ვასილი ნეტარის ტაძარი

ვასილი ნეტარის ტაძარი (რუს. Собор Василия Блаженного) — რუსული ხუროთმოძღვრების ძეგლი მოსკოვში, მრავალგუმბათოვანი ეკლესია. მდებარეობს წითელ მოედანზე. შვიდი გუმბათი სამყაროს შექმნის შვიდ დღეზე მიანიშნებს, ტრადიციულად რუსეთის ევროპასა და აზიაში უნიკალური მდებარეობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

წმინდა ვასილი ნეტარის ტაძარი
ფრაგმენტი

საკათედრო ტაძარი ივანე მრისხანეს ბრძანებით ააგეს 1555-1561 წლებში ყაზანის სახანოზე გამარჯვების აღსანიშნავად ხუროთმოძღვრებმა ბარმამ და პოსტნიკმა. 1588 წელს ცარმა ფიოდორ ივანოვიჩმა აღმოსავლეთ ნაწილში კაპელა დაამატა ვასილი ნეტარის საფლავის თავზე, ეს უკანასკნელი შემდგომში რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და ტაძარიც მის სახელს ატარებს.

ტაძარი წითელი მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს (55°45′08.88″N, 37°37′23.00″E), კრემლის სპასსკაიას კოშკის პირდაპირ. არც თუ ისე დიდი ზომის ტაძარი ერთ საფუძველზე ნაგები ცხრა კაპელისგან შედგება. კათედრალის დიზაინი იმ დროისთვის თანამედროვე დაფერილი ეკლესიების ტრადიციაშია გადაწყვეტილი, კოლომენსკოეს ტაძრის (1530) და დიაკოვოს ეკლესიის მსგავად (1547).

კათედრალის წინ ბაღში დიმიტრი პოჟარსკისა და კუზმა მინინის ბრინჯაოს ქანდაკება დგას. ქანდაკება თავდაპირველად წითელი მოედნის ცენტრში იდგა, თუმცა საბჭოთა მთავრობამ ჩათვალა, რომ ის პარადებს ხელს უშლიდა და 1936 წელს კათედრალის წინ გადაიტანა.

თავდაპირველი კონცეფციით უნდა აგებულიყო კაპელათა ნიშები, რომლებიც მიეძღვნებოდა ყოველ წმინდანს, რომლის დღესაც მეფე ბრძოლაში გაიმარჯვებდა, თუმცა ერთი ცენტრალური გუმბათის აშენებამ ეს ნიშები ერთ კათედრალში გააერთიანა. ლეგენდის თანახმად ივანე მრისხანემ არქიტექტორი პოსტნიკ იაკოვლევი დააბრმავებინა, რათა მას ამ ტაძარზე უფრო ბრწყინვალე ნაგებობა სხვისთვის არ აეშენებინა. ვარაუდობენ, რომ კათედრალში გარკვეული ელემენტები ყაზანის ქოლშარიფის მეჩეთის მოტივებს იმეორებდა, ვინაიდან ეს მეჩეთი ყაზანის სახანოს მთავარი სიმბოლო იყო. თუმცა ამ მეჩეთის თავდაპირველი სახე უცნობია.

რესურსები ინეტრნეტში

რედაქტირება