სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოდიში.

ოდიშის ვაკე, ოდიშის პლატო — ნახევრად ვაკე, სამეგრელოს შუა ნაწილი ეგრისის ქედის ძირიდან კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ კიდემდე. სამხრეთიდან შემოზღუდულია ურთა-ბიისა და უნაგირის სერების შემადგენელი, ნაწილობრივ კირქვული, ბრაქიანტიკლინური, გორაკ-ბორცვებით. სიმაღლე 150-450 მ. დანაწევრებულია მდინარეთა ხშირი ქსელით. დაუნაწევრებელი უბნები ცოტაა და დაკავშირებულია წყალგამყოფებთან და ხეობათა ფართო მონაკვეთებთან. ჰავა ნესტიანი სუბტროპიკულია. ვაკეზე ჭარბობს კულტურული ლანდშაფტი. არის ფოთლოვანი ტყე-ბუჩქნარი.

მოიცავს კოლხეთის დაბლობის ლანდშაფტური ოლქის ცენტრალურ, ყველაზე დაბალ ნაწილს, რომელიც თავისი დასავლეთი გვერდით შავ ზღვაზეა მიკრული. იგი ხასიათდება მეოთხეული ასაკისა და თანამედროვე მდინარეული ტრიურ-ჭაობური, სანაპირო-ზღვიური ნალექებით აგებული ბრტყელი ზედაპირის მქონე რელიეფით, ნესტიანი სუბტროპიკული ჰავით, მჭიდრო ჰიდროგრაფიული ქსელით, ჭარბტენიანი ნიადაგებით, მეზოფილური და ჰიდროფილური მცენარეულობის განვითარებით. ზედაპირი, განსაკუთრებით მის ზღვისპირა ნაწილში გამოირჩევა ინტენსიური დაჭაობებით.

აბსოლუტური ნიშნულები 20-22 მ-ს არ აღემატება. იგი დაქსელილია ტრანზიტული (ენგური, ხობი, რიონი, ტეხური, აბაშა) და ადგილობრივი (თიქორი, ჭურია, ცია, ცივი, ფიჩორი და სხვა) მდინარეების კალაპოტებით. ნაშალი მასალის ჭარბი აკუმულაციის შედეგად ამ მდინარეთა კალაპოტები ზოგ ადგილზე შედარებით მაღლაა აწეული მათთან მიმდებარე ჭალების ზედაპირიდან. ვაკე-დაბლობის დასავლეთ ნაწილში და მდინარე რიონის მარჯვენა მხარის გასწვრივ ზოგიერთი მდინარის კალაპოტი (ჯუმი, ხობი, ცია, ცივი, ტეხური, აბაშა, ფიჩორი და სხვა) სხვადასხვა ინტენსივობით არის დაკლაკნილი და მეანდრების განვითარებით გამოირჩევა.

არის ტბები. ზოგიერთი მათგანის ქვაბული ზღვის ყოფილ უბეს წარმოადგენს და მცირე სიღრმეებით გამოირჩევა (პალიასტომი, ფართო წყალი, მალთაყვა, ხარკალუ), ზოგი კი მდინარეთა მიერ მიტოვებული მეანდრებშია ჩამდგარი. ასეთ ტბებს ადგილობრივი მოსახლეობა „ნარიონალებს“ უწოდებს.

მცენარეულობა რამდენიმე ტიპად იყოფა. ზღვის სანაპირო ხაზის გასწვრივ გაჭიმული ქვიშიანი დიუნების შედარებით მშრალ, კარგად, გამთბარ და დამლაშებულ ზედაპირზე, სადაც ძირითად მდელოს კორდიან-ქვიშიანი ნიადაგებია განვითარებული, გვხვდება მეტად თავისებური, გლორისტული შემადგენლობით კოლხეთის დაბლობის სხვა მცენარეულობისაგან მკვეთრად განსხვავებული დაჯგუფებები. ისი წარმოდგენილნი არიან ლიტოტალური ფსამოფიტების (რძიანა, ლურჯი ნარი და სხვა), ბოლქვიანების (ზღვის შროშანი და სხვა), კოლხური ისლის, იმერული მაწაქის, გლერტას, მრავალწლიანი ქსეროფიტული ბუჩქნარების (მაყვალი, კუნელი, ქაცვი) მცენარეული დაჯგუფებებით. ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების შედეგად ამ დაჯგუფებების ბუნებრივი სტრუქტურა დიუნების ზოლის მნიშვნელოვან ნაწილზე ძლიერ დეგრადირებულია და ალაგ-ალაგ ხელოვნური ტყეებით არის შეცვლილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 502.
  • სამეგრელო – მურმან არდია, ჭიჭიკო ჯანელიძე, თბილისი – ზუგდიდი, 1999 წ.