მცხეთა-თბილისის ეპარქია

მცხეთა-თბილისის ეპარქიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრესი ეპარქია, რომლის მმართველიც ავტომატურად არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში და მოიცავს მცხეთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს დედაქალაქ თბილისის ტერიტორიებს.

მცხეთა-თბილისის ეპარქია
სვეტიცხოველი
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
ფართობი : მცხეთა - 805 კმ² თბილისი -720 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა : მცხეთა 47 711 კაცი; თბილისი - 1 108 717 კაცი (2014)
ეპარქიალური ცენტრი : მცხეთა, თბილისი
საკათედრო ტაძარი : სვეტიცხოველი
მეორე საკათედრო ტაძარი : სიონის ტაძარი
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი
მმართ. ეპისკოპოსი : ილია II

იგი ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს - მცხეთის სამთავარეპისკოპოსოს (დაარსდა 326 წ.) და თბილისის საეპისკოპოსოების (დაარსდა V საუკუნის მეორე ნახევარში) შერწყმის შედეგად წარმოიშვა 1920 წელს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, 1920 წლის 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია, დასავლეთიდან - სამთავისისა და კასპის ეპარქია, ჩრდილოეთიდან - წილკნისა და დუშეთის ეპარქია, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია, სამხრეთიდან - მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია.

ეპარქიის ისტორია რედაქტირება

საქართველოს საეკლესიო ცენტრი საისტორიო ტრადიციით მცხეთის ეპარქიაა. მცხეთის მნიშვნელობა, ტრადიციულად, იმდენად დიდი იყო საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, რომ, ზოგჯერ, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, საქართველოს ეკლესია შემოკლებით „მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის“, „მცხეთის საყდრის“, „მცხეთის საპატრიარქო ტაძრის“ ან მარტივად „მცხეთის ეკლესიის“ სახელით იხსენიებოდა. ერთიანი საქართველოს ეკლესიასთან მცხეთის ეპარქიის გაიგივების ტრადიციას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, აქაური მღვდელმთავრის საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობლად აღიარების დაწყებამ ჩაუყარა საფუძველი.

მეფე მირიანის ნათლისღებით და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საბოლოოდ განისაზღვრა ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და აღმსარებლობითი ორიენტაცია. საქართველოს ეკლესიას პირველ ეტაპზე, ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამდე და კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებამდე, მთავარეპისკოპოსი მართავდა. აქედან მოყოლებული მცხეთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს ერთიანი ეკლესიის მწყემსმთავრად ითვლებოდა და ქართლის (იბერიის) მთავარეპისკოპოსად იწოდებოდა.

V საუკუნის II ნახევარში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, IV და V საუკუნეებში საქართველოს ეკლესიაში მრავალი ეპისოკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა. მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში - იმდროინდელ დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო - სამთავროს და ქვემო - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480-იან წლებამდე ხის პატარა ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა.

375-400 წლებში, საქართველოს ეკლესიის მამამთავარ ელიას მღვდელმთავრობის დროს იწყება ციხე-ქალაქ თბილისის მოხსენიება. ვახტანგ გორგასალმა თავისი მეფობის მეორე ნახევარში საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული სტრუქტურა კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებითა და, იმავდროულად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსოს დაარსებით შეცვალა. ქ. მცხეთა დარჩა ქართული ეკლესიის პირველიერარქის, კათალიკოსის ეპარქიად.

ვახტანგ გორგასალმა კათოლიკოსის რეზიდენციისათვის მოციქულთა სახელობის ეკლესია - „სვეტიცხოველი“ მცხეთაში ხელახლა ააგო და იქ დააბრუნა პირველიერარქის კათედრა, რომელიც 420-იანი წლებდან, სვეტიცხოვლის ხის ტაძრის დაწვის გამო სამთავროში იყო გადატანილი. ვახტანგმავე სამთავროს ტაძარი, რომელიც მცხეთის ქალაქის გალავნის გარეთ მდებარეობდა და ზემო ეკლესიად იწოდებოდა, საეპისკოპოსოდ აქცია. ამრიგად, კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ მცხეთა ორი მღვდელმთავრის რეზიდენციად გადაიქცა, უფრო კონკრეტულად ქ. მცხეთა კათოლიკოსის ეპარქიად და რეზიდენციად, ხოლო მცხეთის გარეუბანში, გალავნის გარეთ მდებარე სამთავროს ტაძარი ქართლის მთავარეპისკოპოსის რეზიდენციად, რომელიც საკათოლიკოსოში შემავალ უპირატესი ღირსების მქონე საეპისკოპოსო გახდა, რომლის იურისდიქცია მხოლოდ მდინარეების: რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ამ პერიოდიდან სამთავროს საეპისკოპოსოს მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპოსი ეწოდებოდა, მისი მეორე ცენტრი ქ. გორი იყო. ეს ეპარქია, ანუ ქართლის (სამთავრო-გორის) სამთავარეპისკოპოსო 1811 წლამდე არსებობდა.

თბილისში დიდი მშენებლობის დაწყება ვახტანგის დროს, V საუკუნის 60-იან წლებს უკავშირდება და სავარაუდოა, რომ თბილისის სიონის მშენებლობაც იმ დროიდანვე დაიწყო, რადგან ამავე პერიოდს უკავშიდება თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწყისიდანვე სიონის ტაძარი იყო.

ქართლის ცენტრალური ეპარქიები, ტრადიციულად მცხეთა და თბილისი, ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოდითგანვე კი მათ მღვდელმთავრებს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა და მოვალეობები ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის წინაშე. დედაქალაქის თბილისში გადმოტანით, პირველ ეტაპზე აქაური მღვდელმთავრის გავლენაც შესაბამისად გაიზრდებოდა, მაგრამ თბილელი მღვდელმთავარი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად მუდმივად ვერ ინარჩუნებდა დაწინაურებულ მდგომარეობას. მტერთა შემოსევისას ქვეყნის ძნელბედობა უპირველესად თბილისზე აისახებოდა. მომხვდური დედაქალაქის დაპყრობით და აოხრებით სახელმწიფოს აცლიდა უმთავრეს დასაყრდენს. თბილისის სამღვდელმთავრო სამწყსოც ამის კვლად ნადგურდებოდა და კნინდებოდა. არაბი ამირას ოთხსაუკუნოვანი უღლის გადაგდების შემდეგაც კი თბილისის ეპარქია დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დამცრობილი ჩანს. XIII საუკუნის ძეგლი „განგება დარბაზობისა“ სამთავროს მთავარეპისკოპოსს მღვდელმთავართა შორის მე-4 ადგილს მიაკუთვნებს. იმავე დროს, თბილელი ჩამონათვალში 29-ე ადგილზე იხსენიება.

ეპარქია XVIII-XIX საუკუნეებში რედაქტირება

XVIII ს-ის შუა ხანებში, 1794 წელს მეფე ერეკლე II-სა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I განჩინებით სამთავროს მთავარეპისკოპოსი ძველებურად მე-4 ადგილზე სახელდება, ხოლო თბილელი მღვდელმთავრის მდგომარეობა საგანგებოდ არის აღნიშნული: ქვეყნის ძლიერების ხანაში, როდესაც თბილისი დედაქალაქად ითვლებოდა „ სამეფო ქალაქი არ იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ისანი და ქუთათის... ტფილელი უკვე განჩინებასა მას შინა სამოფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის კრებასა შინა“.

თბილელი მღვდელმთავრის ხარისხის ამაღლება და მისი გამიტროპოლიტება ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამაც განაპირობა. თბილელი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის ხარისხში ამაღლება XVII-XVIII სს. მიჯნაზე, ქართლის მეფე ერეკლე I ნაზარალი-ხანის (1688-1703, წწ.) მეფობისა და იოანე დიასამიძის პატრიარქობისას აღსრულდა. ამის შემდეგ თბილელი მღვდელმთავრები მიტროპოლიტის მაღალ სამღვდელმთავრო ხარისხში იხსენიებიან. თბილისის მიტროპოლიტობა მეფე ერეკლე II-მაც დაადასტურა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ მცხეთის საკათოლიკოსო ეპარქია და ტფილისის სამიტროპოლიტო კათედრა, ასევე სამთავროს ("ქართლის") ეპარქია ქართლის სხვა ეპარქიებთან ერთად ეგზარქოსს დაქვემდებარებულ ერთ სამღვდელმთავროდ (ეპარქიად) გაერთიანდა.

ეპარქია XX საუკუნეში რედაქტირება

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის 12(25) მარტს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის დროებით მმართველად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) დაინიშნა. იმავე წლის 13 აგვისტოს საქართველოს სამღვდელოებამ აღედგინა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც ტრადიციულად სიონის ტაძარი იყო და მის მღვდელმთავრად ლეონიდე (ოქროპირიძე) იქნა დადგენილი.

1917 წლის სექტემბერში თბილისის სიონში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე შემუშავდა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომლის თანახმად პირველ ეტაპზე 13 ეპარქია განახლდა. ეპარქიათა ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე მცხეთისა და თბილისის სამღვდელმთავროები იხსენიება. პირველ კათოლიკოსად არჩეული კირიონ II (საძაგლიშვილი) თბილისში ძველ საპატრიარქო ტაძარში - ანჩისხატში აღასრულებდა ღვთისმსახურებას. თბილელი მღვდელმთავრის კათედრა სიონის ტაძარი იყო. 1918 წლის ივნისში ტრაგიკულად აღსრულებული კათოლიკოს-პატრიარქის ადგილი თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ დაიკავა.

1920 წლის 20 ივლისის მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გაერთიანდა მცხეთისა და თბილისის ეპარქიები, მის მწყემსმთავარს ამის შემდეგ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ამიერიდან მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროს მწყემსმთავრები არიან.

2013 წლის 11 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორია და შეიქმნა მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია.[1]

ეპარქიის მმართველები ავტოკეფალიის აღდგენიდან დღემდე რედაქტირება

მცხეთა-თბილისის გაერთიანებული ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები და საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ბრძანდებოდნენ უწმინდესნი და უნეტარესნი:

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • სერგო ვარდოსანიძე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.). თბილისი, 2017.
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე", თბილისი, 2017.
  • ,,საქართველოს ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება", მცხეთა, სვეტიცხოველი, 1995.
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე (2012). საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი 1
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე (2012). საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი 2
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე (2012). საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი 3
  • საქართველოს ისტორია. ტომი 2 : მარიამ ლორთქიფანიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი; [მთ. რედ. მარიამ ლორთქიფანიძე; რედ. როინ მეტრეველი]. თბილისი, 2012.
  • გაზეთი „აღსავალი“, № 1, 2004 წ.

სქოლიო რედაქტირება