მუჰამედ ჯავად ზარიფი

Former Vice President for Strategic Affairs of Iran

მუჰამედ ჯავად ზარიფი ხონსარი (სპარს. محمدجواد ظریف خوانساری, დ. 8 იანვარი 1960, თეირანი, ირანი) — ირანელი დიპლომატი და აკადემიკოსი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 2013 წლის 15 აგვისტოდან 2021 წლის 25 აგვისტომდე. 2002-2006 წლებში ირანის ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში[1]. 1992 წლიდან 2002 წლამდე იგი იყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამართლებრივ და საერთაშორისო საკითხებში. თეირანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მოწვეული პროფესორი, სადაც ასწავლის დიპლომატიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

მუჰამედ ჯავად ზარიფი
محمدجواد ظریف
მუჰამედ ჯავად ზარიფი محمدجواد ظریف
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო 2013 – 25 აგვისტო 2021
პრეზიდენტი  ჰასან რუჰანი
წინამორბედიალი აქბარ სალეჰი
მემკვიდრეჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აგვისტო 2002 – 25 ივლისი 2007
პრეზიდენტიმოჰამედ ხათამი
მაჰმუდ აჰმადინეჟადი
წინამორბედიჰადი ნეჯად-ჰუსეინიანი
მემკვიდრემუჰამედ ხაზაი

დაბადებული8 იანვარი, 1960 (1960-01-08) (64 წლის)
თეირანი ირანის დროშა ირანი
მოქალაქეობაირანის დროშა ირანი
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
განათლებასან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
დენვერის უნივერსიტეტი აშშ
პროფესიაპოლიტიკოსი
დიპლომატი
რელიგიაისლამი შიიზმი
ხელმოწერა
საიტიMinistry of foreign affairs Islamic Republic of IRAN

ჯავად ზარიფი თამაშობდა მნიშვნელოვან როლს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ასევე მიუმხრობლობის მოძრაობასა და ისალმური კონფერენციის ორგანიზაციაში. ზარიფი აგრეთვე იკავებდა თავმჯდომარის პოტს არაერთ საერთაშორისო კონფერენციაზე. 2000 წელს იგი იკავებდა რასიზმზე მსოფლიო კონფერენციის მოსამზადებელი აზიური შეხვედრისა და ასევე გაეროს განიარაღების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას. 1992–1993 წლებში იყო გაეროს 47-ე გენერალური ასამბლეის მეექვსე (სამართლებრივი) კომიტეტის თავმჯდომარე. 1998 წელს ზარიფს ეკავა დურბანში მიუმხრობლობის მოძრაობის მე-12 სამიტის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. 1997-1998 წლებში კი იყო აზიურ-აფრიკული სამართლებრივი სათათბირო კომიტეტის პრეზიდენტი.

მისი მინისტრობით მიმდინარეობს P5+1-ის ფორმატში მოლაპარაკება, რაც ითვალისწინებს ეკონომიკური სანქციების მოხსნას და ირანის ბირთვული პროგრამის დარეგულირებას[2].

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯავად ზარიფი დაიბადა 1960 წლის 7 იანვარს თეირანში[3], რელიგიურად მორწმუნე და კონსერვატიული მოვაჭრის ოჯახში. მისი მამა ისპაჰანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი იყო, დედა კი თეირანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბინზესმენის ქალიშვილი. მან განათლება მიიღო სკოლა „ალავი“-ში ("Alavi"), რომელიც არის კერძო რელიგიური დაწესებულება[4]. ახალგაზრდობაში ზარიფი მშობლების მიერ დაცული იყო ტელევიზორისაგან, რადიოსა და გაზეთებისგან, თუმცა ნაცლად ამისა იგი რევოლუციურ იდეებს ალი შარიათისა და სამად ბეჰრანგის წიგნების კითხვით ეზიარა.[4]

17 წლის ასაკში ჯავად ზარიფმა დატოვა ირანი და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. იგი სწავლობდა სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1981 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1982 წელს — მაგისტრის ხარისხი, ორივე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. შემდეგ, ზარიფმა სწავლა გააგრძელა დენვერის უნივერსიტეტში, სადაც 1984 წელს მოიპოვა მაგისტრის მეორე დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, 1988 წელს კი — დოქტორის ხარისხი საერთაშორისო სამართალსა და პოლიტიკაში.[5][6] ჯავად ზარიფმა დისერტაცია დაიცვა თემაზე სახელწოდებით „თავდაცვა საერთაშორისო სამართლასა და პოლიტიკაში“. იგი აგრეთვე იყო საერთაშორისო სამართლის პროფესორი თეირანის უნივერსიტეტში.[7] ასევე 2010-2012 წლებში იკავებდა აზადის ისლამური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას საერთაშორისო საკითხების მიმართულებით.

ჯავად ზარიფს დაწერილი აქვს მრავალი ნაშრომი განიარაღებაზე, ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო სამართალსა და რეგიონულ კონფლიქტებზე.

ჯავად ზარიფს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორისაა „საერთაშორისო ორგანიზაციები“, „ახალი საერთაშორისო ტენდენციები“, „მრავალმხრივი დიპლომატია: რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების თეორია და ქმედება“, „ირანისა და ამერიკის კრიზისთან ურთიერთობა, პარადიგმის ცვლილების საჭიროება“, „ისლამი და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ და „ბირთვული იარაღის მუქარასა და გამოყენებაზე აკრძალვა“.

ჯავად ზარიფს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი (ვაჟი და ქალიშვილი)[8]. მისი ორივე შვილი აშშ-ში დაიბადა.

პირველი მისიები აშშ-ში

რედაქტირება

1982 წლის მაისში ჯავად ზარიფი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ირანის დელეგაციის წევრად დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მის დანიშვნას ფორმალური დიპლომატიური გამოცდილება კი არ განაპირობებდა, არამედ ის ფაქტი, რომ ზარიფი კარგად ფლობდა ინგლისურ ენას და ამასთანავე, გააჩნდა კავშირები ამერიკაში.[9]

ზარიფი, როგორც ახალგაზრდა დიპლომატი, ჩართული იყო პროირანული შეიარაღებული პირების მიერ ლიბანში დატყვევებული ამერიკელი მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებების პროცესში. მიუხედვად იმისა, რომ იმ ეტაპისათვის ამერიკის შეერთებული შტატები არ გამოხატავდა მზაობასა და კეთილგანწყობას ირანის მიმართ, ზარიფი დარჩა ამერიკაში, რათა გაეუმჯობესებინა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.[10]

ირანის წარმომადგენელი გაეროში

რედაქტირება

2002-2007 წლებში მუჰამედ ჯავად ზარიფი იკავებდა გაეროში ირანის წარმომადგენელის თანამდებობას.[11] იგი მჭირდოდ იყო დაკავშირებული ე. წ. „დიდი შეთანხმების“ გეგმის განვითარებასთან, რომელიც მიზნად ისახავდა 2003 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არსებული საკამათო საკითხების გადაჭრას.[12] აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ზარიფი დახურულ შეხვედრებს მართავდა ვაშინგტონის არაერთ პოლიტიკოსთან, მათ შორის იმ პერიოდის სენატორებთან ჯო ბაიდენთან და ჩაკ ჰეიგელთან.[13] ჯავად ზარიფი თანამდებობიდან 2007 წლის 6 ივლისს გადადგა.[14]

საგარეო საქმეთა მინისტრი

რედაქტირება

2013 წლის 23 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰასან რუჰანი ჯავად ზარიფს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ნიშნავდა, რაც ოფიციალურად დადასტურდა 4 აგვისტოს, როდესაც რუჰანმა ზარიფის კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს. ჯავად ზარიფის კანდიდატურა პარლამენტმა 232 ხმით დაამტკიცა.

2013 წლის 27 სექტემბერს ზარიფი 5+1 სახელმწიფოების (ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები) და ირანის შეხვედრის ფარგლებში შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს - ჯონ კერის. აღნიშნული წარმოადგენდა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ირანის უმაღლესი დონის პირად შეხვედრას ბოლო 6 წლის მანძილზე. შეხვედრის შემდეგ ჯონ კერიმ განაცხადა

 
„ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანისთვის იყო სასიამოვნო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ზარიფი მოვიდა და ჩაგვიტარა პრეზენტაცია, რომელიც ძალიან განსხვავებული იყო ტონით და ძალიან განსხვავებული ხედვით, რაც პატივს სცემს მომავლის შესაძლებლობებს.“

12 ნოემბერს მოლაპარაკებები შეჩერდა. 20 ნოემბერს კი ირანისა და 5+1 სახელმწიფოების წარმომადგენლები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

2014 წლის ოქტომბერში ამერიკელმა, ირანელმა და ევროპელმა დიპლომატებმა კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა ოფიციალური პირები კვალავ ამბობდნენ, რომ 24 ნოემბრისათვის მიზნად ისახავდნენ შეთანხმების მიღწევას. 2014 წლის ნოემბერში საბოლოო შეთანხმების მიღების ბოლო ვადად დასახელდა 30 ივნისი, მაგრამ აღნიშნულ დღეს დიპლომატებმა ვადა კიდევ შვიდი დღით გადაწიეს, რადგან ოფიციალური პირების განცხადებით საჭირო იყო უფრო მეტი დრო სანქციებისა და გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად და შესამოწმებლად. 26 ივნისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ზარიფის განცხადებით, მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი ძირითადი ტექსტისა და ტექნიკური დანართების თვალსაზრისით.

ბირთვული შეთანხმება

რედაქტირება

2015 წლის 14 ივლისს ირანსა და 5+1 სახელმწიფოებს შორის ხელი მოეწერა „ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას“ (JCPOA). მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ძლიერი ოპოზიცია როგორც ირანის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებში, აშშ-ის კონგრესმა მიიღო საკანონმდებლო აქტი, ირანის პარლამენტმა კი დაამტკიცა აღნიშნული შეთანხმება.

აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც გაეროს უშიშროების საბჭომ ირანს სანქციები დაუწესა ზარიფი იყო ირანის წარმომადგენელი გაეროში, ნიუ-იორკში. მისთვის აღნიშნული სტიგმის მოცილება, რომელიც გაეროს 7 დამსჯელ რეზოლუციაში იყო გაწერილი, წარმოადგენდა გადამწყვეტ ნაბიჯს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გვერდით ირანისთვის კანონიერი ადგილის დასაკავებლად.

ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ თეირანში დაბრუნებულ ჯავად ზარიფს ირანის მოსახლეობა ისე მიეგება, როგორც ეროვნულ გმირს. უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი მის მანქანასთან, როდესაც იგი ტოვებდა აეროპორტს. მხარდამჭერები ატარებდნდნ ზარიფისა და პრეზიდენტ ჰასან რუჰანის მხარდამჭერ სლოგანებს, რომელიც 2013 წელს არჩევნებამდე შეჰპირდა მათ, რომ დაასრულებდა იმ სანქციებს, რომლებიც ირანს ჰქონდა დაწესებული ბირთვულ პროგრამაზე არსებული ეჭვების გამო.

ჯავად ზარიფს, რომელიც ხმამაღლა უჭერდა მხარს ბირთვულ შეთანხებას, არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა და დიდ ზეწოლას განიცდიდა ისალმური რესპუბლიკის შიგნით სხვადასხვა ძალაუფლებრივი ბლოკებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ „ერთობლივ ყოლისმომცველ სამოქმედო გეგმას“. აღნიშნული კრიტიკა უფრო მეტად ინტენისური გახდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის მაისში გადაწყვეტილება მიიღო დაეტოვებინა აღნიშნული შეთანხმება და კვლავ დაეწესებინა სანქციები თეირანისთვის. ბირთვული შეთანხმების კოლაფსმა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან განახლებულმა დაძაბულობამ კი პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ რელიგური ლიდერების, მოწინააღმდეგე ჯგუფებისა და უკმაყოფილო მოსახლოების მზარდი წინააღმდეგობა გამოიწვია.

გადადგომა

რედაქტირება

2019 წლის 25 თებერვალს ჯავად ზარიფმა სოციალური ქსელის Instagram გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომის თაობაზე:

 
„ბოდიშს გიხდით ყველა გადაცდომისთვის... გასულ წლებში ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრობის განმავლობაში... მადლობას ვუხდი ირანელ ხალხსა და ოფიციალურ პირებს“. გადადგომის მიზეზად დასახელდა ზარიფის არყოფნა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრაზე, რომელიც თეირანში ვიზიტით იმყოფებოდა. ზარფის განცხადების გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა უარი განაცხადა მინისტრის პოსტიდან გადადგომის განაცხადის დაკმაყოფილებაზე. მან საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომა შეაფასა, როგორც „ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო.“

ირანის უმაღლესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ასევე მხარი დაუჭირა ჯავად ზარიფს. ირანის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში პრეზიდენტმა რუჰანმა შემდეგი სიტყვებით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს:

 
„უმაღლესი ლიდერი აღწერს როგორც „სანდო, მამაც და რელიგიურ“ პიროვნებას ამერიკის შეერთებული შტატების ფართოდ გავრცელებული ზეწოლის საწინააღმდეგო ფრონტის წინა ხაზზე, მე შენი პოსტიდან გადადგომის მიღებას მივიჩნევ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და უარს ვამბობ მასზე.“

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალმა ყასემ სოლეიმანმაც მხარი დაუჭირა ჯავად ზარიფს და განაცხადა, რომ ზარიფი იყო მთავარი პერსონა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში.

შემდგომი კარიერა

რედაქტირება

მოჰამედ ჯავად ზარიფი 2024 წლის 1 აგვისტოდან ამავე წლის 11 აგვისტომდე ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.[15]

სანქციები

რედაქტირება

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს სანქციები დააკისრა, რომელთა საფუძველზეც მას გაეყინა ნებისმიერი აქტივი, რაც კი ამერიკაში გააჩნდა. თავად ზარიფი ამერიკის სანქციებს Twitter-ზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მას სანქციები დაუწესა რადგან, მისი დღის წესრიგის საფრთხედ მიიჩნევდა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულ ქმედებას არ ჰქონდა გავლენა არც მასზე და არც მის ოჯახზე, რადგან არ გააჩნდა არანაირი საკუთრება და ინტერესი ირანის საზღვრებს გარეთ:

 
„გმადლობთ, რომ მიგაჩნივართ თქვენი დღის წესრიგის უზარმაზარ საფრთხედ.“

ირანის საგარეოს საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ ამერიკის მიერ სანქციების დაწესებას ევროკავშირმა უპასუხა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები წუხდნენ აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილების გამო და პირობას დებდნენ, რომ მათი მხრიდან კვლავ გაგრძელდებოდა თანამშრომლობა და მუშაობა ჯავად ზარიფთან, ირანის უპირველეს დიმპლომატთან.

მუჰამედ ჯავად ზარიფი და საქართველო

რედაქტირება

2021 წლის 28 იანვარს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დადაქალაქ თბილისს ეწვია, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრები გამართა. ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს კი ტელეფონის საშუალებით ესაუბრა, რადგანაც ეს უკანასკნელი კოვიდ-19-ის დადასტურების გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.[16]

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრისას ჯავად ზარიფმა ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. საქართველოს პრეზიდენტმა კი ისაუბრა ოკუპაციაზე და მინისტრს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება გააცნო. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა სტაბილურობის მნიშვნელობა საქართველოსა და რეგიონში. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს კორონა ვირუსით გამოწვეულ პანდემიაზე და მის შედეგად შეფერხებულ საქართველო-ირანის ორმხრივ ურთიერთობებზე. სალომე ზურაბიშვილმა ჯავად ზარიფთან ასევე ისაუბრა რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალსა და ახალ მნიშვნელოვან შესაძლებლობებზე, რომელთა გამოყენებაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.[17]

ირანული მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვერაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრეთვე ისაუბრა საქართველოში მცხოვრები ირანელი მოქლაქეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლების წინაშე არსებულ პრობლემებზე და მთავრობას მათი მოგვარებისაკენ მოუწოდა. ასევე, ჯავად ზარიფმა ხაზგასმით აღნიშნა მთიანი ყარაბაღის შეტაკებების შემდეგ წარმოშობილი რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობა, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ყველა მხარისათვის.[18]

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აგრეთვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს — ალექსანდრე ხვთისიაშვილს. საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ასევე განიხილეს სატრანზიტო და სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცების საკითხები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს როლი რეგიონულ ჭრილში, კერძოდ კი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ირანული მხარის თანახმად, ჯავად ზარიფმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან საუბრისას ყურადღება გაამახილა იმ რიგ პრობლემებზე, რომლებიც ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში არსებობს. მან ასევე ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რაც სატრანზიტო და სატრანსპროტო აქვიტობისთვისაა დამახასიათებელი. ამასთანავე, ჯავად ზარიფმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა უკანასკნელი თვეების მანძილზე რამდენიმე ირანელი პატიმრის გათავისუფლებისათვის, რომლებიც სასჯელს ირანში მოიხდიან და ასევე მოუწოდა ოფიციალურ თბილისს სხვა პატიმრების საქმეებზე მუშაობის გაგრძელებისაკენ.[16]

მუჰამედ ჯავად ზარიფის რეგიონული ტური 2021 წლის 25 იანვარს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც იგი შეხვდა მაღალი რანგის პირებს ბაქოში, მოსკოვში, ერევანსა და თბილისში. 29 იანვარს კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოდან თურქეთში გაემგზავრა.[16]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. CV Dr. M. Javad Zarif Unesco
  2. [1]
  3. Minister's Biography: Mohammad Javad Zarif. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-30. ციტირების თარიღი: 2016-01-17.
  4. 4.0 4.1 Ali Alfoneh and Reuel Marc Gerecht (23 January 2014). „Mohammad-Javad Zarif: Iran's Foreign Minister Is a Religious Zealot“. New Republic. ციტირების თარიღი: 28 January 2014.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
  5. „Iran's Rouhani unveils cabinet of technocrats“. The Daily Star. 4 August 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 November 2018. ციტირების თარიღი: 7 August 2013.
  6. Kirkpatrick, Nick (15 August 2013). „Key figures in the Cabinet of Iran's new president“. The Washington Post. AP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2013. ციტირების თარიღი: 22 August 2013.
  7. Self-defense in international law and policy WorldCat
  8. [2]
  9. Iran's Foreign Minister Nominee Seen as Olive Branch to US Reuters via VOA (Dubai), 29 July 2013
  10. Dr. Javad Zarif. UN. ციტირების თარიღი: 2 September 2011
  11. Esfendiari, Golnaz (14 August 2013). „Iran's 'Olive Branch' Foreign Minister Nominee Makes His Case In Parliament“. Radio Free Europe. ციტირების თარიღი: 15 August 2013.
  12. Has the U.S. Played a Role in Fomenting Unrest During Iran's Election?. Foreign Policy Journal (23 June 2009). ციტირების თარიღი: 2 September 2011
  13. Rohani Taps U.S.-Educated Minister to End Iran Sanctions Kambiz Foroohar, Bloomberg, 4 August 2013
  14. Welcome to the personal web site of Dr. M. Javad Zarif. Zarif. ციტირების თარიღი: 2 September 2011
  15. „Iran: Vice President Zarif quits after 11 days in office“. dw.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  16. 16.0 16.1 16.2 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს
  17. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-01. ციტირების თარიღი: 2022-12-01.
  18. Foreign Minister Zarif Holds Talks with Georgian President in Tbilisi