მიტროპოლიტი ზოსიმე (ერისკაცობაში — შოთა გიორგის ძე შიოშვილი; დ. 3 აგვისტო, 1951, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტი; ანგელოზის დღე – 8 (21) ივნისი (ღირსი ზოსიმე ფინიკიელის ხსენება); კათედრა წილკანში, დუშეთსა და მუხრანში. რეზიდენცია წილკანში, საეპისკოპოსო სახლი დუშეთში.

მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
ზოსიმე (შიოშვილი)
დროშა
დროშა
წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მცხეთის სემინარია
დაბადების სახელი: შოთა შიოშვილი
დაბადება: 8 მარტი, 1951 (1951-03-08) (73 წლის)
თბილისი
ბერად აღკვეცა: 1981 წლის 10 ოქტომბერი
დიაკვნად კურთხევა: 1976 წლის 27 ივნისი
მღვდლად კურთხევა: 1977 წლის 12 ივლისი
ეპისკოპოსად კურთხევა: 1983 წლის 14 ოქტომბერი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 1996 წლის 25 დეკემბერი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2009 წლის 26 სექტემბერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიტროპოლიტი ზოსიმე, ერისკაცობაში შოთა გიორგის ძე შიოშვილი, დაიბადა 1951 წლის 3 აგვისტოს თბილისში. ბავშვობა ჩვეულებრივ თბილისურ მრავალეროვნულ გარემოში გაატარა. ღვთისადმი სიყვარული ჩაუნერგა ღრმადმორწმუნე ბებია ბარბარემ, რომელსაც თავისი შვილიშვილი ხშირად დაჰყავდა წირვა-ლოცვებზე სიონისა და დიდუბის ეკლესიებში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1969 წელს, სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სატრანსპორტო ფაკულტეტზე. 1972-1974 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება დაეკავშირებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, 1974 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1975 წლის 21 ივლისს, სემინარიის II კურსზე ყოფნის დროს, იგი აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 1977 წლის 12 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს მღვდლად და უწოდეს სახელად ანტონი დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, პარალელურად ასრულებდა მცხეთის სასულიერო სემინარიის სასწავლო ინსპექტორის მოვალეობას. 1979 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1978 წლის 1 სექტემბრიდან 1980 წლის 1 ოქტომბრამდე იგი მსახურობდა თბილისის მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიაში. 1980 წლის 13 ოქტიმბერს მამა ანტონი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ზოსიმე. ამ დროს იგი ასრულებდა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის მოვალეობას, კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა სტუდენტთა პრაქტიკას. 1980 წლის 14 ოქტომბერს – აყვანილ იქნა არქიმანდრიტის, ხოლო 1983 წლის 14 ოქტომბერს ეპისკოპოსის ხარისხში.

ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად. ამ დროს ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი იოანე (ანანიაშვილი) დაპატიმრებული იყო საერო ხელისუფლების მიერ. მეუფე ზოსიმეს მოუხდა ეპარქიაში შექმნილი რთული ვითარების მოწესრიგება. 1984 წლის იანვრიდან ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად.

1984 წლიდან ეპისკოპოსი ზოსიმე გადაყვანილ იქნა წილკნის ეპარქიის მმართველად, 1985-1988 წლებში შეთავსებით მართავდა ურბნისის ეპარქიასაც. 1984-1992 წლებში მეუფე ზოსიმე იყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების თავმჯდომარე. 1984-1992 წლებში მეუფე ზოსიმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან ერთად არაერთხელ იმყოფებოდა საზღვარგარეთის ქვეყნებში: ათონის მთაზე, იერუსალიმში, კვიპროსზე, მონაწილოეობდა ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მუშაობაში შოტლანდიაში, რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. მეუფე ზოსიმე ხელმძღვანელობდა ათონიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში გადმობრძანებას.

1988 წლის 1 ოქტომბერს თბილისში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით გაიხსნა სასულიერო აკადემია. თბილისშივე გადმოვიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაც, ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. XX საუკუნის 80-იანი წლების თბილისი გამოირჩეოდა პერმანენტული საპროტესტო აქციებით, მიტინგებითა და დემონსტრაციებით. ვინც ამ მიტინგებსა და დემონსტრაციებში არ მონაწილეობდა, სამწუხაროდ, ის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის მტრად ცხადდებოდა. მეუფე ზოსიმე 1989 წლის თებერვალში იძულებული გახდა გადამდგარიყო აკადემიის რექტორობიდან.

1988 წლის 20 ნოემბერს დიდი ხნის იძულებითი დუმილის შემდეგ კვლავ აღდგა წირვა-ლოცვა წილკნის ეკლესიაში. ტაძრის საზეიმო კურთხევა შეასრულა წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ. მეუფე ზოსიმეს თავდადებული ღვაწლით წილკნის ღვთისმშობლის ეკლესიას დაუბრუნდა თავისი პირვანდელი სახე, დაიდგა კანკელი, დაიწერა ახალი ხატები, ტაძრის ეზოში აშენდა საეპარქიო სახლი. ეკლესია-მონასტრები აღდგა ნატახტარში, ანანურში, მჭადიჯვარში, ბაზალეთში, ლარგვისში, ახალგორში, წინამძღვრიანთკარში, ახატანში, ყაზბეგში. 1998 წელს აიგო ახალი ტაძრები დუშეთის რაიონის სოფელ აშში, 1999 წელს – სოფელ ბიწმენდში, ციხისძირში, ახალუბანში.

1996 წლის 25 დეკემბერს მეუფე ზოსიმე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის 26 სექტემბერს მიებოძა მიტროპოლიტობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება