შალგი
შალგი,[1] შალგა[2] (ლათ. Brassica rapa subsp. oleifera) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისა, თალგამის ქვესახეობა. სარეველა მცენარის სახით იზრდება ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში — თალგამის ერთ-ერთი ამოსავალი ფორმაა, ამიტომ მას ჰგავს მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური თვისებებით. სწორმდგომი მცენარეა მთავარღერძიანი ფესვითა და დატოტვილი ღეროებით; საშემოდგომო ფორმების სიმაღლე 1,5–1,6 მეტრია, საგაზაფხულოსი — 0,8–1,4 მეტრი. ფოთლები: ფესვთანური — ყუნწიანი, ფრთული, ჩანგისებრი, ბეწვით ძლიერ დაფარული; ღეროსეული — მჯდომარე, თითქმის მთლიანი, ღეროზე მთლიანად არიან შემოვლებული თავისი ძირით. ყვავილები წვრილია, გვირგვინი ოქროსფერ-ყვითელია, შეკრებილია ყვავილედში — გრძელ მტევანში. ჭარბობს ჯვარედინი დამტვერვა. ნაყოფი გლუვი ან ხორკლიანი ჭოტია (სიგრძე 3–5 სმ); თესლი სფეროსებრი, წითელ-მურა ან მურა, მომწიფების შემდეგ ცვივა. თესლი შეიცავს 35–45% ცხიმოვან ზეთს, რომელიც გამოიყენება ტექნიკური (საპნის, ლაქ-საღებავების წარმოება) და სასურსათო (შალგის ზეთი) მიზნებისათვის. მოჰყავთ ჯიშები, რომლებიც არ შეიცავს ერუკის მჟავას, და ჯიშები გლუკოზინოლატების დაბალი შემცველობით (ეს უკანასკნელი კომბოსტოსებრთა წარმომადგენლებს მწარე და ცხარე გემოს აძლევს). შალგის კოპტონი და შროტი ცხოველთა გამოსაკვებად გამოიყენება, მწვანე მასა იხმარება საქონლის საკვებად (გლუკოზინოლატების შემცველობის გამო მისი დასაშვები რაოდენობა შეზღუდულია) და სიდერატად (ჩასახვნელად). კარგი თაფლოვანი მცენარეა. ნიადაგის მიმართ მცირედ მომთხოვნია (უმჯობესია კარგად დრენირებადი არამჟავიანი ნიადაგები), სიცივის მიმართ მედეგია (თესლი გაღვივებას იწყებს ნიადაგში 1–2°C ტემპერატურის დროს); ოპტიმალურ პირობებში აღმონაცენი დათესვიდან 3–4 დღეში ამოდის.[3]
შალგი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Brassica rapa subsp. oleifera (DC.) Metzg., 1833 | |||||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||||
სია
| |||||||||||||||||
|
კულტივირებულია კანადაში, ფინეთში, შვედეთში, რუსეთში. საშემოდგომო ჯიშების ვეგეტაციის ხანგრძლივობა 250–260 დღეა, საგაზაფხულოსი — 70–80 დღე. საშემოდგომო შალგი უფრო მედეგია სიცივის მიმართ, მისი მოყვანა ჩრდილოეთის რეგიონებშიცაა შესაძლებელი, მაგრამ არახელსაყრელ პირობებში შეიძლება გაიყინოს. საშემოდგომო ჯიშების კარგად განვითარებული მცენარე (6–10 როზეტის ფოთლით) თოვლის ქვეშ –30°C-მდე ყინვას უძლებს, თოვლის გარეშე –18°С-მდე. ზამთრის მიმართ კარგი მედეგობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ვეგეტაციის არანაკლებ 1,5 თვე. ვეგეტაციის განახლებიდან ყვავილობამდე საჭიროა 20–40 დღე, ყვავილობიდან მწიფობამდე — 50–70 დღე. საკვებად დასათესი საშემოდგომო შალგი გასათიბად საჭირო სიმწიფეს აღწევს საშემოდგომო ჭვავზე (10–15 დღით) და საშემოდგომო თალგამზე (4–10 დღით) ადრე. შალგს აგრეთვე ამუშავებენ სანათიბო და სანაწვერალო ნათესებში. კულტურა აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და მის ფიტოსანიტარულ მდგომარეობას, ამიტომ მრავალი სხვა კულტურის კარგი წინამორბედია. მოსავლიანობა (ტ/ჰა): საგაზაფხულოსი — 1,3–2, საშემოდგომოსი — 1,8–3, მწვანე მასისა — 25–40.[3]
საქართველოში ყველა მიწათმოქმედების რაიონში გეხვდება. იზრდება ნათესებში, ბოსტნებსა და ნასვენ ადგილებზე.[1] ქართლსა და კახეთში ეწოდება შელგა, შლეგა; თუშეთში – გიერა; ხევსურეთში – ბოსტანა; ხევში – მდოგი, ყანის მდოგი.[4]
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილი
-
ღერო
-
ბოტანიკური ილუსტრაცია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 შალგი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 677.
- ↑ შალგა // დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი : [2 ტომად] / შემდგ.: რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონიძე და სხვ., ლონდონი: გარნეტი, 2006.
- ↑ 3.0 3.1 Лазарев, Н. Н.. Сурепица ru. Большая российская энциклопедия. Электронная версия (2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-29. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2022
- ↑ მაყაშვილი ა., შალგი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.