვაჭრობაში, საბანკო და სავახშო საქმეში, აღწევდნენ წარმატებებს ეკონომიკურ და კულტურულ ასპარეზზე. ამგვარად ტრადიციულ რელიგიურ წარმოდგენებს უკვე ეკონომიკური ინტერესების შეჯახებაც დაერთო, რასაც მოჰყვა ებრაელების იძულებითი განდევნა ინგლისიდან (1290), საფრანგეთიდან (XIV საუკუნე), გერმანიიდან (1350-იანი წლები), პორტუგალიიდან (1496), პროვანსიდან (1512) და პაპის სახელმწიფოდან (1569). ესპანეთში ებრაელების მოზრდილი და კარგად დამკვიდრებული თემის მიმართ მზარდი დისკრიმინაცია 1492 წელს მათი განდევნით დასრულდა: მხოლოდ ქრისტიანობაზე მოქცეულ ებრაელებს ჰქონდათ დარჩენის უფლება, მალულად იუდაისტური აღმსარებლობა კი ინკვიზიციის წესებით ისჯებოდა. შედეგად, ებრაული ცხოვრების ცენტრებმა დასავლეთ ევროპიდან ოსმალეთში, შემდეგ პოლონეთსა და რუსეთში გადაინაცვლა.

მიუხედავად გავრცელებული დისკრიმინაციისა, საჭიროების შემთხვევაში ებრაელებს ევროპაში ტოლერანტულად ექცეოდნენ. ფართო საზოგადოებისგან მარგინალიზებულებიც კი ისინი უმიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ ვაჭრობასა და აღებ-მიმცემლობის საქმეში. ვინაიდან იმდროინდელი წარმოდგენები ქრისტიანულ სამყაროში არ უშვებდა ფულის სესხებას, ხოლო ებრაელებს ეკრძალებოდათ მიწის მფლობელობა, ისინი წამყვან როლს თამაშობდნენ საბანკო და სავახშო საქმეშიც. ესპანეთიდან განდევნამდე (1492) ამ ქვეყნის ებრაული თემის წიაღში დაიბადა ბევრი ცნობილი ფილოსოფოსი, ექიმი, პოეტი და მწერალი, რომლებიც ქრისტიანებთან და მუსლიმებთან ერთად მოღვაწეობდნენ მუსლიმური იბერიის ზოგადად ტოლერანტულ კულტურულ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში.

ებრაელების დემონიზაცია ევროპაში პროტესტანტული რეფორმაციის შემდეგაც გაგრძელდა. თავისი მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე მარტინ ლუთერი ებრაელების მიმართ დადებითად იყო განწყობილი და ფართოდ იყენებდა ებრაული სწავლულების ტექსტებს ბიბლიის გერმანულ თარგმანზე მუშაობისას, თუმცა შემდეგ ქრისტეს მოძვრების უარყოფის გამო ებრაელთა მიმართ ძალადობასაც გამართლებულად თვლიდა. ეს წარმოდგენები ოფიციალურად უარყო ლუთერანული ეკლესიის მისურის სინოდმა (ამერიკის შეერთებული შტატები) 1983 წელს და ევანგელურმა ლუთერანულმა ეკლესიამ ამერიკაში 1994 წელს.

ანტისემიტიზმი თანამედროვე ევროპაში

რედაქტირება
 
ანტისემიტური კარიკატურა ფრანგულ პრესაში. გაზეთი La Libre Parole, 1893.

შუა საუკუნეების ეპოქის დასრულება ევროპაში ებრაელთა სტატუსზე ნაკლებად აისახა. კათოლიკურ ქვეყნებში გრძელდებოდა ანტი-ებრაული კანონმდებლობის მოქმედება და ებრაელების გეტოებში სეგრეგაცია. პერიოდულად ხდებოდა ებრაელების დარბევები. ბევრი ებრაელი შეეწირა პოგრომებს XVII საუკუნის შუა ხანებში პოლონელ კათოლიკეებსა და უკრაინელ მართლმადიდებლებს შორის ომების დროს. დასავლეთ ევროპაში ებრაელების პერიოდული დარბევები XVIII საუკუნის მეორე ნახევარში განმანათლებლობის იდეების გავრცელებამ დაასრულა. ანტისემიტური განწყობები ამით არ აღმოფხვრილა. ევროპელი განმანათლებლები ამჯერად ებრაელებს არა იესო ქრისტეს ჯვარცმაში ადანაშაულებდნენ, არამედ ქრისტიანობის გავრცელებაში და მონოთეისტური რელიგიების მიმდევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებში. დენი დიდრო და ვოლტერი ებრაელებს აკრიტიკებდნენ, როგორც საზოგადოების გაუცხოებულ ჯგუფს, რომელიც პრიმიტიულ და ცრუმორწმუნეობრივ აღმსარებლობას მისდევდა.

ევროპაში ებრაელთა საზოგადოებისგან გარიყვამ გააძლიერა მათი რელიგიური იდენტობა და თავისებური სათემო ინსტიტუტები, რომელიც სასამართლო და კვაზი-ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებდა. 1789 საფრანგეთის რევოლუციამ ებრაელებს მოქალაქეობის უფლება მოუპოვა, თუმცა სამოქალაქო უფლებებით სარგებლობა დამოკიდებული იყო ებრაელის მზაობაზე დაეთმო ტრადიციული წეს-ჩვეულებები და თემური იდენტობა. ეს მიდგომა აისახა იმდროინდელ ლოზუნგში: „ებრაელს, როგორც ინდივიდს — ყველაფერი, ებრაელებს, როგორც ხალხს — არაფერი“. საფრანგეთის კვალდაკვალ, ებრაელების მიმართ სამოქალაქო და ლეგალური თანასწორობის პრინციპები გავრცელდა ნაპოლეონის ომების დროს საფრანგეთის კონტროლქვეშ მყოფ გერმანულ ტერიტორიებზე. ებრაელების საბოლოო და სრული ემანსიპაცია გერმანიაში მხოლოდ გერმანული სახელმწიფოების გაერთიანების შემდეგ მოხდა 1871 წელს.

თვით საფრანგეთშიც კი, ებრაელების ემანსიპაციამ ანტისემიტიზმი არ დაასრულა. მოხდა მისი სახეცვლილება. XIX საუკუნეში ნაციონალიზმის, როგორც ევროპული საზოგადოების იდენტობის განმსაზღვრელი ფაქტორის, აღზევებამ ანტისემიტიზმს რელიგიური მოტივის ნაცვლად რასობრივი და კულტურული შინაარსი შესძინა. წარმოიშვა ფსევდომეცნიერული თეორები, რომლებიც ამტკიცებდა, რომ ებრაელები ე. წ. არიულ რასაზე დაბლა იდგნენ. ასეთი თეორები ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა მზარდი ანტისემიტური განწყობების გასაძლიერებლად იმ ქვეყნებში, სადაც არსებული სოციალური და პოლიტიკური პრობლემებში იოლად შეიძლებოდა ებრაელების დადანაშაულება. ამგვარად, ბევრმა პოლიტიკოსმა ანტისემიტიზმი მძლავრ პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია. მაგალითად, 1890-იან წლებში ანტისემიტური ლოზუნგების წყალობით კარლ ლიუგერმა გამარჯვება მოიპოვა ავსტრია-უნგრეთის მულტიკულტურული დედაქალაქის — ვენის მერის არჩევნებში. XIX საუკუნის ბოლოსთვის გერმანიასა და ავსტრიაში ანტისემიტიზმი კარგად ორგანიზებული პოლიტიკური იდეოლოგია იყო, თავისი პოლიტიკური პარტიებით.

რუსეთის იმპერიაში ებრაული მოსახლეობის წილი 1790-იან წლებში პოლონეთის ტერიტორიების ანექსიის შემდეგ გაიზარდა. რუსეთის მთავრობა ებრაელებს მოსახლეობის უფლებას აძლევდა იმპერიის დასავლეთ რეგიონებში გამოყოფილ არეალში, რომელსაც „დასახლების ზღვარი“ (რუს. Черта́ осе́длости) ეწოდებოდა. 1881 წელს ამ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ებრაელების მასობრივ პოგრომებს, რასაც მომდევნო წელს ე. წ. მაისის კანონების გამოქვეყნება მოჰყვა. ახალი კანონმდებლობით ებრაელებს ეკრძალებოდათ ქალაქების გარეთ ცხოვრება და ეზღუდებოდათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ურბანული დასახლებების გარეთ ვაჭრობა და ხელოსნობა. ამან მომდევნო ოთხი ათწლეულის განმავლობაში გამოიწვია მილიონზე მეტი ებრაელის ემიგრაცია რუსეთის იმპერიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ემიგრაციის უფრო მცირე ტალღამ მიაშურა დასავლეთ ევროპას, სადაც ებრაელებს მზარდი ანტისემიტური განწყობები დახვდათ.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო ე. წ. დრეიფუსის საქმე. 1894 წელს ებრაული წარმოშობის ფრანგ ოფიცერს, ალფრედ დრეიფუსს ბრალი დასდეს ღალატში. მის საბოლოო გამართლებას, რომელიც 1906 წელს მოხდა, ხელს უშლიდა სამხედრო ხელმძღვანელობა და ანტისემიტური პრესა. ინციდენტმა და მასთან დაკავშირებულმა სკანდალმა საფრანგეთის პოლიტიკას ხანგრძლივი დაღი დაასვა.

XX საუკუნის პირველ ათწლეულში ევროპაში ანტისემიტური განწყობების გარკვეული დაღმასვლა იყო. დასავლეთ ევროპისგან განსახვავებით, ებრაელების მიმართ ძალადობა გრძელდებოდა რუსეთში. 1903 და 1905 წლებში მასშტაბური პოგრომები მოხდა კიშინიოვში (ახლანდ. მოლდოვა). რუსეთის საიდუმლო პოლიციამ გამოაქვეყნა ნაყალბევი დოკუმენტი „სიონელი ბრძენკაცების პროტოკოლები“ (რუს. Протоколы сионских мудрецов), რომელიც თითქოს ებრაელების მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვის სამოქმედო გეგმა იყო. ამან საფუძველი ჩაუყარა ანტისემიტური შინაარსის შეთქმულების თეორიების მთელს რიგს, რომელიც დღემდე გრძელდება.

პირველი მსოფლიო ომის თანმხლებმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა ევროპაში ანტისემიტური ტენდენციების გაძლიერება გამოიწვია. ამას თან დაერთო რუსეთის 1917 წლის რევოლუციაში ებრაელი ბოლშევიკი ლიდერების წამყვანი როლი, რამაც ახალი ცრურწმენა გააჩინა „ებრაული ბოლშევიზმის“ საფრთხის სახით. ომისშემდგომ გერმანიაში ანტისემიტური ელემენტები შეუკავშირდნენ რევანშისტურ ნაციონალისტურ ძალებს და ებრაელებს ბრალი დასდეს ომში მათი ქვეყნის მარცხში. ანტისემიტიზმი ფართოდ გავრცელდა ასევე აღმოსავლეთ ევროპაში — პოლონეთში, უნგრეთსა და რუმინეთში.

ნაცისტური ანტისემიტიზმი და ჰოლოკოსტი

რედაქტირება
 
„უკანასკნელი ებრაელი ვინიცაში“. უცნობი ფოტოგრაფი, 1941.

ადოლფ ჰიტლერის მმართველობის პერიოდში ნაცისტურ გერმანიაში ანტისემიტური ძალადობის ქარიშხალი (1933-1945) ებრაელი ხალხის უდიდეს ტრაგედიად იქცა. გერმანიაში დისკრიმინაციისა და ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბებმა ანტისემიტური ორგანიზაციები სხვა ქვეყნებშიც შთააგონა; საფრანგეთში ესენი იყვნენ კაგულარები, უნგრეთში — „ჯვარედინი ისრების“ პარტია, ინგლისში — ფაშისტთა ბრიტანული კავშირი, ამერიკის შეერთებულ შტატებში — გერმანულ-ამერიკული კავშირი და „ვერცხლისფერი პერანგები“.

ნაცისტურ გერმანიაში ანტისემიტიზმს მძლავრი რასობრივი სარჩული დაედო. თუ შუა საუკუნეების ევროპელი ქრისტიანები ებრაელებს რელიგიის გამო დევნიდნენ და მათი გაქრისტიანება ჰქონდათ მიზნად, ნაცისტები ებრაელებს ადამიანთა არასრულფასოვან მოდგმად და „მსოფლიო კიბოდ“ თვლიდნენ, რომელიც გერმანელ ხალხს განადგურებას უქადდა. ამიტომ ნაცისტი იდეოლოგების დღის წესრიგში იდგა „ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“ — ყველა ებრაელის ფიზიკური განადგურება და კაცობრიობის მოდგმიდან ამოძირკვა. ნაცისტები ებრაელობას ბიოლოგიურ ფენომენად თვლიდნენ და მისი საბოლოო განადგურებით გერმანელი ერის განწმედასა და ხსნას ისახავდნენ მიზნად. ანტისემიტიზმის ნაცისტური ინტერპრეტაციის ახალი ელემენტი იყო კლასობრივი სხვაობის უარყოფა: ის თანაბრად ეხებოდა მასებსაც და ელიტასაც. ჰიტლერის გერმანიაში ანტისემიტიზმი ოფიციალური პოლიტიკა იყო — ისწავლებოდა სკოლებში, იხვეწებოდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში და ხდებოდა მისი გავრცელება კარგად ორგანიზებული საერთაშორისო პროპაგანდისტული მანქანით. 1941 წელს ნაცისტურ პარტიამ ოფიციალურ პოლიტიკად აქცია ევროპელი ებრაელობის ლიკვიდაცია. მეორე მსოფლიო ომის დროს მიზანმიმართული გენოციდის (ჰოლოკოსტი) პირობებში დაახლოებით 5.7 მილიონი ებრაელი შეეწირა ნაცისტების მობილურ „სიკვდილის დანაყოფებს“, მასობრივ საკონცენტრაციო ბანაკებს აუშვიცში, ხელმნოში, ბელჟეცში, მაიდანეკსა და ტრებლინკაში, მძიმე იძულებით შრომით სამუშაოებს, შიმშილსა და ავადმყოფობას.

ანტისემიტიზმი და ისლამი

რედაქტირება

საუკუნეების განმავლობაში მუსლიმური საზოგადოებები ებრაელების მიმართ ტოლერანტულები იყვნენ. ისლამი ებრაელებს „წმინდა წერილის ხალხად“ მიიჩნევდა და ანიჭებდა „ზიმის“ (არაბ. ذمي‎ ḏimmī) სტატუსს, რაც დაქვემდებარებულ, მაგრამ უფლებაშენარჩუნებულ თემს აღნიშნავდა. მუსლიმების დამოკიდებულება ებრაელების მიმართ ძირითადად არ განსხვავდებოდა მათ მიდგომაში აღმსარებლობით განსხვავებული სხვა თემების მიმართ. არაბული ანტისემიტიზმი XIX საუკუნეში ჩაისახა, თუმცა ბევრი მკვლევარი მას არაბი ქრისტიანების ნაციონალისტურ წრეებში წარმოშობილად და შემდეგ მუსლიმურ გარემოში „იმპორტირებულად“ მიიჩნევს.[2]

XX საუკუნეში ებრაელების მასობრივმა გადასახლებამ პალესტინაში და აქამდე არაბულად მიჩნეულ ტერიტორიაზე ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ (1948) არაბულ სამყაროში ებრაელების მიმართ მტრული დამოკიდებულების განსაკუთრებული აღმავლობა გამოიწვია. მას პოლიტიკური, იდეოლოგიური (ანტი-სიონისტური) და რელიგიური სარჩული ჰქონდა და არა რასობრივი. XX საუკუნის მეორე ნახევარში ებრაელების შევიწროებამ მუსლიმურ ქვეყნებში გამოიწვია მათი თითქმის სრული გადასახლება ისრაელში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ისლამს არ მიიჩნევს თავისთავად ანტისემიტურად, მუსლიმურ სამყაროში კვლავ ძლიერია ღიად ანტისემიტური და ისრაელისადმი მტრული განწყობები.

ანტისემიტიზმი ჰოლოკოსტის შემდეგ

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების განადგურებას დასავლეთ ევროპაში და აშშ-ში ანტისემიტიზმის მკვეთრი დაღმავლობა და ანტისემიტური ელემენტების მარგინალიზაცია მოჰყვა. აშშ-ში მოხდა ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში ებრაელების სრულფასოვანი ინტეგრაცია, ანტისემიტიზმი იშვიათ ექსტრემისტულ ფენომენად იქცა და ძირითადად ცალკეული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სახით ვლინდება. სახეცვლილი ანტისემიტიზმი შენარჩუნდა საბჭოთა კავშირში და რუსეთში. ომის შემდეგ ებრაელებს ავიწროებდნენ სტალინის მმართველობის დროს, დიქტატორის გარდაცვალებამდე 1953 წელს. ანტისემიტური განწყობები სსრკ-ში გამოვლინდა ექვსდღიანი ომის დროს 1967 წელს, ასევე მთავრობის მცდელობაში შეწინააღმდეგებოდნენ საბჭოთა ებრაელების ემიგრაციას. ანტიებრაულ რეპრესიებს ადგილი ჰქონდა კომუნისტურ პოლონეთში 1956-1957 და 1968 წლებში.

პაპ იოანე XXIII-ის ზეობის დროს ვატიკანის მეორე კრებამ (1962-1965) იუდაიზმი ლეგიტიმურ რელიგიად აღიარა და ებრაელებს მოუხსნა იესო ქრისტეს მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდება. Nostra aetate-ის სახელით ცნობილი დოკუმენტის ძალით შეიცვალა წითელ პარასკევს აღვლენილი ლიტურგიის შინაარსი, რომელიც უარყოფითად ეხებოდა ებრაელებს; გარკვეული ცვლილებები მოხდა ასევე რომაულ-კათოლიკურ კატეხიზმოში. ძველი ლიტურგია და შესაბამისი ლოცვა აღადგინა პაპმა ბენედიქტე XVI-მ 2007 წელს, თუმცა ებრაელების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ ის გარკვეულწილად კვლავ შეიცვალა 2008 წელს. ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პაპმა იოანე პავლე II-მ, რომელიც ახალგაზრდობისას თავად იყო ჰოლოკოსტის მომსწრე იყო პოლონეთში. 1986 წელს ის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტით ეწვია რომის სინაგოგას, 1993 წელს მისი თაოსნობით ვატიკანმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ისრაელის სახელმწიფოსთან. 2000 წლის მარტში იოანე პავლე II თავად ეწვია ისრაელს, იად-ვაშენის ჰოლოკოსტის მემორიალთან სიტყვით გამოსვლისას დაგმო ანტისემიტიზმი, როგორც ანტიქრისტიანული მოვლენა და ქრისტიანების მხრიდან ებრაელთა დევნის გამო ბოდიში მოიხადა, შესაბამისი ლოცვა კი წარწერის სახით მოათავსა ებრაელთა წმინდა ადგილას — დასავლეთის კედელზე.

კომუნისტური ბლოკის დაშლამ 1990-იან წლებში და რომაულ-კათოლიკური და სხვა ქრისტიანული ეკლესიების შემრიგებლურმა პოზიციამ ებრაელების მიმართ რადიკალურად დაასუსტა ანტისემიტიზმი ევროპაში, თუმცა ცალკეული გამოვლინებები კვლავ გრძელდებოდა. მაგალითად, ანტისემიტური განწყობების გარკვეული ზრდა შეინიშნებოდა 1980-იან და 1990-იან წლებში ავსტრიასა და შვეიცარიაში, რაც ამ ქვეყნებში ნაციზმის მემკვიდრეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სკანდალს მოჰყვა. 1986 წელს ავსტრიის პრეზიდენტობის გამარჯვებული კანდიდატის, კურტ ვალდჰაიმის წარსული ნაცისტური კავშირების გამო გამოთქმულმა შეშფოთებამ მისი ზოგიერთი მომხრის მხრიდან ანტისემიტური რეაქციები გამოიწვია. 1990-იანი წლების მიწურულს გამოვლინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიულმა ბანკებმა მოახდინეს სავარაუდოდ ებრაელებისთვის ნაცისტების მიერ ჩამორთმეული ოქროს „გათეთრება“, შემდეგ კი ებრაელების ანაბრებზე თანხა არ დაუბრუნებიათ. საერთაშორისო კრიტიკას და რესტიტუციის მოთხოვნას შვეიცარიაში ანტისემიტური განწყობების ზრდა მოჰყვა. სხვადასხვა მიზეზის (მათ შორის, ძლიერ ოლიგარქიაში ებრაელების არაპროპორციულად დიდი წილის) გამო ხშირი იყო ასევე ებრაელების საწინააღმდეგო მოწოდებები პოსტსაბჭოთა რუსეთში.

სიონიზმის ფუძემდებლები და ისრაელის სახელმწიფოს შემქმნელები იმედოვნებდნენ, რომ ებრაული სახელმწიფოებრიობა, მისი მიღწევები და მასთან დაკავშირებული სიმბოლოები ანტისემიტიზმის პოზიციებს დაასუსტებდა. თუმცა 1973 წლის იომ-ქიფურის ომის დროიდან მოყოლებული ისრაელის სახელმწიფოს არსებობას საპირისპირო ეფექტი ჰქონდა და XXI საუკუნის პირველ ათწლეულში მსოფლიოში ანტისემიტური განწყობების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ამას ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთში მუდმივად დაძაბულმა პოლიტიკურმა გარემომ და ძალადობის აფეთქებებმა, რეგიონიდან ემიგრირებული მუსლიმური მოსახლეობის წილის მატებამ ევროპაში და ინტერნეტისა და თანამედროვე კომუნიკაციების სხვა საშუალებებით ანტისემიტური ჯგუფების მზარდმა კოორდინაციამ. ამასთან, ისრაელის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკურად მოტივირებული შეტევები და ძალადობა ხშირად არ ასხვავებს სახელმწიფოსა და ეთნიკურად ებრაელებს, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობას.

XXI საუკუნის დასავლურ მედიაში ხშირად განიხილება ე. წ. ახალი ანტისემიტიზმის ფენომენი, რომელსაც დასავლელი მემარცხენეების მხრიდან ისრაელის სახელმწიფოსა და მისი პოლიტიკის მზარდ კრიტიკას მიაწერენ. ამავე პერიოდში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების პარალელურად ღია ან სუსტად შეფარული ანტისემიტიზმი გამოვლინდა ასევე უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების აქტიურობაში, მაგ., საბერძნეთსა და უნგრეთში.

ანტისემიტიზმი საქართველოში

რედაქტირება

ებრაელთა ისტორია საქართველოში ტრადიციულად 26 საუკუნით თარიღდება. საქართველოში ანტისემიტიზმს ფართოდ გავრცელებული, აშკარა და ორგანიზებული ხასიათი არასდროს ჰქონია. ცალკეულ გამოვლინებებს და ინციდენტებს ადგილი ჰქონდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და რუს საერო და სასულიერო მოხელეთა შორის ანტისემიტური განწყობები მძლავრობდა. 1852, 1878, 1881, 1882, 1883, 1884 წლებში იყო „სისხლის ცილისწამების“ შემთხვევები. ამათგან ყველაზე მეტად გახმაურდა 1878 წლის „ქუთაისის პროცესი“, რომლის დროსაც 9 საჩხერელ ქართველ ებრაელს ბრალი დასდეს პასექის დღეებში 9 წლის ქრისტიანი გოგონას, სარა მოდებაძის რიტუალური მიზნით მკვლელობაში. 1879 წლის 13 მარტს ბრალდებულები უდანაშაულოდ სცნეს (მათ იცავდნენ ცნობილი ადვოკატები პეტრე ალექსანდროვი და ლევ კუპერნიკი).[3] მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ერთი ნაწილის აზრი იმის შესახებ, რომ იუდეველები მაცის დასამზადებლად ქრისტიანთა სისხლს იყენებენ, ერთხანს ურყევად დარჩა. „ქუთაისელი ებრაელების“ დანაშაულში დარწმუნებული იყო და მათმა გამართლებამ აღაშფოთა რუსი მწერალი თედორე დოსტოევსკიც.[4] 1895 წელს ქუთაისში იყო ადგილობრივი ებრაელების დარბევის მცდელობა. 1913 წელს ქუთაისის გუბერნატორის თანაშემწის მიერ შექმნილი ჯგუფი სისტემატურად სძალავდა ფულს ებრაელებს; რამდენიმე დაუმორჩილებელი მოკლეს.[5]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Chanes, Jerome A. (2004). Antisemitism: A Reference Handbook. ABC-CLIO, გვ. 5–6. ISBN 9781576072097. 
  2. Cohen, Mark R. (2002) „Medieval Jewry in the World of Islam“, The Oxford handbook of Jewish studies. Oxford University Press, გვ. 208. ISBN 9780199280322. 
  3. «Кутаисское дело» // Еврейская энциклопедия Брокгауза и Ефрона (1908—1913), Том девятый. Иудан — Ладенбург. — [1911]. — [14], 962 стб., 11 л. ил., карт. : ил.
  4. Достоевский Ф. М. О. А. Новиковой. 28 марта 1879. Петербург. // Достоевский Ф. М. [Cочинения]. Т. 30, кн. 1. Письма [1878-1880]. С. 58-59.
  5. სტატია Кутаиси ებრაულ ელექტრონულ ენციკლოპედიაში (რუსული)