ვარხვი (ლათ. Pelecanus) — ფრინველთა გვარი ვარხვისნაირთა რიგისა. აერთიანებს 8 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 2 — ვარდისფერი ვარხვი და ხუჭუჭა ვარხვი.[1] გავრცელებულნი არიან ყველა კონტინენტის (ანტარქტიდის გარდა) ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. რიგში ყველაზე მსხვილი ფრინველები არიან, მათი სხეულის სიგრძეა 130–180 სმ, მასა 7–14 კგ. იერი ძალიან დამახასიათებელი აქვს: მოუქნელი, მასიური ტანი, დიდი ფრთები, მოკლე და მსხვილი ფეხები თითებს შორის ფართო აპკებით, მოკლე და მომრგვალებული ბოლო. კისერი გრძელი აქვთ. ნისკარტის სიგრძე 47 სმ აღწევს, მის ბოლოში გააჩნია კაუჭი, ხოლო ქვედა მხარეს წელვადი კანის „ჩანთა“, რომელსაც თევზჭერის დროს იყენებს.[2] შეფერილნი არიან ღია ფერებში — თეთრად, მონაცრისფროდ, ზოგჯერ დაჰკრავთ ვარდისფერი. საფრენი ბუმბული მუქია. ზოგჯერ ახასიათებთ ქოჩორიც. ახალგაზრდა ინდივიდები რუხი და მურა ფერისაა.[3] ბინადრობენ ზღვების წყალმარჩხ ადგილებში, არაღრმა მტკნარ და მარილიან ტბებში, დიდი მდინარეების ესტუარებში. მიუხედავად იმისა, რომ მოუქნელი ფრინველები არიან, კარგად ცურავენ და ფრენენ, დიდხანს შეუძლიათ ჰაერში ლივლივიც. მხოლოდ ამერიკულ სახეობებს შეუძლიათ ყვინთვა და სიმაღლიდან წყალში ხტომა. იკვებებიან უმთავრესად თევზით, დღეში შეუძლიათ კილოგრამზე მეტი საკვების მიღება. არის შემთხვევებიც, როცა სხვა ფრინველებსაც კი ჭამენ.[4] მონოგამები არიან მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში. ბუდობენ კოლონიებად, ხშირად სხვა წყლის პირას ბინადარ ფრინველებთან ერთად. მსხვილი ინდივიდები ბუდობენ მიწაზე ან ლერწმნარში, ხოლო მცირე ზომისანი — წყალსატევთან ახლოს გაზრდილ ხეებზე. ბუდეს დედალი აშენებს, მამალი კი საჭირო მასალას ზიდავს. ხშირად რამდენიმე წყვილი ერთად აკეთებს საერთო ბუდეს. დედალი დებს 1-დან 4-მდე (უმთავრესად 2–3) მოცისფრო ან მოყვითალო კვერცხს ხორკლიანი ნაჭუჭით. კრუხობს ორივე მშობელი, მაგრამ დედალი უფრო ინტენსიურად. ინკუბაცია 30–42 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები ბრუცები და საფარველის გარეშე იჩეკებიან, 8–10 დღეში იმოსებიან ბუმბულით, 70–75 დღეში კი ფრენასაც სწავლობენ. თავიდან მათ ორივე მშობელი ჩიჩახვიდან ამოღებული თევზით კვებავს.

ვარხვი

ხუჭუჭა ვარხვი (Pelecanus crispus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pelecanus (Linnaeus, 1758)

სახეობები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Elliott, Andrew (1992). "Family Pelecanidae (Pelicans)". In del Hoyo, Josep; Elliott, Andrew; Sargatal, Jordi. Handbook of the Birds of the World, Volume 1: Ostrich to Ducks. Barcelona: Lynx Edicions. pp. 290–311. ISBN 978-84-87334-10-8.
  1. კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 454.
  2. Beebe, C. William (1965). The Bird, its Form and Function. New York, New York: Dover Publications. 
  3. Steele, John H.; Thorpe, Steve A.; Turekian, Karl K. (2010). Marine Biology: A Derivative of the Encyclopedia of Ocean Sciences. London, United Kingdom: Academic Press, გვ. 524–30. ISBN 0-08-096480-X. 
  4. YouTube
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 60–61.