მმართველობითი აღრიცხვა
მმართველობითი აღრიცხვა — საწარმოო ინფორმაციის იდენტიფიკაციის, გაზომვის, შეგროვების, ჩაწერის, ინტერპრეტაციის, შეჯამების, მომზადებისა და მიწოდების მოწესრიგებული სისტემა, რომელიც მიეწოდება ორგანიზაციის მენეჯმენტს ადეკვატური გადაწყვეტილებების მისაღებად. კომპანიების ეკონომიკური საქმიანობის პროცესში, წარმოების ძირითადი ფინანსური მიზნის — მოგების მისაღებად, მმართველმა (მენეჯერმა) მრავალი სხვადასხვა სახის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამისათვის მას სჭირდება ინფორმაცია რესურსების არსებობისა და გამოყენების შესახებ, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს მმართველობითი აღრიცხვა ამზადებს.
საბუღალტრო აღრიცხვა |
|
ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები |
---|
ბასსი და ფასსი |
სააღრიცხვო პოლიტიკა |
მარაგების აღრიცხვის მეთოდები |
ანგარიშთა გეგმა |
განსაზღვრება
რედაქტირებაინგლისელი პროფესორი კოლინ დრური განსაზღვრავს მმართველობითი აღრიცხვას, როგორც ინფორმაციის მიწოდებას იმ პირთათვის, რომლებიც თავად საწარმოში იღებენ უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ზრდიან მიმდინარე ბიზნეს საქმიანობის ეფექტურობას და პროდუქტიულობას. მმართველობით აღრიცხვას ეწოდება შიდა აღრიცხვა, ხოლო ფინანსურ აღრიცხვას — გარე, რადგან ფინანსური აღრიცხვა განკუთვნილია გარე პირებისთვის, რომლებიც არ შედიან საწარმოს შტატში.[1]
მმართველობითი ინფორმაციის არსი
რედაქტირებაკომპანიის მართვისათვის აუცილებელია მენეჯმენტს ჰქონდეს ინფორმაცია მისი რესურსების სახეების, რაოდენობის, მოცულობისა და გამოყენების ხარისხის შესახებ, რათა სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ამიტომ, სავალდებულოა, რომ მმართველი რგოლი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ინფორმაციით.
ინფორმაცია — გადამუშავებული მონაცემბი, რომელსა გააჩნია მნშვნელობა მისი მიმღებისათვის, საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად;
მონაცემები — რიცხვები, ასოები, სიმბოლოები, დაუმუშავებელი ფაქტები, დაფიქსირებული მოვლენები და ოპერაციები, რომლებიც მიღებულია, მაგრამ ჯერ არ არის იმ ფორმით დამუშავებული, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად გამოდგება.
მონაცემების ინფორმაციად გარდაქმნისათვის საჭიროა მათი გადამუშავება. ამისათვის შემავალი მონაცემები, ჯერ მუშავდება (იყოფა კლასებად, ხარისხდება, ჯამდება), შემდეგ კი გასაანალიზებლად ვარგისი გამომავალი ინფორმაცია გამოიყენება სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
მმართველობითი ინფორმაციის მიზანია მენეჯერებს საშუალება მისცეს, შეასრულონ სამი ძირითადი ფუნქცია: გადაწყვეტილების მიღება; დაგეგმვა და კონტროლი; კოორდინაცია.
განასხვავებენ ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციას. ფინანსური ინფორმაცია ასახავს საწარმოს საბოლოო ეფექტიანობის დონეს და მხოლოდ ფულად ფორმაში გამოიხატება. მაგალითად, საწარმოს მომგებიანობა, სესხების პროცენტის დაფარვის დონე, გადახდისუნარიანობა და ა. შ. არაფინანსური ინფორმაცია არის რესურსების არსებობისა და გამოყენების დეტალური ინფორმაცია, რომელიც, როგორც ფულად, ისე ნატურალურ ერთეულებში გამოისახება.
გადაწყვეტილების მიმღებისათვის აუცილებელია, რომ ინფორმაცია იყოს ღირებული და საიმედო. იგი შიდა მოხმარებისათვის გამოიყენება. ამ ინფორმაციის კლასიფიკაცია ცნობილია „ენტონის სამკუთხედის“ სახელწოდებით, რომლის თანახმად, გამოიყოფა ინფორმაციის სამი ძირითადი სახე:
- სტრატეგიული ინფორმაცია — ძირითადად გამოიყენება დირექტორებისა და უფროსი მენეჯერების მიერ, ორგანიზაციის ერთიანი მიზნებისა და სტრატეგიის დაგეგმვისა და იმის შესამოწმებლად, ნამდვილად იქნა თუ არა მიზნები მიღწეული.
- ტაქტიკური ინფორმაცია — გამოიყენება მენეჯერთა მიერ მართვის ყველა დონეზე, მაგრამ, ძირითადად საშუალო დონეზე დაგეგმვისა და მენეჯერული კონტროლისათვისნსაქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფასების დადგენა, შესყიდვა, განაწილება და სასაწყობო საქმიანობა.
- ოპერატიული ინფორმაცია — რომელიც საჭიროა ყოველდღიური ოპერაციების მართვისა და კონტროლის განსახორციელებლად.
არსებობს მმართველობითი ინფორმაციის ალტერნატიული კლასიფიკაცია, რომლის მიხედვით იგი ორ სახედ იყოფა:
- დაგეგმვის ინფორმაცია — რომელიც საჭიროა სამოქმედო ალტერნატიული გზებს შორის არჩევნის გასაკეთებლად და გეგმების შესამუშავებლად.
- კონტროლის ინფორმაცია — ახდენს წარსულის ფაქტობრივი შედეგების შედარებას დასახულ მიზნებთან.
შედარება ფინანსურ აღიცხვასთან
რედაქტირებამმართველობითი აღრიცხვა უფრო ფართო ცნებაა, რომელიც ინფორმაციას ამზადებს მართვის ყველა დონეზე. ასეთ ინფორმაციას წარმოადგენს ფინანსური და საწარმოო ანგარიშები. მმართველობითი აღრიცხვა ძირითადად დაკავშირებულია მენეჯმენტისათვის რჩევების მიცემით, რომლებიც ეფიძნება მოგროვილ ინფორმაციას. აგრეთვე შეიძლება მონაწილეობდეს გადაწყვეტილების მიღებაში, დაგეგმვაში, ბიზნესის კონტროლში.
ამრიგად, ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვას შორის არსებობს კავშირიც და განსხვავებებიც. როგორც ცნობილია, ფინანსურ ანგარიშგებას ფინანსური აღრიცხვა ამზადებს. ფინანსურ ანგარიშგებაში გამოქვეყნებულია კომპანიის საერთო სურათი, ნაერთი ინფორმაცია დანახარჯებისა და შემოსავლების შესახებ. მაგრამ, დანახარჯების შესახებ ნაერთი ინფორმაციის მომზადებისათვის აუცილებელია არსებობდეს ინფორმაცია ცალკეული სახის დანახარჯების შესახებ. მმართველობითი აღრიცხვა სწორედ დეტალურ ინფორმაციას ამზადებს დანახარჯების სახეების მიხედვით, რომლის ჯამურ ანუ ნაერთ ინფორმაციას ფინანსურ აღრიცხვას აწვდის. ამდენად, ამ კავშირების გარეშე ფინანსური აღრიცხვა მოგება/ზარალის ანგარიშგებას ვერ მოამზადებს.
ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის შედარებითი დახასიათება შეიძლება წარმოდგენილი იქნას ცხრილის სახით:
# | შედარების სფეროები | ფინანსური აღრიცხვა | მმართველობითი აღრიცხვა |
---|---|---|---|
1 | ინფორმაციის ძირითადი მომხმარებლები | საწარმოს გარეშე იურიდიული და ფიზიკური პირები | შიდა მომხმარებლები |
2 | ორმაგი აღრიცხვის სისტემის მიხედვით | აუცილებელია ოპერაციების ორმაგი აღრიცხვა | არ არის შეზღუდული ორმაგი აღრიცხვის სისტემით |
3 | არჩევანის თავისუფლების მიხედვით | ევალება აღრიცხვის საერთაშორისო პრინციპების დაცვა | არ ექვემდებარება საყოველთაო ნორმებს. ერთადერთი კრიტერიუმი სარგებლიანობაა |
4 | ზომის ერთეულების მიხედვით | გამოიყენება ფულადი ერთეული | იყენებს ყველა ზომის ერთეულს |
5 | ანალიზის ძირითადი ობიექტი | მთლიანი საწარმო | საწარმოს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფი |
6 | ანგარიშგების შედგენის სიხშირე | პერიოდულად და რეგულარულად | არარეგულარულად, როცა საჭიროა მენეჯმენტისათვის |
7 | საიმედოობის ხარისხის მიხედვით | მოითხოვს ობიექტურობას | დამოკიდებულია დაგეგმვის მიზნებზე, მაგრამ გამოიყენება ზუსტი მონაცემები |
8 | გახსნილობის მიხედვით | საჯარო ხასიათისაა | დახურული ხასიათისაა |
9 | ორიენტაციის მიხედვით | ასახავს ისტორიულ ფაქტებს | მომავალზეა ორიენტირებული |
10 | ინფორმაციის ტიპი | მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლები | ფინანსური და არაფინანსური (შრომითი და ფიზიკური) მაჩვენებლები |
დანახარჯების კლასიფიკაცია
რედაქტირებამმართველობითი აღრიცხვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა გასაზღვროს პროდუქციასა და მომსახურებაზე გაწეული დანახარჯები მათი მართვისა და კონტროლის მიზნით. დანახარჯების აღრიცხვის ეფექტიანი ორგანიზაციისა და მმართველობისათვის ხარისხიანი ინფორმაციის მომზადების მიზნით, საჭიროა დანახარჯების კლასიფიკაცია მათი ბუნების შესაბამისად.
დანახარჯების კლასიფიკაცია საქმიანობის სფეროების მიხედვით, გულისხმობს მათ დაჯგუფებას საქმიანობის სექტორების მიხედვით ანუ გაითვალისწინება, ხარჯები მოცემულ საწარმოში ძირითადად ანუ მაპროფილებელ საქმიანობაზე გაიწევა თუ დამხმარე ან არაორდინარულ ღონისძიებაზე.
საქმიანობის სფეროების მიხედვით, დანახარჯები იყოფა: საოპერაციო, არასაოპერაციო და განსაკუთრებული სახის დანახარჯებად.
- საოპერაციო დანახარჯები — ისეთი ხარჯებია, რომლებიც საწარმოთა ძირითადი ანუ მაპროფილებელი საქმიანობის განხორციელებაზე გამოიყენება. მაგალითად, პროდუქციის დამზადებაზე ან მომსახურეობის გაწეული მატერიალური ან შრომითი დანახარჯები, კომერციული (მარკეტინგული) ხარჯები და საერთო-ადმინისტრაციული ხარჯები.
- არასაოპერაციო დანახარჯები — ისეთი ხარჯებია, რომლებიც მოცემული საწარმოსათვის დამხამრე ხასიათის საქმიანობაზე გაიწევა. სამრეწველო ფირმებში ასეთ ხარჯებს მიეკუთვნება გადახდილი საიჯარო ქირის თანხები, სესხებზე გადახდილი პროცეტები, სასამართლო პროცესებზე გაწეული ხარჯები და სხვა. ხარჯების ასეთ დაჯგუფებების დროს გასათვალისწინებელია ბიზნესის კონკრეტული სფეროს თავისებურებები. მაგალითად, ბანკებში აღებული სესხების საპროცენტო ხარჯი საოპერაციო ხარჯებია, რადგან მათი ძრითადი საქმიანობა სესხის აღება და გაცემაა.
- განსაკუთრებული დანახარჯები — ისეთი ხარჯებია, რომლებიც გამოწვეული იყო ჩვეულებრივი საქმიანობისაგან განსხვავებული სამეურნეო მოვლენებისა და ოპერაციებისაგან, რომლებიც რეგულარულად არ ხდებიან და შემტხვევითი ხასიათისაა. მაგალითად, აქტივების ექსპოპრიაცია, სტიქიური უბედურებისაგან გამოწვეული ზარალი, გადახდილი ჯარიმები და სხვა.
საოპერაციო ხარჯები ეკონომიკური შინაარსის მიხედვით იყოფა: ძირითად და ზედნადებ ხარჯებად.
- ძირითადი ხარჯები — უშალოდ მონაწილეობენ პროდუქციის დამზადების ან მომსახურების გაწევის პროცესში. ისინი ყოველთვის რომელიმე ერთი კონკრეტული სახის პროდუქტთანაა მიბმული. მაგალითად, იმ ნედლეულისა და მასალის ხარჯი, რომელიც უშუალოდ პროდუქციის დამზადებაზე იხარჯება, ასევე იმ მუშების ხელფასის ხარჯი, რომლებიც პროდუქციის დამზადებაზე მუშაობენ.
- ზედნადები ხარჯები — წარმოების მართვისა და მომსახურების ხარჯებია. ისინი თავის მხრივ ორ ჯგუფად იყოფიან: საწარმოო ზედნადები ხარჯი და არასაწარმოო ზედნადები ხარჯი.
- საწარმოო ზედნადები ხარჯი — უშუალოდ პროდუქციის დამზადების პროცესის მომსახურებასა და მართვაზე იხარჯება. მაგალითად, ძირიტადი მანქანა-დანადგარების ცვეთისა და მოვლის ხარჯები, ძირიტადი განყოფილებების მმართველი პერსონალის ხელფასი, საწარმოო დანიშნულების შენობის ცვეთისა და ექსპლუატაციის ხარჯები.
- არასაწარმოო ზედნადები ხარჯი — საწარმოს საერთო მმართველობითი ხარჯებია. მაგალითად, მარკეტინგისა და საერთო-ადმინისტრაციული ხარჯები.
არასაწარმოო ხარჯების მოცულობა, გაზრდილი კონკურენციის პირობებში, თანდათან იზრდება. აღიარებულია, რომ არასაწარმოო დანახარჯების მართვა მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ორგანიზაციის ფინანსური წარმატების მისაღწევად.
წარმოების დანახარჯები მრავალი სახისა და დანიშნულების ხარჯებისაგან შედგება, რომლებიც პროდუქციის თვითღირებულებისადმი დამოკიდებულების მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: თვითღირებულებაში შემავალი ანუ პროდუქტის ხარჯები და თვითღირებულებაში არშემავალი ანუ პერიოდის ხარჯები.
- თვითღირებულებაში შემავალი ხარჯებია:
- ძირითდი მასალის ხარჯები
- ძირითადი შრომითი ხარჯები
- საწარმოო ზედნადები ხარჯები
- პერიოდის ხარჯები — დანახარჯები, რომლებიც პროდუქციის თვითღირებულებაში არ შეიტანება. ესენია:
- მარკეტინგის ხარჯები
- საერთო-ადმინისტრაციული ხარჯები
- არასაოპერაციო ხარჯები
- განსაკუთრებული ხარჯები
საწარმოში, როდესაც რამდენიმე სახის პროდუქცია მზადდება, არსებობს ხარჯები, რომლებიც კონკრეტულად რომელიმე სახის პროდუქციაზე იხარჯება და ხარჯები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე სახის პროდუქტის დამზადებაზე იხარჯებიან. ამიტომ განსხვავდება, ცალკეული სახის პროდუქციის თვითღირებულებაზე, მათი მიკუთვნების წესი. პროდუქციის (ან მომსახურების) თვითღირებულებაზე მიკუთვნების წესის მიხედვით გამოიყოფა პირდაპირი და არაპირდაპირი (აანუ ირიბი) ხარჯები.
- პირდაპირი ხარჯები — მისი გაწევის მომენტიდანვე ცნობილია, რომელი სახის პროდუქციის ან მომსახურების თვითღირებულებას უნდა მიეკუთვნოს. მაგალითად, ძირითადი მასალის ხარჯი, ძირითადი შრომითი ხარჯი.
- არაპირდაპირი (ირიბი) ხარჯები — იგი ერთდროულად რამდენიმე სახის პროდუქციაზე იხარჯება, ამიტომ გაწევის მომენტში ცნობილი არაა, რომელი სახის პროდუქციის თვითღირებულებას უნდა მიეკუთვნოს და მხოლოდ განაწილების გზით (ანუ არაპირდაპირი გზით) შეიტანება პროდუქციის თვითღირებულებაში. მაგალითად, არაპირდაპირი მასალის ხარჯი, არაპირდაპირი შრომითი ხარჯი, დანარჩენი არაპირდაპირი ხარჯები.
წარმოების მოცულობის ცვლილებაზე დამოკიდებულების მიხედვით არსებობს შემდეგი სახის ხარჯები: ცვლადი ხარჯები, მუდმივი ხარჯები, ნახევრადცვლადი ხარჯები, საფეხურებრივად ცვლადი ხარჯები.
- ცვლადი ხარჯები — მთლიანობაში, წარმოების ცვლილების პირდაპირ პროპორციულად იცვლებიან. მაგალითად, პირდაპირი (ძირითადი) მასალის ხარჯი, პირდაპირი (ძირითადი) შრომითი ხარჯი.
- მუდმივი ხარჯები — მთლიანობაში, არ იცვლებიან პროდუქციის წარმოების ზრდის პროპორციულად. მაგალითად, დაზღვევის ხარჯი, ადმინისტრაციის ხელფასი, საიჯარო გადასახადი.
- ნახევრადცვლადი ხარჯები — მუდმივი და ცვლადი ხარჯების კომბინირებული სახესხვაობაა. მაგალითად, სატელეფონო გადასახადი.
- საფეხურებრივად ცვლადი ხარჯები — მუდმივი ხარჯის ტიპი, რომელიც მუდმივი რჩება გარკვეულ დიაპაზონში, ხოლო შემდგომ დიაპაზონში გადასვლა ხდება ნახტომისეუბურად და მუდმივად რჩება, სანამ წარმოების მოცულობა კვლავ მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭილაძე ი., „მმართველობითი აღრიცხვა“, თბილისი, 2012
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Друри К. Управленческий и производственный учёт. Вводный курс. — М.: Юнити-Дана, 2016. — С. 4. — 735 с. — ISBN 978-5-238-00899-6.