თურქოლოგია

(გადამისამართდა გვერდიდან თურქული ფილოლოგია)

თურქოლოგიამეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის და იკვლევს თურქულენოვან ხალხთა ენებს, ლიტერატურას, რელიგიებს და საერთოდ ამ ხალხთა სულიერ და მატერიალურ მემკვიდრეობას წარსულსა და აწმყოში.

თურქოლოგიის ისტორია

რედაქტირება

თავდაპირველად თურქოლოგია უმთავრესად ვითარდებოდა როგორც ფილოლოგიური დისციპლინა. მისი მნიშვნელოვანი წყაროა: მდინარე ორხონისა და ენისეის ზემო წელზე აღმოჩენილი წარწერები (უმთავრესად VII-X საუკუნეებში), ძველი უიღურული დამწერლობის ძეგლები, შუა საუკუნეების არაბულ- და სპარსულენოვანი ავტორების გეოგრაფიული და ისტორიული თხზულებანი, რომლებიც ძვირფას მასალას წარმოადგენენ თურქული ენების და მასზე მოლაპარაკე ტომთა ისტორიისათვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სწავლული თურქი მაჰმუდ ქაშგარის (XI ს.) თხზულებას „დივანუ ლუღათ ათ-თურქ“ („თურქულ ენათა ლექსიკონი“), რომელიც შეიცავს ლინგვისტური, ისტორიული, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ხასიათის უამრავ ცნობას თურქულენოვანი ხალხების შესახებ. თურქული დამწერლობა განვითარდა ერთი მხრივ დასავლეთში - სელჩუკთა სახელმწიფოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში, მეორე მხრივ აღმოსავლეთში - ქაშგარში, ხვარაზმში, სამარყანდში, ბუხარაში და სხვაგან. თურქული დამწერლობის დასავლურ ძეგლებს მიეკუთვნება XIII-XVII საუკუნეებში შექმნილი მრავალი თხზულება ძვ. ანატოლიურ-თურქულ (ოსმალურ) და ძვ. აზერბაიჯანულ ენებზე; ხოლო აღმოსავლურ ძეგლებს - XIV-XVI საუკუნეებში შუა აზიის თურქულ სამწერლობო ენებზე შექმნილი ლიტერატურული ძეგლები. ერთ-ერთი მათგანის, საკუთრივ ძველი უზბეკური ენის ფუძემდებლად ითვლება XV საუკუნის პოეტი ალიშერ ნავოი.

პირველმა ცნობამ თურქების შესახებ ევროპაში ჰუნების შემოსევების დროს (IV-V სს.) შეაღწია. თურქებისადმი ინტერესი გაიზარდა XI-XIII საუკუნეებში სელჩუკებთან ბიზანტიისა და ჯვაროსნული ომების დროს. ეს ინტერესი უფრო გაფართოვდა თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობისა (1453) და ევროპაში მათი შეჭრის საფრთხის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამ დროიდან მოიპოვება ბერძენი და ბიზანტიელი ისტორიკოსების ცნობები მცირე აზიის სელჩუკთა სასულთნოსა და თურქთა სახელმწიფოს შესახებ. XV-XVI საუკუნეებში აღწერეს ოსმალეთისა სახელმწიფო თურქთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა ევროპელებმა (გერმანელმა ჰანს შილტბერგერმა, ფრანგმა ბუსიკომ, ჩეხმა ვრატისლავმა და სხვებმა). გამოქვეყნდა ევროპელი მოგზაურებისა და დიპლომატების ჩანაწერები (ფრანგი ჟ. შესნო, ავსტრიელი ო. ბუსბეკი, ჩეხი ვრატისლავი, იტალიელი პიეტრო დელა ვალე და სხვები). XVII-XVIII საუკუნეებში ევროპაში თურქულის შესწავლა უმთავრესად პრაქტიკულ მიზნებს ისახავდა - გაერკვიათ ოსმალური სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების საფუძვლები (ლ. მარსილი, მ. დ‘ოსონი, მ. ბელენი და სხვები). თურქეთის ისტორიის მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა ი. ჰამერ-პურგშტალმა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით ევროპელ მეცნიერებებს (ჰ. გიბონი, ფ. გიზე, ფ. კრელიცი, პ. ვიტეკი, ფ. ბაბინგერი, რ. მანტრანი, რ. მერიმანი, ბ. ლუისუ, ა. იორგა და სხვები). XIX საუკუნის დასასრულს ბუდაპეშტსა და ჰელსინგფორსში დაინტერესდნენ რუსეთის იმპერიაში მოსახლე თურქული მოდგმის ხალხების (ჩუვაშები, თათრები, ბაშკირები) შესწავლით.

XIX-XX საუკუნეებში ფართო თურქოლოგიური კვლევა-ძიება გაიშალა გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, უნგრეთში, აშშ-ში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში (ვ. თომსენი, ჟ. დენი, ვ. ბანგი, დ. ნემეთი, კ. შირატორი, ნ. პოპე, ა. ფონ გაბენი, ჯ. კლოსონი, კ. გრინბეხი, კ. მენგესი და სხვები).

თურქეთის ისტორიის კვლევა საკუთრივ თურქეთში მხოლოდ XX საუკუნის დამდეგს დაიწყო სტამბოლის უნივერსიტეტში. 1910 წელს დაარსდა „ოსმალეთის ისტორიის საზოგადოება“, სადაც თურქეთის ისტორიულ შესწავლასთან ერთად (ა. რეფიკი, მ. ქოფრულუ) მუშაობა გაიშალა თურქოლოგიის ფართო პრობლემებზე (ისტორია, ლიტერატურა, კულტურა). თურქული ენის პირველი გრამატიკა დაწერა თურქმა ავტორმა ბერგამალი კადრიმ XVI საუკუნეში. თურქული ენის სწავლება თურქულ სკოლებში მხოლოდ 1839 წელს შემოიღეს.

თანამედროვე თურქეთში თურქოლოგიის ცენტრებია „თურქეთის საისტორიო საზოგადოება“ (დაარსდა 1931); „თურქეთის საენათმეცნიერო საზოგადოება“ (დაარსდა 1932), სტამბოლისა და ანკარის უნივერსიტეტები. თურქეთის ისტორიის შესწავლასთან ერთად მიმდინარეობს სხვადასხვა ხასიათის თურქული წყაროების პუბლიკაცია (ი. უზუნჩარშილი, ო. ბარქანი, თ. გოქბილგინი, ჰ. ინალჯიქი, ე. კარალი, ა. კურატი, მ. სერთოღლუ და სხვები).

ქართული თურქოლოგიის ისტორია

რედაქტირება

თურქოლოგიამ, თურქთა დემოგრაფიული მოძლიერების შედეგად ევროპაში, მეტად გაიფართოვა მეცნიერული კვლევის სპექტრი, საქართველოში კი თურქოლოგიას ჩაეყარა საფუძველი თბილისის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ამ დარგის განვითარებას XX საუკუნის საქართველოში. ქართული ისტორიის მრავალი საკითხის გადაწყვეტა მჭიდროდ უკავშირდებოდა და უკავშირდება საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი მეზობლის ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლას.

დღეს თურქოლოგია ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული დარგია საქართველოში, სადაც მას ძირითადად ორი – ფილოლოგიისა და ქვეყანათმცოდნეობითი მიმართულებით შეისწავლიან ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უმაღლეს სასწავლებლებში. გარდა ამისა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს ე.წ. თურქული სკოლები, სადაც დაინტერსებულთ საშუალება აქვთ ადრეული ასაკიდან დაეუფლონ მეზობლის ენას.

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტებში შეისწავლიან აგრეთვე აზერბაიჯანულ და უზბეკურ ენებს. გარდა ამისა ქუთაისისა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებობს აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი) და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები (ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს აქვს თურქული ფილოლოგიის სპეციალური პროგრამული მიმართულება) ყოველწლიურად ახალგაზრდა ქართველ თურქოლოგთა ახალ თაობებს.

თურქოლოგიური კვლევა საქართველოში

რედაქტირება

თურქოლოგიური კვლევა მიმდინარეობს თსუ-ში, გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის,არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. ეს კვლევა-ძიება მოიცავს საქართველოსა და მისი მეზობელი თურქულენოვანი ხალხების ენობრივი, კულტურისა და ლიტერატურის ურთიერთობის, თურქეთის ისტორიის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. აღსანიშნავია ის მიღწევები, რომლებიც მოპოვებულია თურქულ, აზერბაიჯანული და უზბეკური ენებისა და მათი დიალექტების შესწავლაში. ჩვენში ფართოდაა გაშლილი მთარგმნელობითი მუშაობა. სპეციალისტების მიერ ქართულად თარგმნილი და გამოქვეყნებულია თურქი, აზერბაიჯანელი, უზბეკი და სხვა მწერლების ნაწარმოებები. თურქული, აზერბაიჯანული, უზბეკური ხალხური ზღაპრები. დიდი ყურადღება ექცევა თურქული ძეგლების პუბლიკაციას. გამოქვეყნებულია ბევრი მნიშვნელოვანი თურქული საარქივო დოკუმენტი. ქართულ ენაზე ითარგმნა თურქული წყაროები (ნაიმა, ფეჩევი, სელანიკი, ევლია ჩელები და სხვა), რომლებიც საყურადღებო ცნობებს შეიცავენ საქართველოს შესახებ. გამოქვეყნდა შრომები თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე და სხვა.

ქართული თურქოლოგიის ფუძემდებლად მიჩნეულია სერგი ჯიქია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება


ლიტერატურა

რედაქტირება
  • Репрессированная тюркология. М.: Восточная литература, 2002. 296 с. (в соавт. с Ф. Д. Ашниным и Д. М. Насиловым) ISBN 5-02-018338-5.