კარსტული ძაბრი

(გადამისამართდა გვერდიდან კარსტული ძაბრები)

კარსტული ძაბრი (აგრეთვე ცნობილი როგორც დოლინა ან წკვარამი) — ბუნებრივი წარმოშობის სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის დახშული ღრმული, რომელიც წარმოადგენს პონორის გაფართოებულ პირს; წარმოიქმნება ძაბრწარმოქმნის სტადიაში, ესე იგი, პონორწარმოქმნის სტადიის შემდეგ, კირქვების, თაბაშირის, ქვამარილის გახსნისა და გამოტუტვის შედეგად.[1]

კარსტული ძაბრი სერბეთში
კარსტული ძაბრი
ერწოს ტბა

უფრო ხშირად მომრგვალო ან ოვალური ფორმისაა, შედარებით იშვიათად ძაბრისებრი, ლამბაქისებრი, ჯამისებრი, კონუსისებური ან ცილინდრული. დახურულ კარსტში ძაბრის ზედა ნაწილს, კარსტულ-სუფოზიურ ძაბრი ეწოდება. კარსტული ძაბრის დიამეტრი იცვლება რამდენიმე ათეული მ-იდან ასეულ მ-მდე, ხოლო სიგანე რამდენიმე მ-იდან დაახლოებით 1 კმ-მდე. ჩვეულებრივ, მისი სიღრმე მერყეობს რამდენიმე მ-იდან რამდენიმე ათეულ მ-მდე, ზოგჯერ რამდენიმე ასეულ მ-საც აღწევს.[2]

ძაბრების ფსკერსა და გვერდებზე არსებული შესასვლელი ხშირად მღვიმეებში იხსნება. შერწყმის შედეგად, წარმოქმნის კარსტულ აბაზანებსა და ქვაბულებს.[3] ძაბრი კარსტული ლანდშაფტის ფუნდამენტური სტრუქტურაა. გამოყოფენ ზედაპირული გამოტუტვის, ჩაწოვის და ჩაქცევით გაჩენილ ძაბრებს. ფორმირდება დროდადრო, ან უეცრად და მსოფლიოს მრავალ ადგილშია გამოხატული. ხშირად კარსტულ ძაბრებში წყალია ჩამდგარი, ზოგჯერ ამოვსებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. მრავალი მათგანის ძირზე განვითარებულია პონორი, მცირე ჭა, შახტი ან პირდაპირაა დაკავშირებული მღვიმეებთან. კარსტული ძაბრი როგორც კარსტული ლანდშაფტის ტიპური ელემენტი გვხვდება იქ, სადაც განვითარებულია კირქვებისა ან თაბაშირის ქანები. კლასიკური ძაბრები გვხვდება ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში. ფართოდაა განვითარებული ხმელთაშუაზღვიურ ქვეყნებში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ესპანეთში; აგრეთვე გერმანიაში, ავსტრიაში, აშშ-ში და სხვა.[3]

კარსტული ძაბრები ფართოდ არის გამოხატული საქართველოშიც და დაკავშირებულია მხოლოდ კარსტთან. ზოგიერთ შემთხვევაში იგი ტბებითაა დაკავებული. მაგ., ერწოს ტბას უკავია ოთხი, ხოლო დევის ტბას ორი კარსტული ძაბრი. კარსტული ძაბრები გვხვდება აგრეთვე ასხისა და არაბიკის მასივებზე, ჭიათურის პლატოზე და სხვა. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ მხარეში, კერძოდ აფხაზეთში, არაბიკისა და ბზიფის მოვაკებაზე დაკარსტულობის ინტენსივობის მაჩვენებელია ძაბრების ხშირი ქსელი, ასე, მაგ., არაბიკის დიდვაკეზე კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 85-90, ხოლო ბზიფის თხემის მოვაკებაზე 210-220 ძაბრი მოდის. უფრო დაბალ ჰიფსომეტრიულ დონეზე მდებარე მამძიშხის თხემური მოვაკება, იმერეთის პლატოს რიგი რაიონები, „ვაკეტყე“, ბუჯასსათავის რაიონი და სხვა გამოირჩევიან აგრეთვე ძაბრების სიმჭიდროვით.[4]

ზოგიერთი კარსტული ძაბრი, რომელიც წარმოიქმნა ზღვის დონის დაბალ საფეხურზე პლეისტოცენის განმავლობაში და რომელიც ამჟამად ნახევრადაა წყლით ამოვსებული ცნობილია სენოტის სახელწოდებით. დასავლეთ ევროპაში კარსტულ ძაბრს დოლინებს უწოდებენ. ამ შემთხვევაში, ტერმინი „დოლინა“ ნებისმიერი ფორმის, სიდიდის და გენეზისის კარსტული ძაბრის სლოვაკური სახელწოდებაა.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Карстовая воронка //Геологическая энциклопедия
  2. Andrew Goudie, Encyclopedia of Geomorphology: Volume 1: A–I. Routledge, 2004 - 578 pages
  3. 3.0 3.1 Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.,
  4. ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966, გვ. 11-12.
  5. Дублянский В.Н, Кикнадзе Т.З., Тимофеев Д.А. Терминология карста