მარწყვიო

(გადამისამართდა გვერდიდან Amanita rubescens)

მარწყვიო (ლათ. Amanita rubescens) — ქუდიანი სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში, მათ შორის მთელ საქართველოში.[1]

მარწყვიო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ამანიტასებრნი
გვარი:  ამანიტა
სახეობა:  მარწყვიო
ლათინური სახელი
Amanita rubescens (Pers. ex Fr.) Gray, 1821

კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა. უმი სახით შეიცავს თერმოლაბილურ შხამიან ნივთიერებებს. მოხმარებამდე საჭიროა მისი თერმულად დამუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, თითქმის ყველა სახის ნიადაგზე, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე.

გამოუცდელ მესოკოვეს შესაძლოა აერიოს ძლიერ შხამიან სახეობა თავჭედილაში, რომელიც ხშირად მის მეზობლად იზრდება. ამიტომაც ზოგიერთი სახელმძღვანელო ურჩევს მესოკოვეებს თავი შეიკავონ მარწყვიოს შეგროვებისგან.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1797 წელს როგორც Agaricus rubescens.[2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ინგლისელმა მიკოლოგმა სემიუელ ფრედერიკ გრეიმ 1821 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus rubescens (Pers.) Fr. 1821
  • Agaricus rubescens var. rubescens (Pers.) Fr. 1821
  • Amanita rubescens var. alba Coker 1917
  • Amplariella rubescens (Pers.) E.-J. Gilbert 1941
  • Limacium rubescens (Pers.) J. Schröt. 1889

ქუდის დიამეტრი — 6—20 სმ, როგორც წესი 15 სმ-ს არ აღემატება. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი ან კვერცხისებრი, შემდეგ ამოზნექილი და ბოლოს გაშლილი, სიბერეში ბრტყლად გაშლილი, ბორცვის გარეშე. კანი ნაცრისფერ-ყავისფერი ან წითელ-ყავისფერი ხორცისფერ-წითლამდე, მბზინავი, ოდნავ წებოვანი.

რბილობი — თეთრი, ხორცოვანი ან თხელხორცოვანი, სუსტად გამოხატული სუნითა და სასიამოვნო, ოდნავ მომჟავო გემოთი. დაზიანებისას თანდათან იღებება ჯერ ღია ვარდისფრად, შემდეგ ღვინისფერ-ვარდისფრად. ხშირად ნორჩობაშივე დაჭიანებულია.

ფეხის სიგრძე — 3-10 სმ, სისქე — 1,5-3 სმ (ზოგჯერ 20 სმ-მდე), ცილინდრული, თავიდან მთლიანი, შემდეგ ფუყე. ფერი — თეთრი ან მოვარდისფრო, ხშირად ხორკლიანი ზედაპირით. ძირისკენ ბოლქვისმაგვარი გაფართოებით, რომელიც ნორჩ სოკოებსაც ხშირად უზიანდებათ მწერებისგან და მათი რბილობი ხდება გაჟღენთილი (ან დაჩხვლეტილი) ფერადი შესასვლელებით.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თეთრი, მეტად ხშირი, ფართე, თავისუფალი. შეხებისას წითლდება, როგორც ფეხის და ქუდის რბილობი.

საბურველის ნარჩენები: საყელო ფართე, ზოლებიანი,[3] აპკისებური, თავიდან თეთრი, შემდეგ ვარდისფერდება. სუსტად გამოხატული ვულვა, ერთი ან ორი რგოლის სახით ბოლქვისმაგვარი ფეხის ძირში. ფანტელები ქუდზე მეჭეჭებივით ან პატარა აპკისებური ნაფლეთების სახითაა, თეთრიდან მოყავისფრომდე ან ჭუჭყიან ვარდისფრამდე.

სპორების ფხვნილი — მოთეთრო. სპორები — 7,5-11 х 5,5-7,5 მკმ,[4][5] ელიფსისებრი, ამილოიდური.[6]

ცვალებადობა

რედაქტირება

ქუდის ფერი ნორჩ სოკოებს ჭუჭყისფერ თეთრი ან ღია ჟანგმიწისფერი აქვთ, სიბერეში — მუქ ყავისფრამდე. ფეხის ზედაპირი გლუვი ან ფქვილისებრი, ფერი ცვალებადი, შეიძლება სრულიად თეთრიდან შეიცვალოს იისფრამდე.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

მიკორიზას ქმნის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან, უპირატესად არყთან, ფიჭვთან ნაძვთან, წიფელთან, მუხასთან და ა.შ. იზრდება ნებისმიერი სახის ნიადაგზე. ნაყოფს ისხამს ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. ხშირად გვხვდება.

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. გავრცელების არეალი მოიცავს — ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა (კოსტა-რიკა), აფრიკა (მაროკო, ალჟირი, კამერუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), აზია (ისრაელი, მცირე აზია, კავკასია, ციმბირი, კამჩატკა, კორეა და იაპონია), ავსტრალია და ახალი ზელანდია.[7] ევროპაში, სავარაუდოდ გავრცელებულია ყველა ქვეყანაში.

სეზონი — მაისიდან გვიან შემოდგომამდე.[4][5] მასიურად ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება
  • თავჭედილა (ლათ. Amanita pantherina), ძლიერ შხამიანია.[8] აქვს გლუვი და უფრო წვრილი საყელო (ზოლების გარეშე),[9] რბილობი ყოველთვის თეთრია, აგრეთვე განსხვავდება ფეხის ფუძის ფორმით და ვულვით. საყურადღებოა, რომ თავჭედილა და მარწყვიო ხშირად ერთიდაიმავე ადგილებში იზრდებიან, მეზობლად.
  • სქელი ბილწა სოკო (ლათ. Amanita excelsa), დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა, გამოირჩევა თეთრი ამ მონაცრისფრო რბილობით, რომელიც ჰაერზე ფერს არ იცვლის, ახასიათებს უსიამოვნო სუნი და მიწის გემო.

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა. იჭმევა ახალი, შემწვარი. მარწყვიო, ისევე როგორც ამანიტას გვარის თითქმის ყველა წარმომადგენელი, უმი სახით მომწამვლელია. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას. შეიცავს თერმოლაბილურ შხამიან ნივთიერებებს. თუმცა ტოქსინები ადვილად იშლება თერმულად დამუშავების შემდეგ — საჭიროა სოკოს 10-15 წუთის განმავლობაში ხარშვა, ნახარში წყალი უნდა გადაიღვაროს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вавриш П.О., Горовой Л.Ф. Грибы в лесу и на столе. — К.: „Урожай“, 1993. — С. 108. — 208 с. — ISBN 5-337-00728-9.
  • Грибы: Справочник / Пер. с итал. Ф. Двин. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 53. — 304 с. — ISBN 5-17-009961-4.
  • Грюнерт Г. Грибы : пер. с нем. — М. : Астрель ; АСТ, 2001. — С. 22. — (Путеводитель по природе). — ISBN 5-17-006175-7.
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 147. — ISBN 5-17-020333-0.
  • Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 21. — ISBN 5-271-05827-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Amanita rubescens Pers. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-21. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2022.
  2. Persoon, C.H. (1797) , In: Tent. disp. meth. fung. (Lipsiae):71.
  3. Pavol Škubla, Wielki atlas grzybów, Poznań: Elipsa, 2007, ISBN 978-83-245-9550-1.
  4. 4.0 4.1 Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 104-105, ISBN 3-405-11774-7
  5. 5.0 5.1 Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 115-117
  6. Davis, R. Michael; Sommer, Robert; Menge, John A. (2012) Field Guide to Mushrooms of Western North America. Berkeley: University of California Press, გვ. 73–74. ISBN 978-0-520-95360-4. OCLC 797915861. 
  7. Amanita rubescens. Dicover Life. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2022.
  8. Вишневский М.В., Несъедобные, ядовитые и галлюциногенные грибы. Справочник-атлас., 2001isbn=5-8463-0117-7.
  9. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 140, ISBN 99940-856-1-1.