ელიზაბეთ ავსტრიელი (1554-1592)
ელიზაბეთ ავსტრიელი (გერმ. Elisabeth von Österreich; დ. 5 ივლისი 1554, ვენა — გ. 22 იანვარი 1592, ვენა) — საფრანგეთის დედოფალი. საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის ცოლი.
ელიზაბეთ ავსტრიელი | |
---|---|
Elisabeth von Österreich | |
ფრანსუა კლუეტის მიერ 1571 წელს შესრულებული დედოფალ ელიზაბეთის პორტრეტი | |
საფრანგეთის დედოფალი | |
კორონაცია: | 25 მარტი 1571 |
მმართ. დასაწყისი: | 26 ნოემბერი 1570 |
მმართ. დასასრული: | 30 მაისი 1574 |
წინამორბედი: | მარიამ სტიუარტი |
მემკვიდრე: | ლუიზა დე ლორენ-ვემონტი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 5 ივლისი 1554 |
დაბ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 22 იანვარი 1592 |
გარდ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
მეუღლე: | შარლ IX |
შვილები: | მარი ელიზაბეტ დე ვალუა |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | მაქსიმილიან II |
დედა: | მარია ესპანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ელიზაბეთი იყო იმპერატორ მაქსიმილიან II-ის და კარლ V-ის ქალიშვილის, მარია ესპანელის ქალიშვილი. 1570 წლის 26 ნომებერს დაქორწინდა საფრანგეთის მეფე შარლ IX-ზე, რომელიც გარდაიცვალა 1574 წელს. მათ ჰყავდათ ერთი ქალიშვილი — მარი ელიზაბეთ ვალუა, რომელიც 5 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაელიზაბეთი იყო საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მისი ცოლის, იმპერატრიცა მარია ესპანელის მეხუთე შვილი და მეორე ქალიშვილი.[1] მის მშობლებს სულ 16 შვილი ჰყავდათ, რომელთაგან მხოლოდ რვამ მიაღწია სრულწლოვანებამდე, ელიზაბეთი კი ერთ-ერთია ამ რვიდან. იგი იზრდებოდა თავის უფროს დასთან ანასთან და უმცროს ძმასთან მატაისთან ერთად, ვენაში, ახლად აშენებულ ჰოფბურგის სასახლის კომპლექსის სტალბურგის ბაღის პავილიონში. ისინი სარგებლობდნენ უამრავი პრივილეგიით, ხოლო მათი დედა პირადად უზრუნველყოფდა მათ ჭეშმარიტ და ღრმად მორწმუნე კათოლიკეებად აღზრდას. მამა ხშირად სტუმრობდა მათ, ხოლო ელიზაბეთი მისი საყვარელი შვილი იყო. იგი მამას არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ხასიათითაც ჰგავდა. ელიზაბეთი ასევე იყო ტოლერანტი და ინტელექტუალი, როგორც მამამისი.
ელიზაბეთს ჰქონდა თოვლივით თეთრი კანი, ძალიან გრძელი ოქროსფერი თმა და სრულყოფილი სხეული, რის გამოც იგი ეპოქის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლებოდა. იგი ასევე იყო მშრალი, ღვთისმოსავი, გულგრილი, გულუბრყვილო და ყოველთვის უდანაშაულო პრინცესა. ამასთან იგი ძალიან ნიჭიერი იყო და საოცარი სისწრაფით ითვისებდა ყველაფერს. ელიზაბეთის ძმებმა განათლების მისაღებად დაიქირავეს ფლანდრიელი მწერალი და დიპლომატი ოგიერ გიისელ დე ბუსბეკი. ცნობისმოყვარე ელიზაბეთი ძმებს სწავლაში მალე შეუერთდა. მარია ესპანელი განსაკუთრებულად მკაცრად ქალიშვილების რელიგიური კუთხით აღზრდაზე მუშაობდა. ელიზაბეთზე ღრმა ბავშვობაშივე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა კათოლიკეთა წმინდანმა ელიზავეტა უნგრელმა, რომელიც უნგრეთის მეფე ანდრაშ II-ის ასული იყო და XIII საუკუნეში მოღვაწეობდა.
ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ელიზაბეთი 5 წლის იყო, დაახლოებით 1559 წელს ვარაუდობდნენ, რომ იგი მიეთხოვებინათ საფრანგეთის მეფე ანრი II-ის შუათანა ვაჟზე, ორლეანის ჰერცოგ შარლ დე ვალუასთვის. 1559 წელს ანრი II გარდაიცვალა, მეფე კი მისი უფროსი ვაჟი ფრანსუა II გახდა, ამ დროს საფრანგეთში სიტუაცია ძალიან აირია და შარლისა და ელიზაბეთის ქორწინებაზე აღარავინ ფიქრობდა. სულ მალე 1560 წელს შარლი საფრანგეთის მეფე გახდა. 1562 წელს შარლ IX-მ, რომელიც სულ 12 წლის იყო, ვენაში ფრანგული დელეგაცია გააგზავნა, რათა ელიზაბეთი შეეთვალიერებინათ.[2] ამ დროს იმპერატორი არა ელიზაბეთის მამა, არამედ მისი ბაბუა, ფერდინანდ I იყო, რომელიც ფრანგების შეთავაზებით ერთობ დაინტერესდა. საფრანგეთის ელჩმა დე ვიევილმა ელიზაბეთს პირველივე ნახვისას განუცხადა: "თქვენი უდიდებულესობა, ჭეშმარიტად საფრანგეთის დედოფალია!". ელჩი და იმპერატორი ელიზაბეთის საფრანგეთის მეფეზე გათხოვებაზე შეთანხმდნენ. აქედან მოყოლებული ელიზაბეთს ასწავლიდნენ ფრანგულ ენას, წეს-ჩვეულებებსა და სამეფო კარზე ქცევის წესებს.
ქორწინება
რედაქტირებაამ პერიოდისათვის საფრანგეთს არა შარლ IX, არამედ დედამისი, დედა დედოფალი ეკატერინე მედიჩი მართავდა. ეკატერინეს კი შარლის დაქორწინება არა ელიზაბეთზე, არამედ მის უფროს დაზე, პრინცესა ანა ავსტრიელზე სურდა. ამიტომაც ფრანგები ქორწილს აჭიანურებდნენ. თუმცა 1569 წელს ელიზაბეთის ხელი ერთდროულად ითხოვა ევროპის ორმა მონარქმა, დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ II-მ და პორტუგალიის მეფე სებასტიან I-მა. 1570 წელს კი ანა მიათხოვეს ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს. [3]მხოლოდ ამის შემდეგ, ეკატერინე დათმობაზე წავიდა და დათანხმდა შარლის ქორწინებას ელიზაბეთზე.
ელიზაბეთი პირველად დაქორწინდა 1570 წლის 22 ოქტომბერს, სპირის საკათედრო ტაძარში, თავის ბიძაზე, ტიროლიის ერცჰერცოგ ფერდინანდზე, რომელიც შარლ IX-ის მარიონი იყო, ანუ იგი იქ შარლის მაგივრობას ასრულებდა და ელიზაბეთი დაქორწინდა არა ფერდინანდზე, არამედ შარლზე. 1570 წლის 4 ნოემბერს ელიზაბეთმა დატოვა ავსტრია, რომელსაც თან გააყოლეს გერმანელი არისტოკრატებით სავსე ამალა. მისი ჩასვლისთანავე საფრანგეთში საშინელი წვიმების სეზონი დაიწყო. გაუთავებელი ღვარცოფის გამო გზები გაუვალი გახდა და ელიზაბეთი შამპანში შეჩერდა. როდესაც ეს ამბავი შარლმა გაიგო, თავისი უმცროსი ძმები ანჟუს ჰერცოგი ანრი და ალანსონის ჰერცოგი ფრანსუა ელიზაბეთთან გააგზავნა ოფიციალური მისალმებისა და დახვედრისთვის. შარლს იმდენად აინტერესებდა თავისი მეუღლე, რომ ჯარისკაცად გამოეწყო და ვითომ თავისი ძმის ანრის დაცვა იყო, ისე წავიდა სედანის სასახლეში (სადაც ელიზაბეთი იყო გაჩერებული).[4] ანრიმ ელიზაბეთს სედანის სასახლე დაათვალიერებინა და მის ისტორიასა და არქიტექტურაზე მოუთხრობდა, შარლი კი მათ უკან იდგა, როგორც დაცვა. შარლმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ აინტერესებდა როგორი იყო რეალურად მისი საცოლე. უნდა აღინიშნოს, რომ შარლს ელიზაბეთი მოეწონა.
შარლი და ელიზაბეთი ოფიციალურად 1570 წლის 26 ნოემბერს დაქორწინდნენ ქალაქ მეცში. მათ ჯვარი დასწერათ კარდინალმა შარლ დე ბურბონმა. მათი ქორწილი ძალიან ექსტრავაგანტულად აღინიშნა, მიუხედავად საფრანგეთის მძიმე ფინანსური მდგომარეობისა. საფრანგეთის ახალი დედოფლის საქორწინო კაბა შეკერილი იყო ვერცხლის ძაფისგან და დაფარული იყო მარგალიტის, ზურმუხტის, საფირონის, რუბისა და ბრილიანტის თვლებით.
საფრანგეთის დედოფალი
რედაქტირებართული მოგზაურობისა და ცივი ამინდის გამო ელიზაბეთი 1571 წლის დასაწყისში ავად გახდა. მას შემდეგ რაც საქორწინო ზეიმი დასრულდა ელიზაბეთი თავის მეუღლესთან, მაზლებთან და ამალასთან ერთად პარიზისკენ დაიძრა. ფრანგულ-გერმანული დელეგაციები 1571 წლის გაზაფხულზე სენ დენში შეჩერდნენ. ამავე წლის 25 მარტს რეიმსის არქიეპისკოპოსმა სენ დენის ბაზილიკაში ელიზაბეთ ავსტრიელი საფრანგეთის დედოფლად აკურთხა. ახალი დედოფალი ოფიციალურად 1571 წლის 29 მარტს შევიდა პარიზში.[5]
ელიზაბეთი იმდენად იყო აღბრთოვანებული და შეყვარებული შარლით, რომ ზოგჯერ უყოყმანოდ და მოულოდნელად, ხალხის თანდასწრებით კოცნიდა შარლ IX-ს. თუმცა შარლს თავისი სიყვარული უკვე ჰყავდა ნაპოვნი, ის არა ელიზაბეთი, არამედ მარი ტუშე იყო, რომელმაც ელიზაბეთის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა "გერმანელი გოგონა, ვერ შემაშფოთებს".[6] ქორწინებიდან მალევე შარლი კვლავ თავის საყვარელ მარი ტუშეს დაუბრუნდა, თუმცა ელიზაბეთთანაც ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა. შარლი მიხვდა, რომ თუ ქვეყანას ეკატერინესთან და ელიზაბეთთან ერთად აღარ მართავდა, ამით შეძლებდა ექსესების არიდებას. ამიტომაც სახელმწიფოს მართვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა ორივეს აუკრძალა. გარდა ამისა ეკატერინე მედიჩი დარწმუნდა, რომ მის ახალ რძალს პოლიტიკაში საკმაო გამოცდილება ჰქონდა და სახელმწიფოს მართვაც კარგად იცოდა, ამიტომაც იგი ელიზაბეთს დაუახლოვდა. ეკატერინეც და ელიზაბეთიც ახერხებდნენ და მაინც ერეოდნენ სახელმწიფოს მართვაში.
ელიზაბეთს საუბარი შეეძლო გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ და ლათინურ ენებზე. თუმცა იგი საფრანგეთის სამეფო კარზე თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა. მისი ერთად-ერთი მეგობარი იყო მისი მული, პრინცესა მარგარიტა ვალუა, რომელიც ისეთივე ლამაზი და განათლებული იყო, როგორიც ელიზაბეთი, თუმცა არც მარგარიტას ჰქონდა ძალაუფლება ქვეყნის მართვის საკითხებში. ელიზაბეთს საფრანგეთში ახლდა თავისი გერმანელი ფრეილინი მადლენ სავოიელი. გარდა ამისა მას ჰყავდა მრჩეველი ლორდი ჩემბერლენის სახით.
საფრანგეთში მიმდინარე საშინელი მოვლენების გამო, დედოფალმა უარი თქვა პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მთელ დროს ნაქარგებზე მუშაობას, კითხვას და ქველმოქმედებას უთმობდა. იგი დღეში ორჯერ დადიოდა ტაძარში და უსმენდა მესას. ელიზაბეთი გაოცებული იყო თუ რამდენად მცირე პატივისცემას იჩენდნენ ფრანგები რელიგიის მიმართ. იგი მამის მსგავსად პროტესტანტების შეწყალებას ითხოვდა, თუმცა მას არავინ უსმენდა. შარლ IX, ეკატერინე მედიჩი, შარლის ძმები და ჰერცოგი დე გიზები, წარმოუდგენელი სისასტიკით ჟლეტდნენ ჰუგენოტებს, რაც უფრო აღრმავებდა ქვეყნის შიდა პრობლემებს. [7]
ომის ჩაცხრობის მიზნით ეკატერინე მედიჩიმ გადაწყვიტა თავისი ქალიშვილი, მარგარიტა ვალუა მიეთხოვებინა ნავარის მეფე ანრი დე ბურბონისთვის, რომელიც ამავდროულად ჰუგენოტების ბელადიც იყო. 1572 წლის 18 აგვისტოს ანრი და მარგარიტა დაქორწინდნენ. [8]ამ ქორწილზე ჩამოვიდა ელიზაბეთის კიდევ ერთი მული, რომელიც ლოთარინგიაში იყო გათხოვილი, ჰერცოგინია კლაუდია ვალუა. 1572 წლის 24 აგვისტოს მოხდა წმინდა ბართლომეს ღამის სახელით ცნობილი ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ჰუგენოტების ხოცვაში ყველა კათოლიკე ფრანგი იყო ჩაბმული. ამ საქმის მთავარი მოთავე კი თავად დედოფალი ეკატერინე იყო. შარლ IX ფანჯრიდან ესროდა ჰუგენოტებს და ისე ხოცავდა ჰუგენოტებს, მისი ძმები კი ცხენებზე იყვნენ ამხედრებულები და ჰუგენოტებს ასე თელავდნენ. ამ ღამეს 10 000 ჰუგენოტი შეეწირა.[9] ხოცვა ღამის ორ საათზე დაიწყო და შარლმა პირადად უზრუნველყო, რომ ელიზაბეთი ღამით ხმაურს არ შეეწუხებინა. ცხადია მეორე დღემდე დედოფალმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მეორე დილით როცა ელიზაბეთმა გაიღვიძა მთელი პარიზი და მათ შორის სამეფო სასახლეც გვამებით იყო სავსე. ამის შემხედვარე ელიზაბეთი სასწრაფოდ გაემართა შარლისაკენ და ჰკითხა იცოდა თუ არა, რომ დედამისი ამგვარი რამის გაკეთებას აპირებდა. შარლმა კი ამაყად უპასუხა, რომ არათუ იცოდა არამედ მონაწილეობდა კიდეც. ამით იმ დროს ყველა კათოლიკე ამაყობდა, რადგან მათ უწმინდური ერეტიკოსებისგან "გაწმინდეს" საფრანგეთი. შოკში მყომა ელიზაბეთმა ტირილით უთხრა მეუღლეს : "ოჰ, ღმერთო ჩემო, რა არის ეს?, ვინ არიან ის ადამიანები ვინც ამგვარი რჩევა მოგცეს?, ჩემო ღმერთო, გევედრები აპატიე მას...". ამის შემდეგ მან ლოცვის წიგნი ითხოვა, ეკლესიაში შევიდა და ათი საათის განმავლობაში ევედრებოდა უფალს შარლისათვის მიეტევებინა. თანაც ამ დროისათვის ელიზაბეთი შვიდი თვის ორსული იყო. შემდეგი დღეების მანძილზე იგი გერმანელი პროტესტანტების საფრანგეთიდან გაყვანაზე მუშაობდა, რადგან ფრანგები არც მათ არ ინდობდნენ.
ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ, 1572 წლის 27 ოქტომბერს, ლუვრის სასახლეში ელიზაბეთმა თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი გააჩინა. ახალშობილი გოგონა იყო. მას მარია ელისაბედი დაარქვეს. მარია ბებიის, მარია ესპანელის, ხოლო ელისაბედი ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ის პატივსაცემად. სწორედ მარია ესპანელი და ელისაბედ I იყვნენ მარია ელისაბედ ვალუას ნათლიები.
ბავშვის დაბადებიდან მალევე შარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ, 1574 წლის 30 მაისს შარლ IX გარიდაიცვალა. ბრანტომის ჩანაწერების მიხედვით, ელიზაბეთი ტიროდა ცრემლებით და საიდუმლოდ.[10]
ფრანგული წესის მიხედვით, საფრანგეთის მეფის ქვრივს 40 დღის მანძილზე თეთრი ტანსაცმელი უნდა სცმოდა და მთელი ეს დრო ქმრის ოთახში უნდა გაეტარებინა და ქმარი ეგლოვა. ვინაიდან შარლსა და ელიზაბეთს ვაჟი არ ჰყოლიათ, საფრანგეთის მეფე მისი უმცროსი ძმა, ანრი III ვალუა გახდა. ასევე ფრანგული წესის მიხედვით, თუ გარდაცვლილი მეფის ცოლს მასთან ვაჟი არ ჰყავდა გაჩენილი, ან სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და მეორედ გათხოვილიყო, ან საფრანგეთში დარჩენილიყო და მონაზვნად აღკვეცილიყო. სამგლოვიარო პერიოდის დასრულების შემდეგ ელიზაბეთმა ვენაში დაბრუნებისათვის დაიწყო მზადება. თუმცა სრულიად მოულოდნელად, ელიზაბეთის მამისგან, იმპერატორ მაქსიმილიან II-სგან წამოვიდა წინადადება, რომ ელიზაბეთი პარიზში დარჩენილიყო და ახალ მეფეს, ანუ თავის მაზლს, ჯერ კიდევ უცოლო ანრი III-ს გაჰყოლოდა ცოლად. თუმცა ანრიმაც და ელიზაბეთმაც მტკიცე უარი განაცხადეს. ღრმად მორწმუნე ელიზაბეთმა იმიტომ, რომ მისთვის წარმოუდგენელი იყო მაზლზე ქორწინება, ხოლო ანრიმ იმიტომ, რომ მას უკვე ჰყავდა საცოლე შერჩეული.[11] თუმცა ანრიმ ასევე იცოდა, რომ ელიზაბეთს არ სურდა თავის ქალიშვილთან განშორება, ამიტომაც მისი საფრანგეთში გაჩერებისთვის, ელიზაბეთს 1575 წელს უბოძა ბერის, ხოლო 1577 წელს ოვერნის ჰერცოგინიის ტიტული. 1575 წლის 28 აგვისტოს ელიზაბეთმა ამბუაზში თავისი სამი წლის ქალიშვილი მოინახულა. იგი ამბუაზში 5 დეკემბრამდე დარჩა. ამ დღეს მან დატოვა თავისი ქალიშვილი და ვენაში გაემგზავრა. მარია ელისაბედზე კი ეკატერინე მედიჩი ზრუნავდა. ამის შემდეგ ელიზაბეთს შვილი აღარასდროს უნახავს.
ავსტრიაში დაბრუნებული ქვრივი
რედაქტირებაავსტრიაში დაბრუნებული ელიზაბეთი კვლავ იმ სასახლეში დაბინავდა სადაც ბავშვობა გაატარა. ავსტრიაში დაბრუნებიდან მალევე, 1576 წლის 12 აგვისტოს გარდაიცვალა მისი საყვარელი მამა, იმპერატორი მაქსიმილიანი. ტახტზე ავიდა ელიზაბეთის ძმა რუდოლფ II. 1578 წლის 2 აპრილს, გარდაიცვალა ელიზაბეთის ხუთი წლის ქალიშვილი, პრინცესა მარია ელისაბედ ვალუა. ამ ამბავმა შეიძლება ითქვას, რომ ელიზაბეთი გაანადგურა. 1580 წელს კი გრიპის ეპიდემიას ემსხვერპლლა ელიზაბეთის უფროსი და, ესპანეთის დედოფალი ანა ავსტრიელი. ანას ქმარმა, ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ მეოთხედ დაქვრივების შემდეგ კვლავ მოისურვა ქორწინება და ამჯერად ელიზაბეთს სთხოვა ხელი. ელიზაბეთმა ფილიპეს უარი განუცხადა. ბრანტომის ჩანაწერების მიხედვით მან ფილიპეს უარი ცნობილი ფრაზით უთხრა: "საფრანგეთის დედოფლები, მეორედ არ თხოვდებიან" (ფრან. Les Reines de France ne remarient point), ეს ფრაზა ეკუთვნის საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის (1294-1350) ქვრივს ბლანკა ნავარელს (1330-1398).
1580-იანი წლების დასაწყისში, ელიზაბეთმა სტალბურგის მახლობლად შეიძინა მიწები, სადაც ააშენა რამდენიმე მონასტერი. იგი იქ აღივეცა მონაზვნად და ქველმოქმედებას მიჰყო ხელი. დიდგვაროვანმა ავსტრიელმაა ქალბატონებმა ელიზაბეთს მხარი დაუჭირეს. მან ასევე დააფინანსა ყველა წმინდა სამლოცველოს აღდგენა პრაღაში, რომელიც 1541 წელს რელიგიური დაპირისპირებისას ჰუსიტებმა გადაწვეს.
ელიზაბეთმა წამოიწყო ახალი მონასტრების მშენებლობა. 1588 წელს მან თავისი ძმისგან, ერცჰერცოგ მაქსიმილიანისგან თანხმობა მიიღო, იმის თაობაზე, რომ აეშენებინა ელიზავეტა უნგრელის სახელობის ტაძარი.
საფრანგეთიდან გამგზავრების მიუხედავად იგი კონტაქტს არ წყვეტდა თავის მულთან, ნავარის დედოფალ მარგარიტა ვალუასთან. ისინი რეგულარულად სწერდნენ ერთმანეთს წერილებს. ხოლო როდესაც ანრი III მოკლეს, მეფე მარგარიტას ქმარი ანრი IV გახდა, შესაბამისად მარგარიტა საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი გახდა. ამ დროისათვის ეკატერინე მედიჩი და ყველა ვალუა უკვე გარდაცვლილი იყო მარგარიტას გარდა. იგი ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. ანრი IV-მ შეძლო და საფრანგეთში რელიგიური ომები დაასრულა, რითაც ელიზაბეთი ძალიან გახარებული იყო. ელიზაბეთმა მარგარიტას ორი უძვირფასესი წიგნი გაუგზავნა საჩუქრად, რომლებიც დღესდღეობით დაკარგულია.
გარდაცვალება და მის შემდეგ
რედაქტირებაელიზაბეთ ავსტრიელი გარდაიცვალა 1592 წლის 22 იანვარს პლევრიტისგან. იგი დაკრძალეს მისსავე აგებული ეკლესიის იატაკის მარმარილოს ფილის ქვეშ ბრანტომი მისი გარდაცვალების შემდეგ წერდა, რომ როდესაც ის გარდაიცვალა, იმპერატრიცამ (იგულისხმება ელიზაბეთის დედა) განაცხადა:
„ჩვენს შორის საუკეთესო მკვდარია (ესპ. El mejor de nos etros es muerto).“
|
იეზუიტური რევოლუციის დროს, მონასტერი რომელშიც ელიზაბეთი განისვენებდა, 1782 წელს დაიხურა, რათა მის ადგილას შექმნილიყო ლუთერანული ეკლესია, კათოლიკურის ნაცვლად. ამიტომაც ეპისკოპოს იოზეფ II-ის ბრძანებით ელიზაბეთის ნეშტი გადაასვენეს ვენაში მდებარე წმ. სტეფანის სახელობის ტაძარში და მისი იატაკის ქვეშ დაკრძალეს.
ელიზაბეთის პირად ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია მსოფლიოში უიშვიათესი წიგნები. იქ მოიპოვება ფრანგული, გერმანული, ესპანური, იტალიური და ლათინური წიგნები. მათ შორისაა გეორგ შრერის წიგნები, 1571 წელს დაწერილი ფრანგი წინასწარმეტყველის ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების წიგნი, ძველი ბერძენი პოეტის საფოკლეს ანტიგონეს ტრაგედია და ა.შ. ყველა ეს წიგნი დარჩა მის ძმას, იმპერატორ რუდოლფ II-ს, ხოლო ელიზაბეთის საქორწინო ბეჭედი რომელიც მას შარლმა აჩუქა მის მეორე ძმას, ერნესტ ავსტრიელს დარჩა.
წინაპრები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Joseph F. Patrouch: Elisabeth of Habsburg (1554-1592). [In:] Anne Commire: Women in World History, vol. V, pp. 129–133.
- Constantin von Wurzbach: Habsburg, Elisabeth von Oesterreich (Königin von Frankreich). Nr. 71. [In:] Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich, vol. VI, Publisher L. C. Zamarski, Vienna 1856–1891, p. 169.
- Elisabeth, [in:] Brigitte Hamann, Die Habsburger, 1988, p. 87.
- Gerd Treffer: Elisabeth von Österreich. [In:] Die Französischen Königinnen. Regensburg 1996, p. 260.
- Brainne, C, Debarbouiller, J., Lapierre, C. F., Femmes célèbres de l'Orléanais in Les Hommes illustres de l’Orléanais, Imprimerie d'Alex, Jacob, Orléans, 1852, Tome 2, p. 335.
- Brantôme, Isabelle d'Autriche, femme de Charles IX, Roi de France, in Collection universelle des Mémoires particuliers, relatifs à l'Histoire de France, Tome LXIV, 16e siècle, Londres, Paris, 1790.
- Hamann, Brigitte, Elisabeth, [in:] Die Habsburger: Ein biographisches Lexikon, Wirtschaftsverlag Ueberreuter; Auflage: 2, 1988, p. 87.
- Marek, Miroslav, Complete Genealogy of the House of Habsburg, Habsburg 2, Genealogy Index.
- Nadaud, Joseph (Abbé), Nobiliaire du diocèse et de la généralité de Limoges, Société historique et archéologique du Limousin, Limoges, 1878, vol. III, p. 182. BnF
- Patrouch, Joseph F., Elisabeth of Habsburg (1554-1592). [In:] Anne Commire: Women in World History, vol. V, pp. 129–133.
- Treffer, Gerd, Elisabeth von Österreich, [In:] Die Französischen Königinnen, Pustet, Regensburg (1996), p. 260.
- Wurzbach, Constantin von, Habsburg, Elisabeth von Oesterreich (Königin von Frankreich). Nr. 71. [In:] Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich, vol. VI, Publisher L. C. Zamarski, Vienna 1856–1891, p. 169.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Marek, Miroslav. http://genealogy.euweb.cz/habsburg/habsburg4.html#M2 დაარქივებული 2012-07-16 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Upon the death of his older brother, King Francis II, who died childless on 5 December 1560, Charles was heir to the throne of France.
- ↑ Philip II's previous wife, Elisabeth of Valois (who had died in 1568), was Catherine de' Medici's eldest daughter.
- ↑ Biogaphie universelle ancienne et moderne, rédigée par une société de gens de lettres et de savants, Tome 13, chez L.G. Michaud, Imprimeur-Libraire, Paris, 1885, p. 61
- ↑ Biogaphie universelle ancienne et moderne, rédigée par une société de gens de lettres et de savants, Tome 13, chez L.G. Michaud, Imprimeur-Libraire, Paris, 1885, p. 61
- ↑ Joseph F. Patrouch, Elisabeth of Habsburg (1554-1592). In Anne Commire, ed., Women in World History, vol. 5, p. 131
- ↑ Gerd Treffer, Die Französischen Königinnen, Pustet, Regensburg, 1996, p. 26.
- ↑ Brigitte Hamann (Hg.), Die Habsburger: Ein biographisches Lexikon, Wirtschaftsverlag Ueberreuter; Auflage: 2, 1988, p. 88.
- ↑ Brantôme, Isabelle d'Autriche, femme de Charles IX, Roi de France, in Collection universelle des Mémoires particuliers, relatifs à l'Histoire de France, Tome LXIV, 16e siècle, Londres, Paris, 1790, p. 146.
- ↑ Brantôme, Isabelle d'Autriche, femme de Charles IX, Roi de France, in Collection universelle des Mémoires particuliers, relatifs à l'Histoire de France, Tome LXIV, 16e siècle, London, Paris, 1790, p. 143.
- ↑ Joseph Nadaud (Abbé), Nobiliaire du diocèse et de la généralité de Limoges, Société historique et archéologique du Limousin, Limoges, 1878, vol. III, p. 182, BnF