ოზარქსი
ოზარქსი, ოზარკი (ინგლ. Ozarks) — ტყიანი მთიანეთი სამხრეთ-ცენტრალურ აშშ-ში. ადმინისტრაციულად მოქცეულია მისურის, არკანზასის, ოკლაჰომისა და კანზასის შტატების ტერიტორიაზე. აშშ-ის ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების თვალსაზრისით, წარმოადგენს ოზარქსის პროვინციას, რომელიც შედის შიგა მაღლობების შემადგენლობაში. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლური მიმართულებით ქალაქ სენტ-ლუისიდან მდინარე არკანზასამდე. სიგრძე 350 კმ, სიგანე 400 კმ, ფართობი 122 ათ. კმ².[1] მაქსიმალური სიმაღლე 781 მ (მთა ბაფალო-ლუკაუტი).[2]
ოზარქსი | |
---|---|
ხედი ოზარქსზე | |
კოორდინატები: 37°10′ ჩ. გ. 92°30′ დ. გ. / 37.167° ჩ. გ. 92.500° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
ტერიტორიული ერთეული | მისური არკანზასი ოკლაჰომა კანზასი |
უმაღლესი წერტილი | ბაფალო-ლუკაუტი |
სიმაღლე | 781 მ |
ფართობი | 122 კმ² |
სიგრძე | 350 კმ |
სიგანე | 400 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
ოზარქსი იკავებს ჩრდილოეთი არკანზასის მნიშვნელოვან ნაწილსა და სამხრეთი მისურის დიდ ნაწილს. მის ფარგლებში ორი ქედია: არკანზასის ბოსტონის მთები და მისურის სენტ-ფრენსისის მთები. მთიანეთის უმაღლესი წერტილი მთა ბაფალო-ლუკაუტი მდებარეობს ბოსტონის მთებში. გეოლოგიურად, ოზარქსი წარმოადგენს ვრცელ გუმბათს სენტ-ფრენსისის მთებში გაშიშვლებული ბირთვით. იგი რეგიონის ყველაზე ვრცელი მთიანეთია აპალაჩებსა და კლდოვან მთებს შორის. უოშიტოს მთებთან ერთად ეს ტერიტორია აშშ-ის შიგა მთიანეთების სახელწოდებითაა ცნობილი.[3]
ფართოდაა განვითარებული კარსტული ლანდშაფტი, მათ შორის წყაროები, ქრობადი მდინარეები, კარსტული ძაბრები და მღვიმეები. „მღვიმეების შტატის“ სახელით ცნობილია მისური, სადაც რეგისტრირებულია 7300 მღვიმე, საიდანაც უმრავლესობა ოზარქსის ოლქის ტერიტორიაზეა. ოზარქსის პლატოს წყლიანი ჰორიზონტის სისტემა სენტ-ფრენსისის მთების ამონთხეული ბირთვის გამოკლებით, მთელი ტერიტორიის მიწისქვეშა წყლების მოძრაობის განმსაზღვრელია.[4]
ოზარქსი ძლიერაა დანაწევრებული მდინარეებით, ტბებითა და მცირე წყალვარდნილებით. ძირითადად აგებულია პალეოზოური ასაკის კირქვებით, აღმოსავლეთით კამბრიუმამდელი ქანების გამოსავლებია.[5] ბაგნელის კაშხლით გადაკეტილი ოზარქსის ტბები გამოიყენება ელექტროენერგიის მისაღებად და სარეკრეაციოდ. ტანეიკომოსა და ბულ-შოულზის ტბები და აგრეთვე ტეიბლ-როკ-სტეიტ-პარკის რეკრეაციული ზონა კარგი დასასვენებელი ადგილებია.[6]
სალემის პლატო გეოლოგიურად ოზარქსის უდიდესი უბანია. სიდიდით მეორეა სპრინგფილდის პლატო, რომელსაც სახელი ეწოდა ქალაქ სპრინგფილდის მიხედვით, რომელსაც „ოზარქსის დედოფლის ქალაქის“ მეტსახელი აქვს.[7] ოზარქსის ჩრდილოეთ საზღვარზეა ქალაქი სენტ-ლუისი და კოლუმბია. არკანზასში მნიშვნელოვანი ქალაქებია: ფეიეტვილი, ბენტონვილი, სპრინგდეილი, იურიკა-სპრინგზი და ფორტ-სმითი. ქალაქი ბრანსონი არკანზასი–მისურის საზღვრის ჩრდილოეთითაა და წარმოადგენს ტურისტულ ღირსშესანიშნაობასა და ოზარქსის კულტურის პოპულარიზატორს.[8]
ოზარქსი ლიტერატურაში აგრეთვე ცნობილია ოზარკის, ოზარკის პლატოსა და ოზარკის მთების სახელწოდებით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tom Paradise. Arkansas, an illustrated atlas. Little Rock, AR : Butler Center Books, 2010
- ↑ Buffalo Lookout, Arkansas | www.peakbagger.com
- ↑ Fenneman, Nevin Melancthon (1938). Physiography of eastern United States. McGraw-Hill.
- ↑ Principal Aquifers of the United States | United States Geological Survey
- ↑ Woods, A. J., et al. “Ecoregions of Arkansas.” Reston, VA: U.S. Geological Survey, 2004.
- ↑ Ozark Mountains, United States | Encyclopedia Britannica
- ↑ Milton D. Rafferty. The Ozarks: Land and Life. University of Arkansas Press, 2001
- ↑ W. K. McNeil. Ozark Country. Univ. Press of Mississippi, 1995