წილკნისა და დუშეთის ეპარქია
წილკნისა და დუშეთის ეპარქია — შიდა ქართლის ნაწილსა და მთიულეთ-გუდამაყარში, მცხეთის საკათალიკოსო ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს, მოიცავს დუშეთის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს (გარდა ფშავ-ხევსურეთისა) და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: წილკანს, მუხრანს, საგურამოს. მას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია, ჩრდილო-დასავლეთიდან სტეფანწმინდისა და ხევის, დასავლეთიდან -ნიქოზისა და ცხინვალის, სამთავისისა და კასპის ეპარქიები, სამხრეთიდან მცხეთა-თბილისის ეპარქია. სამღვდელმთავრო მოიცავს მდინარეების - არაგვისა და ქსნის აუზებს და კავკასიის მთიანეთს. წილკნის ვრცელი ეპარქია ქსნისა და არაგვის ხეობაში მცხოვრებ „ყოველთა მთეულთა“ - „ფხოელნი“ და „ფხოვნი“, „გუდამაყარნი“, „მოხევენი“, „ფადელნი“, „ცხავადნი“, „ჭართალელნი“, „წილკანელნი“, - აერთიანებდა. ეპარქიის სახელწოდება „წილკანი“, მთის ხეობაში შესასვლელი წინაკარი - წინკარი - წირკანი - წილკანი - სოფლის სახელიდან წარმომდგარა, სადაც ბაქარ მირიანის ძემ „აღაშენა ეკლესია წილკნისა“ (ლეონტი მროველი).
ეპარქიის ისტორია
რედაქტირებაეპარქიის ტერიტორიაზე – ქსნის ხეობაში, ძალისში, სოფელ წილკანთან ახლოს, ნაქალაქარზე აღმოაჩინეს ადრეული ქრისტიანული (II-III სს.) სამლოცველო. ეს აღმოჩენა ამ კუთხეში პირველქრისტიანული თემის არსებობას მიანიშნებს. ახალი სარწმუნოების მიღება მთის ზოგიერთ ტომში უმტკივნეულოდ არ მომხდარა, მეფის მიერ გაგზავნილმა „ერისთავმან მცირედ წარმართა მახვილი“. მთის მოქცევას საეკლესიო ტრადიცია მეფე მირიანის ძეს, ბაქარს, უკავშირებს: „ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“. მეფე ბაქარის მიერ წილკნის დიდებული ტაძარი იმთავითვე საეპისკოპოსო საყდრად უნდა აშენებულიყო. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ საკათალიკოსოსა და 12 ახალი საეპისკოპოსოს დაფუძნებისას წილკანი არ იხსენიება. შესაძლოა იგი უკვე არსებული ძველი ეპარქიაა, ან ვახტანგ მეფის საეკლესიო გარდაქმნების შემდეგ, V საუკუნის ბოლოსთვის მაინც დაარსდა. მეფის ერთგულ წილკნის სამღვდელმთავროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ დაეკისრა, „ოდეს დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და დაადგინა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი“.
ამდენად, წილკნის ეპარქიას ოდითგანვე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მისია ჰქონდა დაკისრებული. მისი მეშვეობით ხდებოდა მთიელთა გაქრისტიანება. VI ს-ის დასაწყისში, 506 წელს ქ. დვინში ჩატარებული საეკლესიო კრების დამსწრე ქართველ მღვდელმთავართაგან წილკნელი ეპისკოპოსი ენოქიც იხსენიება. წილკნის დიდი მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაცხადდა მას შემდეგ, როდესაც 13 ასურელ მამათაგან -წმ. ისე - „ეპისკოპოსად წილკნისა“ აკურთხა კათოლიკოსმა ევლალოსმა. წმინდა ისე წილკნელმა მადლიანი სიტყვით „ფრიადი ურწმუნონი მოაქცივნა“. ასევე მან მოახდინა უდიდესი სასწაული: უწყლობით დატანჯული სამწყსოსთვის „უვალსა და უგზურსა ალაგსა“ წყალი გაიყვანა, რის შემდეგაც სასოწარკვეთილთა მთეულთა ჭეშმარიტი ღმერთი აღიარეს. წმინდა მამამ მაღლა მთაში „მრავალნი ტაძარნი კერპთანი დაარღვინა და ბომონნი დაამხნუა, ხოლო ეკლესიანნი აღაშენნა“. მანვე მთის მოსახლეობის მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა.
ისე წილკნელის მიერ განმტკიცებული წილკნელის კათედრა მოგვიანებით კიდევ უფრო გაძლიერდა და ქართლის ეკლესიაში საკმაო პატივი დაიმსახურა. მეფეთა კურთხევას ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა.
VIII-IX სს. ქართლში მეფის ხელისუფლების შესუსტების დროს, წილკნის ეპარქიის ტერიტორიებს მუხრანის სანახებთან ერთად, ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, კახეთის მმართველნი, კერძოდ, ზედაზნის ციხის მეპატრონე ძაგანის ძენი ისაკუთრებენ.
X საუკუნის შემდეგ
რედაქტირებაწმინდა მეფის დავით აღმაშენებლის დროს, მთელი ეს მხარე ქვეყნის საიმედო დასაყრდენი იყო. XII-XIII ს-ში, წმინდა მეფე თამარის დროს წილკნის საეპისკოპოსოს საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა მთის ხეობებში ქრისტიანობის გავრცელებითა და ეკლესიების მშენებლობით. XVI ს-ის I ნახევარში წილკნის მწყემსმთავარსა და მცხეთის კათოლიკოსს შორის წარმოშობილი დავაც სამწყსო ტერიტორიების მიკუთვნების გამო დაიწყო. საქმის გასარჩევად მეფე ლუარსაბ I (1527-1558), მთავარეპისკოპოსი გორონე (?), დომენტი თბილელი, მროველი გედეონი, მცხეთის კათოლიკოსი, წილკნელი და სხვები შეკრებილან და მუხრანის საზღვრები „უსარჩელად და გამოუცილობლად“ დაუდგენიათ.
XIX ს-ის მიჯნაზე, ქვეყნის საერთო გაჭირვებისას, წილკნის საეპისკოპოსო ორმოცზე მეტ სოფელს მოიცავდა და ქართლის სამწყსოთა შორის მეოთხე ადგილზე სახელდებოდა. 1800 წლისათვის ეპარქიას 75 მღვდელი, 11 დიაკვანი და 5 ათეულამდე საეკლესიო მსახური ჰყავდა.
საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ, ტრადიციული ქართული საეკლესიო სტრუქტურები ძალზე შეიცვალა და გამარტივდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, საეპისკოპოსოების შემცირებით გამოიხატა. 1803 წელს, წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამღვდელმთავრო ტერიტორია ჯერ სამთავისის, შემდეგ ნიქოზის ეპარქიას მიუერთეს. წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი ეპისკოპოსი გერვასი მაჭავარიანი იყო ბოლო მღვდელმთავარი, რომელმაც კავკასიის მოსახლეობაში დიდი რელიგიურ-მისიონერული მოღვაწეობით გაითქვა სახელი. იგი 1817 წელს გარდაიცვალა.
1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მმართველობამ წილკნის საეპისკოპოსოც გააუქმა და ახლადწარმოქმნილ ქართლ-კახეთის ეპარქიას მიუერთა. საწილკნო, ისე როგორც საქართველოს დანარჩენი ეპარქიები, დიდ მატერიალურ გაჭირვებაში აღმოჩნდა.
1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა წილკნის ეპარქიაც, მაგრამ მისი კუთვნილი ტერიტორიაზე საეპისკოპოსო რეზიდენციის არქონის გამო, დროებით წილკნელი ეპისკოპოსები მცხეთის სვეტიცხოველში ასრულებდნენ წირვა-ლოცვას. 1917 წელს წილკნელ მღვდელმთავრად დადგენილ იქნა ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი (1917-1920 წწ.).
ეპისკოპოსები 1920 წლის შემდეგ
რედაქტირებაეპარქიას მართავდნენ ეპისკოპოსები:
- პავლე ჯაფარიძე – 1924–1929 წწ.
- ნესტორი (ყუბანეიშვილი) — 1929-1930
- ალექსი გერსამია – 1930–1938 წწ.
- ტარასი კანდელაკი – 1939–1951 წწ.
- გობრონ წკრიალაშვილი – 1954 წ.
- გაიოზ კერატიშვილი – 1972-1978 წწ.
- თადეოზ იორამაშვილი – 1978-1980 წწ.
- გიორგი ღონღაძე – 1980-1982 წწ.
1984 წლიდან წილკნის ეპარქიას განაგებს მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი.