ანიჩკოვის სასახლე
ანიჩკოვის სასახლე (რუს.: Аничков дворец) — ყოფილი საიმპერატორო სასახლე სანქტ-პეტერბურგში, ნევის გამზირისა და ფონტანკას გადაკვეთაზე. 1936 წელს გადაკეთდა ლენინგრადის პიონერთა სასახლედ, ამჟამად: სანქტ-პეტერბურგის ბავშვთა სასახლეა—უდიდესი ბავშვთა ცენტრი ევროპაში.
სასახლეს, რომელიც ვინმე ანტონიო დე ვიეირას კუთვნილ მიწაზე აიგო, სახელი დაექვა ფონტანკასთან ახლომდებარე ანიჩკოვის ხიდის გამო. სასახლის პროექტი მომზადდა იმპერატრიცა ელისაბედის შეკვეთით ბრწყინვალე ბაროკოს სტილში და ცნობილი გახდა, როგორც ელისაბედის ხანის ყველაზე დიდებული კერძო რეზიდენცია. ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნის მტკიცებით შენობის პროექტი ეკუთვნის ბართოლომეო რასტრელისა და მიხაილ ზემცევს, თუმცა ამის დოკუმენტური მტკიცება არ არსებობს. მთავარი ფასადი მდ. ფონტანკას გადაჰყურებს და თავდაპირველად მასთან არხით იყო შეერთებული.
სასახლის მშენებლობა 13 წელი გრძელდებოდა და საბოლოო სახე 1754 წელს მიიღო. დასრულებისთანავე იმპერატრიცამ სასახლე მის ფავორიტს გრაფ ალეკსეი რაზუმოვსკის უსახსოვრა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ სასახლე სამეფო ოჯახს დაუბრუნდა, თუმცა მალევე ეკატერინე დიდმა ის უკვე საკუთარ ფავორიტს პრინც პოტიომკინს უსახსოვრა 1776 წელს. 1778-9 წლებში სასახლეს სახელდახელო რესტავრაცია ჩაუტარდა არქიტექტორი ივან სტაროვის მიერ მოდაში ახლად შემოსულ ნეოკლასიკურ სტილში. იმავე პერიოდში სასახლის წინ გაშენდა პარკი ინგლისელი ბაღების არქიტექტორი უილიამ ჰულდის მიერ.
პოტიომკინის გარდაცვალების შემდეგ სასახლე ისევე საიმპერატორო ოჯახს დაუბრუნდა და მისი საიმპერატორო დიდებულების (იმპერატრიცის) სამუშაო კაბინეტის მოვალეობას ასრულებდა. ბოლო მნიშვნელოვანი სტრუქტურული დამატებები განხორციელდა ალექსანდრე I-ის მმართველობის პერიოდში. ბოლო მიშენება ნეოკლასიკურ სტილში იყო და მრავალი კრიტიკოსის აზრით ის არ უხდება რასტრელისეულ თავდაპირველ ნამუშევარს. სამი წლის შემდეგ ალექსანდრემ სასახლე მის დას ელენა პავლოვნას უსახსოვრა. მას შემდეგ შენობის ინტერიერი კიდევ რამდენიმეჯერ განახლდა.
რუსეთის მომავალმა მეფე ალექსანდრე III-მ სასახლეს ახალი ცხოვრება შეჰმატა, აღადგინა რა მისი დარბაზები სხვადასხვა ისტორიულ სტილში. აქ გაატარა ბავშვობა რუსეთის ბოლო მეფე ნიკოლოზ II-მ. აქ ჩატარდა სამეფო ოჯახის არაერთი დღესასწაული, მათ შორის ნიკოლოზის დისწული ირინა რომანოვას ქორწინება პრინც ფელიქს იუსუპოვზე 1914 წელს. ხშირად აღნიშნავენ, რომ რუსეთის ბოლო მეფის ოჯახი ანიჩკოვის სასახლის სადა აპარტამენტებს ამჯობინებდა მათი ოფიციალური რეზიდენციის უკიდეგანო დარბაზებს ზამთრის სასახლეში. მისი დედა, მარია ფიოდოროვნა, ამ სასახლეში რჩებოდა თებერვლის რევოლუციამდე, რის შემდეგაც აქ მომარაგების სამინისტრომ გადმოინაცვლა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ანიჩკოვის სასახლეს ნაციონალიზაცია ჩაუტარდა და იგი სანქტ-პეტერბურგის საქალაქო მუზეუმი გახდა. 1934 წლიდან ის პიონერთა სასახლედ გადაკეთდა სადაც 100-მდე სკოლისგარე კლუბი და წრე მოქმედებდა 10.000-ზე მეტი ბავშვისთვის. შენობაში მცირე მუზეუმი დღესაც მოქმედებს, თუმცა მისი მთავარი ნაწილი ტურისტებისთვის დახურულია.
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
სასახლე 1830-იანებში: ნეოკლასიკურ სტილში აღდგენის შემდეგ
-
სასახლე მე-19 საუკუნის შუა წლებში
-
ერთ-ერთი დარბაზის ინტერიერი მე-20 საუკუნის დასაწყისში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2008-04-08 საიტზე Wayback Machine.