კულტურული მცენარეები

(გადამისამართდა გვერდიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურები)

კულტურული მცენარეები, სასოფლო-სამეურნეო კულტურებიმცენარეები, რომლებიც ადამიანს მოჰყავს საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად: საჭმელად (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და სხვ.), ბოჭკოს მისაღებად, სამკურნალოდ, შესაღებად, ეთერზეთების მისაღებად, ცხოველთა გამოსაკვებად, დეკორატიული მიზნებით და სხვ. მათი რაოდენობა 2500 სახეობაზე მეტია (უმაღლესი მცენარეების ყველა სახეობის დაახლ. 10%), მიეკუთვნებიან 50-მდე ოჯახს. თუმცა მცენარეული პროდუქტების ძირითად მასას იძლევა სულ დაახლოებით 20 სახეობა (მაგ., ბრინჯი დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით -ის კვების ძირითადი პროდუქტია).

მცენარეთა კულტურაში შეტანა ქვის ხანაში დაიწყო, თუმცა თავდაპირველად ატარებდა გაუცნობიერებელი ხელოვნური გადარჩევის ხასიათს. შემდგომში სასარგებლო მცენარეთა მოყვანა დაიწყეს საცხოვრებლის სიახლოვეს (ძირითადად კულტურული მცენარეების წარმოშობის ცენტრებში). ხალხთა მიგრაციების, ზღვაოსნობისა და ვაჭრობის წყალობით ეს მცენარეები დედამიწის სხვა ადგილებშიც გავრცელდა. ახალ პირობებში მცენარეები მნიშვნელოვნად იცვლებოდნენ და დასაბამს აძლევდნენ კულტურულ მცენარეთა ახალ ფორმებს. ბრინჯაოს ხანაში განვითარდა პრიმიტიული მიწათმოქმედება. შემდგომში მცენარეთა მრავალფეროვანი ფორმების მისაღებად დაიწყეს ხელოვნური ჰიბრიდიზაციის გამოყენება. თითქმის ყველა თანამედროვე კულტურული მცენარე კულტურაში მიღებულია (მოშინაურებულია) ძველი წელთაღრიცხვის რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე. მათ შორის ყველაზე ძველია: სიმინდი, ბანანი, შირბახტი, გოგრა, ქოქოსის პალმა, ქერი, ასლი, პარკოსნები, ხახვი, თამბაქო, კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა, შაქრის ლერწამი; ახალი წელთაღრიცხვის წლებში კულტურაში მიიღეს სულ რამდენიმე მცენარე, მ.შ. შაქრის ჭარხალი, კაუჩუკის ჰევეა, ქინაქინის ხე. ჩვეულებრივ, მრავალი სახეობისაგან შემდგარი გვარებიდან კულტურაში მიღებულია რამდენიმე სახეობა (მაგ., 200-მდე სახეობის სელიდან კულტურაა მხოლოდ 1, 70-მდე სახეობის მზესუმზირიდან კულტურაა მხოლოდ ორი — ზეთის და მიწავაშლა).

არსებული კულტურული მცენარეების წარმოშობა განსხვავებულია. ერთი ნაწილი წარმოშობილია ველურად მზარდი სახეობებისგან, მაგრამ თავად ველური სახით არ გვხვდება; მეორე ნაწილი (მაგ., მრავალი საკვები მცენარე) დღემდე იზრდება ველურ მდგომარეობაში; მესამე ნაწილი შექმნილია ადამიანის მიერ ჰიბრიდიზაციის გზით (ტრიტიკალეხორბლისა და ჭვავის ჰიბრიდი, რაფსიბოსტნის კომბოსტოსა და შალგის ბუნებრივი ჰიბრიდი, რომელიც გადმოიღეს გადარჩევის გზით).

კულტურული მცენარეები ხელოვნური გადარჩევის შედეგია. კულტურაში ახალი სახეობების შემოღება გრძელდება (განსაკუთრებული ინტენსივობით — საკვები, სამკურნალო და ტექნიკური კულტურებისა), თუმცა ეფუძნება ბიოლოგიის ფუნდამენტურ აღმოჩენებს, კერძოდ მიღწევებს გენეტიკის დარგში (სელექცია).

კულტურული მცენარეები ფლობენ ისეთი თავისებურებებს, რომლებიც ველურად მზარდ სახეობებს არ ახასიათებს. მათ არ აქვთ ბუნებრივი არეალი, ფართოდ არიან გავრცელებული სხვადასხვა ქვეყანაში და კონტინენტზე, მიუხედავად მათი წარმოშობის ადგილისა (მაგ., სიმინდის, მზესუმზირისა და კარტოფილის სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა, პურეული მარცვლეული კულტურების თავდაპირველი კერაა წინა აზია). კულტურულ მცენარეებში ბუნებრივი ევოლუცია შეცვლილია სელექციით, რომელიც ტარდება ადამიანისათვის სასარგებლო თვისებების (მოსავლიანობა, ცილებისა და სახამებლის შემცველობა და სხვ.). სელექციაში ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება მუტაციებს, სპონტანურ და ხელოვნურ ჰიბრიდიზაციას სხვადასხვა სახეობასა და პოლიპლოიდს შორის. პოლიპლოიდიაზე დაფუძნებული სელექცია უზრუნველყოფს მცენარეული პროდუქტების რაოდენობისა და ხარისხის გაზრდას (კულტურების უმეტესობა პოლიპლოიდია). კულტურულმა მცენარეებმა დაკარგეს გავრცელების ბუნებრივი გარემო და მათი სახეობების არსებობა უზრუნველყოფილია მხოლოდ ადამიანის მიერ მოვლით. ახასიათებთ მცენარის იმ ნაწილების დიდი ცვალებადობა (პოლიმორფიზმი), რომლებსაც სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. კულტურული მცენარეების ფორმებს შორის გენოფონდის მუდმივი გაცვლით გამოწვეული ნიშან-თვისებათა შერევა ართულებს სისტემატიკას. დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად საჭირო ხდება ახალი მიწების ათვისება და მათთვის გამძლე კულტურული მცენარეების ახალი ფორმების გამოყვანა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Культурные растения // Биологический энциклопедический словарь / Гл. ред. М. С. Гиляров. — М.: «Советская Энциклопедия», 1986. — стр. 304.