ქვედა საზანო
ქვედა საზანო — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ტყლაპივაკე, შიმშილაქედი).
სოფელი | |
---|---|
ქვედა საზანო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვედა საზანო |
კოორდინატები | 42°11′36″ ჩ. გ. 43°03′26″ ა. გ. / 42.19333° ჩ. გ. 43.05722° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 280 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1334[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე ძუსის (ყვირილის აუზი) ხეობაში. ზღვის დონიდან 280 მეტრი, ზესტაფონიდან 15 კილომეტრი. სოფელში არის სამი საჯარო სკოლა. სოფელში არის საექიმო ამბულატორია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1334 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2834 | 1405 | 1429 |
2014[1] | 1334 | 659 | 675 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის ტერიტორია ნაწილი იყო ჭალატყის ნაქალაქარისა, რომელშიც შედიოდნენ სოფლები ჭალატყე, ზოვრეთი, ტყლაპივაკე, შიმშილაქედი და ამჟამინდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზედა საზანო და შიმშილაქედი. ლეგენდებში ნაქალაქარი „ბალიასტომად“ მოიხსენიება.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფლის ტერიტორიაზე ბევრი ისტორიული ძეგლია შემორჩენილი, მათ შორის საჯვარე და კვინწიხის გორა, რომელიც, სავარაუდოდ, I საუკუნისაა. სოფლის ტერიტორიაზეა ღვთისმშობლის, დედაღვთისას, მაცხოვრის, საგელათოს, ბაგი-ბუგის, სამების, საკვირაოს, მთავარანგელოზის სახელებით ცნობილი ეკლესიები. აღსანიშნავია სასახლის მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდინარე ძუსის მარცხენა მხარეს. ამ ადგილას იდგა იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელი რეზიდენცია.
საზანოს ციხე
რედაქტირებასოფელში დგას საზანოს ციხე. ვახუშტი ბატონიშვილი წერდა:
„საზანოს წყალზედ არს საზანოს ციხე, კლდესა ზედაშენი კარგი“
|
ციხე XII საუკუნეშია აშენებული წითელი ფერის ციცაბო კლდეზე და აღმოსავლეთით გადასცქერის მდინარე ბუჯასა და მდინარე გაძარულას შესართავს. სამხრეთიდან ციხეს შემოვლებული აქვს ქვითკირის სქელი კედელი, რომელშიდაც დატანებული არის ორი სათვალთვალო სათოფური. ციხის შიდა ნაწილი ორადაა გაყოფილი, სამხრეთით არის შედარებით მცირე, ჩრდილოეთით კი — დიდი დარბაზები. იატაკი დაგებულია თლილი ქვით. ჭერი ძლიერ დაზიანებული და ზოგან ჩამონგრეულია. სამხრეთით შესასვლელში ერთიმეორის მიყოლებით არის 4 ნაჭურალი. ციხის ტერიტორიაზევეა სპეციალური ჭა, რომლის გვერდით არის მდინარე ბუჯაზე ჩამავალი გვირაბი. ამჟამად გვირაბი ამოვსებულია ქვით და ღორღით.
ბაგი-ბუგის ეკლესია
რედაქტირებაე.წ. „ბაგი-ბუგის“ ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ლეგენდის თანახმად 1905 წლის რევოლუციის დროს სოფლის მცხოვრებლებსა და მეფის ჯარს შორის ეკლესიის ტერიტორიაზე მოხდა შეტაკება. დიდი სროლების გამო ხალხმა ტაძარს „ბაგი-ბუგის“ ეკლესია შეარქვა. ტაძარს სამი კარი და 5 სარკმელი აქვს. შენობა საგრძნობლად დაზიანებულია, გადახდილი აქვს სახურავი.
კვინწიხის გორა
რედაქტირებამდინარე ძუსის სანაპიროდან 50-60 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს კვინწიხის გორა. გორა ხელოვნურად შექმნილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი ფართობი 10 000 კვადრატული მეტრია, დასავლეთ მხარეს კარგად ეტყობა წრიული ქვის კედელი, ხოლო მის გაგრძელებას შემოვლებული აქვს მეორე რიგი გათლილი ქვისა და აგურის წყობით. კვინწიხის გორის შემოგარენში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, საბრძოლო და სამუშაო იარაღები. მათი ნაწილი დაცულია ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
საგელათოს ეკლესია
რედაქტირებაკვინწიხის გორაზე ყოფილა კარგად ნაგები „საგელათოს ეკლესია“. მას განაგებდნენ და წირვა-ლოცვას ატარებდნენ გელათის მონასტრის ბერები. არსებობს ლეგენდა ტაძრის შესახებ. მისი მიხედვით ტაძარში ჩუმად ჯვარი და-ძმას დაუწერია. წირვის დროს და-ძმა გაქვავებულა, ეკლესია კი უეცრად ჩავარდნილა და დანგრეულა.
სასახლის ეკლესია
რედაქტირებამდინარე ძუსის მარცხენა მხარეს არის ადგილი, რომელსაც სასახლეს ეძახიან. ამ ადგილებში მდგარა სასახლე, რომელიც იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელ-სანადირო ადგილს წარმოადგენდა. დღეს სასახლის კვალი ამ მიდამოებში აღარ ჩანს. როგორც ირკვევა მეფეებს სასახლესთან ჰქონდათ კარის ეკლესია, რომელსაც მაცხოვრის ეკლესია ერქვა. ტაძარი XIX საუკუნის I ნახევარში დანგრეულა და მის ადგილზე ადგილობრივი ქვითა და კირით აშენებულა დღევანდელი შენობა.
ამჟამინდელი ტაძარი ერთნავიანი ბაზილიკაა, აქვს სამი შესასვლელი. ყველა შესასვლელი მოჩუქურთმებულია, განსაკუთრებით კი მთავარი შესასვლელი, რომელიც სამხრეთის მხრიდანაა. ამ კარზე არის რელიგიურ-ალეგორიული ხასიათის ორი ჩუქურთმა: ორი ძაღლის ფიგურა, რომლებიც ჯაჭვით არიან გადაბმული ერთმანეთზე, ხოლო ჯაჭვი კი დამაგრებულია ჯვარზე და ორი გველის გამოსახულება შუაში ჯვრით.
არსებობს ლეგენდა, რომ ტაძარში ინახებოდა ბაჯაღლო ოქროსაგან დამზადებული მაცხოვრის ხატისა, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო შემკული და 8 გირვანქას იწონიდა. ხატი ვინმე ყარამან კვარაკვახიძეს გაუტაცია, თუმცა გამტაცებელი დაუკავებიათ, სახალხოდ გაუსამართლებიათ და ციმბირში გადაუსახლებიათ, ხოლო ხატი ეკლესიაში დაუბრუნებიათ.
ტაძარი 1926 წლამდე მოქმედი იყო, შემდეგ ჯერ საწყობად, მერე კი კინოდარბაზად გამოუყენებიათ. ხატები და სხვა ძვირფასეულობა დიდი რაოდენობით წიგნებთან ერთად სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 509.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II