სუ-25

(გადამისამართდა გვერდიდან სუხოი სუ-25)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სუ-25“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სუ-25 ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

სუ-25 (ნატოს კლასიფიკაციით „Frogfoot“) — ერთადგილიანი რეაქტიული თვითმფრინავი ორი ძრავით, რომელიც შეიქმნა სსრკ-ში სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროში. მისი შექმნის უმთავრესი მიზანი და დანიშნულება იყო საბჭოთა ქვეითი ჯარებისათვის საჰაერო მხარდაჭერა. პროტოტიპის პირველი გაფრენა განხორციელდა 1975 წლის 22 თებერვალს. თვითმფრინავის გამოცდის შემდეგ 1978 წელს, დაიწყო მისი სერიული წარმოება თბილისის საავიაციო ქარხანაში საქართველოს სსრ-ში.

სუ-25
საქართველოს საჰაერო ძალების სუ-25КМ „სკორპიონი“
ფუნქცია მოიერიშე
შემქმნელი სუხოი
პირველი გაფრენა 22 თებერვალი 1975
წარდგენა 1981
სტატუსი აქტიური გამოყენება
მომხმარებლები რუსეთის დროშა რუსეთის სსძ
ბელარუსის დროშა ბელარუსის სსძ
უკრაინის დროშა უკრაინის სსძ
ჩრდილოეთ კორეის დროშა კორეის სახალხო არმიის სსძ
წარმოების წელი 1978 - დღემდე
რაოდენობა 1,024
ღირებულება US$11 მილიონი
ვარიანტები სუ-28

სუ-25, თავისი არსებობის 25 წლის მანძილზე, მრავალი საჰაერო ომის თვითმხილველი გახდა. მას აქტიურად იყენებდნენ ავღანეთის ომში მოჯაჰედების წინააღმდეგ ბრძოლაში. სუ-25-ებს იყენებდა ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალები 1980-1988 წლებში ირანის წინააღმდეგ ირან-ერაყის ომში. 1993 წელს აფხაზეთის ომის დროს აფხაზი სეპარატისტები რუსეთის დახმარებით სუ-25-ებს იყენებდნენ ქართველების წინააღმდეგ.[1] რვა წლის შემდეგ სუ-25-ებს აქტიურად იყენებს მაკედონიის სამხედრო-საჰაერო ძალები ალბანელი აჯანყებულების წინააღმდეგ 2001 წლის მაკედონიის კონფლიქტის დროს, ხოლო 2008 წელს კი საქართველო და რუსეთი იყენებდნენ სუ-25-ებს რუსეთ-საქართველოს ომში.[2]

განვითარება

1968 წლის დასაწყისში სსრკ-ის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა შეემუშავებინა სპეციალიზებული დაჯავშნული მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც საბჭოთა ქვეითი ჯარის საჰაერო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. ამ თვითმფრინავის შექმნის იდეა გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის და ადგილობრივი ომების (1950-60 წწ.) დროინდელი მხარდამჭერი მოიერიშე თვითმფრინავების ანალიზის შემდეგ.[3] იმდროინდელი საბჭოთა გამანადგურებელ-ბომბდამშენები (სუ-7, სუ-17, მიგ-21 და მიგ-23) ვერ აკმაყოფილებდა ძირითად მოთხოვნას საჰაერო თავდაცვისათვის. თვითმფრინავებს გააჩნდა რამდენიმე ნაკლი, კერძოდ არსებული ჯავშანი ვერ უზრუნველყოფდა თვითმფრინავის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწილების დაცვას. ასევე, მათი ფრენის მაღალი სიჩქარე მფრინავს ხელს უშლიდა მიზანთან ვიზუალურ კონტაქტში. ამ პრობლემების მხედველობაში მიღების შემდეგ პავლე სუხოიმ და სუხოის საკონსტრუქტორო ბიურომ მოკლე ვადებში დაიწყეს აღნიშნულ პროექტზე მუშაობა, თავდაცვის სამინისტროსა და საავიაციო მრეწველობის სამინისტროსთან ერთად.[4]

 
სუ-25 მხატვრული ნიმუში

1969 წლის მარტში საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამოაცხადა კონკურსი ახალი თვითმფრინავის შესაქმნელად. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ: სუხოის საკონსტრუქტორო ბიურო, იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიურო, ილიუშინის საკონსტრუქტორო ბიურო და მიქოიანის საკონსტრუქტორო ბიურო. სუხოიმ თავის პროექტ „Т-8“-ზე მუშაობა დაასრულა 1968 წლის ბოლოს და 1972 წლის იანვარში შეუდგა პირველ საცდელ ნიმუშებზე (Т8-1 და Т8-2) მუშაობას. „Т8-1“ კორპუსზე მუშაობა დასრულდა 1974 წლის 9 მაისის დღესასწაულისთვის. მიუხედავად ამისა, მას პირველი გაფრენა 1975 წლის 22 თებერვლამდე არ განუხორციელებია. საბჭოთა საჰაერო ძალების კონკურსში სუ-25-მა აჯობა თავის მთავარ კონკურენტ ილ-102-ს.

„Т8-1“ და „Т8-2“ საცდელი ნიმუშების გაუმჯობესებაზე მუშაობის დროს, სუხოის საკონსტრუქტორო ბიურომ წამოაყენა წინადადება სუ-25-ების ნაწილის აწყობა დაწყებულიყო თბილისის 31-ე ქარხანაში, საქართველოს სსრ-ში, რომელიც იმ დროისათვის წარმოადგენდა მიგ-21УМ-ის მთავარ საწარმოო ბაზას. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და საბჭოთა სამინისტროების ყველა სტადიაზე სახელმწიფო გამოცდის გავლის შემდეგ სუ-25-ს თბილისში წარმოებაზე ნებართვა გაიცა. წარმოება 1978 წელს დაიწყო.

1980-იანების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში გამოჩნდა სუ-25 რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის მოდერნიზებული და სპეციალური დანიშნულებისთვის განკუთვნილი ვერსიები. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებია ორადგილიანი სავარჯიშო სუ-25УБ, ბუქსირებადი ვარიანტი სუ-25БМ და ტანკსაწინააღმდეგო მოდელი სუ-25Т. ამათ გარდა საქართველოსა და ებრაული ფირმა ელბიტის მიერ შეიქმნა საცდელი მოდელი სუ-25КМ, მაგრამ ჯერჯერობით ამ ვარიანტს დიდი კომერციული წარმატება არ მოუტანია. სუ-25 ერთადერთი დაჯავშნული თვითმფრინავია, რომელიც დღესაც იწარმოება.[5]

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს გააჩნია ყველაზე დიდი რაოდენობით სუ-25-ები და გეგმავენ მათ მოდერნიზირებას სუ-25СМ-მდე. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 2007 წელს შენელდა ფინანსების უკმარისობის გამო.

დიზაინი

 
სუ-25 კუბინკის ავიაბაზაზე
 
რუსეთის სუ-25 ფრენისას

სუ-25 გააჩნია ნორმალურ აეროდინამიულად განლაგებული ტრაპეციული ფრთები და ჩვეულებრივი საჭე. კორპუსის შემადგენლობაში გამოიყენება რამდენიმე ტიპის ლითონი: 60% ალუმინი, 19% ფოლადი, 13.5% ტიტანი, 2% მაგნიუმის შენადნობი და 5.5% სხვადასხვა ლითონები.[6]

კაბინა

მფრინავი თვითმფრინავს მართავს ცენტრალური გადამრთველით და მარცხენა ხელის დროსელით. მფრინავი ზის კატაპულტირებად სავარძელში (სუ-27 მსგავსი) და გააჩნია ფრენის სტანდარტული ინსტრუმენტები. კაბინის უკან განთავსებულია 6 მმ სისქის ფოლადის ჩაფხუტი. კაბინას გააჩნია ჩაღრმავებული ფორმის ჩატანებული ერთმანეთზე მიდუღებული ტიტანის ფენები. კატაპულტირებადი სავარძლისთვის განკუთვნილი გიდის რელსები დამონტაჟებულია კაბინის უკანა კედელზე.

მფრინავი კაბინაში ზის დაბლა და დაცულია გვერდებიდან დამცავი მექანიზმებით. უკეთესი დაცულობის გამო მფრინავის ხილვადობა შეზღუდულია. უკან ხედვა ძლიერ შეზღუდულია, თუმცა მისი კომპენსირებისათვის მაღლა დაყენებულია პერიოსკოპი. სამართავი კაბინა მოძველებულია, რომელსაც არ გააჩნია სენსორული ინდიკატორიც კი საქარე მინაზე.[7]

იარაღი კაბინის ქვემოთ განყოფილებაში კაბინის ძირზე არის დაკიდული. ჰაერგაუმტარი საავიაციო განყოფილება მდებარეობს კაბინის უკან და წინა საწვავის ავზის წინ. კაბინის უკანა ნაწილის მარცხენა მხარეს დამონტაჟებულია კიბე, რომელიც უზრუნველყოფს კაბინაში მოხვედრას. ცხვირი აღჭურვილია ორი განმასხვავებელი გადამცემით.

ფრთები და ფიუზელაჟი

სუ-25-ს ყველა ვერსიას გააჩნია ლითონის თავისუფლადმატარებელი ფრთები, მაღალი პროპორციები და მოწყობილობების მაღალი ტვირთამწეობა. ფრთა შედგება ორი სექციისგან, რომლებიც ფიუზელაჟთან ერთად ქმნის ერთ მთლიან ერთეულს. აეროდინამიური მუხრუჭები განთავსებულია ფრთების წვეროებში. აგრეთვე თითოეულ ფრთას გააჩნია 5-5 იარაღის საკიდი და ელერონი.

სამართავი მოწყობილობა

 
სუ-25-ს ცხვირი

სუ-25-ს ადრინდელი ვერსიები აღჭურვილი იყო ორი Р95Ш ტიპის ტურბორეაქტიული ძრავით, რომელიც განთავსებული იყო ფიუზელაჟის კუდის ნაწილის ორივე მხარეს ცალკეულ განყოფილებებში. ძრავები და მის გარშემო მდებარე ფიუზელაჟის სტრუქტურები ცივდება ჰაერით, რომელიც მიეწოდება სპეციალური საჰაერო ხვრელებით. სადრენაჟო სისტემა აგროვებს ნავთობს, ჰიდრავლიკური სითხის ნარჩენებს და საწვავს ძრავებიდან გაფრენის ან წარუმატებელი სტარტის შემდეგ. მართვის სისტემის საშუალებით თითოეულ ძრავას შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა. თვითმფრინავის ბოლო ვერსიები (სუ-25Т და სუ-25ТМ) აღჭურვილია გაუმჯობესებული Р-195 ტიპის ძრავებით.

ექსპლუატაციის ისტორია

საბჭოთა კავშირის ომი ავღანეთში (1979-89)

1981 წლის 19 ივლისს დასავლეთ ავღანეთის ავიაბაზა შინდარდზე განთავსდა მე-200 საჰაერო-დამრტყმელი ესკადრილია. ეს იყო პირველი სუ-25-ები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. მათი მთავარი მიზანი იყო საჰაერო დარტყმების გამხორციელება მთებში დამალული ავღანელი აჯანყებული სამხედრო ძალებისთვის.

ავღანეთში საბჭოთა ომის განმავლობაში სუ-25-დან გაშვებული იქნა დაახლოებით 139 ცალი ყველანაირი ტიპის მართვადი რაკეტა მოჯაჰედების თავშესაფრების მიმართულებით. ომის დაწყებიდან (1981 წელი), მისი დასასრულისთვის (1989 წელი) სამხედრო ოპერაციებში სულ 21 თვითმფრინავი იქნა დაკარგული.

ირან-ერაყის ომი (1980-88)

სუ-25 გამოყენებულ იქნა 1980-1988 წწ. ირან-ერაყის ომშიც. ომის დროს ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალები აქტიურად იყენებდა სუ-25-ებს სხვადასხვა საჰაერო ამოცანებისთვის. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ირანული საზენიტო კომპლექსის რაკეტა მოხვდა ერაყის სუ-25-ს, მაგრამ მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო. ეს ირანის მიერ ერაყის სუ-25-ის დაზიანების ერთადერთი შემთხვევა იყო.

სპარსეთის ყურის ომი (1991)

სპარსეთის ყურეში ომის დროს (ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“) კოალიციის ძალებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ. 1991 წლის 25 იანვარს ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი 7 სუ-25 გაიქცა ერაყიდან და დაეშვნენ ირანში.

1991 წლის 6 თებერვლის საღამოს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა F-15C დაიჭირა ერაყის მიგ-21 და რამდენიმე სუ-25. ოთხივე ერაყული თვითმფრინავი დაცხრილულ იქნა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, ერაყის სუ-25-ების საჰაერო ბრძოლაში ჩაბმისა.

ეთიოპია-ერიტრეის ომი (1998-2000)

სუ-25-ები გამოიყენებოდა ეთიოპიის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ. 2000 წლის 15 მაისს ეთიოპიის კუთვნილი სუ-25 დააზიანა ერიტრეის მიგ-29-მ, რასაც ემსხვერპლა მფრინავის სიცოცხლე.

მაკედონიის კონფლიქტი (2001)

სუ-25 იყენებდა მაკედონიის სამხედრო-საჰაერო ძალები 2001 წლის მაკედონიის კონფლიქტის დროს ალბანელი სეპარატისტების წინააღმდეგ. 2001 წლის 24 ივნისიდან თვითმფრინავმა განახორციელა მრავალჯერადი თავდასხმა სეპარატისტების პოზიციებზე. ყველაზე წარმატებული ოპერაცია განხორციელდა 2001 წლის 10 აგვისტოს სოფელ რადუშაში, როდესაც სუ-25 თავს დაესხა ალბანელ მებრძოლებს, რომლებმაც ორი დღით ადრე ჩასაფრება მოუწყეს მაკედონიელ სამხედროებს და 16 კაცი მოკლეს.

კოტ-დ’ივუარ-საფრანგეთის ომი (2004)

2004 წლის 6 ნოემბერს ადგილობრივი დროით 13:00-ზე. სულ მცირე ერთი კოტ-დ’ივუარის კუთვნილი სუ-25 თავს დაესხა საფრანგეთის სამშვიდობო ძალებს ქალაქ ბუაკეში. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 9 და დაიჭრა 37 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე. ამის საპასუხოდ საფრანგეთის შეირაღებულმა ძალებმა მიიღო შესაბამისი ზომები და თავს დაესხა იამუსუკროს აეროპორტს, სადაც გაანადგურეს კოტ-დ’ივუარის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი 2 ცალი სუ-25.

რუსეთ-საქართველოს ომი (2008)

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაუდგენელი რაოდენობის საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სუ-25-ები ბომბავდნენ მიზნებს სამხრეთ ოსეთში, ხოლო მას შემდეგ რაც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საჰაერო სივრცე დაიკავეს რუსულმა თვითმფრინავებმა, ქართულმა მხარემ ფრენები საერთოდ შეწყვიტა. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები სუ-24-ები და მცირე რაოდენობით სუ-25-ები კი განუწყვეტლივ ბომბავდნენ ქალაქ გორს და ყველა სამხედრო ბაზასა თუ აეროპორტს. ქართული მხარის ინფორმაციით აგვისტოს ომის დროს რუსეთმა დაკარგა 22 საფრენი აპარატი, მაგრამ რუსულმა მხარემ დაადასტურა მხოლოდ სამი სუ-25-ის დაკარგვა. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში რუსული სუ-25-ები თავს დაესხა თბილისის საავიაციო ქარხანას და დაბომბა ქარხნის აეროდრომი.

ვარიანტები

სუ-25

 
საბჭოთა სუ-25 ფრენისას.

თვითმფრინავის ძირითადი ვერსიის წარმოება დაიწყო საბჭოთა საქართველოში თბილისის 31-ე ქარხანაში. 1978-1989 წლებში საქართველოში აეწყო 582 ერთადგილიანი სუ-25, ამ მაჩვენებელში არ შედიოდა საექსპორტო პროგრამით გათვალისწინებული სუ-25К. ეს თვითმფრინავი წარმოადგენს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარ ბირთვს. რუსეთის სუ-25-ების ფლოტი დღეისათვის უდიდესია მსოფლიოში.

თვითმფრინავს ექსპლუატაციის პერიოდში განცდილი აქვს მრავალი უბედური შემთხვევა გამოწვეული სისტემის გაუმართაობით. ამ ინციდენტების კვალდაკვალ აიკრძალა მისი მთავარი შეიარაღების С-24 ტიპის რაკეტების გამოყენება. მის ნაცვლად შეიარაღებაზე მიიღო ФАБ-500 ტიპის 500 კილოგრამიანი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ჭურვები.

სუ-25К

სუ-25К (Коммерческий) საექსპორტო კომერციული ვარინტი შეიქმნა სუ-25-ის მთავარი მოდელის ბაზაზე. ეს მოდელი იწარმოებოდა აგრეთვე თბილისის 31-ე ქარხანაში. თვითმფრინავის ეს მოდელი საბჭოთა საჰაერო ძალების კუთვნილისგან განსხვავდებოდა კაბინის მცირე დეტალებით. სულ 1984-1989 წლებში დაახლოებით 180 ცალი სუ-25К იქნა გამოშვებული.

სუ-25УБ

 
რუსეთის სუ-25УБ.

1977 წელს ააწყვეს პირველი სუ-25УБ (Учебно-Боевой). მის პირველ საცდელ ნიმუშს Т-8УБ-1 ეწოდა, რომელიც რეალიზებულ იქნა 1985 წლის ივლისში. ამავე წლის 12 აგვისტოს ულან-უდეს ქარხნის აეროდრომზე განხორციელდა მისი პირველი გაფრენა. თვითმფრინავის მთავარი მიზანი იყო მფრინავებისთვის წვრთნის ჩატარება და კადეტების მომზადება საბჭოთა საჰაერო ძალების მფრინავთა სკოლისთვის.

1986 წლის ბოლოსთვის ულან-უდეში აიწყო 25 ცალი სუ-25УБ, თუმცა მისი საბოლოო გამოცდები დასრულებული არ იყო და ამიტომ მისი დაშვება საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში ოფიციალურად არ მოხდა.

სუ-25УБК

 
ბულგარეთის სუ-25УБК ფრენისას.

1986-1989 წლებში სუ-25УБ მშენებლობის პარალელურად ულან-უდეს ქარხანაში მუშაობენ მისი კომერციული ვარიანტის სუ-25УБК (Учебно-Боевой Коммерческий) შექმნაზე, რომელიც განკუთვნილი იყო იმ ქვეყნებში საექსპორტოდ რომლებმაც მიიღეს სუ-25К.

სუ-25УТГ

 
რუსეთის სუ-25УТГ

სუ-25УТГ (Учебно-Тренировочный с Гаком) წარმოადგენს სუ-25УБ ვარიანტს, რომლის შექმნის მთავარი მიზანი მფრინავებისათვის ავიამზიდიდან აფრენა-დაფრენის შესწავლა გახდა. 1988 წელს შედგა მისი პირველი გაფრენა და ამასთან ერთად გამოუშვეს 10 ცალი სუ-25УТГ. 1991 წლის შემდეგ რუსეთის შეირაღებაზე დარჩა მხოლოდ ნახევარი, რომელსაც იყენებდა ერთადერთი ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“. თვითმფრინავების ასეთი მცირე რაოდენობა არ იყო საკმარისი მფრინავების სრულად მოსამზადებლად, ამიტომ მათ დიდი რაოდენობით სუ-25УБ გადააკეთეს სუ-25УТГ და ეწოდათ სუ-25УБП (Учебно-Боевой Палубный) რაც მიუთითებდა მათ სამხედრო-საზღვაო კუთვნილებაზე. დაახლოებით 10 თვითმფრინავი ამჟამადაც რუსეთის ფლოტის ექსპლუატაციაშია როგორც 279-ე სამხედრო-საზღვაო პოლკის ავიაციის ნაწილი.

სუ-25БМ

სუ-25БМ (Буксировщик Мишеней) წარმოადგენს სუ-25-ის ვარიანტს, რომლის განვითარებაც 1986 წელს დაიწყო. საცდელი ნიმუშის სახელად Т-8БМ1 გაფრენა პირველად თბილისში 1990 წლის 22 მარტს შედგა და გამოცდების შემდეგ თვითმფრინავი ჩაშვებულ იქნა სერიულ წარმოებაში.

სუ-25БМ-ის შექმნის მიზანი იყო მიწა-მიწა და მიწა-ჰაერის კლასის სამხედრო-საზღვაო სარაკეტო სისტემების თვითმფრინავის ბუქსირით ტრანსპორტირება პოლიგონზე. ეს ყოველივე მოქმედებაში მოყვანილი იქნა Р-195 ტიპის ძრავისა და შორი მოქმედების სანავიგაციო სისტემა РСДН-10 (დასავლური LORAN-ის სისტემის ანალოგი) დახმარებით.

სუ-25Т

 
რუსეთის სუ-25СМ

სუ-25Т (Танковый) არის სპეციალური ტანკსაწინააღმდეგო ვერსია, რომლის ბრძოლისუნარიანობა წარმატებით იქნა გამოცდილი ჩეჩნეთის ომის დროს. მასში შეცვლილია რადიოტექნიკა, დამატებული არის „Шквал-ის“ სისტემა, ლაზერული მანძილმზომი და ასევე თვითმფრინავის ცხვირში მიზნის მანიშნებელი (იგივე სისტემაა გამოყენებული Ка-50 ტიპის ვერტმფრენში). „Шквал-ის“ ღამის ხედვის შესაძლებლობები შეზღუდულია. სუ-25Т აგრეთვე შუძლია მართვადი კამერით აღჭურვილი ბომბების КАБ-500Кр და Х-29Т ტიპის მართვადი კამერით აღჭურვილი მძიმე ტაქტკიური მიწა-ჰაერის კლასის რაკეტების გამოყენება.

 
რუსეთის სუ-25ТМ.

სუ-25Т მეორე თაობაა სუ-25ТМ (აგრეთვე ცნობილი როგორც სუ-39), რომელშიც განვითარებულია სანავიგაციო და თავდასხმითი სისტემები და გააჩნია მაღალი გამძლეობა. თვითმფრინავში სუ-25 მსგავსად შენარჩუნებულია „Шквал-ის“ სისტემა და დამატებული აქვს „Копье“ ტიპის რადარი, რომელიც გამოიყენება საჰაერო და საზღვაო მიზნებისთვის. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ამჟამად ორივე ვერსიის თვითმფრინავი მცირე რაოდენობით მიიღო, ხოლო ამ თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი გაუმჯობესებული საავიაციო სისტემები გამოიყენეს სუ-25СМ-ში.

სუ-25КМ

 
საქართველოს სუ-25КМ "სკორპიონი".

სუ-25КМ (Коммерческий Модернизированный) მეტსახელად "სკორპიონი" წარმოადგენს სუ-25-ის მოდერნიზებულ ვარიანტს, რომლის წარმოებაც 2001 წელს დაიწყო. მწარმოებელია თბილისის საავიაციო ქარხანა პარტნიორ ებრაულ ფირმა ელბიტთან ერთად. საცდელი მოდელის პირველი გაფრენა შედგა 2001 წელს თბილისში. სუ-25КМ თვითმფრინავები მთლიანად საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაშია.

თვითმფრინავი იყენებს სუ-25-ის სტანდარტულ კორპუსს დამატებული საავიაციო რადიოელექტრონიკით, შუშის კაბინით, ციფრული რუკის გენერატორით, კომპიუტერიზირებული იარაღის სისტემით და სხვ. მუშაობის ამაღლება მოიცავს ძალიან ზუსტ სანავიგაციო სისტემას, რომლის დახმარებითაც როგორც დღისით ისე ღამით და ნებისმიერ ამინდში შეუძლია დავალების შესრულება. ის ასევე სრულიად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან.

სუ-28

 
სუ-28

სუ-28 (აგრეთვე ცნობილი როგორც სუ-25УТ - Учебно-Тренировочный) მთავარი გაუმჯობესებული რეაქტიული სავარჯიშო თვითმფრინავია. ის აწყობილია სუ-25УБ ბაზაზე, როგორც სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროს კერძო ინიციატივა. სუ-28 მსუბუქი საჰაერო ხომალდია შექმნილი ჩეხოსლოვაკური L-39 ალბატროსის შესაცვლელად. სუ-25УБ-საგან განსხვავებით მას გააჩნია რამდენიმე ნაკლი, იარაღის მართვის სისტემაში, ჩამონტაჟებულ იარაღში, კორპუსის ჯავშანში და სხვ.

სხვები

  • სუ-25Р (Разведчик) – ტაქტიკური მზვერავი შემუშავებული 1978 წელს, მაგრამ მისი წარმოება არ დაწყებულა.
  • სუ-25У3 (Учебный 3-местний) – აგრეთვე ცნობილი როგორც „Русская Тройка“, წარმოადგენს 3 ადგილიან სავარჯიშო თვითმფრინავს. 1991 წელს ფინანსების უკმარისობის გამო პროეტი შეჩერდა.
  • სუ-25У (Учебный) – სუ-25-ის საწვრთნელი ვარიანტი წარმოებული საქართველოში 1996-1998 წლებში. სულ აწყობილ იქნა 3 თვითმფრინავი და ყველა საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის.

ოპერატორები

 
სუ-25-ის სამხედრო ოპერატორები:
  მოქმედი ოპერატორები
  ყოფილი ოპერატორები
  ავღანეთი
1986-1990 წლებში საბჭოთა კავშირმა სუ-25-ები გადასცა ავღანეთის მთავრობას. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ავღანეთის სუ-25-ების რაოდენობა 12-დან 60-მდე მერყეობს. ავღანური სუ-25-ების ფაქტობრივი რაოდენობა დაუდგენელია. ბოლო დროს კოალიციური ძალების მიერ ჩატერებული ოპერაციებისას არ იქნა გამოვლენილი ავღანური სუ-25-ების ოპერაციის კვალი, რაც შესაძლებელს ხდის, რომ სუ-25-ები ქვეყანას ფაქტობრივად არასოდეს შეუძენია.
  აზერბაიჯანი (29)
აზერბაიჯანს სუ-25 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მემკვიდრეობით არ მიუღია, ერთადერთი თვითმფრინავი მიიღეს 1992 წლის აპრილში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების დეზერტირი პილოტის დახმარებით. ამ ინციდენტის შემდეგ აზერბაიჯანმა შეიძინა სულ მცირე 5 ცალი სუ-25 და ერთი სუ-25 საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დეზერტირისგან მიიღეს. სავარაუდოდ დანარჩენი თვითმფრინავები მოგვიანებით იქნა შეძენილი, რადგან 2001 წლის ინვენტარიზაციისას 3 თვითმფრინავი აღმოაჩნდა აზერბაიჯანს მიუხედავად მთიანი ყარაბაღის ომში სომხეთთან ბრძოლისას დაკარგული 4 სუ-25-სა.
  ანგოლა
1988 წლის დასაწყისში სსრკ-სა და ანგოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნისათვის სუ-25-ების მიწოდებას. ანგოლის საექსპორტო ხელშეკრულება ითვალისწინებდა 12 ერთადგილიან სუ-25К და 2 საწვრთნელ სუ-25УБК. მოგვიანებით ეს რიცხვი გაიზარდა სულ მცირე 3 ორადგილიანი სატრანსპორტო საშუალებით.
 
ბელარუსის სუ-25К
  ბელარუსი (76)
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბელარუსი დსთ-ს მეორე სახელმწიფოა რუსეთის შემდეგ რომელსაც სუ-25-ების მნიშვნელოვანი რაოდენობა აქვს. 70 ცალი სუ-25 და 6 ცალი სუ-25УБ 2004 წლისთვის თავმოყრილი იყო ლიდას ავიაბაზაზე.
 
ბულგარეთის საჰაერო ძალების სუ-25К
  ბულგარეთი (32)
ბულგარეთი ვარშავის ხელშეკრულების მეორე წევრი ქვეყანა იყო რომელმაც 1985 წელს მიიღო სუ-25-ის პირველი ვარიანტები სუ-25К და სუ-25УБК. თვითმფრინავები განკუთვნილი იყო უკვე მოძველებული მიგ-17-ების ჩასანაცვლებლად, რომლებიც ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარ ნაწილს შეადგენდა. 2004 წლისთვის 20 სუ-25К და 3 სუ-25УБК განლაგებული იყო ბეზმერის ავიაბაზაზე.
  გამბია (1)
2008 წლის მონაცემებით გამბიის შეიარაღებული ძალები ექსპლუატაციას უწევს ერთ სუ–25.
  ეთიოპია (4)
ორი სუ-25Т და ორი სავარჯიშო სუ-25УБК ჯერ კიდევ 2000 წლის პირველ მეოთხედში ჰყავდა ეთიოპიას. ზემოთაღნიშნული თვითმფრინავები მოხსნილი იყო რუსეთის შეიარაღებიდან, რის შემდეგაც ისინი გადაკეთებულ იქნენ ეთიოპიის სამხედრო-საჰაერო ძალების მოთხოვნის შესაბამისად. შეძენის შემდეგ ამ თვითმფრინავებს ეთიოპია იყენებდა სამხედრო ოპერაციებში ერიტრეის აჯანყებული ჯგუფების წინააღმდეგ.
  ეკვატორული გვინეა (4)
2005 წელს 4 სუ-25, აქედან 2 სუ-25УБ შეიარაღებაზე მიიღო ეკვატორული გვინეის სამხედრო-საჰაერო ძალებმა. თვითმფრინავის მიმდინარე სტატუსი უცნობია.
  ერიტრეა (6)
სულ 6 ცალი სუ-25 მიიღო შეიარაღებაზე ერიტრეის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 2001-2006 წწ.
  თურქმენეთი (43)
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახლად შექმნილ თურქმენეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას გადაეცა 46 ცალი სუ-25. თურქმენეთსა და საქართველოს შორის შეთანხმების თანახმად 1999 წელს ორმოცდახუთ თვითმფრინავს რესტავრაცია ჩაუტარდა თბილისის საავიაციო ქარხანაში როგორც მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური. რის შემდეგაც თვითმფრინავები დაბრუნდა თურქმენეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში. რესტავრირებული თვითმფრინავები გადაიტანეს აკ-ტეპეს ავიაბაზაზე. 2004 წლის მონაცემების თანახმად ამ ბაზაზე 18 ექპლუატაციაში მყოფი სუ-25 ბაზირებდა.
  ირანი (13)
1991 წლის 21 იანვარს ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი 7 სუ-25 ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო დროებითი უსაფრთხოების ზონის მოსაძებნად გაემართა ირანის მიმართულებით. ირანელთა აზრით ეს თვითმფრინავები საჩუქარი იყო მათი ძველი მოწინააღმდეგისგან და ისინი ხელში ჩაიგდეს, თუმცა სათადარიგო ნაწილების და დოკუმენტაციის არქონის გამო ირანის სამხედრო-საჰაერო ძალებს ისინი არასოდეს გამოუყენებია. ირანის ისლამური რევოლუციური დაცვის კორპუსის საჰაერო ძალებმა თავის ინვენტარს მიუმატა სულ მცირე 6 სუ-25.
  კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (4)
1999 წლის ბოლოს თბილისის საავიაციო ქარხანამ კონტრაქტი გააფორმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, რომელიც ითვალისწინებდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის 10 ცალი სუ-25К მიწოდებას. აღნიშნული კონტრაქტი შეფასებული იყო 6 მილიონ აშშ დოლარად. პირველი ოთხი თვითმფრინავი ან-124-ის ბორტზე 1999 წლის ნოემბერში ავიდა, ხოლო დანარჩენი 6 კი 2000 წლის იანვარში მიეწოდა.
  პერუ (18)
1998 წლის ბოლოს პერუმ ბელარუსისგან მიიღო რესტავრირებული 18 სუ-25. მიწოდება ითვალისწინებდა 10 ერთადგილიან და 8 ორადგილიან სავარჯიშო სუ-25УБ. თვითმფრინავები აწყობილი იყო სსრკ-ის დანგრევისას და წარმოადგენდა საბჭოთა სუ-25-ების ბოლო ვერსიას. 1998-2005 წლებში სულ მცირე 25 მსუბუქ სატრანსპორტო კოკაინით დატვირთულ თვითმფრინავზე იქნა იერიში მიტანილი პერუს კუთვნილი სუ-25-ებით.
 
რუსეთის საჰაერო ძალების სუ-25 სპეციალური მარკირებით
  რუსეთი (241)
დღეისათვის რუსეთს სუ-25-ების შემცირებული ფლოტი გააჩნია. გამოყენებაში მყოფი მთავარი ვარიანტებია ერთადგილიანი სუ-25, ორადგილიანი სუ-25УБ და სუ-25БМ. ამათ გარდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მიიღო მცირე რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო სუ-25Т, რომლებიც წარმატებით გამოსცადეს ჩეჩნეთის საომარი მოქმედებების დროს. სუ-25-ებს აგრეთვე იყენებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი, რომლის შემადგენლობაშიცაა სტანდარტული სუ-25, სუ-25УБ და სუ-25УТГ. 2008 წლისათვის რუსეთის საჰაერო ძალების სამსახურში იყო 245 სუ-25.
  საქართველო (9)
სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოს ფაქტობრივად არც ერთი თვითმფრინავი არ მიუღია. მხოლოდ რამდენიმე ერთეული ერთადგილიანი სუ-25 დარჩა ქარხანაში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რომლებიც საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებს გადაეცა. 2004 წლისთვის საქართველოს ჰყავდა 9 სუ-25. აქედან 8 სუ-25КМ (ისრაელის დახმარებით მოდერნიზებული სუ-25-ის ვერსია) და 1 სუ-25.
  სომხეთი (16)
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთს, ისევე როგორც აზერბაიჯანს, არ შეხვდა არც ერთი სუ-25, თუმცა 1991-1992 წლებში ყარაბაღის ომის დროს სომხეთმა არაოფიციალურად შეიძინა მცირე რაოდენობით თვითმფრინავები (11 ერთადგილიანი მანქანა და 4 სუ-25УБ).
  სუდანი (4)
31 დეკემბერს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სუდანის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წარმოადგინეს ახალი სუ-25-ები.
  უზბეკეთი
1990 წლამდე საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალების ექსპერიმენტული სასწავლო ცენტრი განთავსებული იყო უზბეკეთში ჩირჩიკის ავიაბაზაზე, რომელიც აღჭურვილი იყო დაახლოებით 20 სუ-25, სუ-25УБ და სუ-25БМ-ით. 1991 წელს სუ-25-ების მცირე რაოდენობა აგრეთვე განთავსებული იყო ჯიზაკის ავიაბაზაზე, მაგრამ 1991 წლის შემდეგ უზბეკეთში არსებული ყველა სუ-25 კონცენტრირებული იყო ჩირჩიკში. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ყველა სუ-25 რომლებიც მდებარეობდა სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალი მთავრობის საკუთრება გახდა.
 
უკრაინის სადემონსტრაციო სუ-25
  უკრაინა (55)
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინამ მიიღო 92 ცალი სხვადასხვა ვარიანტის სუ-25. ამჟამად უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები მართავს დაახლოებით 60 სუ-25, სუ-25УБ და სუ-25УТГ, რომელსაც ხელმძღვანელობენ 299-ე დამოუკიდებელი შემტევი პოლკი განლაგებული კულბაკინოს ბაზაზე ყირიმში და 456-ე შემტევი პოლკი განლაგებული ჩორტკივში. სხვადასხვა წყაროების თანახმად 30-მდე სუ-25 შენახულია 4070-ე სარეზერვო ბაზაზე.
  ყაზახეთი (14)
1995 წლის დეკემბერში ყაზახეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მიიღეს 12 ერთადგილიანი სუ-25 და 2 სავარჯიშო სუ-25УБ. ეს წარმოადგენდა კომპენსაციას სტრატეგიული ბომბდამშენების ტუ-95МС-ების დაბრუნებისათვის, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა ყაზახეთის ტერიტორიაზე. ყაზახური სუ-25-ები განლაგებულია ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჩიმკენტის ავიაბაზაზე.
  ჩადი (2)
2008 წლის შუა პერიოდში ჩადმა ხელშეკრულება გააფორმა უკრაინასთან 6 ცალი სუ-25-ს შესყიდვაზე, მაგრამ 2008 წლის 1 ნოემბრისთვის მხოლოდ 2 მათგანი მიიღო.
  ჩრდილოეთი კორეა (40)
ჩრდილოეთ კორეა პირველი აზიური ქვეყანა იყო, რომელმაც სუ-25 მიიღო. მოკლე პერიოდში 1987 წლის ბოლოდან 1989 წლამდე ჩრდილოეთ კორეამ შეიძინა სულ მცირე 32 ერთადგილიანი სუ-25К და 4 სუ-25УБК. თვითმფრინავები ბაზირებს ფხენიანიდან 80 კილომეტრში სონჩონის ავიაბაზაზე, რომელსაც გააჩნია უმთავრესად გამაგრებული ბუნებრივი ანგარი აღჭურვილი ჩვეულებრივი და ბირთვული რაკეტებისგან დასაცავად.

ყოფილი ოპერატორები

  ერაყი
ირან-ერაყის ომის ადრეულ ეტაპზე ერაყი დაუახლოვდა საბჭოთა კავშირს თხოვნით მიეყიდა მისთვის მრავალფეროვანი სამხედრო შეიარაღება. შედეგად ერაყი გახდა პირველი ქვეყანა არაწევრი ვარშავის ხელშეკრულებისა, რომელმაც მიიღო სუ-25К და სუ-25УБК. ითვლება, რომ ერაყმა საერთო ჯამში მიიღო 73 სუ-25, საიდანაც 4 ცალი სავარჯიშო იყო. 1998 წლის იანვრისთვის ერაყი ჯერ კიდევ ფლობდა 12 ცალ სუ-25, საიდანაც 3 ცალი შემჩნეული იყო 2002 წელს დემონსტრაციაზე ბაღდადში. მიუხედავად ამისა აშშ-ის ერაყში შეჭრის შემდეგ თანდათანობით სუ-25-ები შეამცირეს.
 
მაკედონიის სუ-25К
  კოტ-დ’ივუარი (სპილოს ძვლის ნაპირი) (4)
9 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა და 23 დაიჭრა კოტ-დ’ივუარის კუთვნილი 2 სუ-25-ის მიერ ფრანგული პოზიციების დაბომბვისას. ამის საპასუხოდ ფრანგმა ჯარისკაცებმა იამუსუკროს ავიაბაზაზე მიწაზევე გაანადგურეს მათი სუ-25-ები.
  მაკედონია (4)
მაკედონიის რესპუბლიკამ 2001 წლის მაკედონიის კონფლიქტის შემდეგ შეიძინა 3 ერთადგილიანი სუ-25 და 1 სუ-25УБ. უკრაინის ხელისუფლება მაკედონიას აწვდიდა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებიდან მოხსნილ თვითმფრინავებს. 2004 წელს აღნიშნული თვითმფრინავები მოხსნეს მაკედონიის შეიარაღებიდან და 2005 წელს მიჰყიდეს საქართველოს.
 
ყოფილი ჩეხოსლოვაკიის სუ-25
  სლოვაკეთი
სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ მიიღეს 12 სუ-25К და 1 სუ-25УБК. თვითმფრინავები ბაზირებდნენ სლოვაკეთის 33-ე ავიაბაზაზე მალაკი-კუჩინაში. მოგვიანებით მიყიდული იქნა სომხეთისათვის.
  სსრკ
თვითმფრინავები გადაეცა მემკვიდრე ქვეყანას.
 
ჩეხეთის სუ-25К
  ჩეხეთი
ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკას ჰქონდა 24 სუ-25К და 1 სუ-25УБК. 2000 წლის დეკემბერში ჩეხური სუ-25 მოხსნილი იქნა შეიარაღებიდან და შესანახად გადაიტანეს პრეროვის სამხედრო ავიაბაზაზე.
  ჩეხოსლოვაკია
თვითმფრინავები გადაცემულ იქნა მემკვიდრეებზე თანაფარდობით 2:1 ჩეხეთის სასარგებლოდ.

ავარიები და ინციდენტები

  • 2006 წლის დეკემბერში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სუ-25К ჩვეულებრივი ბაზირების ადგილის შეცვლის დროს გაუჩინარდა. მისი ჩამოვარდნის კვალი ვერსად ვერ აღმოაჩინეს.
  • კონგოს სხვა სუ-25К-მ კატასტროფა განიცადა 2007 წელს ქალაქ კისანგალთან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ჩვენებისას, რასაც ემსხვერპლა მფრინავი. გამოძიებამ დაადგინა, რომ კატასტროფის მიზეზი ძრავის გაჩერება გახდა.
  • 2008 წლის 20 მარტს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სუ-25 ჰაერში აფეთქდა, რასაც მფრინავის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოიძებამ აჩვენა, რომ აფეთქების მიზეზი მოხვედრილი რაკეტა იყო რომელიც შემთხვევით გაუშვეს. უბედური შემთხვევის შემდეგ გამოძიების დასრულებამდე სუ-25-ების ფრენა დროებით შეჩერდა.

ტექნიკური მახასიათებლები

 

ძირითადი მაჩვენებლები

  • ეკიპაჟი: ერთი კაცი
  • სიგრძე: 15.33 მ
  • ფრთის გაქანი: 14.36 მ
  • სიმაღლე: 4.80 მ
  • ფრთის ფართობი: 30.1 მ2
  • ცარიელის წონა: 10,740 კგ
  • დატვირთულის წონა: 16,990 კგ
  • მაქსიმალირი ასაფრენი წონა: 20,500 კგ
  • ძრავის ტიპი: ТРД Р-195
  • ძრავების რაოდენობა: 2
  • წნევა: 44.18 კგ/ძალა

მოქმედება

  • მაქსიმალური სიჩქარე: 950 კმ/სთ
  • საბრძოლო რადიუსი: 375 კმ
  • პრაქტიკული ჭერი: 10,000 მ

შეიარაღება

  • 1× 30 მმ-იანი ქვემეხი ГШ-30-2, საბრძოლო კომპლექტი - 250
  • თვითმფრინავის საბრძოლო დატვირთვა 11 საკიდზე 4,400 კგ-ია. მას შეუძლია ბორტზე ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების Р-3(АА-2) ან Р-60(АА-8) და ჰაერი-მიწა კლასის რაკეტების Х-25МЛ, Х-29Л და С-25Л აღება.

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სუ-25&oldid=4695902“-დან