გიორგი (ღონღაძე)

ქართველი საეკლესიო მოღვაწე

მიტროპოლიტი გიორგი (ერისკაცობაში გიორგი ნესტორის ძე ღონღაძე; დ. 7 ივლისი, 1894, სოფ. ჩრდილი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ივნისი, 1982, თბილისი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1894 წლის 7 ივლისს შორაპნის მაზრის სოფელ ჩრდილში. 1909 წელს დაასრულა სკოლა. 1910-1914 წლებში მუშაობდა რკინიგზაში ტელეგრაფისტად. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად და გაიგზავნა გორის მაზრის სოფელ ატოცში, სადაც მსახურობდა 1923 წლამდე. საბჭოთა რეჟიმის ზეწოლის გამო 1923 წელს იძულებული გახდა თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისთვის, ხოლო 1949 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ აღადგინა სასულიერო სამსახურში. 1955 წლიდან დეკანოზის ხარისხშია. 1974 წლის 13 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ აკურთხა მანგლისის ეპისკოპოსად. 1978 წლის 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1980 წელს დაინიშნა წილკნის მიტროპოლიტად, მაგრამ წილკნის ეპარქიაში არსებული ეკლესიების უმოქმედობის გამო წირავდა თბილისში, დიდუბის ეკლესიაში.

1982 წლის 22 ივნისს მიტროპოლიტი გიორგი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 229-230.
  • ჟვანია ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994;
  • „ჯვარი ვაზისა“, 1982, # 1.