მექსიკისპირა დაბლობი

მექსიკისპირა დაბლობი (ინგლ. Gulf Coastal Plain) — დაბლობი ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-სა და მექსიკაში. ეკვრის მექსიკის ყურეს, ჩრდილო-აღმოსავლეთით გადადის ატლანტისპირა დაბლობში. გადაჭიმულია მექსიკის ყურის გასწვრივ. სიგანე 350 კმ. სიმაღლე 150 მ-მდე. აგებულია 6000–10000 მ სისქის ზღვიური დანალექი ქანებით, რომლებიც შეიცავენ ნავთობისა და საწვავი აირის დიდ მარაგს.[1] ზედაპირი თანდათანობით მაღლდება სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ და წარმოიქმნება რამდენიმე პარალელური კუესტური სერი. დაბლობს კვეთენ დიდი მდინარეები: მისისიპი, ალაბამა, ბრაზოსი და რიო-გრანდე.[2]

მექსიკისპირა დაბლობი
კოორდინატები: 30° ჩ. გ. 93° დ. გ. / 30° ჩ. გ. 93° დ. გ. / 30; -93
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
მექსიკის დროშა მექსიკა
სიმაღლე 150 
სიგანე 350 კმ
მექსიკისპირა დაბლობი — აშშ
მექსიკისპირა დაბლობი

სანაპიროს გასწვრივ ბევრია ლაგუნა და ესტუარი. კლიმატი სუბტროპიკულია, სამხრეთ-დასავლეთით ტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთით 4–8 °C, სანაპიროზე 12 °C, ივლისში 26–28 °C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა დასავლეთით 600–800 მმ, ხოლო აღმოსავლეთით მატულობს 1200–1500 მმ-მდე. განვითარებულია წითელმიწა, კორდიან-კარბონატული და კორდიან-ალუვიური ნიადაგები. ფართოდ არის გავრცელებული ჭაობის ნიადაგები.[2]

მექსიკისპირა დაბლობის ტერიტორიის 1/3-ზე მეტი შემოსილია ტყით: ფიჭვნარი, შერეული ტყე (ფიჭვი, მარადმწვანე მუხა, მაგნოლია), მდინარეთა გასწვრივ ჭაობის კვიპაროსისა და ალვის ხის ტყეებია, დასავლეთით — სავანა. არის ბამბის ნათესები, სანაპირო რაიონებში — თამბაქოს, შაქრის ლერწმის და ბრინჯის პლანტაციები. დიდი ნავსადგურებია: აშშ-ში — ახალი ორლეანი, ჰიუსტონი, კორპუს-კრისტი, მექსიკაში — ტამპიკო, ვერაკრუსი და სხვა.[2]