კამები (გერმ. მხ. რ. Kamm, სიტყვასიტყვით — თხემი) — ფლუვიოგლაციალური[1] დახარისხებული მასალით აგებული გლუვი ზედაპირისა და ციცაბო ფერდობების მქონე, უმეტესად წაგრძელებული ფორმის ბორცვები და სერები. საშუალო სიმაღლე 6–12 მ, მაქსიმალური 30 მ. ვრცელდება უკანასკნელი კონტინენტური მყინვარების მოქმედების ზოლში.[2][3]

კამები შოტლანდიაში
კამები აშშ-ში
კამები

კამები უწესრიგოდაა მიმოფანტული მომრგვალო კონუსისებრი, ხშირად ბრტყელმწვერვალიანი ბორცვების სახით, რომელიც არასდროს სცდება განსაზღვრულ დონეს. დაყოფილია დადაბლებებით, ზოგჯერ ტბებით დაკავებული გაუდინარი ქვაბულების სახით. ბორცვების კალთები ჩვეულებრივ ციცაბოა — 45°-მდე. აგებულია ტბიური ტიპის ჰორიზონტული და დიაგონალური შრეებრიობით — დახარისხებული ხრეშით, ქვიშებითა და ქვიშნარით.[4][5] ხშირად შრეებრიობა კალთების ზედაპირის გადაკვეთის სიახლოვეს მიკრონასხლეტებითაა დარღვეული. კამები გვხვდება განცალკევებულად ან ჯგუფურად.[4]

რიჩარდ ფოსტერ ფლინტის თეორიის მიხედვით, კამები წარმოიქმნება კონტინენტური მყინვარების კიდესთან დეგლაციაციის პირობებში. აქ წარმოიქმნება ვეებერთელა მონაკვეთები და მკვდარი ყინულის ბელტები, რომელთა დნობის დროს მორენული მასალა ირეცხება და ხარისხდება. თიხოვანი ნაწილები წყლის ნაკადებს გამოაქვთ, ხოლო ქვიშები და კენჭნარი ილექება მკვდარი ყინულის ბელტების შუალედში — ყინულოვან ტბებსა და მღვიმისებურ მყინვარისშიგა არხებსა და ნაპრალებში, რომლებიც მკვდარი ყინულის სხეულში წარმოიქმნება. ყინულის დადნობისა და მყინვარული ტბების დონის დავარდნის შედეგად ყინულისა და მორენის ზედაპირზე არათანაბრად დალექილი ქვიშიანი მასალა, თანდათან იღებს უწესრიგო ბორცვიანი რელიეფის სახეს.[4]

ყინულის დამარხული ბელტების დადნობისას წარმოიქმნება დიდი დანაწევები — გაუდინარი ქვაბულები. იმ შემთხვევაში, როდესაც კამების ქვიშები ილექება დიდ მყინვარულ ტბებში, წარმოიქმნება კამური ტერასები.[6] ზოგჯერ კამები წარმოქმნიან ვრცელ ბორცვიან არეებს ან კამურ, ბოლომორენული ტიპის მოზრდილ სერებს, რომლებიც განლაგებულია უკუმხევი მყინვარის კიდის პარალელურად, მაგალითად, სერი ცაცხვის მთები ქალაქ ლუგიდან დასავლეთით.[4]

კამების ჭრილში გვხვდება მორენული ლინზები და დიდი ყინულწახნაგები. ხშირად კამები ციცაბო საფეხურებს ესაზღვრება, მიწისზედა მყინვარული კონტაქტის კალთებს, მომიჯნავე ვაკეებთან ერთად. კამები ფართოდაა გავრცელებული ფენოსკანდიის უკანასკნელი გამყინვარების ფარგლებში, მყინვარული კიდური წარმონაქმნების კომპლექსებში — რუსეთის ევროპულ ნაწილში (კარელია, ლენინგრადის ოლქი), ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, გერმანიაში და სხვა.[4]

  1. Н. В. Короновский, А. Ф. Якушова. Основы геологии
  2. Камы | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-10. ციტირების თარიღი: 2021-02-09.
  3. გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 528 с.
  5. Kame | Encyclopedia Britannica
  6. Encyclopedia of Geomorphology. Edited by A.S. Goudie. Volume 2, J–Z. 2004.