ქართული ჩაიჩაის ჯიშ-პოპულაცია, რომელიც მიღებულია ინდური და ჩინური ჩაიდან ჰიბრიდიზაციის გზით. ქართული ჩაის გამოყვანა მოხდა 1941 წელს.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ქართული ჩაი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა. აქვს შემჭიდროებული, ხშირი, დატოტიანებული ვარჯი, საშუალო ზომის, ღია მომწვანო წაგრძელებულ-ოვალური მოკლეყუნწიანი ფოთლები, მთავარღერძიანი ფესვი, რომელიც ღრმად იჭრება ნიადაგში და ზედა ფენაში გვერდით ფესვებს ივითარებს. ყვავილი თეთრი ან ვარდისფერია, მარტოული ან ფოთლის იღლიაში 2-4 ყვავილედად შეკრებილი. ნაყოფი 1-3 თესლიანი კოლოფია. ჩაის ფოთოლი დიდი რაოდენობით შეიცავს კოფეინს, ტანინს, ვიტამინებს, ეთერზეთებს, ექსტრაქტულ ნივთიერებებს.

ქ. ბახტაძემ შექმნა ქართული ჩაის ჯიშები: ქართული N1 და ქართული N2, სელექციური 3, 4, 12 აგრეთვე ე.წ. მოსავლიანი, ზამთარგამძლე და სხვა. სულ ქართული ჩაის 16 ჯიში არსებობს, რომელთაგან საბჭოთა საქართველოში სამრეწველო მიზნით გამოიყენებოდა 8 ჯიში. სელექციური ქართული ჯიშების მოსავალი 30-35 %-ით ჭარბობს ადგილობრივი ბუნებრივი პოპულაციების მოსავალს. მოსავლის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა კლონური სელექციით მიღებული ჯიში „კოლხეთი“.

ჩაის ისტორია საქართველოში

რედაქტირება
 
ჩაქვის ჩაის ფაბრიკა, 1909-1915 წლები
 
ბერძნული წარმომავლობის მუშები ჩაქვის ქართული ჩაის პლანტაციებში, 1909-1915 წლები
 
ლაო ჯინ ჯაო, 1909-1915 წლები

გადმოცემის თანახმად პირველად ჩაი საქართველოში გამოჩნდა 1770 წელს, როცა რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე II-მ სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა ერეკლე II-ს.

ჩაის პირველი ბუჩქები 1809 წელს მამია V გურიელის ბაღში გაჩნდა. გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა. 15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის, ფორთოხლისა და ლიმნის გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა. მარის რჩევით, ჩაის ბუჩქი ოზურგეთიდან გორა-ბერეჟოულში, მიხეილ ერისთავის მამულში გადაიტანეს. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი და 1864 წელს პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.

1833 წელს კავკასიის მომავალმა მთავარმართებელმა ვორონცოვმა ჩაი ჩინეთიდან გამოიწერა და ყირიმში გააშენა, სადაც ჩაის ბუჩქმა ვერ გაიხარა და ის 1840 წელს სოხუმში გადარგეს. სოხუმში ბუჩქმა გაიხარა და გადმოცემის თანახმად პირველი ნერგი XX საუკუნის 30-იან წლებშიც არსებობდა ბოტანიკურ ბაღში. ამ დროს რუსეთის იმპერიაში აქტიურად დაისვა საკითხი შავი ზღვის სანაპიროზე ჩაის გაშენების შესახებ. ჩაის გაშენების არეალის გაფართოების შესაძლებლობების დადგენის მიზნით, რუსეთის მთავრობამ დააფინანსა რამდენიმე ძვირად ღირებული სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში. მათი დადებითი დასკვნები საბოლოო ჯამში სოხუმის, ქუთაისის და სალხინოს ბაღების გაშენების სტიმული და საფუძველი გახდა. 1854 წელს აკადემიკოსი რუპრეხტი, 1858-ში კი აგრონომი სიტოვსკი წერდნენ ჩაის პერსპექტივის შესახებ. XIX საუკუნის 60-იან წლებში რკინიგზის ხაზის გაყვანა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ჩაის კულტურის განვითარებისთვის. 1872 წელს დაარსდა სააქციო საზოგადოებაც „ერთი მილიონი მანეთით ჩაის გავრცელების საქმეზე“. საზოგადოებამ კალკუტადან გამოიწერა სპეციალისტი ლაიელი და ჩაის ნერგები. 1872 წელს ნერგები ხელმეორედ გამოიწერეს, ამჯერად ხანკოუდან, მაგრამ ყინვების გამო ჩაი გზაში გაფუჭდა.

1884 წელს, ბოტანიკისა და მებაღეობის საერთაშორისო კონგრესზე პეტერბურგში, აგრონომმა ზეიდლიცმა წაიკითხა მოხსენება შავი ზღვის სანაპიროზე ჩაის გავრცელების შესაძლებლობებზე და უკვე 1 წლის შემდეგ ინჟინერ-პოლკოვნიკმა სოლოვცევმა გამოიწერა ჩაის თესლი და ნერგები ჩინეთიდან და ჩაქვის სადგურის ახლოს, 1,5 ჰექტარზე გააშენა. საქმეში ჩაით მსხვილი მოვაჭრე რუსეთში, პოპოვი ჩაერთო და 90-იანებში ჩაქვში, სალიბაურსა და კაპრეშუმში 14 ჰექტარზე გააშენა ჩინური ჩაის ჯიშები. პოპოვმა ინგლისური მანქანებით აღჭურვილი ქარხანა ააშენა 1898 წელს სალიბაურში, 1899 წელს კი - ჩაქვში.

 
„პოპოვის ჩაის პლანტაციებს ეკავა სალიბაურში და კაპრეშუმში ორასზე მეტი დესეტინა. პოპოვს აუარებელი ფული ჰქონდა ჩაყრილი ამ ადგილების დასამუშავებლად და გასაწმენდ-დასაშრობად; აგებული ჰქონდა მრავალი შენობა, გაყვანილი ჰქონდა მშვენიერი მოკენჭილი გზები მთების კალთებზე; სალიბაურში ჰქონდა ჩაის ქარხანა; შენობებზე დახარჯული ჰქონდა 200 000 მანეთამდი; მამულების გაწმენდა-გაუმჯობესებაზე – მილიონზე მეტი. პლანტაციებზე მოსამსახურეთა წლიური ხარჯი იყო – 13 500 მანეთი. ყოველდღიურად აქ მუშაობდა 200-მდე ქალი და კაცი. როცა მთელ მამულში მოთავდებოდა ჩაის ბუჩქების დარგვა – ყოველწლიურად მოიწეოდა 400 000-დე გირვანქა ჩაი. ჩაი ძლიერ კარგი თვისებისა კეთდებოდა, კარგი ფერისა, გემოსი, სურნელოვანი და არაფრით ჩამოუვარდებოდა საშუალო ხარისხის ჩინეთის ჩაის. მანეთად რომ გაეყიდნა გირვანქა, წლიური შემოსავალი პოპოვს ამ მამულებიდან ექნებოდა 400 000 მანეთამდი“

ჩაის კულტურების გაშენებას საუფლისწულო საზოგადოებამაც მოჰკიდა ხელი, შეისყიდეს 16 ჰექტარი მიწა ჩაქვში, გაგზავნეს ექსპედიცია ჩინეთსა და ინდოეთში და 1895 წელს გააშენეს კიდეც პლანტაცია. ჩაის სამეთვალყურეოდ ჩინეთიდან მიწვეულ იქნა 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა, დიდგვაროვანი ოჯახიშვილი, ლაო ჯინჯაო. ჯინჯაო და მისი პლანტაცია ფოტოებზე აღბეჭდა იმპერატორის კარის ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ. ფოტოები ამჟამად ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია შენახული. ჯინჯაოს სამართავად ჰქონდა გადაცემული რამდენიმე მამული: კაპრეშუმში – „ნაკრძალი“, სალიბაურში – „სალაღობო“, ჩაქვში - „საამო”. საუფლისწულო მამულებში მუშაობის 10 წლის თავზე იგი მესამე ხარისხის სტანისლავის ორდენით დააჯილდოვეს. 1911 წელს მან ბათუმის მახლობლად, ჩალთაში 1200 მანეთად 10 დესეტინა მიწა შეიძინა და საკუთარი მეურნეობა მოაწყო. 1918 წელს კი პირველი პროდუქციაც გამოუშვა ჩაი. 1919 წელს ჯინჯაოს მეურნეობა თურქეთის საოკუპაციო ჯარებმა მნიშვნელოვნად დააზიანეს.

გარდა პოპოვისა და საუფლისწულო პლანტაციებისა, ცნობილი იყო სინიცინის პლანტაცია სოფელ ყარადერეში და ერმილე ნაკაშიძის პლანტაცია გურიაში. ნაკაშიძეს ჰქონდა 4 ცხენისძალიანი ჩაის გადამამუშავებელი დანადგარი და უშვებდა ჩაის სავაჭრო ნიშნით „ერმილიტა“.

1895 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩაი 18 ჰექტარზე იყო გაშენებული. 1899 წელს პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1900 წელს საქართველოში უკვე 23 საცდელი ნაკვეთი იყო, აქედან 9 ოზურგეთის მაზრაში, 6 ზუგდიდის მაზრაში, 4 სოხუმის ოკრუგში, 2-2 სენაკისა და ქუთაისის მაზრებში.

საბჭოთა პერიოდი

რედაქტირება

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჩაის განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. შავი ზღვისპირა რაიონებში ჩაი იქცა ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურად. უკვე 1925 წელს ჩაის პლანტაციები 1292 ჰექტარს ითვლიდა. ოზურგეთის გარეუბან ანასეულში შეიქმნა საქართველოში ერთადერთი ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი, სადაც გამოყვანილი იქნა ახალი ჯიშები „ქართული 1“, „ქართული 2“, „კლონი“, „კოლხეთი“.

1960-იან წლებში საქართველოს სსრ-ში ჩაის პლანტაციების 24 % მოდიოდა მახარაძისა და ლანჩხუთის რაიონებზე.[1] 1983 წლისთვის საქართველოში ჩაის ეკავა 65,5 ათასი ჰექტარი ფართობი.

თანამედროვეობა

რედაქტირება

XX საუკუნის 90-იან წლებში ქართული ჩაი განადგურების გზაზე დადგა. ქვეყანაში სამოქალაქო ომთან ერთად ჩაის პლანტაციების განადგურებაც დაიწყო. ამჟამად ჩაის საქართველოში რამდენიმე კომპანია აწარმოებს. მათ პლანტაციები აქვთ გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.

მწვანე ჩაი

რედაქტირება

საქართველოში მწვანე ჩაის უფრო მეტი სახეობა არსებობდა, ვიდრე შავისა. საბჭოთა პერიოდში იწარმოებოდა 30-მდე დასახელების მწვანე ჩაი, დაწყებული №10-დან, №125-ით დამთავრებული. მათ შორის საუკეთესო იყო №95 და „საქართველოს თაიგული“. ასევე უმაღლესი ხარისხის ჩაის რიცვხს მიეკუთვნებოდა №125 და „ექსტრა“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფირცხალაიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 487.
  • ფირცხალაიშვილი ს. „მეჩაიეობა“ — თბილისი, 1971
  • ჩაის პლანტაციის ექსპლუატაციის მეცნიერული საფუძვლები — თბილისი, 1976

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. დევიძე, ნ. (1964). „მახარაძე-ლანჩხუთის ქვერაიონის ეკონომიკურ-გეოგრაფიული ნარკვევები“. თბილისი, გვ. 127.