Shine On You Crazy Diamond

პინკ ფლოიდის სიმღერა

Shine On You Crazy Diamond“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის კომპოზიცია ალბომზე Wish You Were Here[3][4]. იგი შედგება ცხრა ნაწილისგან და ალბომზე იყოფა ორ ნახევრად - ალბომის დასაწყისში ჟღერს ნაწილები I-V, ბოლოს კი - VI-IX. კომპოზიცია ეძღვნება ჯგუფის ყოფილ წევრ სიდ ბარეტს[5].

„Shine On You Crazy Diamond“

რადიოსთვის გამოცემული პრომო-სინგლის გარეკანი
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Wish You Were Here
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 15 სექტემბერი 1975
ჩაიწერა იანვარი-ივლისი 1975
ჟანრი პროგრესული როკი[1]
ხანგრძლივობა 26:11 (ყველა ნაწილი)
13:40 (ნაწილები I-V)
12:31 (ნაწილები VI-IX)
10:55 (რადიოს ვერსია)
17:32 (Echoes-ის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest, EMI (ბრიტანეთი)
Columbia, Capitol (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი, დეივიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი[2]
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Wish You Were Hereსიმღერები
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

კომპოზიციის პირველი მონახაზები 1974 წელს შეექმნა. აქ აისახა სიდ ბარეტის შეშლილობა, მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების პიკი და მისი შიზოფრენიულ იზოლირებაში გაუჩინარება. ძირითადი სეგმენტის დასაწყისში ჟღერს ოთხი ნოტი, რომელიც სტუდიური სესიებისას მოულოდნელად იპოვეს. კომპოზიციას დროებით „Syd's Theme“ (სიდის თემა) უწოდეს. ტექსტში აირეკლა როჯერ უოტერსის დამოკიდებულება ბარეტისადმი. გადიოდა დრო და როჯერი გრძნობდა, თუ როგორი იყო სიდის შეშლილობაში ჩაძირვისგან მიღებული შეგრძნება. ამას უკავშირდებოდა დანაშაულის განცდაც, ვინაიდან სწორედ როჯერი იყო სიდის ჯგუფიდან გაგდების პროცესში მონაწილე მთავარი ფიგურა.

როჯერი:

ვწუხვარ სიდზე. გადიოდა წლები და ვფიქრობდი, რომ იგი ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენდა, მთელი იმ სისულელის გამო, რაც ჩვენზე დაწერილა. სინამდვილეში იგი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო და ჯგუფი მის გარეშე ვერ დაიწყებდა, ვინაიდან სწორედ მის მიერ დაიწერა მთელი თავდაპირველი მასალა. იგი მის გარეშე ვერ შედგებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, შეუძლებელი იყო მასთან ერთად გაგრძელებაც. ის იქცა უკიდურესი გარიყვის სიმბოლოდ, რომელსაც ზოგიერთი მიმართავს, ვინაიდან ეს არის თანამედროვე ბნელი ცხოვრების ატანის ერთადერთი საშუალება - უბრალოდ გაუჩინარება.

1975 წლის 5 ივნისს ები-როუდის სტუდიებში ჯგუფი იწერდა ახალ კომპოზიციას. მასში ნახსენები იყო პერსონაჟი, რომლის ისტორია ძალიან ჰგავდა სიდ ბარეტისას. იმ დღეს დეივიდ გილმორსა და მის მეგობარ ჯინჯერს ნიშნობა ჰქონდათ. მეორე დღეს პინკ ფლოიდი იწყებდა მეორე დიდ ტურნეს აშშ-ში და მუსიკოსები ცდილობდნენ ახალი კომპოზიციის სრულყოფილ მდგომარეობამდე მიყვანას. მოულოდნელად სტუდიაში შემოვიდა სიდი[6][7], ხელში პოლიეთილენის ჩანთით.

გილმორმა იფიქრა, რომ ეს EMI-ს თანამშრომელი იყო. რიჩარდ რაიტი, რომელიც ამ დროს სტუდიაში შემოვიდა, მას ყურადღებას არ აქცევდა - სანამ როჯერმა თავად არ მიუთითა უცნაურ სტუმარზე და არ მიახვედრა, თუ ვინ იყო იგი. რაიტი აღნიშნავდა, რომ როჯერი აცრემლებული იყო, ვინაიდან კარგად იცოდა, თუ ვინ იყო ეს „დიდი, მსუქანი, მელოტი, შეშლილი პერსონაჟი“.

„წარსულიდან“ ჯგუფს სტუდიაში კიდევ ერთი სტუმარი, ყოფილი მენეჯერი ენდრიუ კინგი ეწვია. მისივე თქმით, სიდი ეჩვენა რომელიღაც რესტორნის შეფ-მზარეულად, მაგრამ მიხვდა რა, თუ ვინ იყო იგი, თავად მიუახლოვდა და ჰკითხა, თუ როგორ მოიმატა წონაში. „სამზარეულოში დიდი მაცივარი მაქვს და ღორის ხორცით ვიკვებები.“ - ასეთი იყო ბარეტის პასუხი. სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ სიდმა მუსიკოსებს მიანიშნა, რომ მზად იყო, დაბრუნებოდა აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას.

ამასობაში ჯგუფი მუშაობდა „Shine On You Crazy Diamond“-ის პრობლემაზე - ხმის მიქსზე. მუსიკოსები მას იმეორებდნენ და ამოწმებდნენ. სიდი ამასობაში ახლოს იმყოფებოდა და თავისთავად, არ გამოხატავდა იმის ნიშნებს, რომ ხვდებოდა, თუ ვისზე იყო ეს სიმღერა. კიდევ ერთი მოსმენისას მან იკითხა - „რატომ აკეთებთ ამას? თქვენ ხომ იგი უკვე მოისმინეთ“.

მოგვიანებით ბარეტი EMI-ს სასადილოში დეივიდის ნიშნობასთან[8] დაკავშირებით შეკრებილ სტუმრებს შეუერთდა. გააოცა რა სხვა მრავალი მოწვეული, რომლებმაც არაფერი იცოდნენ მის შესახებ, სტუდიები დატოვა. (საგულისხმოა, რომ ჯინჯერ გილმორი, დეივიდის ამჟამად ყოფილი მეუღლე, ამტკიცებდა, რომ ამ დღეს მას ნიშნობა არ ჰქონია). „Shine On You Crazy Diamond“-ის ძირითადი პერსონაჟი, ამრიგად, ბარეტია, თუმცა ითვლება, რომ ტექსტის განზოგადოებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ამრიგად, თუკი ალბომში The Dark Side Of The Moon როჯერი საუბრობდა იმაზე, რომ შეშლილობა არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა და ხოლმე გადარჩენის ერთადერთი გზა, Wish You Were Here, ტექსტებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ ითვალისწინებს, რომ შეშლილობისგან გასაქცევად ერთადერთი გზა არსებობს - გაუჩინარება, ყველასგან გარიყვა. არყოფნის ფაქტორი ვლინდება ალბომის გარეკანზეც, სადაც სხვადასხვა პერსონაჟის ნაწილი გაუჩინარებულია[9].

1975 წელს ჯგუფმა პირველად იმუშავა ჯერალდ სკარფთან, რომელმაც შემდგომში შექმნა ანიმაციური თანხლება და პერსონაჟები The Wall-ისთვის. მხატვარმა მათთვის „Shine On“-ის ორი რგოლი დაამზადა. ორივე შეტანილია Wish You Were Here-ის Immersion გამოცემაში.

სტრუქტურა

რედაქტირება

ეს არის კომპოზიციის შესავალი. გამოკვეთილია სინთეზატორის ჟღერადობა (EMS VCS 3) G აკორდში[10], აგრეთვე Hammond-ის ორგანი და ჭიქებით გამოწვეული მუსიკალური ჰანგები. ამის შემდეგ ჟღერს Minimoog. საგულისხმოა, რომ ეს ნაწილი წარმოიშვა უფრო ადრე ჩაწერილი კომპოზიციიდან, რომელიც ასევე წყლიან ჭიქებზე მანიპულირებით იწერებოდა - პროექტისთვის Household Objects. ეს უკანასკნელი განიხილებოდა ჯგუფის ახალ ალბომად, The Dark Side Of The Moon-ის შემდეგ და ითვალისწინებდა სხვადასხვა ნივთის დახმარებით მუსიკალური ჰანგების იმიტირებას. ალბომის „Wish You Were Here“ Immersion და Experience გამოცემებში ასევე შეტანილია ნახსენები სეგმენტი წყლიანი ჭიქებით - „Wine Glasses“, ხოლო „The Hard Way“, კიდევ ერთი ნამუშევარი ამ სესიებიდან, მოხვდა The Dark Side of the Moon-ის Immersion და Experience გამოცემებში.

ე.წ. „სიდის თემა“ - ოთხი ნოტისგან შემდგარი მელოდია, რომელზეც აგებულია ორივე ნაწილი. უერთდება დასარტყმელი საკრავები. ეს არის კომპოზიციის ყველაზე ცნობილი მონაკვეთი.

როჯერ უოტერსის ალბომში Amused To Death არის ბევრი მონაკვეთი, რომელიც იყენებს პინკ ფლოიდის სიმღერების ხმოვან ეფექტებს და მელოდიებს - მაგალითად, სიმღერის „Too Much Rope“ ბოლოს ჟღერს ოთხი ნოტი „Shine On“-იდან.

იწყება რიჩარდ რაიტის სოლოთი, რომელიც Minimoog-ზე სრულდება. აქ შემოდის გილმორის მესამე სოლო, შესრულებული ბლუზურ სტილში.

III ნაწილში გამორჩეულია სოლო ფორტეპიანოზე, რომელიც დამატებულია საბოლოო მიქსში. თუმცა, მრავალფირიან ვერსიაში იგი ვერ იპოვეს. ამიტომ, ეს პარტია British Grove Studios-ში რიჩარდ რაიტმა 2008 წელს, Immersion და SACD გამოცემისთვის კვლავ დაამატა.[11]

ძირითადად ვოკალური ნაწილით. აქ ჟღერს უოტერსის ვოკალი, დამატებით - დეივიდისა და რიჩარდის ვოკალები, უკანასკნელ ფონზე კი - ბეკ-ვოკალისტების (კარლენა უილიამსი, ვენეტა ფილდსი) ხმები. ამას მოჰყვება ორი გიტარა, რომელიც ერთსა და იმავე სოლოს უკრავს ერთი წუთის განმავლობაში.

იმპროვიზაციული ნაწილი. ყველაფერს ემატება ბარიტონული საქსოფონი, რომელზეც უკრავს დიკ პერი. შემდეგ სოლო იცვლება და ჩნდება ტენორ-საქსოფონი. თვლაც იცვლება და გადის 4/4-ზე, წინა 12/8-ის ნაცვლად. ამით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ტემპი მატულობს. დარჩენილ წუთებს მიჰყვება პერის ტენორული საქსოფონი და სინთეზატორი. ყველა საკრავის ხმა ბოლოში იხშობა და უერთდება სიმღერის „Welcome to the Machine“ ხმოვან ეფექტებს.

იწყება ქარის ხმებით (რომლებიც „Wish You Were Here“-დან გადმოდის[12]). ქართან ერთად მოგვიანებით ჟღერს ბას-გიტარა (რომელზეც დეივიდ გილმორი უკრავს). ამას ემატება უოტერსი ბას-გიტარაზე. რიჩარდ რაიტი უერთდება კოლეგებს საკუთარი სინთეზატორით, მოგვიანებით კი გილმორი რიტმულ გიტარას მართავს (1977 წლის ტურნეს მსვლელობისას რიტმ გიტარაზე სნოუი უაიტი უკრავდა). შესავალს რაიტი ასრულებს Minimoog-ზე. დეივიდის 2001-2002 წლების კონცერტებზე სპეციალური დოლით ხდებოდა ქარის იმიტირება, რასაც უერთდებოდა ბას-გიტარისტ ჩუჩო მერჩანის კონტრაბასი. იგივე დოლს დეივიდი იყენებდა 2016 წლის კონცერტებზე.

აქ ჟღერს ვოკალი, რომელიც მეოთხე ნაწილის მსგავსია.

უოტერსი აქ უკრავს მეორე გიტარაზე, ხოლო გილმორი ასრულებს არპეჯიოს ტიპის რიფს, რომელიც VII და VIII ნაწილებს აერთიანებს. ორი წუთის განმავლობაში სრულდება ფანკური რიტმი (რომელიც კომპოზიციის 1974 წლის ვერსიებში უფრო ხანგრძლივი იყო).

ნაწილის სტუდიური სამუშაო სახელწოდება იყო „Funky Section“.

გილმორი ამ 4/4 რიტმის მქონე ნაწილს აღწერდა, როგორც „სამგლოვიარო მარშს“[13]. აქ დომინირებადია რაიტის საკრავები, რასაც ემატება გილმორის მცირე წვლილი. ამ ნაწილის ერთი სეგმენტი დასარტყმელ საკრავებს არ შეიცავს, თუმცა მოგვიანებით ისინი კვლავ ემატება. ფინალში რაიტი ასრულებს „See Emily Play“-ს ნაწყვეტს.

საკონცერტო ვერსიები და პროექციები

რედაქტირება

სიმღერის პირველი ვერსიები 1974 წელს სრულდებოდა[14] და საკმაოდ განსხვავდებოდა საბოლოო ვერსიისგან, თუმცა საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის ცხრა ნაწილის სეგმენტები ერთიანი კომპოზიციის სახეს ატარებდნენ. ამ ვერსიის ოფიციალური ჩანაწერი შეტანილია ალბომის Wish You Were Here Immersion და Experience გამოცემებში.

შემდგომში კომპოზიცია სრულდებოდა 1975 წელს და 1977 წლის ტურნეში. ჯგუფმა იგი საკონცერტო პროგრამაში 1987 წელს დააბრუნა - საქსოფონისტ სკოტ პეიჯთან ერთად სრულდებოდა პირველი ხუთი ნაწილი. 1990 წელს ნებუორთის კონცერტზე ის შესრულდა საქსოფონისტ კენდი დალფერის მონაწილეობით[15]. 1994 წელს (დიკ პერისთან ერთად) სრულდებოდა ნაწილები 1-5 და 7.

პირველმა სოლო-პროგრამაში ნომერი დააბრუნა როჯერ უოტერსმა - 1999 წლიდან - I, II, III, IV, VI, VII და IX ნაწილების სახით. საქსოფონზე მას უერთდებოდა სხვადასხვა საქსოფონისტი (დაახლოებით თორმეტი, მათ შორის – მელ კოლინზი). 2002 წლის პროგრამაში მოხდა ცვლილება და როჯერის ბენდი ასრულებდა ყველა ნაწილს, ისე როგორც ისინი ალბომზე ჟღერს. შუალედში სრულდებოდა „Welcome To The Machine“ და „Wish You were Here“. ვინაიდან კომპოზიცია ყველაზე მეტად ასოცირდებოდა სიდ ბარეტთან, სცენის უკანა ნაწილში ამ დროს ხდებოდა მისი სურათის პროეცირება. 1999-2002 წლებში ეკრანზე ასევე ჩნდებოდა ფსიქოდელური ფერადი პროექციები. 2006-2008 წლებში სიმღერა შესრულდა ტურნეს The Dark Side Of The Moon Live ფარგლებში (ნაწილები I-V). იგივე ნაწილები ჟღერდა 2016 წლის ტურნეშიც.

1994 წლის ტურნესთვის სტორმ თორგერსონის მიერ შექმნილი თანმხლები ვიდეოს შინაარსი ასეთი იყო: ბიჭუნა შედის ტყეში, სადაც თავის სათამაშო დათვს ტოვებს. ტყეში შესული იგი მოზარდად იქცევა. ტყიდან გამოსული, მინდორში პოულობს ეულად მდგარ კარს, რომელსაც ორი ძაღლი დარაჯობს. სანამ კარში შედის, ვხედავთ ნაჭერს მის ხელში - მასში გახვეულია ასანთის კოლოფი, ფორთოხალი და ვაშლი (ან ქლიავი) - ალუზია კომპილაციის Syd Barrett გარეკანთან.

კარის მეორე მხარეს პერსონაჟი პოულობს ჯამბაზებს და ჟონგლიორებს (ალუზია „Clowns And Jugglers“-თან). იქვე შენობაში შესულს იგებება სხვადასხვა ადამიანი. მას აწვდიან ნათურიან ჩაფხუტს და პერსონაჟი ეშვება გართობის სამყაროში. თვალწინ იშლება კალეიდოსკოპი. იგი სახლს იკვლევს და უფრო და უფრო მეტად იცვლება - თვალები შავად აქვს მოხატული. სახლში იგი აუზს პოულობს, რომლის მეორე მხრიდან ნიღბიანი საზოგადოება უხმობს. ყმაწვილი აუზში ეშვება, გზაში კი ჩაფხუტს კარგავს და ჩანს, რომ ასეთი ჩაფხუტი წყალში კიდევ მრავალი დაცურავს.

უკვე სრულწლოვანი, პერსონაჟი ნაპირზე ამოდის. მას ხელს აწვდიან და თბილად ხვდებიან, რითაც პერსონაჟი გაოგნებულია. მოგვიანებით იგი მოძრაობს წყალში ხტომისთვის განკუთვნილ კოშკურაზე და ყვავილებიან აუზში ეშვება. მოულოდნელად წყლიდან ხელები ჩნდება და ახრჩობს - აღმოჩნდება, რომ ეს თავად არის. დამარცხებული, იგი ეშვება სხვა სივრცეში - სარკეებში, ბოთლში (რომელსაც აწერია „დამლიე“ - ალუზია „ალისას“ მოთხრობებთან), ჩაუფრენს მუხლუხოს („ალისადან“), ეშვება ინის და იანის ნიშანში (კერძოდ, თეთრ ფერში - იანში) და სპირალისებური კიბით უკვე მოზრდილი, ეცემა წყლისგან დაცარიელებულ აუზში, რომელშიც მხოლოდ ყვავილებია დარჩენილი. იგი იღებს აიღოს ცოცხს და იქაურობა ჰგვის. ეს ვიდეო სრული სახით შევიდა Pulse-ის 2006 წლის გამოცემის დამატებებში - როგორც პროექცია მრგვალი ეკრანისთვის.

დეივიდ გილმორმა სოლო-პროგრამისთვის კომპოზიცია პირველად მხოლოდ 2001-2002 წლებში მოამზადა - აკუსტიკური კონცერტებისთვის, რომლებიც მან სამეფო საფესტივალო დარბაზში (ლონდონი) შეასრულა (სულ 6 კონცერტი გაიმართა, აქედან 2001 წელს - მხოლოდ ერთი). ამ კონცერტებზე დაბრუნდა დიკ პერი. კონცერტების მეორე ნახევარში აგრეთვე სრულდებოდა ნაწილები VI-VII.

ნაწილები I-V აგრეთვე სრულდებოდა დეივიდის 2006 წლის კონცერტებზე. ვენეციაში სტუმრობისას დეივიდი შეუთანხმდა ქუჩის მუსიკოს იგორ სკლიაროვს, რომელიც უკრავდა ღვინის ჭიქებზე და კონცერტზე შესავალი სწორედ ამ საშუალებით შესრულდა (ჭიქებთან სხვა მუსიკოსების დამატებით). საგულისხმოა, რომ ჭიქების ჰარმონიკა (შესრულების ამ საშუალების ოფიციალური სახელწოდება) ასევე გამოიყენებოდა დეივიდის სოლო ალბომზე On An Island სიმღერების „Then I Close My Eyes“ და „A Pocketful Of Stones“ ჩაწერისას. შესავალი ჭიქებზე რამდენიმე კონცერტზე შესრულდა, მათ შორის - ტურნეს უკანასკნელ დიდ კონცერტზე, გდანსკში (პოლონეთი), რომლის ჩანაწერი DVD და აუდიო დისკებზე გამოიცა.

ნაწილები I-V აგრეთვე მოხვდა დეივიდის 2015-2016 წლების პროგრამაში - სტორმ თორგერსონის 1994 წლის ვიდეოს თანხლებით.

პერსონალი

რედაქტირება
დამატებითი მუსიკოსები
  1. Murphy, Sean. (22 May 2011) The 25 Best Progressive Rock Songs of All Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 31 July 2016
  2. Shine On You Crazy Diamond : Sheet Music (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-15. ციტირების თარიღი: 2016-07-27.
  3. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  4. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  5. "A Rambling Conversation with Roger Waters concerning All this and that - Interviewed by Nick Sedgewick" დაარქივებული 2016-11-04 საიტზე Wayback Machine. , October 1975
  6. spettacoli_e_cultura » Il requiem di David Gilmour "I Pink Floyd? Sono finiti" (2006-02-03). ციტირების თარიღი: 2016-07-27.
  7. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-26. ციტირების თარიღი: 2006-08-19.
  8. Nothing Found For Wiki Total_Guitar_1996 404. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.
  9. Macan, Edward (1997). Rocking the Classics: English Progressive Rock and the Counterculture, illustrated, Oxford University Press, გვ. 114. ISBN 9780195098877. 
  10. Classic tone: Shine On You Crazy Diamond |. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-14. ციტირების თარიღი: 2016-07-27.
  11. 11.0 11.1 4 years ago. (2012-04-26) The Missing Piano on Vimeo. ციტირების თარიღი: 2016-07-27.
  12. Macan, Edward (1997). Rocking the Classics: English Progressive Rock and the Counterculture, illustrated, Oxford University Press, გვ. 123. ISBN 9780195098877. 
  13. Pink Floyd - Wish You Were Here (album review 5) (2012-01-21). ციტირების თარიღი: 2016-07-27.
  14. Carruthers, Bob (2011). Pink Floyd – Uncensored on the Record. Coda Books Ltd. ISBN 978-1-908538-27-7. 
  15. Live at Knebworth 1990. Live at Knebworth DVD Review. Pink Floyd News Resource. ციტირების თარიღი: 5 September 2008.