რუსეთის ტურიზმი
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
ვრცელი ტერიტორიები, მრავალფეროვანი ბუნება და ლანდშაფტი გახდა რუსეთში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ რუსეთის ტურისტული პოტენციალი შეფასდა და დადგინდა, რომ სრულად განვითარებული ინფრასტრუქტურის შემთხვევაში ქვეყანა შეძლებს 40 მლნ. საერთაშორისო ტურისტის მიღებას წელიწადში. თუმცა დღესდღეობით მათი რაოდენობა ყოველწლიურად 7,4 მლნ-ს შეადგენს. 2007 წლის მონაცემებით ჩასული ტურისტების რაოდენობა 20,6 მლნ-ს შეადგენს. საერთო შემოსავალი 2008 წელს 11,943 მლნ დოლარია, ხოლო ტურისტული გასავალი (დანახარჯები) ამავე წელს 24,9 მლრდ დოლარია.
რუსეთის ტერიტორია იყოფა შემდეგ ტურისტულ რაიონებად: ცენტრალური რაიონი – ქვეყნის ევროპული ნაწილი, მნიშვნელოვანი ქალაქებით (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი); დასავლეთ რაიონი – ბალტიის ზღვის სანაპირო ტურისტული ცენტრებით კალინინგრადში, ნოვგოროდსა და ფსკოვში; ზემო ვოლგის – ტვერი, იაროსლავლი; ურალის რაიონი – პერმი, უფა. ჩრდილოეთ რუსეთში გამოიყოფა ქვერაიონი – კარელიის-ნოლსკი, რომლის ტურისტული ცენტრებია პეტროზავოდსკი, მურმანსკი, არხანგელსკი, რესპუბლიკა კომი და სანქტ-პეტერბურგი. მნიშვნელოვანი რეგიონია სამხრეთ რუსეთი, რომელიც შემდეგ ქვერაიონებს მოიცავს: შავი ზღვისპირეთი – სოჭი, ანაპა, გელენჯიკი; ჩრდილოეთ კავკასიონი ანუ კავკასიონის მინერალური წყლების კურორტები – ნალჩიკი, ვლადიკავკაზი, კრასნი კლუჩი, ჟელეზნოგორსკი, კისლოვოდსკი, კავკასიის მინერალური წყლები (მინვოდი); მთიანი კავკასიის რაიონი – ჯამბალაისკი, ტებერდა, დომბაი, არხიზი; აზოვის რაიონი – როსტოვი დონზე, ტაგანროგი; კასპიის ზღვისპირეთი და ვოლგისა ნაპირები – სამხრეთ რუსეთის რაიონი. ციმბირი და შორეული აღმოსავლეთის რეგიონი იყოფა შემდეგ ქვერაიონებად: ობი-ალტაის ტურისტული ცენტრები – კურგანი, ომსკი, ბარნაული, კემეროვო; ენისეისა და ბაიკალისპირეთი – კრასნოიარსკი, აბაკანი; შორეული აღმოსავლეთი – კურილიის კუნძულები და სახალინი; რუსეთის ტერიტორიის აზიური ჩრდილოეთი – პეტრო-პავლოვსკი, კამჩატკა, ბოლანჩა, ტოპაია.
ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, მთავარი ობიექტები, სადაც ტურიზმია განვითარებული, წარმოადგენენ ქალაქები: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი და სოჭი. ისინი გამოირჩევიან უნიკალური კულტურული და არქიტექტურული ძეგლებით, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნიათ. ტურიზმის განვითარების პოტენციალით დღეს-დღეობით სხვა რეგიონებიც ხასიათდებიან: კარელია, კამჩატკა და ბაიკალის ტბის მოდამოები. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტული მარშრუტი ე.წ. „ოქროს წრე“ („Золотое Кольцо“), რომელიც ეწყობა რუსეთის ისტორიული ქალაქების დასათვალიერებლად. უმშვენიერესი ისტორიული ძეგლების მონახულება წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება. ამ ტურში 8 ძირითადი ქალაქი შედის: სერგიევ პოსადი, პერესლავლ-ზალესსკი, დიდებული როსტოვი, იაროსლავლი, კოსტრომა, ივანოვო, სუზდალი და ვლადიმირი. ეს ქალაქები 6 ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს: მოსკოვის, ვლადიმირის, ივანოვოს, კოსტრომის, ტვერის და იაროსლავლის.
სერგიევ პოსადი – ქალაქი მრავალრიცხოვანი არქიტექტურული ნაგებობებით. სამონასტრო კომპლექსი 50-ზე მეტ შენობას მოიცავს. ყველაზე მსხვილი მათ შორის მიძინების მონასტერია. ამ კომპლექსის მშენებლობა მე-15 საუკუნეში დაიწყო და თითქმის 4 საუკუნე გასტანა.
პერესლავლი-ზალესსკი – ქალაქში 6 მონასტერია, რომელთაგან 4 მოქმედია. მე-18 საუკუნეში იგი პერესლავლის ეპარქიის ცენტრი იყო. აქ შემორჩენილია 5-დან ერთ-ერთი თეთრი ქვის მონასტერი – სპასო-პრეობრაჟენსკი. აქ მოინათლნენ (ალექსანდრე ნეველი) და განისვენებენ რუსეთის დიდი მეფეები.
როსტოვი – ტურისტული მარშრუტის მარგალიტი. ქალაქი მდიდარია არა მხოლოდ ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, არამედ თვალწარმტაცი ლანდშაფტით. ტურისტებს იზიდავს უძველესი მე-17 საუკუნის როსტოვის კრემლი. კულტურის ღირსშესანიშნაობას როსტოვის 13 ზარი წარმოადგენს, რომელიც უნიკალურ ხმას გამოსცემენ.
იაროსავლი – ქალაქი, რომელიც 1010 წელს დაარსდა. მისი ისტორიული ცენტრი 140-მდე არქიტექტურულ ძეგლს ითვლის. აქ მდებარე ეკლესიებს ეტყობათ დასავლეთის კულტურის და არქიტექტურის ზეგავლენა. ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს უძველესი სპასო-პრეობრაჟენსკის მონასტერი, ილია წინასწარმეტყველის ეკლესია, მე-15 საუკუნის ტოლგსკის მონასტერი. ეს უკანასკნელი მოსკოვური ბაროკოს ერთ-ერთი წარმომადგენლია.
კოსტრომა – ქალაქი, რომლის ისტორიული ნაწილის არქიტექტურული დაგეგმარება შემორჩენილია ეკატერინე II-ის დროიდან (1781 წელი). იგი მდ. ვოლგის სანაპიროზეა გაშლილი. მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლს იპატიევის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს, რომელიც 1330-იან წლებში იყო დაარსებული.
ივანოვო – ქალაქი, რომელიც განთქმულია კონსტრუქტივიზმის ეპოქის ძეგლებით. ესენია: სახლი-გემი, სახლი-ნავი და სხვა. აქ შემორჩენილი სამრეწველო ობიექტები, მაგალითად, როგორიცაა საფეიქრო ქარხანა, თავისებურ კოლორიტს ანიჭებს ამ ქალაქს.
სუზდალი – უძველი ქალაქი, რომელიც X საუკუნეში იყო დაარსებული. მის უმთავრეს ღირსშესანიშნაობას სუზდალის კრემლი წარმოადგენს (1024 წელი), რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი შემორჩენილია და ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მრავლადაა სამონასტრო კომპლექსებიც: ალექსანდროვის მონასტერი (1240 წელი), რიზოპოლოჟენის მონასტერი (1207 წელი). პოკროვის ეკლესია აშენდა 1364 წელს და იმ დროისთვის რუსეთში ერთ-ერთ უდიდეს ტაძარს წარმოადგენდა.
ვლადიმირი – აქ შემორჩენილია მე-17 საუკუნის ციხის ოქროს კარიბჭე და მე-12 საუკუნის მიძინების მონასტერი, რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი. იგი აგრეთვე აშენებულია თეთრი ქვისგან.
ტურისტების თავშეყრის მნიშვნელოვან ადგილს ქვეყნის დედაქალაქი – მოსკოვი წარმოადგენს. ქალაქი მდებარეობს დასავლეთ რუსეთის ფედერალურ ოლქში. ცნობილია წითელი მოედანი და არქიტექტურული ანსამბლი კრემლი (მე-12 საუკუნის), რომელიც წარმოადგენს ეროვნული მთავრობის ცენტრს. აქვე მდებარეობს: წმინდა ბასილის ტაძარი, შთამბეჭდავი ელეგანტური ფერადი გუმბათებით; სპასის კოშკი, ლენინის მავზოლეუმი, ნიკოლსკის კოშკი, ისტორიული მუზეუმი, გუმი (სავაჭრო ცენტრი).
გარდა ისტორიული ძეგლებისა, აქ დიდი რაოდენობით არის თანამედროვე არქიტექტურის ნაგებობები, თეატრები, მუზეუმები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები. მხოლოდ მოსკოვში ტურისტებს ემსახურება 6 აეროპორტი და 9 რკინიგზის სადგური. ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის კულტურულ დედაქალაქად სანქტ-პეტერბურგი ითვლება. მდინარე ნევის დელტაზე ფინეთის ყურის აღმოსავლეთ სანაპროზე (ბალტიის ზღვა) მდებარე სიდიდით მეორე ქალაქია. მას ტურისტული მიზიდულობის მხრივ მე-8 ადგილი უკავია მსოფლიო რეიტინგში.
სანქტ-პეტერბურგი ცნობილია, როგორც სასახლეების ქალაქი. ერთ-ერთი მათგან ყველაზე ადრეული იყო ზაფხულის სასახლე, მოკრძალებული სახლი, აგებული პეტრე I-ის მიერ ზაფხულის ბაღში (1710—1714). გაცილებით შთამბეჭდავია მის ქვეშევრდომთა ბაროკოს სტილის რეზიდენციები, როგორიცაა მენშიკოვის სასახლე ნევის სანაპიროზე.
ყველაზე ბრწყინვალე იმპერიულ სასახლეთაგან იყო ბაროკოს სტილის ზამთრის სასახლე (1754—1762), უზარმაზარი შენობა უმდიდრესი ინტერიერით, რომელშიც ამჟამად ერმიტაჟის მუზეუმი მდებარეობს. აქ დაცულია მსოფლიოში ერთ–ერთი უმდიდრესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია.
იმავე არქიტექტორს, ბართოლომეო რასტრელის ეკუთვნის პროექტები სამი რეზიდენციისა ნევის პროსპექტის სიახლოვეს: სტროგანოვის სასახლე (1752—1754, ამჟამად ცვილის ფიგურათა მუზეუმი), ვორონცოვის სასახლე (1749—1757, ამჟამად სამხედრო სკოლა), და ანიჩკოვის სასახლე (1741—1750, მრავალჯერ გადაკეთებული, ამჟამად ბავშვთა სასახლე). სხვა ბაროკოს სასახლეებია შერემეტიევის სახლი ფონტანკაზე (ცნობილი აგრეთვე, როგორც შადრევნის სახლი), და ბელოსელსკი-ბელოზერსკის სასახლე (1846—1848) ნევის პროსპექტზე, დიდი თავადი სერგეი ალექსანდროვიჩის ყოფილი რეზიდენცია.
აღსანიშნავია აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები:
ალექსანდრე ნეველის ლავრა – მართლმადიდებლური მამაკაცთა მონასტერი, რომელიც აიგო პეტრე პირველის ბრძანებით 1710 წელს, იმ ადგილას სადაც ალექსანდრე ნეველმა ბრძოლა მოუგო შვედებს. ადმირალტეის შენობა – სანქტ-პეტერბურგის არქიტექტურის შედევრი, რუსული კლასიციზმის ძეგლი. მისი მშენებლობა 1704 წელს დაიწყო. ამ შენობის შპილზე მდებარე გემის გამოსახულება ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა (პეტერბურგი რუსეთის მნიშვნელოვანი პორტი და სანაოსნო ცენტრია).
მნიშვნელოვანი ტაძრებია: ყაზანის ღვთისმშობლის ხატის, ისააკიევის, ქრისტეს აღდგომის. თითოეული მათგანი უნიკალურია არქიტექტურით და იზიდავს დამთვალიერებელს სხვადასხვა ქვეყნიდან. დიდი პოპულარობით სარგებლობს პეტერბურგის ხიდები, რომელთაგან ერთ-ერთის გახსნას (იხსნება ღამის 1 საათის შემდეგ გემების გასატარებლად) არ შეიძლება, რომ არ დაესწროს ჩამოსული ტურისტი. პეტერბურგში 200-მდე მუზეუმი და 70-მდე თეატრია, მათგან ყველაზე გრანდიოზულია მარინის თეატრი.
რუსეთში ვითარდება საზღვაო ტურიზმი, თუმცა იქ ჩამსვლელთა უმეტესობას ადგილობრივი ტურისტები წარმოადგენენ. შავი ზღვის კურორტებია: სოჭი, ანაპა, ადლერი, გელენჯიკი. ქალაქები სუბტროპიკული კლიმატის ზონაში მდებარეობენ. აქ მრავალი სანატორიუმია და მინერალური წყლის აბაზანების მიღებაც შეიძლება.
განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილს ტურისტებისთვის ბაიკალის ტბა წარმოადგენს. ის აღმოსავლეთ ციმბირში მდებარეობს და ტექტონიკური წარმოშობის ყველაზე ღრმა ტბაა მსოფლიოში (მაქსიმალური სიღრმე – 1642მ). ფართობი 31722 კვ.კმ. ტბაში 340-მდე მდინარე ჩაედინება და მხოლოდ ერთი გამოედინება – ანგარა. თვალწარმტაცია ტბის სანაპიროს ფლორა და ფაუნა. მსურველებს აქ თავისუფლად შეუძლიათ მოხვედრა. აქ მოწყობილია სპეციალური ტურისტული ბილიკები, რომელიც საშუალებას აძლევს ტურისტებს უკეთ შეიცნონ აქაური ბუნება. ტურისტებს ღამის გათევა ტბის სანაპიროზე მოწყობილ კარვებში ან იქვე შორიახლოს მდებარე სოფლებში შეუძლიათ.
რუსეთის ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს სეისმურად აქტიური ზონა – კამჩატკის ნახევარკუნძული, სადაც 160 ვულკანიდან 68 მოქმედად ითვლება. ნახევარკუნძულის ფართობი 472,3 ათასი კვ.კმ. მოქმედ ვულკანებს შორის ყველაზე მაღალია ე. წ. კლიუჩევსკაია-სოპკა (4750 მ). აქ ბევრი მდინარეა, რომელიც ტურისტებს იზიდავს მდიდარი იქტიოფაუნით და ზოგი მათგანი ჯომარდობისთვისაა გამოსადეგი. მდიდარია ნახევარკუნძულის ფლორა და ფაუნაც საერთაშორისო ტურისტების უმრავლესობა რუსეთის დიდ ქალაქებში ჩადის, რადგან დიდი ტერიტორიების მიუხედავად, თითქმის ყველგან განუვითარებელია ინფრასტრუქტურა, არასტაბილური ეკონომიური მდგომარეობა და პოტენციალის გამოუყენებლობა. ამის მიუხედავად რუსეთში ბოლო წლებში დიდი აქტიურობით ვითარდება სხვადასხვა სახის აქტიური ტურიზმი. აქ ჩამოდიან მთამსვლელობისთვის, რაფტინგისთვის, თუმცა ცოტაა მთის მდინარე.