პონორი, კატაბოთრა (ხორ. Ponor; სერბ. Понор — უფსკრული) — ღია ბუნებრივი ხვრელი კარსტვადი ქანების ზედაპირზე, რომელიც შთანთქავს ზედაპირულ წყალს და უშვებს მიწისქვეშა სიღრმეებში.[1] აქვს ნაპრალის, მრგვალი ჭის, არხისა და სხვა სახე. წარმოიქმნება ნაპრალებითა და კარული ჩაღრმავებებით, ამასთან, ხდება წყლის მიერ ქანის დაშლა და მექანიკური ნგრევა. თანდათან ნაპრალი ფართოვდება და ხვრელად გარდაიქმნება, ხოლო ზოგჯერ წყლის გრიგალისებური მოძრაობის შედეგად მომრგვალო ხდება. წყალი მასში დამავალი ნაკადის სახით მნიშვნელოვანი რაოდენობით ჩაედინება.[2][3]

მდინარე დობრა, რომელიც შედის 17 კმ სიგრძის მღვიმურ სისტემაში, დულინის პონორში, ხორვატია

პეტარ მილანოვიჩმა მორფოლოგიური თვალსაზრისით, მოგვცა პონორების შემდეგი კლასიფიკაცია: 1) დიდი ღრმული და მღვიმეები; 2) დიდი ნაპრალი და კავერნები; 3) ვიწრო ნაპრალების სისტემა და 4) ალუვიური პონორები.[4] აღსანიშნავია, რომ პონორების ანალოგიური ფუნქცია ყველა მიწისქვეშა ფენომენებმა შეიძლება შეითავსონ. კარსტული შახტი ჩვეულებრივ, პონორივით ფუნქციონირებს და წარმოადგენს საშუალებას სწრაფი და პირდაპირი კონტაქტისთვის ზედაპირულ წყლებსა და კარსტულ მიწისქვეშეთს შორის.[5]

პონორი, რომელიც მდინარის ფსკერზე იხსნება მთლიანად შთანთქავს წყლის მასას, მაგ., დინარის მთიანეთის მდინარეები, მდინარე გუბისწყლის მარჯვენა შენაკადი სემი წყალტუბოს კირქვულ მასივზე და სხვა. პონორი, როგორც წყალკარგვის სივრცე კარსტული ლანდშაფტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფორმაა და ფართოდაა გავრცელებული ფოროვანი კირქვული ქანების ზონაში, მათ შორის საქართველოში.[6]

ჭისებრი ან ხვრელისებრი პონორის შედეგად წარმოიქმნება ძაბრისებრი პონორი, რომელიც შეიძლება კარსტულ ძაბრად გადაიქცეს. პონორი შეიძლება იყო ჰორიზონტული ან სუბჰორიზონტული; როდესაც ამგვარი ფორმები კარგავენ თავის ჰიდროგეოლოგიურ ფუნქციას წარმოიქმნება მღვიმე.[7]

  1. ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, გვ. 274
  2. Ford, D.C. & Williams, P.W. Karst Geomorphology and Hydrology. 1989
  3. Максимович Г. А. Карст. Знание, Москва, 1960 г., 47 стр.
  4. Milanović, P., Karst Hydrogeology. Water Resources Publication, Littleton, 434 pp. 1981
  5. Bonacci, O,. Karst Hydrology with Special Reference to the Dinaric Karst, 1987
  6. ავტორთა კოლექტივი. გეომორფოლოგიური ლექსიკონი. თბილისი, ნეკერი, 1996, გვ. 165
  7. Марковић М., Павловић Р., Чупковић Т. Геоморфологија. Београд: Завод за уџбенике и наставна средства, 2003