ცენტრალური ვაკეები
ცენტრალური ვაკეები[1][2] (ინგლ. Central Lowlands) — ვრცელი ვაკე-დაბლობი ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-სა და კანადაში. აშშ-ის ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების თვალსაზრისით, წარმოადგენს ცენტრალური ვაკეების პროვინციას, რომელიც შედის შიგა ვაკეების რეგიონის შემადგენლობაში. საერთო ჯამში, მდინარე მისისიპის აუზის თანხვედრილია. ცენტრალური ვაკეები გაწოლილია აღმოსავლეთით აპალაჩებისა და დასავლეთით მაღალ ვაკეებს შორის. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ლავრენტის მაღლობი, ხოლო სამხრეთით მექსიკისპირა დაბლობი. ფართობი დაახლოებით 800 ათ. კმ². სიმაღლე მისისიპის გასწვრივ 150 მ-ია, ალიგეინის პლატოს დასავლეთით 300 მ-მდე, ხოლო დასავლეთით „ვაკეების რღვევაზე“ დაახლოებით 600 მ-მდე.[2]
ცენტრალური ვაკეები | |
---|---|
მდინარე მისისიპის ვაკე ტერიტორია, სატელიტური ფოტო | |
კოორდინატები: 36°22′47″ ჩ. გ. 89°28′08″ დ. გ. / 36.379889° ჩ. გ. 89.469111° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ კანადა |
სიმაღლე | 150–600 მ |
ფართობი | 800 ათ. კმ² |
ჰიდროგრაფია | მისისიპი |
კლიმატი | კონტინენტური სუბტროპიკული |
ჩრდილოეთ ნაწილში გამოიყოფა მორენულ-ბორცვიანი, ზანდრული და ტბიური ვაკეები, ცენტრალურ ნაწილში ძლიერ დანაწევრებული მორენული და ლიოსური ვაკეები, სამხრეთ ნაწილში ტიპური ეროზიული მაღალი ვაკეებია, რომლებზედაც განვითარებულია კარსტი, ჩრდილოეთში ესკარპებია, სამხრეთით აღმართულია ბოსტონის მთები. ზედაპირი საკმაოდ მოსწორებული და ერთფეროვანია. ცენტრალური ვაკეების ტერიტორიამ ჩ. გ. 40°-დან ჩრდილოეთით მრავალჯერადი პლეისტოცენური გამყინვარება განიცადა და ბორცვიან-ტბიური რელიეფი ახასიათებს. აქვეა მყინვარულ-ეროზიული წარმოშობის დიდი ტბების სისტემა, უინიპეგის ტბა, უინიპეგოსისი, მანიტობის ტბა და სხვა. ჩ. გ. 40°-დან სამხრეთით ზედაპირი შედარებით ბრტყელია, აგებულია ლიოსისებრი თიხნარით, გადაკვეთილია მდინარეთა ხეობებით და ცალკეულ მონაკვეთებზე ხევებითაა დანაწევრებული. ჩ.გ. 38°—42°-დან სამხრეთით ზედაპირზე შიშვლდება კირქვები, რომლებიც წარმოქმნიან მცირე სიმაღლის კარსტულ მაგიდა პლატოებს. ტბიური ქვაბულების ირგვლივ გავრცელებულია მეოთხეული ნალექების საფარველი და რელიეფში გამოხატულია ტბათა დონის თანმიმდევრული დაწევის შედეგად წარმოქმნილი ტერასები. მყინვარისპირა აუზების ზომებსა და მოხაზულობაზე მეტყველებს ტბიური ვაკეები, რომელთა რელიქტს თანამედროვე დიდი ტბები წარმოადგენს, მაქსიმალურ სიგანეს აღმოსავლეთით აღწევს, წმინდა ლავრენტის მდინარის აუზსა და ონტარიოს, ერისა და ჰურონის ტბების ირგვლივ.[3]
სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე არკანზასის აუზში, ზედაპირზე გაშიშვლებულია ქვანახშირის შემცველი აპალაჩების სისტემის მთიანი მონაკვეთები უოშიტოსა და ბოსტონის მთების სახით, რომელთა სიმაღლე 700–800 მ აღწევს. ცენტრალური ვაკეების სამხრეთით მდებარეობს კამბრიუმამდელი ნაოჭა კომპლექსის შვერილი ოზარქსი. სამხრეთში მორენული საფარველი არ გვხვდება და მკვიდრი ქანების თავზე განლაგებულია ვრცელ მყინვარისპირა აუზებში წარმოქმნილი ლიოსისებრი დანალექები და ქვიშების წყებები. ცენტრალური ვაკეების სამხრეთ ნაწილისათვის დამახასიათბელია მდინარეთა ხეობებითა და ხევებით დანაწევრებული ძლიერ ეროზიული რელიეფი. ჩრდილოეთ ნაწილში ბოლო მორენული რელიეფის ფორმებია, აქვეა ნიაგარის ესკარპი. მდინარე მისისიპის ზემოთებსა და მიჩიგანის ტბის დასავლეთით გვხვდება ბოლო მორენული სერები, კამები და დრუმლინები. რელიეფის დამახასიათებელი ფორმებია მდინარე მისისიპის ფართო და კარგად განვითარებული ხეობა, რომლის ჭალის სიგანე შუა ნაწილში დაახლოებით 20 კმ-ია. ვაკეების დიდი ნაწილი მისისიპის აუზის მდინარეებით იწრიტება.[4]
კანადის ფარის საზღვართან კარგად არის გამოხატული ესკარპები, განსაკუთრებით დიდი ტბების რაიონში. ვაკეების აღმოსავლეთ ნაწილში კარგადაა განვითარებული კარსტული პროცესები, თუმცა ხშირად გადაფარებულია ქვიშაქვური და თიხოვანი დანალექი ფენებით. გვხვდება კარსტული მღვიმეები, რომელთა შორის გამოირჩევა მამონტის მღვიმე აპალაჩების მთისწინეთში. აქ გამოიყოფა ორდოვიციული კირქვის ესკარპი, მისგან სამხრეთით მერგელური დეპრესია, ხოლო უფრო სამხრეთით სილურული კირვების ფლატე, რომელიც ნიაგარის ჩანჩქერის წარმოშობის მიზეზია.[4]
კლიმატი ზომიერად კონტინენტურია, უკიდურეს სამხეთში სუბტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთით –20 °С-დან სამხრეთით 4 °С-მდე. ზამთარში იცის ძლიერი ქარბუქი. ივლისის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთით 18 °С-დან სამხრეთით 25 °С-მდე. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში ჩრდილო-დასავლეთით 400 მმ-იდან სამხრეთ-აღმოსავლეთთ 1200 მმ-მდე. ნიადაგურ საფარველში ჩრდილოეთით ჭარბობს ტყის მურა ნიადაგები შერეული (ნაძვი, ფიჭვი, ნეკერჩხალი, ცაცხვი, ცუგა) და ფართოფოთლოვანი (მუხა, ჰიკორი) ტყის ქვეშ, სამხრეთით მაღალბალახოვანი პრერიების შავმიწისებრი ნიადაგია.[4]
გეოლოგიური თვალსაზრისით, შეესაბამება ჩრდილოეთ ამერიკის ბაქნის სამხრეთ ნაწილს. ზოგადი გეოლოგიური აგებულება შედარებით მარტივია, მაგრამ კონკრეტული თვალსაზრისით ძალიან რთული. გრანიტ-გნაისიანი საფუძველის კომპლექსის ზედაპირი დამრეცად არის დაძირული სამრეთისაკენ ქვედა პალეოზოური დანალექი წყების ქვეშ. ცენტრალური ვაკეების ფარგლებში გამოიყოფა: მანიტობის დაბლობი, ახალგაზრდა დრიფტის რაიონი, ძველი დრიფტის რაიონი და უმყინვარო რაიონი.[2]
ცენტრალური ვაკეები აშშ-სა და კანადის ერთ-ერთი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო რაიონია. მრავალფეროვანია ფაუნა. გვხვდება ბარიბალი, ტყის ვირზაზუნა, ოპოსუმი, ენოტი, პრანწია, ფლამინგო, ვარხვი და სხვა. წყალსატევებშია ალიგატორი. ცენტრალური ვაკეების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია ქალაქები ჩიკაგო, დეტროიტი, კლივლენდი და სხვა. ცენტრალური ვაკების ფიზიკურ-გეოგრაფიული პროვინციის მონახაზი შეასრულა ნევინ მელანქთონ ფენემანმა 1938 წელს.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The National Atlas of the United States of America. U.S. Geological Survey. Washington, D.C. 1970, p. 60
- ↑ 2.0 2.1 2.2 E. M. Bridges, World Geomorphology, Cambridge, UK: Cambridge University Press, 1990, p. 84
- ↑ Краткая географическая энциклопедия, Том 4. Гл. ред. Григорьев А.А. М.:Советсвкая энциклопедия 1964, 448 с
- ↑ 4.0 4.1 4.2 Галай И.П., Жучкевич В.А., Рылюк Г.Я. Физическая география материков и океанов. Ч. 2. 1988, С. 50–51
- ↑ Environmental and hydrologic setting of the Ozark Plateaus study unit, Arkansas, Kansas, Missouri, and Oklahoma, 1995, p. 14