ფიცხელაურები — ხევსურული წარმოშობის ქართული გვარი. ფიცხელაურები წარმოშობით ხევსურეთის სოფელ ბაცალიგოდან არიან, აქედან გადასახლებულან გუდამაყარში სოფელ ბაკურხევში, საიდანაც შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ თიანეთში, ხევში (ხევიდან გადასახლდნენ ქსნის ხეობაში) და გარე და შიგნით კახეთის სოფლებში.

ქსნის ხეობის ფიცხელაურთა განშტოება დაწინაურდა, მათ აზნაურის წოდება მოიპოვეს და ახალგორის მოურავებიც კი გახდნენ. აზნაურობა ფიცხელაურებს მეფისაგან მიუღიათ, ბრძოლებში დამსახურებისათვის. მეფესვე გადმოუყვანია ისინი ხევიდან ქსნის ხევის სოფელ წირქოლში[1] და იკოთში. ზუსტი დრო ფიცხელაურების გააზნაურებისა ცნობილი არაა, მაგრამ 1744 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში ფიცხელაურები უკვე აზნაურთა შორის იხსენიებიან.

ქსნის ხეობაში ჩასახლებული და გააზნაურებული ფიცხელაურები თავიდანვე დაუპირისპირდნენ ქსნის ერისთავებს. ისინი ჯერ კიდევ მთიელებად თვლითდნენ თავს და მეფისა და „ღმერთის მეტი ბატონი არ იცოდნენ“.

XVIII საუკუნის II ნახევარში ქართლის და შემდეგ ქართლ-კახეთის გაძლიერებული სამეფო ხელისუფლება ვეღარ ითმენდა ისეთი ფეოდალური ერთეულების არსებობას, როგორიც იყო ქსნისა და არაგვის საერისთავოები. 1777 წელს მეფე ერეკლეს მიერ ქსნის საერისთავო გაუქმდა და სხვა საერისთავო აზნაურებთან ერთად ფიცხელაურებიც განთავისუფლდნენ ერისთავთა ბატონობისაგან და ამ დროიდან უკვე სახასო აზნაურების სიაში ირიცხებიან.

მრავალი ინფორმაციაა შემონახული ქართული სამართლის ძეგლებში, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ ფიცხელაურები XVIII საუკუნის ბოლოსათვის ფლობენ ახალგორის მოურავის,[2] სახლთუხუცესის და ბოქაულთუხუცესის[3] თანამდებობებს.

XIX საუკუნის დასაწყისის სხვადასხვა დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქსნის ხეობის აზნაურების გავლენა გაძლიერებულა და ახლა უკვე მათ ყმები ჰყავდათ: მდინარე მეჯუდის ხეობაში, ლამისყანაში, იკოთში, ძეგლევში და კორინთაში.

რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, რუსულმა მმართველობამ ერეკლეს მიერ გაუქმებული ქსნის საერისთავოს მამულები ისევ ერისთავებს დაუბრუნა თანამშრომლობის საფასურად, ამ ამბავმა ქსნის ხეობაში მოსახლეობის მღელვარება გამოიწვია, რაც რუსული მმართველობისადმი დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა. 1809 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქსანზე შფოთის წამომწყებნი და მთავრობის ურჩი აზნაურები არიან ახალგორის მოურავის არჯევან ფიცხელაურის ვაჟები გლახა, ლუარსაბ, ნიკოლოზ და დიმიტრი (დოსითეოზ) ფიცხელაურები.

ფიცხელაურების გვარის ყველაზე გამოჩენილმა მოღვაწემ დოსითეოზ ფიცხელაურმა მთელი თავისი ცხოვრება ფაქტობრივად ერისთავების წინააღმდეგ ბრძოლას შეალია, მაგრამ ქსნის ერისთავებს მხარს უჭერდა ადგილობრივი რუსული მმართველობა და იგი მათ წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. ფიცხელაურ-ერისთავთა მრავალწლიანი დაპირისპირება ერისთავების გამარჯვებით დასრულდა.

1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალ დაპყრობას ქართული ემიგრაციის ტალღა მოჰყვა ევროპაში. ერთი ფიცხელაური ემიგრანტთა სიაში იხსენიება, საფრანგეთში, სან-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე დაკრძალულია ვინმე ალექსი ფიცხელაური, გარდაცვალების წელი 1928.[4]

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს დახვრეტილთა სიაში, მოიხსენიება 21 წლის, მენშევიკების პარტიის წევრი, სართიჭალის მკვიდრი, ნიკოლოზ გიორგის-ძე ფიცხელაური (1903-1.09.1924 წწ.)[5]

საცხოვრებელი ადგილი

რედაქტირება

სტატისტიკა

რედაქტირება

2011 წლის სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობს 1660 ფიცხელაური[6]. მათ შორის:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ალექსანდრე ნაზღაიძე, ფიცხელაურები, თბ. 1994 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. წირქოლში დღესაც მდებარეობს ფიცხელაურების კოშკი
  2. ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VII, გვ. 554
  3. ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, გვ. 38-39
  4. თ. პაპავა, გაფანტული საფლავები, თბ. 1990 წ., გვ. 103
  5. 1924 წლის აჯანყების მონაწილე დახვრეტილ პირთა სია[მკვდარი ბმული]
  6. სამოქალაქო რეესტრი – სახელებისა და გვარების სტატისტიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2011-07-17.