ჯავაჰარლალ ნერუ

(გადამისამართდა გვერდიდან ნერუ, ჯავაჰარლალ)

ჯავაჰარლალ ნერუ (ჰინ. जवाहरलाल नेहरू; დ.14 ნოემბერი, 1889, ალაჰაბადი — გ. 27 მაისი, 1964, დელი) — პანდიტი (მეცნიერი-მასწავლებელი), ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი 1947 წლის 15 აგვისტოდან 1964 წლის 27 მაისამდე.

ჯავაჰარლალ ნერუ
ჯავაჰარლალ ნერუ
ინდოეთის 1-ლი პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 1947 – 27 მაისი, 1964
პრეზიდენტი  რაჯენდრა პრასადი, სარვეპალი რადჰაკრიშნანი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეგულზარილალ ნანდა

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 1947 – 27 მაისი, 1964
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეგულზარილალ ნანდა

დაბადებული14 ნოემბერი, 1889
ალაჰაბადი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი27 მაისი, 1964
დელი, ინდოეთი
პოლიტიკური პარტიაიეკ
მამამოტილალ ნერუ
შვილებიინდირა განდი
განათლებაკემბრიჯის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიაათეიზმი
ხელმოწერა

ჯავაჰარლალ ნერუ დაიბადა სვარუპ რანის და მოტილა ნერუს ოჯახში. მამამისი ცნობილი ადვოკატი და ნაციონალისტი იყო. ნერუმ დაამთავრა კემბრიჯის ტრინიტის კოლეჯი, რომლის შემდეგაც იგი მამის მსგავსად ადვოკატობას აპირებდა. ინდოეთში დაბრუნების შემდეგ ნერუ საადვოკატო პრაქტიკის განხორციელება სურდა, მაგრამ მას პოლიტიკის მიმართ ინტერესი გაუჩნდა, რამაც საადვოკატო კარიერა ჩაანაცვლა. ნერუ მისი ადრეული ასაკიდანვე აქტიური ნაციონალისტი იყო, რის შედეგადაც იგი ინდოეთში 1910 წლების მოვლენების დროს გამორჩეულ ლიდერად ჩამოყალიბდა. 1920-იან წლებში ნერუ ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიაში მემარცხენე ძალების ლიდერი გახდა, ხოლო მაჰათმა განდის მხარდაჭერით მალევე სრულიად კონგრესის. 1929 წელს როგორც კონგრესის პრეზიდენტმა ბრიტანელი რაჯისგან ინდოეთის დამოუკიდებლობა მოითხოვა, ასევე მისი ძალისხმევის შედეგად კონგრესში მემარცხენე ძალები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და პარტია მკვეთრად მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი გახდა.

1930-იან წლებში როდესაც ინდოეთი დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა კონგრესი და ნერუ ინდოეთში მიმდინარე პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. ნერუ მხარს უჭერდა სეკულარული სახელმწიფოს შექმნას, რაც 1937 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიის წარმატებაშიც გამოიხატა, რომლის შედეგადაც კონგრესმა რამდენიმე პროვინციაში ხელისუფლების მოპოვება შეძლო, ხოლო პარტია მუსლიმურმა ლიგამ მსგავს წარმატებას ვერ მიაღწია. 1942 წელს ნერუ განდის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას არ ეთანხმებოდა, მიუხედავად ამისა იგი დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ ნერუს ინდოეთში პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილი დახვდა, კერძოდ ერთ დროს მისი თანამებრძოლი მუჰამედ ალი ჯინა უკვე მის მთავარ ოპონენტს წარმოადგენდა, რომელიც მუსულმანური ფრთის ლიდერად ჩამოყალიბდა. 1947 წელს კონგრესს და მუსულმანურ ლიგას შორის მოლაპარაკებები ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა, რასაც ინდოეთის დამოუკიდებლობა და მისი სისხლიანი გაყოფა მოჰყვა.

ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კონგრესმა ნერუ პირველ პრემიერ-მინისტრად აირჩია. ნერუს პრემიერ-მინისტრად არჩევაზე მნიშვნელოვანი გავლენა განდის გადაწყვეტილებამ იქონია, რომელმაც ჯერ კიდევ 1941 წელს ნერუ მის პოლიტიკურ მემკვიდრედ დაასახელა. პრემიერ-მინისტრად არჩევის და 1950 წელს კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, ნერუმ ინდოეთის განვითარების მისეული ხედვის სისრულეში მოყვანა დაიწყო. არსებული ხედვა საკმაოდ ამბიციური იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების გატარებას. პრემიერ-მინისტრობამდე ნერუ ასევე მეთვალყურეობდა ინდოეთის კოლონიიდან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს, რაც პლურალიზმისა და მრავალპარტიულობის განვითარებას გულისხმობდა. იმისდა მიუხედავად, რომ ნერუ მიუმხრობლობის საგარეო პოლიტიკას ატარებდა მან ინდოეთი სამხრეთ აზიაში რეგიონულ ჰეგემონად აქცია.

ნერუს ლიდერობის პერიოდში კონგრესი ინდოეთში დომინანტ პარტიად ჩამოყალიბდა. 1951, 1957 და 1962 წლებში კონგრესმა არჩევნებში ზედიზედ გაიმარჯვა, რაც მეტწილად ნერუს პოპულარობით იყო გამოწვეული. იმისდა მიუხედავად, რომ მისი მმართველობის ბოლო წლებში ნერუს პოლიტიკური პრობლემები შეექმნა, იგი მოსახლეობაში პოპულარობას მაინც ინარჩუნებდა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება და კარიერა (1889–1912)

რედაქტირება

ჯავაჰარლალ ნერუ დაიბადა 1899 წლის 14 ნოემბერს, ალაჰაბადში, ბრიტანეთის ინდოეთში. მისი მამა მოტილალ ნერუ (1861–1931 წწ.) წარმატებული ადვოკატი იყო, რომელიც ინდოეთის კონგრესის პრეზიდენტი ორჯერ 1919 და 1928 წელს გახდა. ჯავაჰარლალ ნერუს დედა სვარუპ რანი (1868–1938 წწ.) ქაშმირის რეგიონის ბრაჰმული კასტის წარმომადგენელი იყო. ჯავაჰარლალს ასევე ჰყავდა ორი უმცროსი და. ვიჯაია ლაქშმი პანდიტი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა და კრიშნა ჰუზესინგი, რომელიც ცნობილი მწერალი გახდა.

ბავშვობა

რედაქტირება

ნერუ მის ბავშვობას „უზრუნველად და უმნიშვნელოდ“ თვლიდა. ჯავაჰარლალი პრივილეგირებულ და მდიდარ ოჯახში გაიზარდა, მას ბავშობიდანვე სახლში კერძო მასწავლებლები და მომვლელები ჰყავდა. ნერუზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მისმა მასწავლებელმა ფერდინანდ ბრუქსმა, აღნიშნულ პერიოდში ნერუ გატაცებული იყო მეცნიერებით და თეოსოფიით. ცამეტი წლის ასაკში ნერუ ოჯახის ახლობლის ანა ბესანტის დახმარებით თეოსოფიური საზოგადოების წევრი გახდა, მაგრამ მისი ინტერესი თეოსოფიის მიმართ ძლიერი არ აღმოჩნდა, ვინაიდან მას შემდეგ რაც ბრუქსი ნერუს აღარ ასწავლიდა მან აღნიშნული საზოგადოება მალევე დატოვა.

ახალგაზრდობა

რედაქტირება

ახალგაზრდობის დროს ნერუ ძლიერ ნაციონალისტად ჩამოყალიბდა. რუსეთ-იაპონიის და ბურების მეორე ომმა ნერუს ნაციონალისტური მისწრაფებები მნიშვნელოვნად გააძლიერა. ნერუზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჯუზეპე გარიბალდის ცხოვრებამ, რომელსაც იგი ინგლისში ჰაროუში სწავლის პერიოდში გაეცნო. ჯავაჰარლალი გარიბალდის რევოლუციურ პიროვნებად თვლიდა და მის მიერ იტალიის გაერთიანებაში შეტანილ წვლილს ფასდაუდებლად მიიჩნევდა. ნერუ მიიჩნევდა, რომ იტალიას და გარიბალდის გამოცდილება დამოუკიდებლობის მოპოვებაში ინდოეთის მსგავსი იყო და ეს ორი ქვეყანა ამ მხრივ ერთმანეთს საკმაოდ გავდნენ.

განათლება

რედაქტირება

1907–1910 წლებში ნერუ კემბრიჯის ტრინიტის კოლეჯში საბუნებისმეტყველო მეცნიერებას სწავლობდა. აღნიშნულ პერიოდში ნერუ ასევე ეუფლებოდა პოლიტიკას და ისტორიას. სწავლის პერიოდში ნერუს მომავალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ბერნარდ შოუმ, ჯონ მეინარდ კეინზმა, ბერტრან რასელმა, ლოუის დიკენსონმა და მერედიტ თაუნსენდმა.

1910 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ ნერუ საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც მან სწავლა იურიდიული კუთხით განაგრძო. 1912 წელს კი იგი უკვე ადვოკატთა ასოციაციის წევრი გახდა.

საადვოკატო პრაქტიკა

რედაქტირება

სწავლის დასრულების შემდეგ 1912 წელს ნერუ ინდოეთში საადვოკატო პრაქტიკის განხორციელების მიზნით დაბრუნდა. მამისგან განსხვავებით ნერუს საადვოკატო პრაქტიკის განხორციელების დიდი სურვილი არ ქონია. პოლიტიკით დაინტერესებამ ნერუს საადვოკატო ინტერესი მალევე ჩაანაცვლა, რის შედეგადაც იგი საადვოკატო საქმიანობას ჩამოშორდა.

ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის (1912–1938)

რედაქტირება

ნერუს ინდოეთის პოლიტიკით და მისი დამოუკიდებლობით ბრიტანეთში სწავლის დროს დაინტერესდა. 1912 წელს, მას შემდეგ რაც ნერუ ინდოეთში დაბრუნდა იგი პატნაში კონგრესის ყრილობას დაესწრო, რომელიც იმ დროისთვის ცენტრისტების და ელიტების პარტიას წარმოადგენდა. იმისდა მიუხედავად, რომ ნერუ კონგრესის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდა 1913 წელს იგი ინდოეთის სამოქალაქო მოძრაობისთვის თანხების მოძიებას დათანხმდა.

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ინდოეთში საზოგადოების აზრის ორად გაიყო, ინდოეთის განვითარებული და მაღალი წრის საზოგადოება ბრიტანელების მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. ნერუს კონფლიქტთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია არ გააჩნდა, და იგი ბრიტანეთს გამოკვეთილად მხარს არ უჭერდა. ომის მიმდინარეობის დროს ნერუ წმინდა ჯონის საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობდა, სადაც ერთ-ერთ პროვინციაში ორგანიზაციის მდივანი იყო. არსებულ პერიოდში ნერუ ბრიტანეთის მიერ ცენზურის აქტების დაწესებას მკვეთრად აპროტესტებდა.

თანამშრომლობაზე უარის თქმა

რედაქტირება

ნერუს ინდოეთის პოლიტიკაში პირველი მნიშვნელოვანი ჩართულობა 1920 წელს თანამშრომლობაზე უარის თქმის მოძრაობის დროს მოუწია. იგი აღნიშნულ მოძრაობას გაერთიანებულ პროვინციაში (დღევანდელი უტარის რეგიონი) ხელმძღვანელობდა, რის გამოც 1921 წელს ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გამო დააპატიმრეს, მაგრამ რამდენიმე თვეში მალევე გაანთავისუფლეს. იმისდა მიუხედავად, რომ კონგრესმა წინააღმდეგობის პოლიტიკა მალევე დაასრულა ნერუმ განდის აღნიშნული პოლიტიკის მიმართ ერთგულება მაინც შეინარჩუნა, რის შედეგადაც იგი 1923 წელს დააპატიმრეს.

საერთაშორისო ბრძოლა ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის

რედაქტირება

საერთაშორისო დონეზე ნერუ ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხზე აქტიურად მუშაობდა და მოკავშირეებს და თანამოაზრეებს ეძებდა. 1927 წელს მისმა მცდელობებმა შედეგი გამოიღეს, როდესაც ის ბრიუსელში, ბელგიაში დაჩაგრული სახელმწიფოების კონგრესზე მიიწვეს. შეკრებაზე წარმოდგენილი ქვეყნების მიზანს იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობდა. ნერუ როგორც ინდოეთის წარმომადგენელი აღნიშნული კონგრესის აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს.

ნერუ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესს მულტინაციონალურ ძალისხმევად მიიჩნევდა, ვინაიდან სხვა კოლონიები თუ დომინიონები ასევე აქტიურად ცდილობდნენ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლის მიღებას. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის განცხადებების გამო ნერუს ჰიტლერსაც კი ადარებდნენ.

ფუნდამენტური უფლებები და ეკონომიკური პოლიტიკა

რედაქტირება

1929 წელს ნერუმ კონგრესის და მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკის მოდელი შეიმუშავა. მან განაცხადა, რომ კონგრესის მიზნებს წარმოადგენდა რელიგიის თავისუფლება; ასოციაციების შექმნის უფლება; სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება; კანონის წინაშე თანასწორობა კასტის, ფერის, მრწამსის და მიუხედავად; რეგიონული ენების და კულტურების დაცვა; გლეხების და მშრომელების ინტერესების დაცვა; ხელშეუხებლობის გაუქმება; სხავადასხვა ინდუსტრიების ნაციონალიზაცია; სოციალიზმი და სეკულარული ინდოეთის შექმნა. აღნიშნული მიზნები წარმოადგენდნენ ფუნდამენტური უფლებების და ეკონომიკური პოლიტიკის 1929–1931 წლის მონახაზის მთავარ ბირთვს, რომლის რატიფიკაციაც კონგრესმა 1931 წელს შეძლო.

დამოუკიდებლობის გამოცხადება

რედაქტირება

ნერუ იყო ერთ-ერთი პირველი კონგრესის პარტიიდან, რომელიც ინდოეთის დაუყონებლივ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა. განდის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ნერუს მოთხოვნა კონგრესმა 1927 წლის მადრას ყრილობაზე დაამტკიცა. არსებული დროის პერიოდში ნერუმ ასევე შექმნა ინდოეთის დამოუკიდებლობის ლიგა, რომელიც კონგრესზე ზეწოლის მიზნით შეიქმნა. 1928 წელს განდი ნერუს მოთხოვნას დათანხმდა, მაგრამ წამოაყენა წინადადება რაც ინდოეთისთვის დომინიონის სტატუსის მინიჭებას ორი წლის ვადაში გულისხმობდა. იმ შემთხვევაში თუ ბრიტანეთი აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ არ დააკმაყოფილებდა ინდოეთი მოთხოვნებს, კონგრესს შეეძლო ინდოეთის მთლიანი მოსახლეობისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ მოეწოდებინა. ნერუ განდის აღნიშნულ დროის მონაკვეთს არ ეთანხმებოდა და იგი დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუყონებლივ ითხოვდა. დებატების შედეგად განდი კომპრომისზე წასვლას დათანხმდა და ორწლიანი პერიოდი ერთ წლამდე შემცირდა.

1929 წელს ბრიტანეთმა ინდოეთის დომინიონის სტატუსთან დაკავშირებით მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც ნერუმ 1929 წლის 29 დეკემბერს ლაჰორის სესიაზე რეზოლუცია წარადგინა, რომელიც ინდოეთის სრულ დამოუკიდებლობას აცხადებდა. 1929 წელს შობის ღამეს ლაჰორში მდინარე რავაის პირას ნერუმ ინდოეთის სამფეროვანი დროშა წარადგინა და დამოუკიდებლობის დეკლარაცია წაიკითხა, რომელიც ბრიტანეთის იმპერიისთვის გადასახადების გადახდაზე უარს გულისხმობდა. ნერუმ დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე დამსწრე მოსახლეობას მოუწოდა ხელი აეწიათ თუ ისინი არსებულ დეკლარაციას ეთანხმებოდნენ, რაზეც უდიდესმა უმრავლესობამ ხელის აწევით თანხმობა განაცხადა. მალევე ნერუს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციის წაკითხვის შემდეგ ინდოეთის 172-მა ცენტრალურმა თუ რეგიონულმა მოხელემ მხარდაჭერის ნიშნად თანამდებობა დატოვა. კონგრესმა 26 იანვარი ინდოეთის დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა.

1929 წლის ლაჰორის სესიის შემდეგ ნერუ ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა, ხოლო განდი სულიერი ლიდერის როლს ასრულებდა. იმის და მიუხედავად, რომ ნერუ განდის პოლიტიკური მემკვიდრე 1942 წელს გახდა იგი დიდი ხნით ადრე ინდოეთის მოსახლეობაში განდის მემკვიდრედ მიიჩნეოდა.

მარილის მარში

რედაქტირება

ნერუ და კონგრესის ბევრი სხვა ლიდერი განდის გეგმას მშვიდობიან დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ მას შემდგომ მოძრაობა პოპულარული გახდა ლიდერების პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ნერუ 1930 წლის 14 აპრილს მარილის კანონის დარღვევის გამო დააპატიმრეს, ვინაიდან ის მასებთან ერთად კონტრაბანდული მარილის გადაზიდვას ახდენდა, რის შედეგადაც მას ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. ნერუს დაპატიმრების შედეგად ინდოეთში პროტესტის და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მარილის მარშმა და პროტესტმა ინდოეთის მიმართ მსოფლიოს ყურადღება მნიშვნელოვნად გაზარდა. მსოფლიოს ქვეყნები ინდოეთის და კონგრესის მოთხოვნას დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით უკვე საფუძვლიანად თვლიდნენ. ნერუ მარილის პროტესტს წარმატებას მნიშვნელოვან მოვლენად თვლიდან.

საარჩევნო პოლიტიკა, ევროპა და ეკონომიკური პოლიტიკა

რედაქტირება

1930-იან წლებში ევროპაში ყოფნის დროს მიმდინარე მოვლენები ნერუს შეშფოთებას იწვევდა, ვინაიდან ევროპაში ვითარება უკიდურესად იძაბებოდა და ახალი მსოფლიო ომის ალბათობა მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო. ნერუ თვლიდა, რომ თუ ახალი მსოფლიო ომი დაიწყებოდა ინდოეთი დემოკრატიებს უნდა დახმარებოდა, მაგრამ აღნიშნული მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი თუ ინდოეთი დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას მოიპოვებდა.

1936 წელს ევროპაში ყოფნის დროს ნერუს ეკონომიკური ხედვები მკვეთრად ჩამოყალიბდა და მარქსისტული გახდა. ნერუს მარქსის მიმართ ინტერესი მისი პატიმრობის დროს გაუჩნდა, როდესაც ის მარქსის იდეებს ეცნობოდა. ნერუ მარქსის იდეებს მხარს უჭერდა, მაგრამ აცნობიერებდა, რომ არსებული იდეების სრული განხორციელება შეუძლებელი იყოს, სწორედ ამიტომ მან აღნიშნული იდეების სპეციფიკურად ინდოეთზე მორგება გადაწყვიტა.

1937 წელს ჩატარებულ არჩევნებში კონგრესის პარტიამ პროვინციების უმრავლესობაში გაიმარჯვა, რამაც ნერუს პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. არჩევნებში მუჰამედ ალ ჯინამ და მუსლიმთა ლიგამ საკმარისი ხმები ვერ დააგროვეს, რის გამოც ნერუმ განაცხადა, რომ ინდოეთში კონგრესი და ბრიტანული კოლონიური ხელისუფლება ორი მთავარი პარტია იყო.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის

რედაქტირება

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო ინდოეთში მეფისნაცვალმა ინდოეთი ცალმხრივად ინდოელ პოლიტიკოსებთან შეუთანხმებლად ბრიტანეთის მოკავშირედ გამოაცხადა. კონგრესმა ბრიტანელ მმართველს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა იმისთვის, რომ ინდოეთი კონფლიქტში ჩართულიყო.

  1. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ინდოეთი დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო და მმართველ ასამბლეას ახალი კონსტიტუცია მიეღო.
  2. იმისდა მიუხედავად, რომ ინდოეთის შეიარაღებული ძალები ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იქნებოდნენ, ბრიტანელ მეფის ნაცვალს და ინდოელებს შორის ძალაუფლების განაწილება უნდა მომხდარიყო.

აღნიშნულ მოთხოვნებზე მეფისნაცვალმა ნერუს უარი განუცხადა. კონგრესმა მოთხოვნებზე უარის თქმის გამო პროტესტის ნიშნად პროვინციების მმართველებს გადადგომისკენ მოუწოდა.

1940 წლის ოქტომბერში განდიმ და ნერუმ მათი თავდაპირველი პოზიცია ბრიტანეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით შეცვალეს, რაც მის მეორე მსოფლიო ომში მხარდაჭერას გულისხმობდა. ნერუმ და განდიმ ასევე დაიწყეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რის შედეგადაც დააპატიმრეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ჯავაჰარლალმა პატიმრობაში წელიწადი და რამდენიმე თვე გაატარა რის შედეგადაც ის გაანთავისუფლეს. მას შემდგომ, რაც იაპონია ინდოეთის საზღვრებს მიუახლოვდა ბრიტანეთმა გარკვეულ დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა, რისთვისაც ინდოეთში მოლაპარაკებებისთვის სერ სტრატფორდ კრიფსი გაიგზავნა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. 1942 წელს განდიმ ბრიტანელებს ინდოეთის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც კონგრესის მიერ ინდოეთის დატოვების რეზოლუციის მიღება მოჰყვა. 1942 წლის 8 აგვისტოს განდი, ნერუ და კონგრესის მთლიანი სამუშაო კომიტეტი დააპატიმრეს, რის შედეგადაც ისინი 1945 წლის 15 ივნისამდე პატიმრობაში იმყოფებოდნენ. მაშინ როდესაც განდი და ნერუ პატიმრობაში იმყოფებოდნენ მუსლიმური ლიგა მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რაც კონგრესის მიერ მანამდე კონტროლირებადი რეგიონების საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევას გულისხმობდა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

რედაქტირება

ნერუ პრემიერ მინისტრი 18 წლის განმავლობაში იყო. თავდაპირველად ის დროებითი პრემიერ-მინისტრი და 1950 წლიდან უკვე ინდოეთის სრულუფლებიანი პრემიერ-მინისტრი იყო.

რესპუბლიკანიზმი

რედაქტირება

1946 წლის ივლისში, როდესაც ინდოეთი დამოუკიდებლობისთვის ეტაპობრივად ემზადებოდა, ნერუმ დაინახა, რომ არცერთ საუფლისწულოს დამოუკიდებელი ინდოეთის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო. 1947 წლის იანვარში ნერუმ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ინდოეთი მეფეების ზეციურ უფლებებს არ სცნობდა და თუ რომელიმე საუფლისწულო უარს იტყოდა დამოუკიდებელი ინდოეთის წევრობაზე მაშინ ისინი როგროც მტრული სახელმწიფოები ისე იქნებოდნენ აღქმული. როდესაც ინდოეთის კონსტიტუციის შემუშავება მიმდინარეობდა კონგრესის ზოგიერთი ლიდერი საუფლისწულოების შენარჩუნებას მხარს უჭერდნენ და მათ ინდოეთის შემადგენლობაში როგორც ფედერაციულ ერთეულებს ისე მოიაზრებდნენ, მაგრამ ნერუმ აღნიშნულ მოდელზე უარი განაცხადა, ვინაიდან ის ინდოეთს მკვეთრად სეკულარულ სახელმწიფოდ ხედავდა.

დროებითი პრემიერ-მინისტრი და დამოუკიდებლობა

რედაქტირება

ნერუ მის თანამებრძოლებთან ერთად 1946 წელს გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობასთან ძალაუფლების გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. 1946 წელს ჩატარებულ არჩევნებში კონგრესმა ხმების უმრავლესობა მოიპოვა, რის შედეგადაც მან ახალი კონსტიტუციის შექმნისთვის საჭირო ხმები მიიღო და დროებითი პრემიერ-მინისტრი გახდა.

1947 წელს დამოუკიდებლობას წინ უძღოდა პოლიტიკური და რეგიონული კონფლიქტები, კერძოდ მუსლიმური ლიგის და მუჰამედ ალ ჯინას მხრიდან, რომლებიც ინდოეთისგან გამოყოფას და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ინტენსიური მოლაპარაკებები კონგრესსა და მუსლიმურ ლიგას, რომ კოალიცია შექმნილიყო წარუმატებლად დამთავრა, რის შედეგადაც 1947 წლის 3 ივნისს ბრიტანეთმა ინდოეთი და პაკისტანი დამოუკიდებელ დომინიონებად გამოაცხადა. 1947-1950 იან წლებში ინდოეთის სახელმწიფოს ფორმირების პროცესში არსებული საუფლისწულოების ინტეგრაციის პროცესი დაიწყო, რომლებიც მანამდე ავტონომიით სარგებლობდნენ. საუფლისწულოების ტერიტორიების უმრავლესობა შეუერთდა სხვა არსებულ პროვინციებს ან სრულიად ახალი პროვინციები შეიქმნა. 1950 წლის 26 იანვარს ინდოეთმა ახალი კონსტიტუცია მიიღო, რითაც ის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

1952 წლის არჩევნები

რედაქტირება

კონსტიტუციის მიღების შემდგომ ასამბლეამ არსებობა, როგორც დროებითმა საკანომდებლო ორგანომ, ახალ არჩევნებამდე გაიხანგრძლივა. ნერუს დროებით მთავრობაში 15 წევრი შედიოდა, რომელებიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებოდნენ. 1952 წელს ინდოეთში ჩატარდა პირველი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ნერუს მთავრობის წევრებმა თანამდებობები დატოვეს და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი ნერუს პოლიტიკას არ ეთანხმებოდა. იმისდა მიუხედავად, რომ არჩევნებში ბევრი პარტია მონაწილეობდა კონგრესმა საპარლამენტო და ადგილობრივ დონეზე უმრავლესობა მოიპოვა.

პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადა

რედაქტირება

1953 წლის დეკემბერში ნერუმ სახელმწიფოს რეორგანიზების კომისია შექმნა, რომელსაც ინდოეთის რეგიონების საზღვრების დადგენა ევალებოდა. აღნიშნულ კომისიას ფაზალ ალი ხელმძღვანელობდა, რომლის მუშაობასაც მეთვალყურეობას ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი უწევდა. 1955 წელს კომისიამ წარადგინა ანგარიში რომლის მიხედვითაც რეგიონებს შორის საზღვრების გავლება ლინგვისტური შესაბამისობის შედეგად უნდა მომხდარიყო. მისი პირველი ვადის დრო ნერუ ასევე აქტიურად მუშაობდა ინდოეთის ტერიტორიებს შორის განსხვავებული სტატუსის აღმოფხვრაზე, ვინაიდან მანამდე არსებული ტერიტორიები A, B, C, და D ტერიტორიებად იყოფოდა, რაც რეგიონებს არათანაბარ პირობებში აყენებდა. ნერუ რეგიონების სპეციფიური დაყოფის მაგივრად ერთიანი პან-ინდოეთის იდეას ემხრობოდა და მხარს უჭერდა.

1957 და 1962 წლების არჩევნები

რედაქტირება

1957 წლის არჩევნებში ნერუმ და კონგრესმა გამარჯვება მოიპოვეს და ხმების 47,8 % მიიღეს, რაც 494 ადგილიდან 371 მანდატის მოპოვებას გულისხმობდა. 1962 წელს ნერუმ და კონგრესმა არჩევნებში კვლავ გაიმარჯვეს, მაგრამ ამჯერად უკვე ხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. ხმების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ახალი პარტიების გაჩენა და გაძლიერება გახდა.

ხედვა და პოლიტიკა

რედაქტირება

ნერუ დღეს თანამედროვე ინდოეთის დამფუძნებლად მიიჩნევა. მისთVის მოდერნიზაცია მთავარ ფილოსოფიას წარმოადგენდა რომლის მიღწევაც შვიდი საშუალებით უნდა მომხდარიყო. არსებული საშუალებები იყო: ეროვნული ერთობა, საპარლამენტო დემოკრატია, ინდუსტრიალიზაცია, სოციალიზმი, სამეცნიერო საშუალებების განვითარება და მიუმხრობლობის პოლიტიკა. ნერუს პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საზოგადოების დიდ მასებზე, როგორიცაა საჯარო სამსახურში დასაქმებულები, ინდუსტრიულ საზოგადოებაზე, დაბალ და მაღალ გლეხების კლასზე. იმის და მიუხედავად, რომ ნერუს პოლიტიკამ სოციუმის თითქმის ყველა კლასზე დადებითად იმოქმედა მან გავლენა ვერ იქონია ღატაკ კლასებზე, უმუშევრებზე და ფუნდამენტალისტებზე.

ეკონომიკური პოლიტიკა

რედაქტირება

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნერუმ ინდოეთის განვითარებისთვის სპეციალური ეკონომიკური პოლიტიკა აირჩია. ნერუს პოლიტიკა ძლიერ პროტექციონიზმს და შერეული ეკონომიკის ქონას გულისხმობდა, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად იარსებებდნენ. ნერუს სჯეროდა, რომ საბაზისო და მძიმე ინდუსტრიის განვითარება ინდოეთის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი იყო, სწორედ ამიტომ ინდოეთის მთავრობა აღნიშნულ სფეროებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევდა.

ცივი ომის პერიოდში მიუმხრობლობის პერიოდში ნერუ ორივე მხარისგან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას იღებდა, რაც ინდოეთის ინდუსტრიული სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის და დასავლეთ გერმანიის მხრიდან მიღებული დახმარების შედეგად ბოკაროში და როუკეიაში მეტალურგიული ქარხნების მშენებლობა დაიწყო. 1950–1965 წლებში ინდოეთის ინდუსტრიული განვითარება ყოველწლიურად 7 %-ს აღწევდა რის შედეგადაც იგი ინდუსტრიული ქვეყნების სიაში მეშვიდე ადგილს იკავებდა.

1950–1951 და 1964–1965 წლებში ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 3,9 % და 4,0 % შეადგენდა, რაც ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საკმაოდ კარგ ეკონომიკურ შედეგს წარმოადგენდა. იმისდა მიუხედავად, რომ ინდოეთის ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა იგი სხვა ეკონომიკებს განვითარებაში მაინც ჩამორჩებოდა, რაც ჭარბი ეკონომიკური რეგულაციებით იყო განპირობებული.

საგარეო პოლიტიკა

რედაქტირება

ნერუ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ასევე იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, რის გამოც მას ინდოეთის საგარეო პოლიტიკაზე დიდი გავლენა ქონდა. ნერუს სურდა, რომ ინდოეთი დაძაბული საერთაშორისო პოლიტიკის ფონზე მიუმხრობელი ყოფილიყო. ცივი ომის პერიოდში ნერუ აქტიურად ცდილობდა აზიაში და აფრიკაში ახალ დამოუკიდებელი სახელწმიფოებთან ერთად ახალი ალტერნატივა შეექმნა. 1962 წელს ჩინეთთან ომის შემდეგ ნერუს საგარეო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და იგი მნიშვნელოვნად თავდაცვითი სახის გახდა.

ერთა თანამეგობრობა

რედაქტირება

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნერუს სურდა, რომ ბრიტანეთთან კარგი ურთიერთობა ქონოდა, რის გამოც იგი დათანხმდა ერთა თანამეგობრობაში გაწევრიანებას და ბრიტანეთის მონარქის ორგანიზაციის ხელმძღვანელად აღიარებას. ნერუს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ინდოეთში დადებითად შეხვდნენ, გარდა რადიკალი მემარცხენეებისა და მემარჯვენე პარტიებისა.

მიუმხრობლობის პოლიტიკა

რედაქტირება

საერთაშორისო დონეზე ნერუ სამხედრო მოქმედებების და ალიანსების წინააღმდეგი იყო. იგი ასევე მხარს აქტიურად უჭერდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და მის პოლიტიკას, გარდა ქაშმირის საკითხისა. მიუმხრობლობის პოლიტიკიდან გამომდინარე ნერუმ ასევე შექმნა მიუმხრობლობის პოლიტიკის მოძრაობა, რომელიც ორი დაპირისპირებული მხარის აშშ-ს და სსრკ-ს შორის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ნერუ იყოს იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარა, მაშინ როდესაც დასავლეთი დიპლომატიურ ურთიერთობას მხოლოდ ტაივანთან აგრძელებდა. ნერუ ასევე მხარს უჭერდა ჩინეთის გაეროში გაწევრიანებას და მან ასევე უარი თქვა ჩინეთ-კორეის ომში ჩინეთის როგორც აგრესორად გამოცხადებაზე. 1950-იან წლებში ნერუს თბილი დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ განპირობებული იყო იმით, რომ მას სურდა საბჭოთა ქვეყნებს და დასავლეთს შორის შუამავლის როლი შეესრულებინა.

თავდაცვა და ატომური პოლიტიკა

რედაქტირება

იმის მიუხედავად, რომ ნერუ სამხედრო კონფლიქტებს და ომებს ეწინააღმდეგებოდა იგი პაკისტანის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს სწორად აფასებდა და საკუთარი თავდაცვის უნარიანობის გაზრდაზე ზრუნავდა. ომის მიმართ მისი დამოკიდებულების მიუხედავად ნერუ პრაგმატული პოლიტიკოსი იყო და სამხედრო ძალის გამოყენებას შესაბამისად ახდენდა, კერძოდ 1948 წელს ჰიდერაბადის და 1961 წელს გოას ანექსია მოახდინა.

ინდოეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის განსამტკიცებლად ნერუ ატომური იარაღის ქონას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, სწორედ ამიტომ 1948 წელს მან ატომური ენერგიის კომისია შექმნა. ნერუმ ინდოეთის ატომურ პროგრამას სათავეში ჰომი ბჰაბა ჩაუყენა, რომელსაც პროგრამაზე სრული კონტროლი ქონდა. ნერუს ატომური იარაღის ქონით სურდა ინდოეთი სამხრეთ აზიაში დომინანტ ძალად ექცია და ასევე მასზე სხვა ინდუსტრიული ქვეყნების გავლენა შეემცირებინა, ნერუს ასევე სურდა ატომური იარაღი ინდოეთისთვის პაკისტანზე დომინირების სიმბოლოდ ქცეულიყო.

კორეის ომის (1950–1953 წწ.) შემდეგ ნერუ საერთაშორისო დონეზე დაძაბულობის შესამცირებლად აქტიურად მუშაობდა. ნერუს მხარდაჭერით ასევე ჩატარდა პირველი კვლევა, რომელიც ატომური აფეთქების ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას შეისწავლიდა. ნერუ ასევე აქტიურად მუშაობდა ატომური იარაღის შემცირებაზე, ვინაიდან ნერუ თვლიდა, რომ ატომური იარაღის გაზრდა გამალებულ შეიარაღებას გამოიწვევდა, რაც განვითარებადი ქვეყნებისთვის და განსაკუთრებით ინდოეთისთვის მძიმე ტვირთი იქნებოდა.

ქაშმირის დაცვა

რედაქტირება

ლორდ მაუნტბატენის ზეწოლის შედეგად ნერუმ პირობა დადო, რომ 1948 წელს იგი ქაშმირში პლებისციტს ჩაატარებდა, რომელიც გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდებოდა მის ბედს გადაწვეტდა. ქაშმირი ინდოეთს და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა, რის გამოც 1947 წელს ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებებიც კი მიმდინარეობდა. გაეროს რეზოლუციის მიხედვით პაკისტანს მისი შეიარაღებული ძალები რეგიონიდან უნდა გაეყვანა, რაც პაკისტანმა არ შეასრულა, რის გამოც 1953 წელს ჩასატარებელ პლებისციტზე ნერუმ უარი განაცხადა. ნერუ სხვადასხვა პოლიტიკის გატარებით აქტიურად ცდილობდა ქაშმირის რეგიონის ინდოეთის შემადგენლობაში ინტეგრაციას. 1957 წელს ინდოეთის წარმომადგენლის კრიშნა მენონის 8-საათიანი სიტყვით გამოსვლის დროს ნერუმ ქაშმირში ინდოეთის ძალაუფლების განმტკიცება მოახდინა.

1954 წელს ნერუმ ჩინეთთან მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის შეთანხმება დადო, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არეგულირებდა. 1954 წლის შეთანხმების თანახმად ინდოეთი ტიბეტზე ჩინეთის მმართველობას აღიარებდა. 1957 წელს ჩინეთის პრემიერ-მინისტრსა და ნერუს შორის შეთანხმების თანახმად ინდოეთი ტიბეტზე ჩინეთის მმართველობას კვლავ აღიარებდა და პირობას დებდა, რომ არსებულ კონფლიქტში არ ჩაერეოდა.

ჩინეთ-ინდოეთის ომი

რედაქტირება

1959 წლიდან ნერუმ ჩინეთ-ინდოეთის სადავო საზღვარზე სამხედრო საგუშაგოების განლაგება დაიწყო. არსებულ ტერიტორიაზე ინდოეთის მხრიდან 43 საგუშაგოს განთავსება მოხდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე ინდოეთის საკუთრებას არ წარმოადგენდა. აღნიშნული ფაქტიდან მალევე ჩინეთმა რამდენიმე საგუშაგოზე თავდასხმა განახორციელა, რასაც ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა, რომელშიც ინდოეთი დამარცხდა. კონფლიქტის დასრულების შემდეგ ჩინეთი საწყისს პოზიციებს დაუბრუნდა, გარდა აკასის ნაწილისა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდოეთის შემადგენლობაში შედიოდა.

ჩინეთთან მარცხის გამო ნერუს ინდოეთში კრიტიკის ობიექტი გახდა, ვინაიდან აღნიშნულმა კონფლიქტმა გამოაჩინა, რომ ინდოეთის არმია კონფლიქტისთვის მზად არ იყო და კონფლიქტის შემთხვევაში მას მხოლოდ 14 000 ჯარისკაცის გაგზავნა შეეძლო. კრიტიკის საპასუხოდ ნერუმ ინდოეთის თავდაცვის მინისტრი კრიშნა მენონი გადააყენა და აშშ-სთან დაახლოება დაიწყო, რომელმაც კონფლიქტში პაკისტანის ნეიტრალურობას უზრუნველყო. იმის და მიუხედავად, რომ ნერუ აშშ-ს დაუახლოვდა და იგი საბჭოთა კავშირთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა.

გარდაცვალება

რედაქტირება

ნერუს ჯანმრთელობის გაუარესება 1962 წლიდან ჩინეთ-ინდოეთის ომის შემდეგ დაიწყო. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ნერუს ჯანმრთელობა გაუარესდა კონფლიქტის დროს არსებული სტრესი და ის დამცირება იყო, რაც ინდოეთის დამარცხებას მოჰყვა. ჯანმრთელობის გაუარესები გამო ნერუმ 1963 წელი ქაშმირში გაატარა. 1964 წლის 26 მაისს ქაშმირის დატოვების შემდეგ ნერუ თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ გამთენიისას მან ზურგის არეში ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც მასთან მკურნალი ექიმი მივიდა. ექიმთან კონსულტაციის დროს ნერუმ გონება დაკარგა, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა. ნერუს გარდაცვალების შესახებ ცნობა 1964 წლის 27 მაისს გავრცელდა. საჯარო პანაშვიდის შემდეგ რომელსაც მილიონობით ადამიანი დაესწრო მის სხეულს ინდური ტრადიციის მიხედვით კრემაცია ჩაუტარდა, ხოლო მისი ფერფლი 28 მაისს მდინარე იამუნაზე მიმოფანტეს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ნერუ 1916 წელს დაქორწინდა კამალ კაულზე რომელთანაც მას ერთადერთი შვილი ინდირა განდი შეეძინა. 1936 წელს კამალას გარდაცვალების შემდეგ ნერუს ურთიერთობა რამდენიმე ქალთან ქონდა. ნერუ სხვადასხვა დროს ურთიერთობა ქონდა შრადჰა მატასთან, პადმაჯა ნაიდუსთან და ედვინა მაუნტბატენთან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gopal, Sarvepalli. Jawaharlal Nehru;a Biography Volume 1 1889–1947 (1975); Jawaharlal Nehru Vol.2 1947–1956 (1979); Jawaharlal Nehru: A Biography Volume 3 1956–1964 (2014)
  • Frank Moraes (2007). Jawaharlal Nehru. Jaico Publishing House. ISBN 978-81-7992-695-6. 
  • Sankar Ghose (1993). Jawaharlal Nehru. Allied Publishers. ISBN 978-81-7023-369-5. 
  • Jeffrey Kopstein (2005). Comparative Politics: Interests, Identities, and Institutions in a Changing Global Order. Cambridge University Press. ISBN 978-1-139-44604-4. 
  • A Tryst With Destiny historic speech made by Jawaharlal Nehru on 14 August 1947
  • Nehru: The Invention of India by Shashi Tharoor (November 2003) Arcade Books ISBN 1-55970-697-X
  • Jawaharlal Nehru (Edited by S. Gopal and Uma Iyengar) (July 2003) The Essential Writings of Jawaharlal Nehru Oxford University Press ISBN 0-19-565324-6
  • Autobiography:Toward freedom, Oxford University Press]
  • Jawaharlal Nehru: Life and work by M. Chalapathi Rau, National Book Club (1 January 1966)
  • Jawaharlal Nehru by M. Chalapathi Rau. [New Delhi] Publications Division, Ministry of Information and Broadcasting, Govt. of India [1973]
  • Letters from a father to his daughter by Jawaharlal Nehru, Children's Book Trust
  • Nehru: A Political Biography by Michael Brecher (1959). London:Oxford University Press.
  • After Nehru, Who by Welles Hangen (1963). London: Rupert Hart-Davis.
  • Nehru: The Years of Power by Geoffrey Tyson (1966). London: Pall Mall Press.
  • Independence and After: A collection of the more important speeches of Jawaharlal Nehru from September 1946 to May 1949 დაარქივებული 2012-05-15 საიტზე Wayback Machine. (1949). Delhi: The Publications Division, Government of India.
  • Joseph Stanislaw and Daniel A. Yergin. (1988)Commanding Heights. Simon & Schuster, Inc..
  • "The Challenge to Indian Nationalism." by Selig S. Harrison Foreign Affairs vol. 34, no. 2 (1956): 620–636.
  • "Nehru, Jawaharlal." by Ainslie T. Embree, ed., and the Asia Society. Encyclopedia of Asian History. Vol. 3. Charles Scribner's Sons. New York. (1988): 98–100.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: