თეირანის უნივერსიტეტი
თეირანის უნივერსიტეტი (სპარს. دانشگاه تهران) — უნივერსიტეტი ირანში, რომელიც დედაქალაქ თეირანში მდებარეობს. უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია შუა აღმოსავლეთში, ხოლო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.[3] თეირანის უნივერსიტეტი სტუდენტებს 111 საბაკალავრო, 177 სამაგისტრო და 156 სადოქტორო პროგრამას სთავაზობს.[4] უნივერსიტეტის კამპუსი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი კამპუსები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის გარეუბნებშია განლაგებული.
თეირანის უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი |
میاسای ز آموختن یک زمان არც ერთი წუთი სწავლის გარეშე |
დაფუძნდა | 1934 |
ტიპი | სახელმწიფო |
სტუდენტი | 50 448 |
ქალაქი | თეირანი |
ქვეყანა | ირანი |
კავშირები | ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[1] და საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო[2] |
https://ut.ac.ir |
უნივერსიტეტი ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად ითვლება. მისი მთავარი კამპუსი ყოველწლიურად მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ღონისძიებებს მასპინძლობს.
თეირანის უნივერსიტეტი ყველაზე მოთხოვნადია ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ბარიერი საკმაოდ მაღალია. ყოველწლიურად უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების ჩაბარებას სტუდენტთა მხოლოდ 2% ახერხებს. [5]
ისტორია
რედაქტირება1933 წლის იანვარში თეირანში უნივერსიტეტის დაარსების საკითხი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე იმჟამინდელმა განათლების მინისტრმა, ალი-აჰსარ ჰეკმატმა წამოჭრა. მან ასეთი განცხადება გააკეთა: „თეირანი დიდებით მოსილი და აყვავებული ქალაქია, თუმცა ერთი რამ, რაც მას ნამდვილად აკლია, უნივერსიტეტია. სამწუხაროა, რომ ამ საკითხში მსოფლიოს დიდ ქვეყნებს ჩამოვრჩებით.“ მისმა სიტყვებმა სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, რაც მოგვიანებით კენჭისყრის შედეგებშიც აისახა – განათლების მინისტრის ინიციატივა წარმატებით განხორციელდა. უნივერსიტეტის დასაარსებლად განათლების სამინისტროს 250 000 ტომანი დაფინანსება გამოეყო.
უნივერსიტეტი ოფიციალურად 1934 წელს გაიხსნა. 1935 წელს, როგორც ქვეყნის საყოველთაო განათლების პოლიტიკის ნაწილი, უნივერსიტეტში სწავლა ქალებისთვისაც გახდა ნებადართული,[6][7] თუმცა ისინი ოფიციალურად სტუდენტებად მხოლოდ 1937 წელს აღიარეს.
1986 წელს უნივერსიტეტს სტუდენტთა ჭარბი რაოდენობის გამო გამოეყო მედიცინის კოლეჯი, რომელსაც თეირანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტი ეწოდა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას დაექვემდებარა. უნივერსიტეტი საუკეთესო სამედიცინო სასწავლებელია ქვეყანაში.
აქტივობები და კვლევითი საქმიანობა
რედაქტირებაყოველწლიურად თეირანის უნივერსიტეტი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე მრავალ აკადემიურ და კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს. სხვა ქვეყნებთან თანამშრoმლობით უნივერსიტეტი ხშირად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებს. 2008 წელს, უნივერსიტეტის დაფინანსებით საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა დაახლოებით 1000-მა ლექტორმა და სტუდენტმა მიიღო.
თეირანის უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა და არქივი 1967 წლიდან მსოფლიო ბიბლიოთეკების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის წევრია. ბიბლიოთეკა, რომელიც 35 სპეციალიზებულ ნაწილადაა ნაყოფილი, უდიდესია ქვეყენაში. უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და არქივს 65 ათასი წევრი, ხოლო დღის განმავლობაში საშუალოდ 5000 მომხმარებელი ჰყავს. ბიბლიოთეკის ხელნაწერთა კოლექცია 17000-ზე მეტ სპარსულ, არაბულ და თურქულ ხელნაწერებს მოიცავს.
თეირანის უნივერსიტეტის გამომცემლობას, რომელიც აკადემიური ხასიათის ნაშრომების გამოცემაზეა ორიენტირებული, 5000-ზე მეტი წიგნი აქვს გამოქვეყნებული. გამომცემლობას დისტრიბუციის აგენტები, არა მარტო ირანში, არამედ ავღანეთშიც ჰყავს.[8]
დაფინანსება
რედაქტირებათეირანის უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტია და შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ეროვნული გამოცდებში უმაღლესი ქულების მქონე სტუდენტები უნივერსიტეტში უფასოდ სწავლობენ, ხოლო შედარებით დაბალი ქულების აღებისას სტუდენტებს სწავლის საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ გადახდა უწევთ. 2011 წელს თეირანის უნივერსიტეტის ბიუჯეტი 70 მილიანო დოლარის ეკვივალენტი იყო, რითაც ირანის უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებდა.[9]
მთავარი შესასვლელი
რედაქტირებათეირანის უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელი 1965 წელს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტმა, კოროშ ფარზამიმ დააპროექტა, ხოლო სტრუქტურული ინჟინერი სიმონ სარქისიანი იყო. მთავარი შესასვლელი მალევე ირანის უმაღლესი განათლების სისტემის სიმბოლოდ იქცა. უნივერსიტეტის „კარიბჭე“ 500 ირანული რიალის ღირებულების ბანკნოტის რევერსზეა გამოსახული.[10]
ფაკულტეტები
რედაქტირებათავდაპირველად თეირანის უნივერსიტეტში მხოლოდ ექვსი ფაკულტეტი იყო, ხოლო სხვა ფაკულტეტები მოგვიანებით დაარსდა. წარმოგიდგენთ ფაკულტეტების არასრულ ჩამონათვალს:
- მეცნიერების ფაკულტეტი
- თეოლოგიის ფაკულტეტი
- ლიტერატურისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი
- ინჟინერიის კოლეჯი
- სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი
- ეკონომიკის ფაკულტეტი
- სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი
- მენეჯმენტის ფაკულტეტი
- სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი
- განათლების ფაკულტეტი
- ბუნებრივი რესურსების ფაკულტეტი
- სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
- გეოგრაფიის ფაკულტეტი
-
ინჟინერიის სკოლა
-
მედიცინის სკოლა
-
სახვითი ხელოვნების სკოლა
-
უნივერსიტეტის სტადიონი
-
ეკონომიკის სკოლა
-
მთავარი ბიბლიოთეკა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური ვებსაიტი დაარქივებული 2020-10-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
- ↑ https://web.archive.org/web/20221009095816/https://council.science/members/online-directory/
- ↑ A rebirth of science in Islamic countries?. Research Trends (26 September 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 12 August 2013.
- ↑ University of Tehran fa. Tehran University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 October 2011. ციტირების თარიღი: 16 September 2011.
- ↑ [1] დაარქივებული 22 May 2012 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Shojaei, Seyedeh Nosrat; Ku Hasnita Ku Samsu; Hossien Asayeseh (სექტემბერი 2010). „Women in Politics: A Case Study of Iran“ (PDF). Journal of Politics and Law. 3 (2). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 27 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2013. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება) - ↑ Lorentz, J. Historical Dictionary of Iran. 1995. ISBN 0-8108-2994-0
- ↑ Libraries დაარქივებული 26 September 2011 საიტზე Wayback Machine. University of Tehran
- ↑ بيشترين بودجه براي دانشگاه تهران. Tabnak. ციტირების თარიღი: 12 August 2013.
- ↑ Home. Cbi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 12 August 2013.