ტარასი (კანდელაკი)
ეპისკოპოსი ტარასი (ერისკაცობაში — იაკობ გიორგის ძე კანდელაკი; დ. 1871, სოფ. კავთისხევი, გორის მაზრა — 12 დეკემბერი, 1951, მცხეთა)[1] — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაყმაწვილი იაკობი მშობლებმა თბილისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში მიაბარეს, რომელიც 1890 წელს დაასრულა, შემდეგ სწავლობდა ქვათახევის სამონასტრო სკოლაში. 1891 წლის 4 აგვისტოდან ამავე მონასტრის მედავითნეა. 1899 წლის 6 აპრილიდან პირადი თხოვნით გადაყვანილ იქნა ჰერეთის ოლქის სამრევლოში სოფელ ქოთუჭალის ეკლესიის მედავითნედ.
1900 წლის თებერვლიდან იაკობ კანდელაკი გადმოყვანილ იქნა ალავერდის ეპარქიაში, იმავე წლის 4 მაისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა ბერად აღკვეცა ალავერდის მონასტერში და უწოდა სახელად ტარასი, 16 მაისს ყოვლად უსამღვდელოესმა კირიონმა შუამთის მონასტერში აკურთხა იეროდიაკვნად, 17 მაისს მღვდელმონაზონად და დაინიშნა შუამთის მონასტრის იკონომოსად. 1902 წელს დაჯილდოებულ იქნა საგვერდულით. 1900 წლის 22 ივლისიდან არქიმანდრიტი ტარასი დაინიშნა ალავერდისა და თეთრი გიორგის ეკლესიების იკონომოსად. 1902 წლის 25 ოქტომბრიდან იგი გადაყვანილ იქნა წმიდა სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად ხირსაში. არქიმანდრიტი ტარასი იყო ეპისკოპოს კირიონის ერთგული თანაშემწე და თანამებრძოლი. 1903 წლის 4 სექტემბრიდან, როდესაც ეპისკოპოსი კირიონი გადაყვანილ იქნა ხერონისა და ოდესის ეპარქიაში, არქიმანდრიტი ტარასი თან გაჰყვა მეუფეს და ასრულებდა აღნიშნული ეპარქიის ხაზინადარის მოვალეობას. 1904 წლის 10 ივნისიდან ორიოლის ეპარქიის იკონომოსია, 1904 წლის 30 ივლისიდან შეთავსებით მუშაობდა ორიოლის საეკლესიო არქეოლოგიური მუზეუმის გამგედ. 1906 წელს არქიმანდრიტი ტარასი ეპისკოპოს კირიონთან ერთად მოღვაწეობდა სოხუმის ეპარქიაში. იგი ეპარქიის ქართველ მოღვაწეთა, დიაკონთა და მედავითნეთა კურთხევის კომისიას ხელმძღვანელობდა, ამავე დროს დიდ დახმარებას უწევდა უპოვარ ადამიანებს, ქვრივ-ობლებს.
1908 წლის 10 ივლისს საქართველოს ეგზარქოსმა ინოკენტმა დანიშნა თბილისის ფერიცვალების ეკლესიაში. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოსურნე სასულიერო პირების მიმართ რეპრსიების პერიოდში, როდესაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სანაქსარის უდაბნოში გადაასახლეს ეპისკოპოსი კირიონი, არქიმანდრიტმა ტარასიმ უყოყმანოდ გაიზიარა მისი ბედი. იგი გვერდიდან არ მოსცილებია კირიონს და ცდილობდა, შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა. ეპისკოპოსი კირიონი ყოველთვის აფასებდა არქიმანდრიტ ტარასის ამ ერთგულებასა და თავდადებას. პირველი მსოფლიო ომის დროს არქიმანდრიტი ტარასი რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზზე სამხედრო საავადმყოფოს მოძღვრად იმყოფებოდა. რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ბრძანებით იგი წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
არქიმანდრიტი ტარასი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისში გამართულ პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. 20 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის მიერ დანიშნულ იქნა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვრად. 1918 წლის 26 ივნისს, დილის 5 საათზე არქიმანდრიტი ტარასი უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-სთან ერთად გაემგზავრა მარტყოფის მონასტერში, 11 სათზე მარტყოფში ჩავიდნენ, მცირედ დაისვენეს, პატრიარქი შეუდგა მუშაობას (ამ დროს იგი "საქართველოს კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში"-ს ქართულ ვარიანტს ასწორებდა). გათენდა 27 ივნისი. უწმიდესი პატრიარქი წესისამბერ დილის 5 საათზე დგებოდა, გახდა 6 საათი, პატრიარქი მოკლული იპოვნეს.
1925 წლის 25 ოქტომბერს არქიმანდრიტი ტარასი ეპისკოპოს იოანეს (მარღიშვილი) მიერ დაინიშნა სოფელ საქობიოს წმიდა სტეფანეს ეკლესიის წინამძღვრად. 1918 წელს გადმოიყვანეს თბილისის კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიის წინამძღვრად, ხოლო 1931 წლის 29 ნოემბერს გადაიყვანეს ქ. ორჯონიკიძის (ვლადიკავკაზის) წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვრად. ვლადიკავკაზის ქართველობისათვის ეს ეკლესია ქართულ სკოლასთან ერთად დედა სამშობლოსთან სულიერი კავშირის საშუალება იყო.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ქართული ეკლესიის შევიწროება. 1933 წლის იანვარში არქიმანდრიტმა ტარასი კანდელაკმა ვლადიკავკაზის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მონათლა მომავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პატარა ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი. ჭაბუკის ნათლია იყო მონაზონი ზოილე დვალიშვილი. 1938 წლის 24 თებერვალს, მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, გააუქმეს ვლადიკავკაზის ქართული ეკლესია, არქიმანდრიტი ტარასი დაბრუნდა სამშობლოში. 1938 წლის 27 მარტს არქიმანდრიტი ტარასი დაინიშნა სვეტიცხოვლის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ. 1939 წლის 19 მარტს აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და ჩაბარდა წილკნის ეპარქია. ეპისკოპოსი ტარასი წირავდა სვეტიცხოვლის ტაძარში. 1945 წლის 10 ოქტომბერს დაჯილდოვდა კუნკულბარტყულზე თვლიანი ჯვრით. რაც უფრო ემატებოდა ასაკი ჯანმრთელობას უჩიოდა, ხშირად ავადმყოფობდა. გარდაიცვალა 1951 წელს, დაკრძალეს სვეტიცხოვლის ტაძრის გალავანში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვარდოსანიძე ს. „პატრიარქები“, თბ., 2013, გვ. 188-191
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ტარასი (მღვდელ-მონაზონი). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
წინამორბედი: - |
წილკნის ეპარქია 19 მარტი, 1939 — 1951 |
შემდეგი: - |